წესი, რომელიც იუსტიციის საბჭოს წევრთა ნაწილს „თამაშგარე“ მდგომარეობაში აყენებს

25.08.2022
როგორ იღებს გადაწყვეტილებებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო? 

სასამართლოების გაზრდილმა გავლენამ  ახალი ინსტიტუციური მოწყობის საჭიროება წარმოშვა, რომელიც უზრუნველყოფდა სასამართლოს დამოუკიდებლობასა და ანგარიშვალდებულებას შორის სათანადო ბალანსს1 ამ ბალანსის ძიების პროცესში  არაერთმა ქვეყანამ  თქვა უარი იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებულ მართვის მოდელზე და სანაცვლოდ შემოიღო სასამართლოს მმართველობის ახალი ფორმა2 – მართლმსაჯულების საბჭოები.

საქართველოში სასამართლოს  დამოუკიდებლობისა და მართლმსაჯულების ხარისხიანად და ეფექტიანად განხორციელების უზრუნველყოფა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს პრეროგატივაა. იმისთვის, რომ საბჭომ ფუნქციონალურად შეასრულოს კონსტიტუციური როლი, უწინარესად საჭიროა, მისი საქმიანობა დემოკრატიულ პრინციპებს ეფუძნებოდეს – პროცესი, რომლითაც  მართლმსაჯულების უმაღლესი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას,  დამოუკიდებლობის, თანაბარი მონაწილეობის, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გამომხატველი უნდა იყოს.

როგორია საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობა?

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო 15 წევრისაგან შედგება. საბჭოს უმრავლესობას – 9 წევრს მოსამართლეები შეადგენენ:  საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე  თანამდებობრივად არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი.3 დანარჩენ 8 მოსამართლე წევრს ირჩევს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა თვითმმართველობის ორგანო (მოსამართლეთა კონფერენცია). საბჭოს შემადგენლობაში წარმოდგენილი უნდა იყოს თითოეული ინსტანციის სასამართლო.

საბჭოს ჰყავს 6 არამოსამართლე წევრი. მათგან 5-ს სრული შემადგენლობის 3/5-ით ირჩევს საქართველოს პარლამენტი, ხოლო ერთ წევრს ნიშნავს პრეზიდენტი.4

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 5 წევრს გადაწყვეტილების მიღება შეუძლია

როგორია გადაწყვეტილების მიღების ზოგადი წესი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში?

მიუხედავად იმისა, რომ ძირითადად დისკუსიები ეთმობა მოსამართლეთა დანიშვნების ან/და დისციპლინური საკითხების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესს, არანაკლებ პრობლემურია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღების ზოგადი წესი.

იუსტიციის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია,  თუკი მის სხდომას ესწრება საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტი.5  შესაბამისად, 8 წევრის დასწრება საკმარისია საკითხის განსახილველად და გადაწყვეტილების მისაღებად. ხოლო, თუ საბჭოს სხდომაზე დამსწრე 8 წევრიდან, 5 მხარს დაუჭერს საკითხს, გადაწყვეტილება მიღებულად მიიჩნევა.6 ამდენად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის ერთ მესამედს შეუძლია, გადაწყვიტოს საბჭოს უფლებამოსილებას მიკუთვნებული ზოგადი საკითხები.

ამგვარი წესი სრულიად არღვევს კოლეგიური ორგანოს მუშაობისა და საკითხის გადაწყვეტის პრინციპებს. ის მინიმალურ დონეზეც ვერ უზრუნველყოფს ფართო კონსენსუსისა და სათანადო განხილვის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებას. გარდა ამისა, ეს წესი, პრაქტიკულად, გამორიცხავს გადაწყვეტილების მიღების პროცესზე არამოსამართლე წევრების მიერ გავლენის მოხდენის შესაძლებლობას. 

როგორ წყვეტს იუსტიციის უმაღლესი საბჭო მნიშვნელოვან საკითხებს?

2013 წლის პირველ მაისს „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში შესული ცვლილებით,  სადისციპლინო საკითხებზე გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო ხმათა რაოდენობა საბჭოს სრული შემადგენლობის 2/3-მდე გაიზარდა.7 2021 წლის 30 დეკემბრის ცვლილებით, ისევ შემცირდა საჭირო ხმათა რაოდენობა და დღეს მოქმედი წესით, სადისციპლინო საკითხებზე იუსტიციის უმაღლესი საბჭო გადაწყვეტილებას იღებს სრული შემადგენლობის უმრავლესობით.8

იუსტიციის უმაღლესი საბჭო პირს მოსამართლედ ნიშნავს, თუ გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერს სრული შემადგენლობის არანაკლებ 2/3.9 ანალოგიურად სრული შემადგენლობის 2/3-ის მხარდაჭერით წარუდგენს პარლამენტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევ კანდიდატებსაც.10 გარდა ამისა, 2/3-ით იღებს გადაწყვეტილებას მოსამართლეთა ხელშეუხებლობის, მოსამართლეების თანამდებობიდან გათავისუფლების (უზენაესი სასამართლოს გარდა), მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ გამწესების საკითხის განხილვაზე უარის თქმის შესახებ სამართლებრივი აქტის გაუქმებისა და მოსამართლესთან გასაუბრების ჩატარების, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოველწლიური ანგარიშის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის დამტკიცების და დამოუკიდებელი ინსპექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ.

ორმესამედიანი უმრავლესობისთვის მხოლოდ ერთი არამოსამართლე წევრის მხარდაჭერაა საკმარისი. ასეთი სისტემა სათანადოდ ვერ უზრუნველყოფს  განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების პროცესშიც კი არამოსამართლე წევრების  ფუნქციონალურ მონაწილეობას.  ეს  მიდგომა გამორიცხავს საბჭოს მიერ მართვას, პლურალიზმის პრინციპზე დაყრდნობით.

რა ხდება, თუ საბჭოს შემადგენლობა არასრულია?

2021 წელს საბჭოში პარლამენტის მიერ არჩეულ 5 არამოსამართლე წევრს ამოეწურა უფლებამოსილების ვადა. ამ დრომდე პარლამენტს არ აურჩევია ახალი წევრები და თითქმის ერთი წელია, საბჭო არასრული შემადგენლობით ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს  საქმიანობას. საბჭოში წარმოდგენილია  მხოლოდ 9 მოსამართლე წევრი და საქართველოს პრეზიდენტის მიერ დანიშნული  1 არამოსამართლე წევრი. ეს გარემოება საბჭოს ხელს არ უშლის, მნიშვნელოვან საკითხებზე მიიღოს გადაწყვეტილებები. არსებული შემადგენლობით, მას ახალი მოსამართლეების დანიშვნაც შეუძლია.

რა უნდა შეიცვალოს?

საბჭოში უფლებამოსილების დაბალანსებისა და ძალაუფლების სამართლიანი განაწილების უზრუნველსაყოფად  ორგანული კანონით შეიქმნას ყველა წევრის თანაბარი მონაწილეობის საკანონმდებლო გარანტიები. კერძოდ, განისაზღვროს, გადაწყვეტილების მიღებისას რამდენი მოსამართლე წევრის ხმაა საჭირო და რამდენი –არამოსამართლე წევრის. 

შეიცვალოს გადაწყვეტილების მიღების ზოგადი წესი, რომელიც საბჭოს საშუალებას აძლევს,  სხდომაზე დამსწრე წევრთა უბრალო უმრავლესობით (რაც მთლიანი შემადგენლობის 1/3 -ს შეადგენს) მიიღოს გადაწყვეტილებები.

იუსტიციის საბჭოს საქმიანობის შეფასებას მიესადაგება ცნობილი უცხოური გამოთქმა:  „ბალანსი არ არის ის, რაც შეიძლება იპოვო“  მის მარეგულირებელ ჩარჩოში; „ბალანსი არის ის, რაც შეიძლება შეიქმნას“  შესაბამისი ცვლილებით. 

ხელისუფლების მთლიანი შტოს მართვის უფლებამოსილების აკუმულირება ერთი ორგანოს ხელში თავისთავად ქმნის ამ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მაღალ რისკს. ამ რისკის დასაზღვევად არის გათვალისწინებული საბჭოს დაკომპლექტებაში სხვადასხვა წყაროს – ხელისუფლების სამი შტოს მონაწილეობა. საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღების არსებული წესი კი შემადგენლობის ნაწილს „თამაშგარე“ მდგომარეობაში აყენებს და რეალურ შინაარსს აცლის მათ სტატუსს. ამ სამართლებრივ მოცემულობასთან ერთად შემაშფოთებელია დღევანდელი ფაქტობრივი ვითარებაც, როდესაც  საბჭო „ფუნქციონირებს“ ისე, რომ მისი წევრების რაოდენობის  1/3  ნაწილი ნომინალურადაც კი არ არსებობს მის შემადგენლობაში.

სქოლიო

1. K.Sipulova, S. Spac, D. Kosar, T. Papouskova;  “Judicial Self-Governance Index: Towards better understanding of the role of judges in governing the judiciary”; Regulation and Governance 2022, Judicial Studies Institute, Law Faculty, Masaryk University, Veveri 70, 611 80.
2. იქვე.
3. საქართველოს ორგანული კანონი „საერთო სასამართლოების შესახებ“, მუხ. 47 (2)
4. იქვე.
5. იგივე, მუხ. 50 (1)
6. საქართველოს ორგანული „კანონი საერთო სასამართლოების შესახებ“, მუხ. 50, პუნქ. 2
7. საქართველოს 2013 წლის 1-ლი მაისის ორგანული კანონი საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე, მუხ. 50. პუნქ. 3
8. საქართველოს ორგანული კანონი „საერთო სასამართლოების შესახებ“, მუხ. 50 (3)
9. იგივე, პუნქ. 4
10. იგივე, მუხ. 341 (13)


-----
courtwatch.ge-ს მიერ გავრცელებული და ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალები წარმოადგენს „საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ საკუთრებას, მათი გამოყენებისას უნდა მიეთითოს „საქართველოს სასამართლოს გუშაგი“, როგორც წყარო. 
ავტორი: ქეთი გაჩეჩილაძე