საუბნო საარჩევნო კომისია საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის იმ რგოლს წარმოადგენს, რომელსაც არჩევნების დღეს უშუალო შეხება აქვს ამომრჩეველთან. სწორედ, ეს დროებითი ტერიტორიული ორგანო უფლებამოსილების ფარგლებში საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე უზრუნველყოფს არჩევნების გამართვას.
კომისიის 17 წევრიდან, 9-ს პოლიტიკური პარტიები ნიშნავენ, დანარჩენ 8 წევრს, მათ შორის, კომისიის ხელმძღვანელობას საოლქო საარჩევნო კომისია ნიშნავს.
ამომრჩეველს საარჩევნო უბანზე შესაძლოა, დახვდნენ კომისიის წევრები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ მათ მიმართ დისკრიმინაციული მიდგომა იყო. საქმე ის არის, რომ ცესკოს განკარგულებით, კომისიის პარტიულ წევრებს არაპარტიულ წევრებთან შედარებით, შრომის ანაზღაურების ნაკლები ოდენობა განესაზღვრათ.
საარჩევნო კოდექსის მიხედვით, ცესკო უფლებამოსილია, განსაზღვროს საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირების, წევრებისა და ცესკოს აპარატის თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების ოდენობა. 2024 წლის 27 აგვისტოს განკარგულებით (N87/2024), რომლითაც განისაზღვრა საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილის, კომისიის მდივნისა და კომისიის წევრების შრომის ანაზღაურება. ეს განკარგულება კომისიის პარტიული და არაპარტიული წევრების ანაზღაურების ოდენობას განსხვავებულად აწესრიგებს.
განკარგულება თბილისის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრა მოქალაქეთა პოლიტიკურმა გაერთიანებამ „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“. აღნიშნულ საქმის განხილვას ესწრებოდა სასამართლოს გუშაგის წარმომადგენელიც.
მოსარჩელე მოითხოვდა ცესკო-ს იმ აქტის ბათილად ცნობას, რომელიც განსხვავებულად აწესრიგებს პარტიის მიერ და არაპარტიული ნიშნით დანიშნული წევრის ანაზღაურებას. ამასთანავე, პარტიის წარმომადგენელი მოითხოვდა, ადმინისტრაციულ ორგანოს დავალებოდა საარჩევნო კომისიის ყველა წევრისთვის იდენტური ანაზღაურების გაცემა. დასაბუთების ნაწილში მხარე მიუთითებდა, რომ სახეზე იყო დისკრიმინაციული მოპყრობა, რადგან კომისიის არაპარტიულ და პარტიულ პირებს ცესკო-ს მიერ მიღებული სადავო აქტით განსხვავებული ანაზღაურება განესაზღვრებათ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი მეტწილად მსგავს სამუშაოს ასრულებენ.
ცესკო-ს პოზიციის მიხედვით, ანაზღაურების განსხვავებულობის მიზეზს წარმოადგენდა ის, რომ საარჩევნო კანონმდებლობა ცნობს პარტიულ და არაპარტიულ წევრთა მიმართ განსხვავებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, აგრეთვე წევრთა არჩევა/დანიშვნის პროცედურებსა და უფლებამოსილებებს შორის სხვაობებს. აღნიშნულის გათვალისწინებით კი, ანაზღაურებებს შორის სხვაობა მიზანშეწონილად უნდა ჩაითვალოს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ციცინო როხვაძემ სრულად გაიზიარა მოპასუხის პოზიცია სარჩელთან დაკავშირებით და მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მოსარჩელე მხარემ გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოში.
სასამართლოს გუშაგის წარმომადგენელი აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, აგრეთვე, დააკვირდა სააპელაციო სასამართლოს სხდომას. საქმის განხილვისას სააპელაციო სარჩელის ავტორი მიუთითებდა იმაზე, რომ როგორც პარტიულ, ისე არაპარტიულ წევრებს წილისყრის შედეგად შეიძლება მოუწიოთ ერთი და იმავე პოზიციის დაკავება საარჩევნო კომისიაში და რომ ამასთანავე შესაძლებელია ისიც, რომ პარტიული და არაპარტიული წევრის კვალიფიკაცია იყოს იდენტური. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ, ილონა თოდუამ არ გაიზიარა აპელანტის პოზიცია და საჩივარი არ დააკმაყოფილა.
ზემოთ განხილულ სადავო აქტთან დაკავშირებით (2024 წლის 27 აგვისტო, N87/2024) იდენტური სასარჩელო მოთხოვნით თბილისის საქალაქო სასამართლოს აგრეთვე მიმართა „ერთიანობა - ნაციონალურმა მოძრაობამ“.
მოსამართლემ, სალომე სამხარაძემ ამ შემთხვევაშიც მოსარჩელის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და აღნიშნა, რომ საარჩევნო კანონმდებლობა ცნობს განსხვავებულ მოთხოვნებსა და ფუნქციურ დატვირთვას პარტიული და არაპარტიული ნიშნით დანიშნული კომისიის წევრების მიმართ. მოსამართლე მიიჩნევს, რომ ამ მოცემულობის გათვალისწინებით, დისკრიმინაციად არ შეიძლება ჩაითვალოს განსხვავებული ოდენობის ანაზღაურების განსაზღვრა კომისიის წევრებისთვის.
---
სტატია მომზადდა „საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ მიერ, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით. პროგრამას ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI), ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. სტატიის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია „საქართველოს სასამართლოს გუშაგი“ და მასში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა, არ ასახავდეს ზემოთ ნახსენები საერთაშორისო ორგანიზაციების შეხედულებებს.