ინტერვიუ ადვოკატ ნოდარ სარიშვილთან

08.05.2024

სასამართლოს გუშაგი გურჯაანში ადვოკატ ნოდარ სარიშვილს შეხვდა და სთხოვა, გაეზიარებინა თავისი, როგორც ადვოკატის, სასამართლოსთან ურთიერთობის პრაქტიკული გამოცდილება.

ადვოკატმა საუბრისას ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ გურჯაანის რაიონულ სასამართლოში მოსამართლეთა რაოდენობა უნდა იყოს 7, თუმცა 3 რაიონზე გამწესებულია მხოლოდ 3 მოსამართლე, რაც პრობლემებს ქმნის, მიუხედავად მოსამართლეების მცდელობისა, საქმეების განხილვა არ გაჭიანურდეს. 

ადვოკატმა, აგრეთვე, ისაუბრა იმ გარემოებაზეც, რომ მოსამართლეებს უწევთ, ლაგოდეხის და ყვარლის მაგისტრი სასამართლოების საქმეებიც განიხილონ.

რაც შეეხება რაიონული სასამართლოს განსახილველ საქმეებს,  ადმინისტრაციული და 5000 ლარის ზემოთ სამოქალაქო დავებიც ასევე გურჯაანის რაიონულ სასამართლოში იხილება. ამას ემატება სისხლის სამართლის საქმეები, სადაც ვადები დადგენილია უფრო მკაცრად. ადვოკატის თქმით, მოსამართლეები ცდილობენ, არ დაირღვეს ვადები სისხლის სამართლის საქმეებზე , შესაბამისად, უპირატესად სწორედ ამ კატეგორიის საქმეები იხილება, რაც იმას ნიშნავს, რომ შეიძლება, სხვა კატეგორიის საქმეთა განხილვა კიდე უფრო მეტად ჭიანურდებოდეს.

„7 მოსამართლის სატარებელ ტვირთს 3 მოსამართლე ატარებს, გმირობის ტოლფასია ამ რაოდენობის საქმეების განხილვა“ - ამბობს „სასამართლოს გუშაგთან“ საუბარში ადვოკატი ნოდარ სარიშვილი. 
მისივე თქმით, ეს გარემოებები ძალიან უარყოფითად მოქმედებს, პირველ რიგში, მოსამართლეებზე, და უარყოფითად მოქმედებს მხარეებზეც.

იმის გამო, რომ  საქმეები განიხილება რიგითობის წესით, ხოლო ამ რიგს შეიძლება ბევრი შეფერხება ახლდეს- მაგალითად, თვითონ მოწმის მოყვანა, მოწმეების სიმრავლე ან სხვადასხვა მიზეზის გამო სხდომაზე მოწმეების არგამოცხადება - ეს კიდევ ერთი დამატებითი მიზეზი ხდება საქმის განხილვის გაჭიანურების. ხშირად ყოფილა შემთხვევა, როცა საქმე იმდენად დიდხანს გაგრძელებულა, რომ ამ პროცესში მოსარჩელე ან მოპასუხე გარდაცვლილა, მათი უფლებამონაცვლის დადგენა კი, შეიძლება, საქმის გაჭიანურების დამატებით მიზეზად განვიხილოთ.

-----
courtwatch.ge-ს მიერ გავრცელებული და ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალები წარმოადგენს „საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ საკუთრებას, მათი გამოყენებისას უნდა მიეთითოს „საქართველოს სასამართლოს გუშაგი“, როგორც წყარო.