პროევროპულ აქციებზე დაკავებულ პირთა სასამართლო პროცესები - მიხეილ ლორთქიფანიძის საქმე

10.01.2025

სამშობლოს სიყვარულია, რის გამოც მე გავედი აქციაზე...“ - ამ სიტყვებით დაასრულა მისი დასკვნითი სიტყვა, მიხეილ ლორთქიფანიძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში, 2024 წლის 13 დეკემბერს გამართულ პროცესზე.

მიხეილი საპროტესტო აქციებზე 1 დეკემბერს დააკავეს. ოქმის შემდგენი ორგანოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შსს) საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შესაბამისი სამმართველოს წარმომადგენელი მიხეილის სამართალდამრღვევად ცნობას ითხოვდა. კერძოდ - მის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) მუხლების პირველი ნაწილებით გათვალისწინებული ქმედების ჩადენის ფაქტის დადგენას.

წარმომადგენლის თქმით, მიხეილი უმისამართოდ იგინებოდა და ილანძღებოდა. ის არ დაემორჩილა პოლიციის კანონიერ მოთხოვნას, კონკრეტული ტერიტორიის დატოვების შესახებ.

სასამართლო პროცესზე, მიხეილის ინტერესებს არასამთავრობო ორგანიზაცია, ადამიანის უფლებათა ცენტრის ადვოკატი, ნესტან ლონდარიძე იცავდა.

სასამართლო პროცესის მიმდინარეობა

სასამართლო პროცესზე, ოქმის შემდგენი ორგანოს წარმომადგენელმა შუამდგომლობით მოითხოვა ორი მოწმის, პატრულ-ინსპექტორების ლაშა სახოკიას და ზაზა რუაძის დაკითხვა. მიხეილი და მისი ადვოკატი არ დაეთანხმნენ ამ შუამდგომლობას, რადგან, მათი განმარტებით, მიხეილის დაკავება არ მომხდარა ლაშა სახოკიას და ზაზა რუაძის მიერ და შესაბამისად ისინი ვერ იქნებოდნენ ობიექტურები ფაქტის შეფასებისას. მოსამართლე ლელა მილდენბერგერმა განმარტა, რომ ოქმის სწორედ ლაშა სახოკიას მიერ იყო შედგენილი და რომ ის საქმისთვის მნიშვნელოვანი მოწმე იყო. შესაბამისად, ოქმის შემდგენი ორგანოს წარმომადგენლის შუამდგომლობა ორივე მოწმის დაკითხვასთან დაკავშირებით მოსამართლემ დააკმაყოფილა.

პროცესზე, მიხეილის ადვოკატმაც დააყენა შუამდგომლობა მოწმის სახით ძმები, თორნიკე და ბექა ბერაძეების დაკითხვის შესახებ, იმ მოტივით, რომ ისინი ერთად იმყოფებოდნენ დაკავების დროს და სასამართლოსთვის მნიშვნელოვანი ფაქტების დადასტურება/გაზიარება შეეძლოთ. ოქმის შემდგენი ორგანოს წარმომადგენელი არ ყოფილა წინააღმდეგი, და შესაბამისად, მოსამართლემ აღნიშნული შუამდგომლობაც დააკმაყოფილა.

მიხეილი მოსამართლეს მოუყვა, რომ ის აქციაზე [დასამატებელია თარიღი] საღამოს 23:00 საათამდე იმყოფებოდა. შემდგომ ის მეგობრის ძმის სახლში გასათბობად/დასასვენებლად წავიდა. დაახლოებით სამი საათის შემდეგ, კი მეგობრებთან (ძმები თორნიკე და ბექა ბერაძეები) ერთად აქციაზე დაბრუნება გადაწყვიტა. რუსთაველის გამზირისკენ მიმავალ გზაზე მიხეილი, თორნიკე და ბექა სპეცრაზმელებმა დააკავეს. მიხეილმა სასამართლო პროცესზე მოყვა, თუ როგორ გაუსწორდნენ მას ფიზიკურად, წაართვეს პირადი ნივთები, მათ შორის ტელეფონი და ნაცემ მდგომარეობაში გადასცეს პოლიციას. მიხეილმა აღნიშნა, რომ ის არ იგინებოდა და რომ მშვიდად აპირებდნენ ის და მისი მეგობრები აქციაზე მისვლას, მას არც დაკავების პროცესში არ გაუწევია სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობა.

მნიშვნელოვანია პატრულ-ინსპექტორ ლაშა სახოკიას განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ სამართალდამცავების მხრიდან, აქციის მონაწილეთა მიმართ დაშლის მოწოდება გაჟღერდა საღამოს 24:00 საათიდან 01:00 საათამდე პერიოდში. მიხეილის ადვოკატმა განმარტა, რომ დროის ამ მონაკვეთში მისი დაცვის ქვეშ მყოფი არ იმყოფებოდა აქციაზე, შესაბამისად მას არ ჰქონდა ინფორმაცია სამართალდამცავების მოთხოვნის შესახებ. მოსამართლემ თავად მიხეილს და ასევე ძმებ ბერაძეებს არაერთხელ ჰკითხა, იცოდნენ თუ არა მათ, როდესაც აქციაზე ბრუნდებოდნენ, რომ აქციის დაშლა დაწყებული იყო. როგორც მოწმეების, ასევე თავად მიხეილის პასუხი იყო, რომ მათ ეს ინფორმაცია არ ჰქონიათ.

საინტერესოა ასევე პატრულ-ინსპექტორ ლაშა სახოკიას განმარტება, რომ მიხეილი პირველი სკოლის სიახლოვეს დააკავეს, მაშინ როდესაც თავად მიხეილის და ძმები ბერაძეების განმარტებით, ისინი დააკავეს ინგოროყვასა და ძმები ზუბალაშვილების ქუჩის კვეთაზე.

პატრულ-ინსპექტორმა ასევე დაადასტურა ის ფაქტი, რომ როდესაც მიხეილი მასთან მიიყვანეს, მიხეილს ნამდვილად ჰქონდა გარკვეული სახის დაზიანებები და თავს ცუდად გრძნობდა, რის გამოც სასწრაფო გამოიძახეს და მიხეილი ხელწერილის საფუძველზე გაუშვეს.

საინტერესო იყო მეორე პატრულ-ინსპექტორის ზაზა რუაძის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ როდესაც აქციის მონაწილეთა მიმართ დაშლის მოწოდება გაისმა, 23:00 საათიდან 24:00 საათამდე პერიოდში (ამ ნაწილში პოლიციელების ჩვენებები და დროის მონაკვეთი, რომელსაც ისინი უთითებენ დაშლის მოწოდების დაწყების დროდ, ერთმანეთს არ ემთხვევა), მიხეილი მოწოდებას არ დაემორჩილა მაშინ, როცა დროის ამ მონაკვეთში ის საერთოდ არ იმყოფებოდა აქციაზე. კიდევ უფრო საინტერესო იყო პატრულ-ინსპექტორ ზაზა რუაძის განცხადება, რომ მან, სპეცრაზმის კორდონს უკან მყოფმა მოუწოდა მიხეილს დაშლისკენ და სწორედ ამას არ დაემორჩილა მიხეილი. პოლიციელი ამტკიცებდა, რომ ის სპეცრაზმის რამდენიმე რიგის უკან მდგომი იძახდა „დაიშალეთ“ და აქციის მონაწილეები არ ემორჩილებოდნენ.

აგრეთვე, მიხეილის თქმით, არცერთ პატრულ-ინსპექტორს არ ჰქონდა სამხრე კამერა ჩართული, მაშინ როდესაც აღნიშნული კამერების ჩანაწერი მნიშვნელოვანი მტკიცებულება იქნებოდა საქმისთვის და დაადასტურებდა ან უარყობდა მოწმეთა ჩვენებებს. ამდენად, პოლიციელების ჩვენებები ურთიერთსაწინააღმდეგო იყო.

სასამართლოს გადაწყვეტილება

  • მოსამართლე ლელა მილდენბერგერმა, ორივე მუხლთან მიმართებით (ადმიმნისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლები) დადგენილად ცნო მიხეილ ლორთქიფანიძეს მიერ სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი.

  • რაც შეეხება სახდელს, მოსამართლემ გამოიყენა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 22-ე მუხლით გათვალისწინებული შესაძლებლობა მცირემნიშვნელოვანი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას. მოსამართლემ დამრღვევი გაათავისუფლა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან და დასჯერდა სიტყვიერ შენიშვნას.

ანუ მოსამართლემ ჩათვალა, რომ ადგილი ჰქონდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, თუმცა, იმის გამო, რომ ეს სამართალდარღვევა იყო მცირე მნიშვნელობის, პირი ჯარიმის გადახდისა ან ადმინისტრაციული პატიმრობისგან გაათავისუფლა და მხოლოდ სიტყვიერი შენიშვნა გამოუცხადა.

პროცესის მიმდინარეობის შეფასება

  • მიხეილმა სასამართლოს განუცხადა, რომ დაკავების დროს მას ფიზიკურად გაუსწორდნენ. მიუხედავად იმისა, რომ განსახილველი საქმე არ შეეხებოდა მიხეილის დაკავების კანონიერებას და ფიზიკური დაზიანებების მიყენების საკითხს, მოსამართლემ არაერთხელ დააფიქსირა ზოგადი პოზიცია, რომ ეს ყველასთვის ძალიან მტკივნეული საკითხი იყო. თუმცა სხდომაზე მხოლოდ წვრილმანი ხულიგნობის და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას რამდენად ჰქონდა ადგილი, ეს საკითხი განიხილებოდა.

  • მშვიდ ვითარებაში მოხდა საქმის განხილვა. პროცესის მიმდინარეობისას იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ მოწმე პატრულ-ინსპექტორების ურთიერთშეუთანხმებელი ჩვენებების და პირდაპირი მტკიცებულებების არარსებობის გამო შეწყდებოდა საქმისწარმოება.

---
სტატია მომზადდა საქართველოს სასამართლოს გუშაგის მიერ USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა მხარდაჭერით. პროგრამას ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI), ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით.
სტატიის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია საქართველოს სასამართლოს გუშაგი და მასში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა, არ ასახავდეს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს შეხედულებებს.