„ბავშვიანია, გაატარეთ!“
„ბოლო თქვენ ხართ?“
„რიგი დაიცავით, თუ შეიძლება...“
სრული დაბნეულობა, ქაოსი, ხმაური და გაურკვევლობა. ეს ის შთაბეჭდილებებია, რაც თბილისის საქალაქო სასამართლო სხდომის დარბაზთან „რიგში“ მდგომ მხარეებს აღწერს. ასე ხშირად ხდება, მიზეზი კი ისაა, რომ ერთი მოსამართლე რამდენიმე სხდომას ერთ დარბაზში, ერთსა და იმავე დროს ნიშნავს.
– „ჩემი საქმე განიხილება 12:00 საათზე, ბატონო“.
– „არა, ჩემი სხდომაა ჩანიშნული 12:00 საათზე!“.
– „რაღაც გეშლებათ, 12:00 საათზე ჩემი საქმე უნდა განიხილოს მოსამართლემ“, – ამბობს მესამე, დანარჩენები კი ხმასაც აღარ იღებენ იმაზე, რომ მათი პროცესიც იმავე დროს უნდა დაიწყოს, ან ერიდებათ, ან ჯერ ვერ გაუგიათ, რა ხდება.
განრიგში გადასამოწმებლად ჩავიხედე და ნამდვილად რამდენიმე სხდომაა დანიშნული ერთ მოსამართლესთან, ერთსა და იმავე დროს. შესაბამისად, ეს არეულობა და ხმაური საერთოდაც აღარ არის გასაკვირი.
განვიხილოთ განრიგიდან რამდენიმე ასეთი სხდომის მაგალითი:
ერთია, როცა შემოსული საქმეები ეწერებათ მორიგე მოსამართლეებს და მეორეა, როცა თვითონ ერთდროულად ნიშნავენ რამდენიმე სხდომას, თანაც დიდი ხნით ადრე. ნებისმიერ შემთხვევაში, მხარისთვის ეს უკანასკნელი დიდ პრობლემას წარმოადგენს, ვინაიდან მათ არ იციან, რამდენ ხანს მოუწევთ ლოდინი ან რიგით მერამდენე იქნება მათი საქმე და ის დაძაბულობა, რაც ისედაც ახლავს სასამართლოს შენობაში მხარედ ყოფნას, მით უმეტეს, როდესაც საქმე ეხება მოქალაქეებს (და არა ადვოკატებს ან პროკურორებს).
სხდომის დარბაზში ორი სხვადასხვა საქმის მხარე შემოვიდა. ორივე მიიჩნევდა, რომ მათი საქმის განხილვა უნდა დაწყებულიყო. სხდომის მდივანმა პირველ საქმედ ერთ-ერთი მათგანი აირჩია და ასე გადაწყდა, ვისი საქმე განიხილებოდა. მეორე საქმის მხარეები კი იცდიდნენ, ჯერ მოთმინებით, შემდეგ მოთმინებადაკარგულები, ბოლოს კი – გაბრაზებულები, მაგრამ მაინც ჩუმად იცდიდნენ.
ეს პრობლემა მხოლოდ ერთჯერადი რომ არ არის, დარწმუნებით შემიძლია, ვთქვა, წარსულის გამოცდილებიდან, როცა თბილისის საქალაქო სასამართლოს დერეფნებში ვატარებდი დღის უმეტეს ნაწილს.
დამატებით რა პრობლემები შეიძლება, შეიქმნას სხდომების ერთსა და იმავე დროს დანიშვნით, ვარაუდი მარტივია. პრობლემას ჯაჭვური ხასიათი აქვს, თუ არ გაგიმართლა და პირველი არ განიხილეს შენი საქმე, შენი გეგმა, გაწერილი საათებითა და დათვლილი წუთებით, რადიკალურად შეიძლება შეიცვალოს.
ადვოკატებს ან პროკურორებს მხოლოდ ერთი საქმე როდი აქვთ დღის განმავლობაში და როდესაც ასეთი შემთხვევის „მსხვერპლნი“ ხდებიან, ეს ავტომატურად ნიშნავს, რომ იმ დღეს სხვა საქმეზე მუშაობა დაგვიანებით მოუწევთ, დაგვიანება კი, თავის მხრივ, აისახება სასამართლოზე, მოსამართლეზე, სხვა მხარეებზე და, ზოგადად, საქმეთა გაჭიანურებაზეც კი.
– თქვენც მხარე ხართ? ახლა რატომ შედიხართ პროცესზე? ჩემი ჯერი როდის იქნება? –მეკითხება დაბნეული, ლოდინით დაღლილი შუახნის კაცი.
– არა, მხარე არ ვარ. უბრალოდ, ვესწრები პროცესს, – ვპასუხობ. მაკვირდება კიდევ უფრო დაბნეული.
– თუ საქმე არ გაქვს, აქ რას აკეთებ? – მეკითხება ახლა უკვე დაეჭვებული; ფიქრობს, რომ ვატყუებ და უბრალოდ რიგში მინდა წინ ჩავუხტე.
სხდომის მდივანმა შემდეგი საქმე გამოაცხადა; კიდევ კარგი შუახნის კაცის ჯერი დადგა; მე ნამდვილად არ დამიჯერებდა.
უნდა ვთქვა ისიც, რომ ერთ დროს დანიშნული სხდომები, როგორც წესი, დიდხანს ნამდვილად არ გრძელდება, თუმცა არის გამონაკლისი შემთხვევებიც და ასეც რომ არ იყოს, დერეფნებში მხარეთა შორის გაურკვევლობას და ქაოსს ნებისმიერ შემთხვევაში იწვევს ეს ფაქტი, რადგან უცნობია, რომელი საქმის განხილვა იქნება რიგით პირველი და რომელი მეხუთე; მაშინ, როცა ყველა საქმე იმ კონკრეტულ დროს უნდა დაიწყოს.
რამდენიმე შემთხვევით შერჩეულ პროცესზე დაკვირვების შემდეგ სახლში ვბრუნდები, სანამ საზოგადოებრივი ტრანსპორტით ეს მოხერხდება, ფიქრისთვის დიდი დრო მაქვს – ისევ საცობებია, ასე რომ, ვცდილობ, მთელი ეს დრო გავერკვიო, რა არის მიზეზი? ხომ შეიძლება, 15-წუთიანი სხვაობები მაინც იყოს სხდომებს შორის; რატომ ნიშნავენ რამდენიმე სხდომას ზუსტად ერთსა და იმავე დროს. მესმის, რომ შეიძლება, წინასწარ ზუსტად ვერ გაითვალოს, რა დრო დასჭირდება საქმის განხილვას ან, თუნდაც, განაჩენის გამოცხადებას, მაგრამ ხომ თავისთავად ცხადია, რომ რამდენიმე საქმის განხილვის ან განაჩენის გამოცხადების დაწყება ვერ მოესწრება ერთდროულად. და მაინც, რატომ ნიშნავენ რამდენიმე სხდომას ერთსა და იმავე დროს, ერთსა და იმავე დარბაზში ერთი და იგივე მოსამართლეები?
ავტობუსში სუნთქვაც შეუძლებელი ხდება; ყველა ცდილობს ამოსვლას და ყველა მხრიდან ისმის: „ბავშვიანია, გაატარეთ!“ „ურიგოდ ნუ მიდიხართ!“ „რიგი დაიცავით, თუ შეიძლება!..“
---
ფოტო: freepik.com
courtwatch.ge-ს მიერ გავრცელებული და ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალები წარმოადგენს „საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ საკუთრებას, მათი გამოყენებისას უნდა მიეთითოს „საქართველოს სასამართლოს გუშაგი“, როგორც წყარო.