ქუთაისსა და ბათუმში დოკუმენტური ფილმის „მოსამართლეები ზეწოლის ქვეშ“ ჩვენება გაიმართა

13.06.2023

2023 წლის 9 და13 ივნისს ქუთაისსა და ბათუმში საქართველოს სასამართლოს გუშაგის, დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფისა და დემოკრატიის ინდექსი - საქართველოს ორგანიზებით გაიმართა პოლონური დოკუმენტური ფილმის - „მოსამართლეები ზეწოლის ქვეშ“ - ჩვენება.

ფილმი ეხება პოლონეთში მოსამართლეების დამოუკიდებლობის შეზღუდვას და მათ წინააღმდეგობას. „მოსამართლეები ზეწოლის ქვეშ“ მოგვითხრობს იმ მოსამართლეების შესახებ, რომლებიც, წნეხის მიუხედავად, იცავენ კონსტიტუციას და ხელისუფლების დანაწილების პრინციპს. ის ასახავს მოსამართლე იგორ ტულიას შეუპოვარ ბრძოლას მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისთვის, მის მიმართ ზეწოლის მიუხედავად. ამავდროულად, შთამბეჭდავია ის სოლიდარობა, რომელიც იგორ ტულიას მიმართ არა მხოლოდ მისმა კოლეგებმა, არამედ პოლონელმა მოქალაქეებმა გამოავლინეს. 

ფილმის ჩვენების შემდეგ გაიმართა დისკუსია მართლმსაჯულების სისტემაში არსებული გამოწვევების, სასამართლოს დამოუკიდებლობისა და საზოგადოებრივი აქტიურობის მნიშვნელობის შესახებ. დისკუსიებს უძღვებოდნენ დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფის წარმომადგენელი ირაკლი კორძახია და „საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ დირექტორი ნაზი ჯანეზაშვილი. 

ფილმის ჩვენებებს ესწრებოდნენ ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, ადვოკატები, სტუდენტები და სხვა დაინტერესებული პირები. 

ღონისძიება USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით ჩატარდა.