პროევროპულ აქციებზე დაკავებულ პირთა სასამართლო პროცესები - ბაჩანა ტიტვინიძის საქმე

10.01.2025


თბილისის საქალაქო სასამართლოში
(მოსამართლე ზვიად ცეკვავა) გამართული პროცესი  (2024 წლის 19 დეკემბერი) საპროტესტო აქციაზე 29 ნოემბერს დაკავებულ ბაჩანა ტიტვინიძის მიერ შესაძლო სამართალდარღვევის ჩადენას ეხებოდა.

ოქმის შემდგენი ორგანოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შსს) ქ. თბილისის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს წარმომადგენელი ბაჩანას სამართალდამრღვევად ცნობას ითხოვდა. კერძოდ, მის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) მუხლების პირველი ნაწილებით გათვალისწინებული ქმედების ჩადენის ფაქტის დადგენას. 

ბაჩანას არასამთავრობო ორგანიზაცია, ადამიანის უფლებათა ცენტრი ადვოკატი ეკა ქობესაშვილი იცავდა.

პროცესის მიმდინარეობა

ოქმის შემდგენი ორგანოს წარმომადგენელმა სასამართლოს წინაშე დააყენა შუამდგომლობა მოწმის სახით პატრულ-ინსპექტორების მიხეილ პაჭკორიას და ჯემალ ალავიძის დაკითხვაზე. შუამდგომლობას დაეთანხმა ადვოკატიც. ადვოკატს და ბაჩანას არ ჰქონიათ შუამდგომლობები.

როგორც ბაჩანას მონათხრობიდან ირკვევა, იგი რუსთაველის გამზირზე მეგობრის მანქანის წამოსაყვანად ჩავიდა. როცა ადგილზე მივიდა, დარბევა უკვე დაწყებული იყო. ზუსტად ამ დროს სპეცრაზმმა ის დააკავა, ფიზიკურად გაუსწორდნენ  და შემდგომ გადასცეს პოლიციას.

მოწმის სახით დაკითხულმა პატრულ-ინსპექტორმა, მიხეილ პაჭკორიამ სასამართლო პროცესზე თქვა, რომ სანამ ბაჩანას  მანქანაში ჩაუსვამდნენ, მან ის 30 წუთით ადრე შეამჩნია. პაჭკორიამ აღნიშნა, რომ  მიუხედავად იმისა, რომ პოლიციის წინ იდგა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის კორდონი, მან მაინც შეძლო ბაჩანას იდენტიფიცირება და ახსოვს თუ როგორ ილანძღებოდა და არ დაემორჩილა კორდონის უკან მდგომი პოლიციის მოწოდებას დაშლის შესახებ. ეს მაშინ, როცა არსებული განათების გამო, ბაჩანას სახეზე დაზიანებები ვერ შენიშნა, თუმცა მისი გინება გაიგონა და აგრესიული ქმედებაც დაინახა.

იგივე გაიმეორა მოწმის სახით დაკითხულმა, მეორე პატრულ-ინსპექტორმაც ჯემალ ალავიძემ. მანაც დაინახა და გაიგონა ბაჩანას გინება და აგრესიული ქმედება, თუმცა ვერ დაინახა დაზიანებები მის სახეზე, რომელიც დაკავების დროს მიიღო.

მნიშვნელოვანი გარემოებაა ისიც, რომ, როგორც ბაჩანამ აღნიშნა, დაკავებიდან დაახლოებით 30 წუთის შემდეგ ჩასვეს პოლიციელებს მანქანაში. მანამდე სად იყო, ვისთან ერთად და რა მდგომარეობაში, ამის შესახებ თავად ბაჩანას გარდა სასამართლო პროცესზე არავის უსაუბრია.

დაკავების ოქმში არ იყო მითითებული, რომ ბაჩანა აქციაზე იძახდა „მონებო“ და „რუსებო”, ეს ინფორმაცია პროცესზე დაკითხულმა პატრულ-ინსპექტორებმა გააჟღერეს პირველად.

ბაჩანამ პროცესზე თქვა, რომ , მან არ მოაწერა ოქმს ხელი, რადგან მასში სწორი ინფორმაცია არ იყო მითითებული. ასევე, დაკავებისთანავე ის ითხოვდა ექიმთან კონსულტაციას, რადგან თავს ძალიან ცუდად გრძნობდა და მხოლოდ 4 საათის შემდეგ გამოიძახეს სასწრაფო დახმარება. ის კავკასიის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს, საიდანაც მალევე იზოლატორში წაიყვანეს. იზოლატორში ყოფნისას, ბაჩანამ ექიმის დახმარება კიდევ მოითხოვა, სასწრაფო დახმარებამ ის ისევ საავადმყოფოში დააბრუნა, რადგან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შეუსაბამო იყო იზოლატორში ყოფნასთან.

სასამართლოს გადაწყვეტილება

  • მოსამართლე ზვიად ცეკვავამ, ბაჩანა სამართალდამრღვევად ცნო ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას.

  • რაც შეეხება სახდელს, მოსამართლემ გამოიყენა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 22-ე მუხლით გათვალისწინებული შესაძლებლობა. კერძოდ, მოსამართლემ ჩათვალა, რომ ადგილი ჰქონდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, თუმცა, იმის გამო, რომ ეს სამართალდარღვევა იყო მცირე მნიშვნელობის, ბაჩანა ჯარიმის გადახდის და ადმინისტრაციული პატიმრობისგან გაათავისუფლა, და მხოლოდ სიტყვიერი შენიშვნა გამოუცხადა.

  • ხოლო, ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის (წვრილმანი ხულიგნობის) ჩადენის ფაქტი არ მიიჩნია დადგენილად, ამდენად, ამ ნაწილში შეწყდა საქმის წარმოება. უფრო მარტივად, რომ ითქვას - მოსამართლემ ბაჩანა ტიტვინიძეს მიერ გინების და ლანძღვის ფაქტზე განხილვა შეწყვიტა, რადგან მტკიცებულებებით არ დადასტურდა, რომ უშუალოდ ბაჩანა იგინებოდა და ილანძღებოდა.

პროცესის მიმდინარეობის შეფასება

  • ბაჩანას განმარტებით, მოწმედ დაკითხული პირები არ იყვნენ მისი უშუალო დამკავებლები. დაკავება მოხდა „შავებში ჩაცმული ნიღბიანი პირების მიერ,“ რომლებმაც შემდგომ ის პოლიციელებს გადასცეს. ამ საკითხთან დაკავშირებით, მოსამართლეს სხდომაზე არ დაუფიქსირებია პოზიცია, მხოლოდ მოწმეთა დაკითხვის დროს დასვა კითხვა - ესმოდათ თუ არა პატრულ-ინსპექტორებს ბაჩანას ლანძღვა და რეალურად დაემორჩილა თუ არა ბაჩანა მათ მითითებებს.

  • მტკიცებულებიდან გამომდინარე, ზუსტად როდის დადგა ბაჩანას მიერ სამართალდამცავების მიმართ წინააღმდეგობის გაწევის ფაქტი, გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე ნათელი არ იყო. მოწმემ აღნიშნა, რომ ბაჩანა დაკავებამდე 30 წუთით ადრე შეამჩნია, თუმცა რამდენად შესაძლებელი იყო სპეცრაზმის კორდონის უკან მდგომი პოლიციის მოწოდება დაშლის შესახებ აღექვა ბაჩანას, რამდენად ობიექტური იყო ის გარემოება რომ ეს მოწოდება ბაჩანამ გაიგო და არ დაემორჩილა - მოსამართლის მიერ ამ ფაქტის შეფასება არ მომხდარა. მაშინ როდესაც სწორედ ეს საკითხი (გაიგო თუ არა ბაჩანამ მოწოდება) იყო გადამწყვეტი ბაჩანას სამართალდარღვევად ცნობისთვის, კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ნაწილში.

  • ბაჩანა დააკავეს სპეცრაზმელებმა და დაკავებიდან 30 წუთის შემდეგ, ნაცემ მდგომარეობაში გადასცეს პოლიციას. ოქმში პოლიციამ მათთვის გადაცემის დრო მიუთითა დაკავების დროდ, მაშინ როდესაც დაკავებულად მას შემდეგ მიიჩნევა პირი, რაც თავისუფლად გადაადგილება შეეზღუდა. ამ გარემოებაზე მოსამართლეს აბსოლუტურად არ გაუმახვილებია ყურადღება, რაც თამამად შეიძლება ითქვას, რომ მოსამართლის მიკერძოებულობაზე მიუთითებს.

  • გაუგებარი იყო მოსამართლის გადაწყვეტილება საქმისწარმოების შეწყვეტაზე, (საკითხის არ განხილვაზე) მხოლოდ 166-ე მუხლთან (წვრილმანი ხულიგნობა) მიმართებით. ორივე შემთხვევაში - წვრილმან ხულიგნობაზეც და კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობაზეც შსს-ს მტკიცებულებად ჰქონდა წარდგენილი სამართალდარღვევის ოქმი და მოწმეთა ჩვენებები. სასამართლოს გადაწყვეტილებით წვრილმანი ხულიგნობის ჩადენას ეს მტკიცებულებები არ ადგენდა, მაგრამ, იგივე მტკიცებულებები კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ჩადენის ფაქტს ადასტურებდა - რის საფუძველზე, გაუგებარია. აღნიშნული შესაძლოა შეფასდეს, როგორც მოსმართლის არაობიექტურობის ნათელი მაგალითი.
---
სტატია მომზადდა საქართველოს სასამართლოს გუშაგის მიერ USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა მხარდაჭერით. პროგრამას ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI), ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით.
სტატიის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია საქართველოს სასამართლოს გუშაგი და მასში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა, არ ასახავდეს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს შეხედულებებს.
ავტორი: მეგი შამათავა