23.09.2022

კრიზისი, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არასრულმა შემადგენლობამ გამოიწვია

ვინაიდან არამოსამართლე წევრები საბჭოს უკვე წელიწადზე მეტია, არ ჰყავს, თანამდებობაზე 3 წლის ვადით განწესებული მოსამართლის საქმიანობის შეფასება, პრაქტიკულად, შეუძლებელია.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2022 წლის 2 ივნისის სხდომის დღის წესრიგი ითვალისწინებდა 3 წლის ვადით დანიშნული მოსამართლეების უვადოდ განწესების საკითხის გადაწყვეტას.

კანდიდატებთან - ალექსანდრე ლომიძესთან, ფატი ფურცხვანიძესა და ლელა ჭინჭარაულთან – უნდა ჩატარებულიყო გასაუბრება და შემდეგ კენჭისყრა, მაგრამ საკითხის განხილვა გადაიდო არაუგვიანეს ამ მოსამართლეების წარმოებაში არსებული  საქმეების განხილვამდე. წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე, ასეთ დროს საქმეების განხილვა შესაძლებელია დიდი ხნით გაგრძელდეს, რაც თანამდებობაზე შესაბამისი ვადით დარჩენას ნიშნავს.

სხდომაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ნინო ქადაგიძემ, განმარტა, რომ მოსამართლეები გასაუბრების ეტაპზე შეფასების გარეშე ვერ გადავიდოდნენ, მათი შეუფასებლობა კი განპირობებული იყო იმ ფაქტით, რომ საბჭო არ არის სრულად დაკომპლექტებული.

უფრო კონკრეტულად, „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის1  თანახმად, თანამდებობაზე 3 წლის ვადით გამწესებული მოსამართლის საქმიანობის შესაფასებლად, თანამდებობაზე მისი გამწესებიდან 1 წლის თავზე და 2 წლის თავზე, აგრეთვე მოსამართლის თანამდებობაზე ყოფნის 3-წლიანი ვადის გასვლამდე 4 თვით ადრე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო წილისყრით შეარჩევს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ერთ მოსამართლე წევრს და ერთ არამოსამართლე წევრს - შემფასებლებს, რომლებმაც ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად, 2 თვის ვადაში უნდა შეაფასონ შესაბამის პერიოდში მოსამართლის საქმიანობა. ვინაიდან იუსტიციის უმაღლესი საბჭო სრულად არ არის დაკომპლექტებული და მასში წარმოდგენილია მხოლოდ ერთი არამოსამართლე წევრი, მოსამართლის შეფასების პროცედურა სრულყოფილად ვერ განხორციელდა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ლოგიკა ასეთია: ვინაიდან არამოსამართლე წევრები საბჭოს უკვე წელიწადზე მეტია, არ ჰყავს, თანამდებობაზე 3 წლის ვადით განწესებული მოსამართლის საქმიანობის შეფასება, პრაქტიკულად, შეუძლებელია. თუკი კანდიდატს არ  შეაფასებს არამოსამართლე წევრი, კანონის მოთხოვნა დაირღვევა, შეფასების გარეშე კი, მოსამართლის განწესება  3-წლიანი ვადის გასვლის შემდეგ, ასევე, არაკანონიერ პროცესს გულისხმობს.

შესაბამისად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ გამოსავლად მიიჩნია მოსამართლეებისთვის საქმიანობის ვადის გაგრძელება  ორგანული კანონის 36-ე მუხლის მე-5 პუნქტზე დაყრდნობით.2 განსხვავებული აზრი არ დაფიქსირებულა.

საგულისხმოა, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს სამი მოსამართლის (ალექსანდრე ლომიძე, ფატი ფურცხვანიძე და ლელა ჭინჭარაული) სამოსამართლო უფლებამოსილების ვადის გაგრძელებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებები დღემდე არ გამოუქვეყნებია.


მიუხედავად იმისა, რომ არასრული შემადგენლობის გამო საბჭოს წევრების მიერ თანაბარი მონაწილეობისა და დაბალანსებული გადაწყვეტილებების მიღების ფუნდამენტური პრინციპი ირღვევა,    დღეს მხოლოდ 10 წევრით წარმოდგენილი იუსტიციის უმაღლესი საბჭო ჩვეულებრივ იღებს გადაწყვეტილებებს მის წინაშე მდგარ საკითხებთან დაკავშირებით, რაც თავისთავად, პრობლემაა; თუმცა ზემოთ განხილული ვითარება არის სპეციფიკური შემთხვევა, როდესაც  იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არამოსამართლე წევრების არყოფნა ფორმალურ საფუძველსაც სპობს გადაწყვეტილების მისაღებად და იქმნება სამართლებრივი კოლაფსი. 

ვის ხელეწიფება არსებული პრობლემის გამოსწორება და ვის პასუხისმგებლობამდე მივყავართ ამ ანალიზს?

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებს ნიშნავს საქართველოს პარლამენტი3,  კონკურსის საფუძველზე და 3/5-ის უმრავლესობით. 

ამ ჩანაწერის შესაბამისად, პარლამენტმა დადგენილ ვადებში უნდა აირჩიოს 5 არამოსამართლე წევრი, მაგრამ ამ დრომდე ეს ვალდებულება განუხორციელებელია. იუსტიციის საბჭო მხოლოდ მოსამართლე  წევრებისა  და  პრეზიდენტის მიერ დანიშნული ერთი არამოსამართლე წევრისგან (თამარ ღვამიჩავა) შედგება, ხოლო 5  არამოსამართლე წევრი დღემდე არ დაუნიშნავს პარლამენტს. 

პარლამენტში, დღეის მდგომარეობით, 143 დეპუტატია, მისი  სრული შემადგენლობა კი გულისხმობს 150 დეპუტატს. შესაბამისად, 90 დეპუტატის ხმაა საჭირო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თითოეული არამოსამართლე წევრის დასანიშნავად. 

ამჟამად საპარლამენტო უმრავლესობა 84 დეპუტატისგან შედგება, რაც იმას ნიშნავს, რომ„ქართულ ოცნებას“ ოპოზიციიდან, მინიმუმ, 6 დეპუტატის ხმა სჭირდება 5 არამოსამართლე წევრის ასარჩევად.

როგორც ჩანს, საპარლამენტო უმრავლესობა ორგანული კანონის ამ დანაწესს ბარიერად აღიქვამს მისთვის სასურველი კანდიდატების იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გასამწესებლად და ამიტომაც ირღვევა არამოსამართლე წევრების არჩევის ვადები.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო წარმოადგენს სასამართლო სისტემის მაკოორდინირებელ, ხარისხიანი და ეფექტიანი მართლმსაჯულების ხელშეწყობისათვის შექმნილ კონსტიტუციურ ორგანოს, რომელიც უნდა იყოს  სასამართლოს დამოუკიდებლობის გარანტი. აქედან გამომდინარე, კიდევ უფრო ძნელი წარმოსადგენია, რომ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო  წელიწადზე მეტია, არასრული შემადგენლობით იღებს გადაწყვეტილებებს და ჩვეულ რიტმში განაგრძობს მუშაობას, თითქოს არანაირ პრობლემას არ წარმოადგენდეს ის ფაქტი, რომ საბჭოს სრული შემადგენლობის 1/3 ჯერ კიდევ არ აურჩევიათ.

წლებია, დასავლელი პარტნიორები და ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ინტენსიურად საუბრობენ სასამართლო სისტემის კლანურ მმართველობაზე. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დანარჩენი წევრების არჩევა ოპოზიციასთან შეთანხმებისა და  ფართო კონსენსუსის საფუძველზე, არის შესაძლებლობა ხელისუფლებისთვის, არსებული მწვავე შეფასებების გასაქარწყლებლად, აჩვენოს ვითარების გამოსწორების მიზნით გადადგმული ნაბიჯები, თუმცა ხდება პირიქით – ასეთი დაყოვნება მხოლოდ აძლიერებს უნდობლობას.

რეკომენდაცია ბრიუსელიდან:  იუსტიციის უმაღლესი საბჭო სრული შემადგენლობით 


ევროკომისიის 12-პუნქტიან  რეკომენდაციებს შორისაა ,,2021 წლის ტრანსპარენტული და ეფექტიანი სასამართლო რეფორმის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხორციელება, რომელიც ეფუძნება ფართო, ინკლუზიურ და მხარეთა შორის კონსულტაციის პროცესს... იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საფუძვლიანი რეფორმის განხორციელება და დანარჩენი წევრების დანიშვნა. ყველა ეს ზომა უნდა შეესაბამებოდეს ევროპულ სტანდარტებს და ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს.“

ადგილობრივმა ორგანიზაციებმა შეიმუშავეს სამოქმედო გეგმა, რომელიც სთავაზობს ხელისუფლებას იმ მინიმალური სამოქმედო ნაბიჯების გადადგმას, რომელთა შესრულებაც შესაძლებელია უმოკლეს დროში, ევროკომისიის რეკომენდაციების იმპლემენტაციის მიზნით; გეგმის ერთ-ერთი პუნქტი საბჭოს არამოსამართლე წევრების დროულ დანიშვნას ეხება:

„დაინიშნონ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დარჩენილი არამოსამართლე წევრები – მომდევნო სესიაზე პარლამენტმა ხუთი არამოსამართლე წევრი უნდა აირჩიოს. კანდიდატი უნდა იყოს მიუკერძოებელი, კეთილსინდისიერი და კომპეტენტური. საბჭოში უნდა დაინიშნოს მაღალი საზოგადოებრივი ნდობის მქონე კანდიდატები, რომელთა თაობაზეც პოლიტიკურ პარტიებს შორის ფართო კონსენსუსი იქნება. ეს მნიშვნელოვნად შეცვლის ძალთა ბალანსს საბჭოში, შექმნის ახალ სიმძიმის ცენტრს ხუთი დამოუკიდებელი წევრით.“

იმისათვის, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ შეასრულოს კონსტიტუციური როლი – შეძლოს, სრული შემადგენლობითა და წევრების თანაბარი მონაწილეობით მიიღოს გადაწყვეტილებები მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე, უწინარესად საჭიროა, რომ საქართველოს პარლამენტმა შეასრულოს თავისი ვალდებულება, რაც   საბჭოს  წევრების არჩევას გულისხმობს.

თუკი მართლმსაჯულების საჭიროებებისთვის წაყრუება ქართველი კანონმდებლის კარგად ჩამოყალიბებული მავნე ჩვევაა, იმედია, ხმა ბრიუსელიდან  უფრო ხმამაღლა ისმის და მას საქართველოს საკანონმდებლო ორგანოშიც გაიგონებენ.

მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მოკლე დროში დანიშნოს პარლამენტმა საბჭოს არამოსამართლე წევრები იმისათვის, რომ საბჭო იყოს სრული შემადგენლობით და მისი ნებისმიერი გადაწყვეტილება არ აღიქმებოდეს კანონის საწინააღმდეგო ქმედებად.

სქოლიო

1. 36-ე მუხლის მეოთხე პუნქტის მეოთხე პრიმა მუხლი.
2. თუ მოსამართლის მონაწილეობით დაწყებული საქმის განხილვის დამთავრებამდე მან მიაღწია ამ კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ასაკს ან გავიდა მისი თანამდებობაზე ყოფნის ვადა, მოსამართლის უფლებამოსილება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით შეიძლება გაგრძელდეს აღნიშნულ საქმეზე ამ მოსამართლის ან იმ სასამართლო კოლეგიის ან პალატის მიერ საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე, რომლის შემადგენლობაშიც ის არის.
3. „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონი, 47-ე მუხლის მე-5 პუნქტი.

---

ფოტო: unsplash.com
courtwatch.ge-ს მიერ გავრცელებული და ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალები წარმოადგენს „საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ საკუთრებას, მათი გამოყენებისას უნდა მიეთითოს „საქართველოს სასამართლოს გუშაგი“, როგორც წყარო.

მეგი შამათავა