ქალბატონი ლელა კალანდაძე გვიყვება საქმეზე, რომელზეც ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს 5 წლის წინ მიმართა, თუმცა, ჯერ სხდომაც არ დანიშნულა. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით - თუ რა ეტაპზეა საქმის წარმოება და რას შეეხება განსახილველი საქმე - მოსარჩელეს რამდენიმე კითხვა დავუსვით.
- სასამართლოში დავა დავიწყეთ 2019 წელს.
- არცერთი პროცესი არ დანიშნულა. სარჩელი შევიტანეთ ოზურგეთის სასამართლოში. გასულ წელს გადმოუციათ ჩოხატაურისთვის და დევს თაროზე.
- სარჩელი ეხება სასამართლო გადაწყვეტილებას, რომლის საფუძველზეც მამაჩემის საკუთარი უძრავი ქონების ნახევარი გადასცეს ჩემი ძმის ქვრივს - კერძოდ, სახლის ნახევარი და მიწის 1300 კვ.მ. ეს მიწა, რომელიც მამაჩემმა 1960 წელს იყიდა და ზედ სახლი საკუთარი ხელით ააშენა, იდენტიფიცირებულ იქნა, როგორც სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გაცემული მიწა. დაუსწრებლად შედგა იდენტიფიცირების ოქმი და ამ ოქმის და სახლის ტექნიკური პასპორტის ნიადაგზე, რომელიც ასევე გაყალბებულია, სასამართლომ (მოსამართლე ციცინო როხვაძე) ჩემი ძმის ქვრივის სასარგებლო განაჩენი გამოიტანა ცალმხრივად, რადგან ჩვენ არც გაგვიგია ამ სარჩელის და, მით უმეტეს, სასამართლოს შესახებ, არ მიგვიღია სასამართლო უწყება.
როცა მივიღე ფოსტით ამონაწერი რეესტრიდან, რომ სასამართლომ დამისვა თანამესაკუთრე, განვცვიფრდი. მოულოდნელობისგან გავშრი. მამაჩემი კი მწარე ცრემლებით ტიროდა, 90 წლის კაცი, რომლის შვილიც საქართველოს თავისუფლებისთვის და ქართული მიწისთვის დაიღუპა 1992 წელში აფხაზეთში. როცა რეესტრის ამონაწერი მივიღე თანამესაკუთრით, მივმართე სასამართლოს. გეტყვით, რომ ამ ქალბატონს ჰქონდა შეტანილი საჩივარი წილის გამოყოფაზე და ეთქვა უარი, რის შემდეგაც გამოაჩინა ეს ტექნიკური პასპორტი [წერილობითი მტკიცებულება} თავისი სახელით და მიმართა სასამართლოს, რომელმაც დადო ეს შედეგი ისე, რომ ჩვენ არც კი გაგვიგია.
- [სასამართლოში] ვერაფერს მეუბნებიან, ახლო მომავალში არაფერს ველოდებით.
- მოკლედ რომ ვთქვათ, არ მუშაობს სასამართლო. საქმის განხილვის გაჭიანურების საფუძველი, შეიძლება ითქვას, ისაა, რომ მოსამართლეები ხშირად იცვლებიან და სასამართლოშიც არ არის საკმარისი მოსამართლე.
გარდა ამ საკითხებისა, სასამართლოს გუშაგი დაინტერესდა რამდენად გამოიყენა რესპონდენტმა მის საქმესთან დაკავშირებით სხვა სახის სამართლებრივი შესაძლებლობები საქმის დროულად განხილვის ან მასზე რეაგირების მიზნით.
- რამდენიმე მოსამართლის ხელში გაიარა ჩემმა სარჩელმა და ყველა მოსამართლის მოადგილე თუ თანაშემწე მეუბნებოდა, რომ „ამ თვეში“ იქნებოდა ან „იმ თვეში“. დავრეკე გენინსპექციაში რამდენჯერმე და მითხრეს, რომ მალე იქნება და დაველოდო.
- ერთი სიტყვით რომ ვთქვა, გაგვანადგურა - ფსიქოლოგიურადაც და ფიზიკურადაც.
არ ვიცით, ეს ქალი [თანამესაკუთრე] რატომ და ვინ ჩაწერა. თავად მუშაობდა ტექბიუროში იმ წლებში, როცა ეს ტექპასპორტი დაიკარგა და როცა წილი არ მისცა სასამართლომ, მერე გამოაჩინა. მინდა, ისიც იცოდეთ, რომ ჩვენ ორი და-ძმა დავრჩით და არცერთს მამაჩემის ქონებაზე პრეტენზია არ გვქონია. უბრალოდ ითხოვდნენ [თანამესაკუთრე და მისი შვილი], ჩემს მშობლებს დაეტოვებინათ სახლ-კარი და მშობლებმა ეს არ გააკეთეს. ახლაც მამაჩემი არსად მიდის, სტუმრადაც კი.
გავაფრთხილე კიდეც ჩემი ძმისშვილი, რომ წილი არ მოეთხოვათ, რადგან არავინ ეცილებოდათ ამ სახლ-კარში და თუ მაინც იჩივლებდნენ და საქვეყნოდ ჰკრავდნენ წიხლს ჩემი მშობლების ზრუნვას, რასაც მისცემდა სასამართლო იმას დასჯერდებოდა. თუ არ იჩივლებდა, მამაჩემის სიკვდილის შემდეგ მე ჩემს გზაზე წავიდოდი. არჩევანი გააკეთა.
ახლა მე მინდა მოვესწრო სამართლის აღდგენას. ყველაზე მეტად ის მაინტერესებს, თუ რატომ არ გამოგვიგზავნა სასამართლომ ჩვენ უწყება და სასამართლოზე მარტო ერთი მხარის წარდგენით როგორ გამოიტანა გადაწყვეტილება. ამ მისამართზე ცხოვრობს ორი იური კალანდაძე და, ვფიქრობ, რომ გამოგზავნილი უწყებები ორივე კვიკვინიამ [თანამესაკუთრემ] ჩაიბარა. ეს ჩემი ეჭვია. ქართულ მიწას შეწირული გმირის მამას საკუთარი ხელით ნაშენები სახლი და მიწა გაუყვეს და სახლის თანამესაკუთრედ დაუსვეს ადამიანი [...].
94 წლის მოხუცი, სამართალს ელოდება. გთხოვთ, დაგვეხმარეთ!
ძალიან დიდი იმედი გამიჩნდა, რომ იქნებ დაიძრას საქმე. მინდა, მამაჩემი მოესწროს ამ გადაწყვეტილების გაბათილებას, რასაც ვითხოვთ სარჩელში.