პროევროპულ აქციებზე დაკავებულ პირთა სასამართლო პროცესები - ოლეკსანდრ დემიანენკოს საქმე

19.01.2025


თბილისის საქალაქო სასამართლოში
გამართული პროცესი (2024 წლის 25 დეკემბერს) საპროტესტო აქციაზე 28 ნოემბერს დაკავებული ოლეკსანდრ დემიანენკოს (უკრაინის მოქალაქე. არ იცის საპროცესო ენა, და საუბრობდა უკრაინულად) მიერ შესაძლო სამართალდარღვევის ჩადენას ეხებოდა. საქმე მოსამართლე ნინო ენუქიძემ განიხილა.

ოქმის შემდგენი ორგანოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შსს) წარმომადგენელი ითხოვდა ოლეკსანდრეს სამართალდამრღვევად ცნობას, კერძოდ, მის მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) მუხლების პირველი ნაწილებით გათვალისწინებული ქმედების  ჩადენის ფაქტის დადგენას. 

ოლეკსანდრს არასამთავრობო ორგანიზაცია, საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს ადვოკატი ვიქტორ კვიტატიანი იცავდა.   

პროცესის მიმდინარეობა

ოქმის შემდგენი ორგანოს წარმომადგენელმა დააყენა შუამდგომლობა მოწმის სახით პატრულ-ინსპექტორების ლაშა ბერაძეს და ზურა კონიაშვილის დაკითხვაზე. შუამდგომლობას ნაწილობრივ დაეთანხმა ადვოკატიც. საბოლოოდ, მოსამართლემ აღნიშნული შუამდგომლობა  სრულად დააკმაყოფილა.

თავის მხრივ, ადვოკატმა დააყენა შუამდგომლობა საქმის მასალებისთვის ვიდეოჩანაწერისა და სამედიცინო ცნობის დართვაზე. ოქმის შემდგენი ორგანოს წარმომადგენელი არ დაეთანხმა სამედიცინო ცნობის დართვას საქმის მასალებისთვის და განმარტა, რომ იმ ფაქტს, რასაც სამედიცინო ცნობა მოწმობს, არ აქვს შემხებლობა სამართალდარღვევასთან. მოსამართლე სამედიცინო ცნობასთან დაკავშრებით აღნიშნულ განმარტებას დაეთანხმა, თუმცა საქმის მასალებს მაინც დაურთო - მხოლოდ საინფორმაციო თვალსაზრისით.

მოსამართლემ ახსნა ოქმში მითითებული მუხლების: ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) შინაარსი, რაზეც მოპასუხეს (ოლეკსანდრ დემიანენკო) გაეცინა. მოსამართლის რეაქცია მოპასუხის ემოციაზე საკმაოდ მკაცრი და კრიტიკული იყო.

ოლეკსანდრეს განმარტებით, მას ოქმში მითითებული არცერთი ქმედება არ ჩაუდენია. როგორც მან აღნიშნა, სპეცრაზმის წინ იდგა იმის გამო, რომ  აქციიდან გასვლა სიმჭიდროვის გამო ვერ შეძლო. იგი დააკავეს სპეცრაზმის წევრებმა, ფიზიკურად გაუსწორდნენ და ამის შემდეგ გადასცეს პოლიციას. ოლეკსანდრე სტაციონარში მალევე არ გადაუყვანიათ, როგორც ეს მას სურდა, არამედ - დაკავებიდან რამდენიმე საათის შემდეგ მოათავსეს.

მოსამართლის კითხვაზე, გაიგო თუ არა  მან სამართალდამცების მიერ გაჟღერებული დაშლის შესახებ მოწოდებები, ოლეკსანდრემ უპასუხა, რომ არასრულად ესმოდა (რადგან მან ქართული ენა კარგად არ იცის). თუმცა ზუსტადაც რომ სცოდნოდა, რას მოუწოდებდნენ სამართალდამცველები, ადგილის დატოვებას მაინც ვერ შეძლებდა, რადგან ზურგის მხრიდან ხალხის მასა აწვებოდა, ხოლო წინ სპეცრაზმის წევრები იდგნენ.

განსაკუთრებით საინტერესო იყო მოწმეების დაკითხვა, ვინაიდან მათი პოზიციები არ ემთხვეოდა ერთმანეთს და ყველა კითხვასაც ვერ პასუხობდა. მაგალითად, პატრულ-ინსპექტორმა ლაშა ბერაძემ მოსამართლის კითხვაზე, რატომ უნდა დაეტოვებინა ადგილი ოლეკსანდრს და რატომ იყო ეს მოთხოვნა კანონიერი, უპასუხა, რომ დემიანენკო „არღვევდა კორდონს“, თუმცა დამაზუსტებელ კითხვაზე, “როგორ არღვევდა?” მოწმის პასუხი, მსუბუქად რომ ითქვას, უცნაურად ჟღერდა: „არ იქცეოდა, როგორ გითხრათ, არაფერი, უვარდებოდა.“

პატრულ-ინსპექტორმა მოსამართლეს კითხვას - თუ საიდან მიხვდა, რომ “ამდენ ხალხში უშუალოდ ოლეკსანდრე იგინებოდა?” ასე უპასუხა „ტანსაცმლით გავარჩიე“. მოსამართლის დამაზუსტებელ კითხვას - “ტანსაცმელი იგინებოდა თუ ადამიანი?” - მოწმემ უხერხული სიჩუმით უპასუხა.

საყურადღებოა ისიც, რომ მოწმემ ზუსტად ვერ დაასახელა ის სიტყვები, რომელიც დემიანენკომ გინების/ლანძღვის დროს თქვა, შესაბამისად გაუგებარია, თუ სიტყვების გარჩევა ვერ შეძლო, რატომ იყო ის დარწმუნებული, რომ დემიანენკო ნამდვილად იგინებოდა?!

“რა ენაზე იგინებოდა ოლეკსანდრ დემიანენკო?” - მოსამართლის ამ კითხვაზე მოწმეების პასუხი არ იყო თანმიმდევრული. კერძოდ, მოწმე ლაშა ბერაძემ მოსამართლეს უპასუხა, რომ ოლეკსანდრე რუსულად იგინებოდა. იმავე კითხვაზე ადვოკატს უპასუხა, რომ „ზნაჩიტ, ქართულადაც იგინებოდა“; ხოლო მეორე მოწმემ ზურაბ კონიაძემ განმარტა, რომ  ოლეკსანდრ დემიანენკო ორივე ენაზე (რუსულად და ქართულად) ილანძღებოდა, ის „ყვიროდა, მე უკრაინელი ვარ, მიყვარს საქართველო“ და აგინებდა რუსებს.

მოწმე ზურაბ კონიაძემ ასევე განმარტა, რომ ოლეკსანდრეს მიმართ ფიზიკურ ანგარიშსწორებას ადგილი არ ჰქონია. მაშინ საინტერესოა, რატომ გადაიყვანეს სტაციონარში ოლეკსანდრე და საიდან ჰქონდა მას ფიზიკური დაზიანებები?!

რაც შეეხება სამხრე კამერებს, არცერთ მოწმეს არ ჰქონია ჩართული.

სასამართლოს გადაწყვეტილება

  • სასამართლო განხილვის დასასრულს ოქმის შემდგენი ორგანოს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ არ დააფიქსირებს მოსაზრებას სანქციის თაობაზე, თუმცა მიაჩნია, რომ სასამართლო ოლეკსანდრ დემიანენკოს მიმართ მხოლოდ სიტყვიერი შენიშვნით არ უნდა შემოიფარგლოს.
  • მოსამართლემ გაიზიარა ეს შეხედულება, ოლეკსანდრ დემიანენკო ორივე მუხლთან მიმართებით სამართალდამრღვევად ცნო და სანქციის სახით გამოიყენა ადმინისტრაციული ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით.

პროცესის მიმდინარეობის შეფასება

  • მოსამართლის გადაწყვეტილებამ არ დატოვა სამართლიანობის განცდა, ვინაიდან საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დგინდებოდა სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი.
  • მოწმეთა ჩვენებები არ იყო თანმიმდევრული, არ დგინდებოდა, რამდენად შეეძლოთ მათ აღექვათ, უშუალოდ ოლეკსანდრ დემიანენკოს მიერ ჩადენილი ქმედებები.
  • პროცესი არ იყო ტექნიკური თვალსაზრისით გამართული. კერძოდ, აღნიშნული პროცესის განხილვა ერთხელ უკვე გადაიდო თარჯიმნის მიუწვდომლობის გამო. 25 დეკემბერს კი ბიურომ უკრაინული ენიდან ქართულ ემაზე თარჯიმანი ვერ გამოყო, რის გამოც მთელი პროცესი უკრაინულიდან ჯერ რუსულ და შემდეგ ქართულ ენაზე ითარგმნებოდა, რამაც გაახანგრძლივა საქმის განხილვის პროცესი.

 ---
სტატია მომზადდა საქართველოს სასამართლოს გუშაგის მიერ USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა მხარდაჭერით. პროგრამას ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI), ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით.

სტატიის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია საქართველოს სასამართლოს გუშაგი და მასში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა, არ ასახავდეს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს შეხედულებებს.

ავტორი: მეგი შამათავა