1917 წლის თებერვლის რევოლუციიდან 1918 წლის 26 მაისს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დაფუძნებამდე, დემოკრატიულ - გარდამავალ პერიოდში, სახელმწიფოსა და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა მთავარ სფეროში ფუნდამენტური რეფორმების კონტურები იკვეთებოდა, თუმცა რუსეთის იმპერიის ნანგრევებზე ანარქიის აფეთქების და რუსული ტოტალიტარიზმის გამარჯვების კვალდაკვალ ამ რეფორმების განვითარება, დახვეწა და პრაქტიკაში დანერგვა მხოლოდ იმ სივრცეებში მოხდა, სადაც, მაღალი სამოქალაქო კულტურისა და საზოგადოების მაქსიმალური მობილიზების შედეგად, შეძლეს მტკიცე დემოკრატიული ინსტიტუტების დაფუძნება და თანამედროვე ეროვნული სახელმწიფოების მშენებლობის წამოწყება.
საქართველოს რესპუბლიკა ამ მხრივ ერთ-ერთ სამაგალითო და წარმატებულ პროექტად შეგვიძლია მივიჩნიოთ, რომელმაც შეძლო დემოკრატიული რევოლუციის მემკვიდრეობის შენარჩუნება და საუკეთესო დასავლური ინსტიტუციური გამოცდილების პრაქტიკაში დანერგვა, რითაც მყარი ფუნდამენტი შექმნა ეროვნული სახელმწიფოს განვითარებისათვის.
თებერვლის რევოლუციის მომდევნო თვეებში, საყოველთაო ეიფორიის ფაზის გავლისა და რუსული ცარიზმის და მსოფლიო ომის უმძიმესი მემკვიდრეობის გამკლავების გამოწვევისათვის თვალის გასწორების ფონზე, ყოფილ რუსეთის იმპერიაში, მათ შორის, კავკასიასა და საქართველოში დროებითი მთავრობის სტრუქტურებისა და რევოლუციური ხელისუფლების ორგანოთა პარალელური მმართველობის, ძველი სახელმწიფო სისტემის დაშლის, ბიუროკრატიის ტრანსფორმაციისა და ფუნდამენტური რეფორმებისათვის მზადების პროცესის განზომილება იდგა.
ამ ურთულეს მდგომარეობას თან ახლდა საგანგებო, დროებითი, სახელდახელო ორგანოებისა და სტრუქტურების მოწყობა, არსებული ცარისტული სახელმწიფო დაწესებულებების ინფრასტრუქტურისა და საკადრო შემადგენლობის მოშლა, ანარქიული ექსცესები საზოგადოებაში და სოციალური და ეკონომიკური კრიზისის გაღრმავება. ეს გარემო გავლენას ახდენდა სამართლებრივ გარემოზეც, რამდენადაც იურიდიულ სფეროში ახალი მოდელები ჯერ დადგენილი არ იყო, დროებით გამოიყენებოდა შეკვეცილი ცარისტული დებულებები და პარალელურად რევოლუციური ორგანოები ქაოსურად ქმნიდნენ საგანგებო სასამართლოებს, ტრიბუნალებს და ა.შ.
საქართველოს პოლიტიკური კლასი იუსტიციის სფეროს ფუნდამენტური რეფორმისათვის არსებითად დიდ ადამიანურ, ინტელექტუალურ რესურსებს ფლობდა. საქართველოს იურისტები და ადვოკატები პოლიტიკურად ძალზე აქტიურები იყვნენ და რეფორმატორული პროცესების ლიდერებად გვევლინებოდნენ. 1918-1919 წლებისათვის საქართველოს მთავარ საკანონმდებლო ორგანოებში პროფესიულ ჯგუფთა შორის პოლიტიკოს ადვოკატთა წარმომადგენლობა ერთ-ერთი ყველაზე მაღალი იყო:
საქართველოს პირველ კოალიციურ მთავრობაში იუსტიციის მინისტრის პოსტი ცნობილ ადვოკატს, საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტთა სარევოლუციო პარტიის ერთ-ერთ ლიდერს, შალვა ალექსი-მესხიშვილს ეჭირა, რომლის მინისტრობის პერიოდშიც დაიწყო სამართლის სფეროს ფუნდამენტური რეფორმები.
1919 წლის მარტიდან, დამფუძნებელი კრების არჩევისა და მთავრობის სოციალ-დემოკრატიული კაბინეტის დაკომპლექტების შემდეგ, იუსტიციის მინისტრი გახდა სოციალ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი აქტიური ორგანიზატორი და თეორეტიკოსი, გამოცდილი ადვოკატი რაჟდენ არსენიძე.
1918 წლის ზაფხულიდან სამართლის სფეროს ფუნდამენტური რეფორმისათვის მოსამზადებლად საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ არსებითი ღონისძიებების გატარება დაიწყო. გაუქმდა ყველა განსაკუთრებული/საგანგებო სასამართლო, რევოლუციური ტრიბუნალები, საგანგებო საგამოძიებო კომისიები, სასამართლო ფუნქციები ჩამოერთვა რევოლუციურ აღმასრულებელ კომიტეტებს.3
1918 წლის 2 ივლისს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ გაუქმებულად გამოაცხადა ჯაშუშობის საქმეთა საგამოძიებო კომისია.4 5 ივლისს გაუქმდა „საობლო სასამართლო“ და მისი მიმდინარე საქმეები მომრიგებელი მოსამართლეების წარმოების ქვეშ გადარიცხა.5 ამავე დღეს გაუქმებულად გამოცხადდა „დროებითი საგამომძიებლო კომისიაც“.6 9 ივლისს გაუქმდა წოდებრივი - საგუბერნიო საგლეხო საქმეთა საკრებულო და მომრიგებელი შუამავლის თანამდებობა.7
1918 წლის 10 სექტემბრის კანონით დაწესდა სასამართლო გამომძიებლის ინსტიტუტი. სასამართლო გამომძიებელთა რიცხვი კანონით განისაზღვრა, ხოლო ოლქის სასამართლოების საზოგადო კრებებს დაევალათ საგამოძიებო უბნების საზღვრების დადგენა, რასაც იუსტიციის სამინისტრო დაამტკიცებდა.
ტფილისის, ქუთაისის და სოხუმის საოლქო სასამართლოებში შენარჩუნდა შტატი განსაკუთრებულ საქმეთა გამომძიებლისათვის (ტფილისი - 2, ქუთაისი 1, სოხუმი -1).8 მთელს რესპუბლიკაში კი, მათი ჩათვლით, სასამართლო გამომძიებელთა რაოდენობა 64 გახდა.
1918 წლის 20 და 24 სექტემბერს სასამართლოს რეფორმის პირველი, გარდამავალი ფაზისთვის ორი მნიშვნელოვანი ინსტიტუტი ჩამოყალიბდა. 20 სექტემბერს იმავე 1918 წლის 5 ივლისის კანონით განსაზღვრული განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებათა (რომლებისთვისაც დროებით სიკვდილით დასჯა იქნა შემოღებული) განსახილველად მოეწყო დროებითი საგანგებო სასამართლო,9 რომელიც, კანონის დათქმით, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შემოღებამდე იმუშავებდა. 24 სექტემბერს კი დამტკიცდა კანონი მომრიგებელ მოსამართლეთა ინსტიტუტისა,10 რითაც მოეწყო სასამართლოს პირველი საფეხური ქალაქებსა და მაზრებში.
მაზრების მიხედვით განისაზღვრა სამომრიგებლო ოლქები (მათში მოქცეული ქალაქებით), ხოლო ოლქებს შორის გამოიყო სამომრიგებლო უბნები, რომელთა რიცხვი რესპუბლიკაში საწყის ეტაპზე 120-ით განისაზღვრა. სამომრიგებლო სასამართლოს უმაღლეს ინსტანციად მომრიგებელ მოსამართლეთა ყრილობა დადგინდა. ყრილობის წევრთა რიცხვი 11-ით განისაზღვრა. ოლქებსა და უბნებში დაწესდა ასევე საპატიო მომრიგებელ მოსამართლეთა თანამდებობაც.
სამომრიგებლო სასამართლოს ოლქებში მოსამართლეებს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები – საქალაქო საბჭო და სამაზრო ერობის საბჭო – ირჩევდა. საუბნო და საპატიო მომრიგებელი მოსამართლედ კანდიდატურის დაყენება შეეძლო საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც კანონით განსაზღვრულ კრიტერიუმებს დააკმაყოფილებდა – კერძოდ, იქნებოდა 25 წლიდან ზემოთ ასაკის, საშუალო ან უმაღლესი განათლებით (გამონაკლისი მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში დაიშვებოდა), ეცოდინებოდა სახელმწიფო ენა და მის უბანზე წარმოდგენილი ეთნიკური უმცირესობის ენების 20%-ზე მეტი, არ იქნებოდა გამოძიების ქვეშ ან სასამართლოს მიერ უფლებააყრილი.
იმ უბნებში, რომლებშიც ეთნიკური უმცირესობები უმრავლესობას შეადგენდნენ, სასამართლოში, სახელმწიფო ენის გარდა, ამ უმცირესობის ენის პარალელური გამოყენება კანონით გარანტირებული გახდა.
შესაბამისად, საქართველოს რესპუბლიკის სასამართლო სისტემა ამ ეტაპისთვის შემდეგნაირად გაფორმდა:
1918 წლის აგვისტოს დასაწყისში ტფილისში, ქართულ კლუბში „ქართული იურიდიული საზოგადოების“ დასაფუძნებლად ადვოკატთა საორგანიზაციო კრება შედგა.11 კრებამ დააკომპლექტა კომისია საზოგადოების წესდების შესამუშავებლად, რომელსაც დამფუძნებელ ყრილობას წარუდგენდა. კომისიაში შედიოდნენ: იოსებ (იესე) ბარათაშვილი, ივანე ზურაბიშვილი, სარაჯიშვილი, გიორგი შალიბაშვილი, გიორგი ლასხიშვილი და არტემ ახნაზაროვი.
კომისია აგვისტო-სექტემბრის განმავლობაში ადვოკატის, გიორგი თევდორეს ძე ჟორდანიას ბინაზე იკრიბებოდა.12 1918 წლის 6 ოქტომბერს ტფილისის სასამართლო პალატის დარბაზში სადამფუძნებლო ყრილობა შედგა, რომელსაც 30 დელეგატი დაესწრო. საზოგადოების წესდების პროექტი ყრილობას გიორგი ჟორდანიამ გააცნო, პროექტი მოწონებული იქნა. ფარული კენჭისყრით აირჩიეს გამგეობა: დავით ბესარიონის ძე კვირკველია, გიორგი ზურაბის ძე ჩაჩიბაია, გიორგი ჟორდანია, ი. ყიფშიძე, არტემ ახნაზაროვი, სიმონ ყარამანის ძე ჩხეიძე, ა.გ. ბებურიშვილი.
პრეზიდიუმის თავმჯდომარედ - დავით კვირკველია, მოადგილედ - გიორგი ჩაჩიბაია, მდივნად - გიორგი ჟორდანია, ხოლო ხაზინადრად - არტემ ახნაზაროვი.13 საქართველოს იურიდიული საზოგადოება პერმანენტულად იკრიბებოდა და მჭიდროდ თანამშრომლობდა იუსტიციის სამინისტროსთან, მიმდინარე რეფორმების კურსის შემუშავებისა და დანერგვისათვის.
1919 წლის 7 იანვარს საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შემოღების კანონი და ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს დებულება.14 სისხლის სამართლის საქმეებისთვის დადგინდა ნაფიც მსაჯულთა სიების რიცხვი ოლქებისათვის, მსაჯულად არჩევის კრიტერიუმები და უზენაესი სასამართლოს - სენატის მოწყობამდე ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტისა და სასამართლო პალატების თანამიმართება.
1918 წლის ბოლოსათვის, უკვე განხორციელებული რეფორმების და სასამართლოს მოსამსახურეთა საკადრო ცვლილებების კვალდაკვალ, რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტრომ შესაძლებელი გახადა სასამართლოს გაეროვნება რეალობად ექცია. ოქტომბერში იუსტიციის მინისტრმა სასამართლო სისტემაში ცირკულარი გამოუშვა, რომლის მიხედვითაც წლის ბოლომდე შეიძლებოდა საქმისწარმოების ენა აქამდე გამოყენებული ენები ყოფილიყო, ხოლო 1919 წლის იანვრიდან მთელი სისტემა სახელმწიფო ენაზე უნდა გადაწყობილიყო.
მიუხედავად ამისა, იანვარში სასამართლო სისტემაში ვექილთა მიერ წარდგენილი 300-მდე სარჩელი დაგროვდა, რომლებიც ქართულ ენაზე არ იყო შედგენილი. შესაბამისად, მათზე საქმისწარმოება შეჩერდა და მოსარჩელეებს უკან დაუბრუნდათ, რამაც ვექილთა სერიოზული შეშფოთება გამოიწვია.
უკმაყოფილება საქართველოს პარლამენტის 1919 წლის 11 იანვრის სხდომაზე დამსწრე ვექილმა ისაია დოლუხანოვმა გაახმოვანა, რასაც იუსტიციის მინისტრმა შალვა-ალექსი მესხიშვილმა უპასუხა და ნაციონალიზაციის კურსი დაიცვა.15
პრობლემის გადასაჭრელად ტფილისში ვექილთა კრება გაიმართა. დამსწრეთა ნაწილი სასამართლოს გაეროვნებას ნაადრევად მიიჩნევდა. კრებამ აირჩია განსაკუთრებული კომისია, რომელსაც დაევალა, ეშუამდგომლა მთავრობასთან, რომ ნაციონალიზაცია ნახევარი წლით გადადებულიყო. კომისია შეხვდა იუსტიციის მინისტრს, შალვა ალექსი-მესხიშვილის, რომელმაც განუცხადა, რომ შესანიშნავად ესმოდა არაქართულენოვან ვექილთა გასაჭირი და მათი საარსებო შემოსავლისათვის შექმნილი საფრთხე, თუმცა თავის პირად განწყობას კანონზე მაღლა ვერ დააყენებდა.
კომისიამ მინისტრის შემდეგ მინისტრთა კაბინეტს მიმართა, რომელმაც საკითხის გამოსარკვევად განსაკუთრებული კომისიის მოწყობას დაუჭირა მხარი. პარალელურად, სასამართლოს მოხელეთა წარმომადგენლებმა დელეგაცია გაგზავნეს იუსტიციის მინისტრთან და ნაციონალიზაციის გატარებისთვის პრინციპული მზაობა გამოხატეს და მისი დაუყოვნებლივი დაწყება მოითხოვეს, მიუხედავად ვექილთა ნაწილის პროტესტისა.16
28 თებერვალს გამოქვეყნდა17 საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება, რომელიც, რესპუბლიკის მთავრობის 1919 წლის 8 თებერვლის დადგენილებაზე დაყრდნობით, აცხადებდა, რომ ტფილისისა და ქუთაისის სასამართლო ოლქებში 1-ელი მარტიდან ახლად მიღებული სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეების წარმოება სახელმწიფო ენაზე უნდა განხორციელებულიყო შემდეგი პირობებით: ქუთაისის ოლქში ყველა საქმე, ტფილისის ოლქში სისხლის სამართლის საქმეები და სამოქალაქოს ის საქმეები, რომლებშიც მომჩივანი და მოპასუხე ტფილისის მცხოვრებნი არ იყვნენ ან ტფილისის მკვიდრი, მაგრამ ქართულენოვანები, მაშინ წარმოება სახელმწიფო ენაზე იქნებოდა, ხოლო თუკი ერთი მხარე მაინც არაქართულენოვანი - ამ შემთხვევაში რუსული ენის გამოყენება ნებადართული იყო. სახელმწიფო ენაზე საქმისწარმოება დაევალათ სასამართლოს გამომძიებლებს, სოხუმის ოლქისა და ტფილისის ცალკეული უბნების გარდა.
1919 წლის 18 ივლისს საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ დაიწყო საქართველოს რესპუბლიკის სასამართლოს უმაღლესი ინსტანციის, სენატის დებულების მუხლობრივი განხილვა. მწვავე დისკუსიების შემდეგ სენატორთა პროფესიული ცენზის, ვადით თუ უვადო არჩევის და ა.შ. შესახებ, დებულება შესწორებებით 1919 წლის 29 ივლისს მიღებულ იქნა.18
დებულებით რესპუბლიკის სენატი ორი - სისხლის სამართლისა და სამოქალაქო საქმეთა საკასაციო დეპარტამენტისაგან შედგებოდა. სამოქალაქო საკასაციო დეპარტამენტში მოქცეული იყო საადმინისტრაციო განყოფილება. ქვემდგომ ორგანოებს წარმოადგენდა საკასაციო დეპარტამენტთა საზოგადო კრება, საკასაციო დეპარტამენტთა შეერთებული საკრებულო.
ყველა სასამართლო დაწესებულება სენატს დაექვემდებარა. სენატორთა რიცხვი 13-ით განისაზღვრა (სისხლის სამართლის დეპარტამენტი – 5, სამოქალაქოს – 8), რომლებსაც, თავმჯდომარესა და მის ამხანაგთან ერთად, 2 წლის ვადით დამფუძნებელი კრება აირჩევდა, ხოლო შემდგომ კი პარლამენტი – 4 წლის ვადით. ორივე დეპარტამენტს თავისი პროკურორი უნდა ჰყოლოდა. სენატის დებულების ამოქმედების თარიღად 1919 წლის 1-ელი ოქტომბერი დადგინდა.
1919 წლის 7 ოქტომბერს საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ კენჭი უყარა და აირჩია სენატორები.19
სენატის თავმჯდომარე - დავით ბესარიონის ძე ხელთუფლიშვილი.
თავმჯდომარის ამხანაგი - ივანე მიხეილის ძე ნაკაშიძე.
საქართველოს რესპუბლიკის სასამართლო სისტემის ფორმირების ამ საბოლოო აქტის შემდეგ მართლმსაჯულების სფეროს რეფორმის დღის წესრიგში კვლავ დადგა ადვოკატთა/ვექილთა უფლება-მოვალების საკითხი. 1919 წლის 7 ნოემბერს საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ განიხილა დეკრეტის პროექტი „ვექილობის უფლების განსაზღვრისა და ნაფიც ვექილთა ახალი საბჭოს არჩევისა“.
პროექტის განმარტებაში დეპუტატი, ასევე ცნობილი ადვოკატი, სოციალ-დემოკრატი კირილე ნინიძე მიუთითებდა, რომ ნაფიც ვექილთა საბჭო, ერთი მხრივ, რუსეთის იმპერიის წესრიგით სასამართლო პალატის ნაწილად მოიაზრებოდა და ამჟამად საქართველოს რესპუბლიკის სასამართლო მოდელს უკვე აღარ შეესაბამებოდა; ამასთანავე, არსებული საბჭო 1917 წელს იყო არჩეული 2 წლის ვადით, მას უფლებამოსილება უკვე გასული ჰქონდა და წევრთა მნიშვნელოვანი ნაწილი საქართველოში ფიზიკურად აღარ იმყოფებოდა.
ამასთანავე, საბჭოს წევრთა მნიშვნელოვანი ნაწილი საქართველოს რესპუბლიკის ქვეშევრდომი არ იყო და, შესაბამისად, დეკრეტის პროექტი, რომელიც ვექილობის უფლებას საქართველოს მოქალაქეებს ანიჭებდა, ადვოკატთა ამ კატეგორიას უმუშევრობისთვის გაწირავდა. მსჯელობისა და შესწორებების შემდეგ დამფუძნებელმა კრებამ კომპრომისული ვარიანტი დაამტკიცა, რომლის მიხედვით, სხვა სახელმწიფოს მოქალაქე ადვოკატებს ჰქონდათ საქართველოში მუშაობის უფლება და რესპუბლიკა იტოვებდა უფლებას, ანალოგიური დაშვებით მიემართა ამ სახელმწიფოების მთავრობებისათვის.20
1919 წლის 11 ნოემბერს დეკრეტის დამტკიცების21 შემდეგ არსებული საბჭო გაუქმდა და საქართველოს ნაფიც ვექილთა საბჭო ჩამოყალიბდა.
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მართლმსაჯულების სისტემის ჩამოყალიბების საბოლოო აკორდი 1921 წლის 21 თებერვალს დამფუძნებელი კრების მიერ დამტკიცებული საქართველოს კონსტიტუცია იყო, რომლის მე-6 თავით (მუხლები 76-83) უმთავრესი ფუძემდებლური პრინციპები განისაზღვრა.
სქოლიო: