თბილისის საქალაქო სასამართლოში მიგრაციის საქმეებზე მოსამართლეთა ახალი ვიწრო სპეციალიზაცია შეიქმნა

12.01.2024

2024 წლის 11 იანვარს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლეთა ახალი ვიწრო სპეციალიზაცია შეიქმნა, რომელიც იმუშავებს მიგრაციასთან დაკავშირებულ დავებზე (თავშესაფრის მაძიებელთა, გაძევებასთან დაკავშირებული დავები და სხვა.).

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ აღნიშნულ სხდომაზე ორი პროექტი განიხილა:

  • თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეთა ვიწრო სპეციალიზაციის განსაზღვრის შესახებ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 11 აგვისტოს N9 და თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა ვიწრო სპეციალიზაციის განსაზღვრის შესახებ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 11 აგვისტოს N10  დადგენილებებში ცვლილებების შეტანის შესახებ.

ცვლილებებზე ისაუბრეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარემ, ბადრი შონიამ და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარემ, დიმიტრი გვრიტიშვილმა. 

როგორც თბილისის საქალაქოში, ასევე თბილისის სააპელაციო სასამართლოში, შექმნილია ვიწრო სპეციალიზაციები, მათ შორის ადმინისტრაციულ საქმეთა კატეგორიაში, რომელშიც საბჭომ შეიტანა ცვლილებები. 

  • ცვლილებები ადმინისტრაციულ საქმეთა ვიწრო სპეციალიზაციების კატეგორიებში

    „ბ“ კატეგორიიდან „ა“ კატეგორიაში გადაინაცვლა შრომითმა დავებმა, ხოლო „ა“ კატეგორიიდან „ბ“ კატეგორიაში გადმოიტანეს ოჯახურ ძალადობასთან და ქალთა მიმართ ძალადობასთან დაკავშირებული პრევენციის და რეაგირების საქმეები, ასევე, ელექტრონული ზედამხედველობის გამოყენებასთან დაკავშირებული საქმეები. ეს ცვლილება შეეხო როგორც თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, ასევე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.

    აღნიშნული ცვლილების ძირითად არგუმენტად დასახელდა ის, რომ „ა“ კატეგორიის მოსამართლეები, ზოგადად იხილავენ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის კანონიერების შესახებ დავებს და შრომითი დავების გადაწყვეტის დროს, არსებითია განისაზღვროს ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის კანონიერება. აქედან გამომდინარე, დიმიტრი გვრიტიშვილის განმარტებით შრომითი დავები უნდა გადმოვიდეს „ბ“ კატეგორიიდან „ა“ კატეგორიაში (კატეგორიებთან დაკავშირებით ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ დადგენილებებში: N9 და N10).

    დიმიტრი გვრიტიშვილმა დამატებით განმარტა, რომ როდესაც ბადრი შონიასთან ერთად თბილისის საქალაქოს და სააპელაციო სასამართლოს სტატისტიკას გაეცნო, დარწმუნდა, რომ ეს ცვლილება „ა“ კატეგორიისთვის დიდი დატვირთვა არ იქნება. თუმცა ამ მცირედი ცვლილების საკომპენსაციოდ საჭიროდ მიიჩნია „ა“ კატეგორიიდან  „ბ“ კატეგორიაში ოჯახურ ძალადობასთან და ქალთა მიმართ ძალადობასთან დაკავშირებული პრევენციის და რეაგირების საქმეების გადასვლა. ასევე, ვინაიდან არსობრივად მითითებულ დავებთანაა დაკავშირებული ელექტრონული ზედამხედველობის გამოყენებასთან დაკავშირებული სამართალწარმოებაც, ცვლილება ამ საქმეების „ბ“ კატეგორიაში გადანაცვლებასაც ითვალისწინებს.

  • ახალი ვიწრო სპეციალიზაცია ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში

    დიმიტრი გვრიტიშვილმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს შესთავაზა მხოლოდ თბილისის საქალაქო სასამართლოში, ერთგვარ პილოტურ რეჟიმში, ახალი ვიწრო სპეციალიზაციის შექმნა. მისი განმარტებით, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის რეკომენდაციაა, რომ მიგრაციასთან (თავშესაფრის თუ გაძევების შესახებ დავები და ა.შ.) დაკავშირებული დავები მიზანშეწონილია მოსამართლეთა სპეციალიზებულმა ჯგუფმა განიხილოს, რათა ამ დავების განხილვის ეფექტიანობა გაიზარდოს. მისი თქმით, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესმა კომისარიატმა მოსამართლეების არაერთი ვიზიტი დაგეგმა და განახორციელა საზღვარგარეთ, მათთვის გამოცდილების გაზიარების მიზნით. შესაბამისად, თუ თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ სახით ვიწრო სპეციალიზაციის ამოქმედება და ეს კარგად აისახება საქმეთა ეფექტიანად განხილვაზე, შემდეგ ანალოგიური მოდელი შესაძლოა დაინერგოს სააპელაციო სასამართლოში. გარდა ამისა, ახალი ვიწრო სპეციალიზაციის შექმნის არგუმენტად დაასახელა „ბ“ კატეგორიის დატვირთულობის შემცირების საჭიროებაც.

აქედან გამომდინარე, როგორც თბილისის საქალაქო, ისე სააპელაციო სასამართლოში „ბ“ კატეგორიიდან „ა“ კატეგორიაში გადაინაცვლა შრომითმა დავებმა, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოში, საპილოტე რეჟიმში შეიქმნა ახალი ვიწრო სპეციალიზაცია, რომელშიც მოსამართლეები განიხილავენ დავებს, რომლებიც შეეხება ბინადრობის ნებართვის გაცემას, მოქალაქეობის შეწყვეტას და მინიჭებას, მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის მინიჭებას, საქართველოს ვიზის გაცემას, თავშესაფარს, ასევე, საქართველოდან უცხოეთის მოქალაქის გაძევებას. პროექტის თანახმად ეს დავები დაექვემდებარება მოსამართლეთა ახალ შემადგენლობას, რომელსაც გვრიტიშვილის თქმით, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, განსაზღვრავს თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე.

საბჭოს მოსამართლე წევრის, ბადრი შონიას განმარტებით, სტატისტიკაზე დაყრდნობით, კატეგორიებს შორის არის ძალიან დიდი დისბალანსი. კერძოდ, „ა“ კატეგორიაში ორჯერ მეტი საქმე შემოდის, ვიდრე სხვა კატეგორიაში, ამიტომ მიზანშეწონილად მიიჩნევს „ა“ კატეგორიიდან დავების ნაწილის ახალ კატეგორიაში და ასევე „ბ“-ში გადატანას.

ბადრი შონიამ აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე მოსამართლეთა რაოდენობას იუსტიციის უმაღლესი საბჭო ვერ გაზრდის, თუმცა, საქმეთა განხილვასთან მიმართებით უფრო ეფექტიანი შეიძლება იყოს ამგვარი გადანაცვლება და ახალი სპეციალიზაციის შექმნა.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ერთხმად (დამსწრე 13 წევრი) დაუჭირა მხარი აღნიშნულ ცვლილებებს. 

„საქართველოს სასამართლოს გუშაგმა“ მასალა მოამზადა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომის მონიტორინგის საფუძველზე, თუმცა ვინაიდან ცვლილებების პროექტი ხელმისაწვდომი არ არის, მოკლებული ვართ შესაძლებლობას, უფრო დეტალურად ვიმსჯელოთ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებაზე.

-----
courtwatch.ge-ს მიერ გავრცელებული და ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალები წარმოადგენს „საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ საკუთრებას, მათი გამოყენებისას უნდა მიეთითოს „საქართველოს სასამართლოს გუშაგი“, როგორც წყარო.