ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მოქმედი რედაქციით - შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების წესის დარღვევა 10-ჯერ ძვირი „ჯდება“, ვიდრე 13 დეკემბრამდე, ანუ მანამდე, სანამ საკანონმდებლო ორგანო ცვლილებებს შეიტანდა შესაბამის კანონში. ამდენად, დღეს მოქმედი რედაქციით საპროტესტო აქციებში მონაწილეობა, ორგანიზება, უკვე სახდელდადებულის მიერ მონაწილეობა ან/და ორგანიზება, პირს შესაძლოა დაუჯდეს 5 000 ლარიდან - 20 000 ლარამდეც კი (დამოკიდებულია პირის სამართლებრივ სტატუსზე და წესის დარღვევის „სიმძიმეზე“).
გარდა ჯარიმის ოდენობისა, გაიზარდა ადმინისტრაციული პატიმრობისთვის გათვალისწინებული დღეების რაოდენობაც და შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების წესის დარღვევისთვის პირს შესაძლოა 60 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდოს (ადმინისტრაციული პატიმრობის მაქსიმალური დღეების რაოდენობაც დამოკიდებულია წესის დარღვევის სიმძიმეზე და პირის სამართლებრივ სტატუსზე).
ამასთან, შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების წესის დარღვევისთვის პირს ჩამოერთმევა იარაღის ტარების უფლება, 3 წლამდე ვადით.
აგრეთვე, თუ პირი შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების წესის დარღვევისთვის უკვე ადმინისტრაციულსახდელდადებულია, მის მიერ განმეორებით ამავე მუხლის ჩადენის ფაქტის დადგენისას გამოირიცხება შესაძლებლობა, რომ მოსამართლემ პირი სანქციისგან გაათავისუფლოს და სიტყვიერი შენიშვნით შემოიფარგლოს, მიუხედავად იმისა, რამდენად მცირე მნიშვნელობის იქნება სამართალდარღვევა.
2025 წლის 6 თებერვალს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ საქართველოს კანონი გამოქვეყნდა (და გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდა). ცვლილებების თანახმად, შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების წესის დარღვევასთან დაკავშირებული სამართალდარღვევევების ნაწილი შსს-ს განსჯადი გახდა. ეს იმას ნიშნავს, რომ მაგალითად, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციების მონაწილეები გზის გადაკეტვის გამო პოლიციის მიერ ჯარიმდებიან და არა — სასამართლოს გადაწყვეტილებით. პოლიცია (შსს) ადგენს სამართალდარღვევაზე ოქმს, რის საფუძველზეც პირი ჯარიმდება.
ჯარიმის გადახდის ან მისი გასაჩივრებისთვის საჭიროა ოქმის ჩაბარება პირისთვის. სამართალდარღვევის ოქმი ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ პირი მას ჩაიბარებს სახლში, მივა პოლიციაში და იქ ჩაიბარებს, ან არ ჩაიბარებს მისამართზე მიტანისას ზედიზედ ორჯერ და მეორედ ჩაუბარებლობის შემთხვევაში, შსს საჯაროდ გამოაქვეყნებს საჯარიმო ქვითარს, რის შემდეგაც ოქმი ჩაბარებულად ითვლება.
სამართალდარღვევის ოქმის გასაჩივრება შესაძლებელია ჯერ შსს-ში, ზემდგომ პირთან, ხოლო არდაკმაყოფილების შემთხვევაში — სასამართლოში.
შსს-ში წარსადგენ წერილობით საჩივარში მითითებული უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია:
სამართალდარღვევის ოქმის გასაჩივრება მისი ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში ხდება, ხოლო შსს-ს ზემდგომ პირთან საჩივრის განხილვის ვადა თავდაპირველად 1 თვე იყო, თუმცა შემდგომ საზოგადოებამ ადვოკატ თორნიკე მიგინეიშვილის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტიდან გაიგო, რომ ვადა 3 თვემდე გაიზარდა.
„ჯარიმებთან დაკავშირებულმა საჩივრებმა (შსს-ში) პირველი შედეგი უკვე აჩვენა. დღეს ერთმანეთის მიყოლებით გვბარდება დადგენილებები, რომელთა მიხედვითაც შსს ვერ ასწრებს 1-თვიან ვადაში საჩივრის განხილვას და ვადას 3 თვემდე აგრძელებს. შესაბამისად, კიდევ 2 თვით გადაიდება თითოეული პროცესი და ჯარიმის გადახდის ვადაც.“ - დაწერა თორნიკე მიგინეიშვილმა სოციალურ ქსელში.
მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ გასაჩივრება აჩერებს ჯარიმის გადახდის ვალდებულებას მანამ, სანამ არ იქნება მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების.
ვენეციის კომისიამ 2025 წლის 3 მარტს გამოაქვეყნა დასკვნა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესულ ცვლილებებზე, სადაც მწვავედ გააკრიტიკა ხელისუფლების ქმედებები, კერძოდ, შესაბამის კანონში შესული ცვლილებები შეაფასა ნაჩქარევად. ასევე, კრიტიკა გამოთქვა იმის გამოც, რომ ცვლილებების მიღების პროცესში არ იყვნენ ჩართულები დაინტერესებული მხარეები, რაც ცხადია, ძირს უთხრის ცვლილებების ლეგიტიმურობას. მით უმეტეს, იმ პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით, რაც დღესდღეობით არის საქართველოში. შესაბამისად, ცვლილებებთან დაკავშირებული პროცესი ჩაითვალა არსებითად ხარვეზიანად.
გარდა თავად პროცესის შეფასებისა, ვენეციის კომისიის დასკვნით, შეკრებასა და მანიფესტაციასთან დაკავშირებულ ნორმებში შესული ცვლილებების შინაარსობრივი ნაწილიც ხარვეზიანია, ვინაიდან ზედმეტად დიდ დისკრეციას ანიჭებს ხელისუფლებას და ბუნდოვანია. სამართლებრივი ნორმების ბუნდოვანება ზრდის მისი „ბოროტად“ გამოყენების რისკებს.
საბოლოოდ, ვენეციის კომისამ ცვლილებები შეაფასა, როგორც კანონთან შეუსაბამო და არალეგიტიმური.
ვენეციის კომისიის რეკომენდაციის თანახმად:
საკანონმდებლო ხელისუფლებამ უნდა გადახედოს შესაბამის კანონში შესულ ცვლილებებს და სათანადოდ განახორციელოს კანონშემოქმედებითი პროცესი, ყველა დაინტერესებული პირის ჩართულობით;
უნდა გადაიხედოს შეკრებისა და გამოხატვის უფლებასთან დაკავშირებული წესების დარღვევისთვის გათვალისწინებული სანქციები;
უნდა მოხდეს ზედმეტად ფართო და ბუნდოვანი ნორმების დავიწროება და აკრძალვების დეტალურად განსაზღვრა, შესაბამისი მიზეზით და მიზნობრიობით.
-----
courtwatch.ge-ს მიერ გავრცელებული და ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალები წარმოადგენს „საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ საკუთრებას, მათი გამოყენებისას უნდა მიეთითოს „საქართველოს სასამართლოს გუშაგი“, როგორც წყარო.