საქართველოს სასამართლოს გუშაგმა ქუთაისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების შესახებ ანგარიშის პრეზენტაცია გამართა

21.01.2023

ქუთაისში 21 იანვარს საქართველოს სასამართლოს გუშაგის დირექტორმა, ნაზი ჯანეზაშვილმა ქუთაისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების ანგარიშის პრეზენტაცია გამართა. ანგარიში მოიცავს იმ საკითხებს, რომლებიც გავლენას ახდენს ადგილზე სასამართლოების ეფექტიანობასა და მოსამართლის ინდივიდუალურ დამოუკიდებლობაზე.

სასამართლოს გუშაგის ანგარიში რამდენიმე მნიშვნელოვან პრობლემას ეხება. ესენია: 

  • მოსამართლეთა არასაკმარისი რაოდენობა; 
  • მოსამართლეთა მივლინების მექანიზმის არამიზნობრივად გამოყენება; 
  • მოსამართლეთა დაწინაურება შესაბამისი შეფასების გარეშე; 
  • მოსამართლეების მუშაობა სხვა სპეციალიზაციით;
  • მაგისტრატი მოსამართლეების დატვირთულობა; 
  • გაჭიანურებული და სამოქალაქო საპროცესო ვადების დარღვევით განხილული საქმეები; 
  • ქუთაისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის მიერ ორგანული კანონით დაკისრებულ ვალდებულების შეუსრულებლობა; 
  • ერთი და იმავე კატეგორიის მოხელეებისთვის დაწესებული განსხვავებული ფუნქციები და თანამდებობრივი სარგო; 
  • ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მხრიდან საზოგადოებასთან კომუნიკაციისა და გამჭვირვალობის დაბალი სტანდარტი.

ანგარიშზე მუშაობისას გამოიკვეთა, რომ ქუთაისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეთა არასაკმარისი რაოდენობაა, რაც გავლენას ახდენს საქმეთა გაჭიანურებაზე. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში 15 მოქმედი მოსამართლე და 7 ვაკანტური ადგილია, ხოლო ქუთაისის საქალაქო სასამართლოში არის 9 მოსამართლე (მათ შორის არის 3 მაგისტრატი მოსამართლე - ტყიბულის, წყალტუბოს და ბაღდათის მუნიციპალიტეტებში), ხოლო 4 ადგილი ვაკანტურია.

კითხვებს აჩენს მოსამართლეების დანიშვნის პრაქტიკა. როგორც ირკვევა, მოსამართლეები თავდაპირველად ინიშნებოდნენ ადმინისტრაციულ ან სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია/პალატაში და, დაახლოებით, ერთი თვის ვადაში ხდებოდა მათი გადაყვანა იმ კოლეგიაში/პალატაში, სადაც შემდეგ, ხანგრძლივი პერიოდით ახორციელებენ უფლებამოსილებებს. ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლეთა დანიშვნის დროს იყო შემთხვევები, როდესაც მოსამართლეობის რამდენიმე კანდიდატს ჯერ უარი განუცხადეს, ხოლო, შემდეგ მაინც გაამწესეს თანამდებობაზე ამავე სასამართლოში. გაუგებარია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოტივაცია მოსამართლის დანიშვნაზე ჯერ უარის, შემდგომ კი დანიშვნის შესახებ.

პრობლემას წარმოადგენს მოსამართლეთა მივლინება. ნაცვლად იმისა, რომ მოსამართლის ერთი სასამართლოდან მეორეში მივლინების მიზეზი სასამართლოს გადატვირთულობის პრობლემის აღმოფხვრა ყოფილიყო, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მაგალითზე იკვეთება საწინააღმდეგო პრაქტიკა. მოსამართლეების მივლინება არ ხდებოდა ამავე სასამართლოს ყველაზე დატვირთულ, სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში, სადაც ახალი კადრის დამატება აუცილებლობას წარმოადგენდა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მოსამართლეთა დაწინაურება არ განხორციელებულა მოსამართლის შეფასების საფუძველზე, რაც არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს იმ მოსამართლეებს, რომლებსაც შესაძლოა, ჰქონდეთ ზემდგომ ინსტანციაში დაწინაურების ინტერესი. 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში გამწესებულ მოსამართლეებს უწევთ სამივე - სისხლის სამართლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციულის საქმეების განხილვა, რაც მიუთითებს იმაზე, რომ მოსამართლეთა სპეციალიზაციამ ფაქტობრივად მნიშვნელობა დაკარგა. ამგვარი პრაქტიკა, პირველ რიგში უარყოფითად აისახება სასამართლო გადაწყვეტილებების ხარისხზე. გარდა ამისა, საგულისხმოა მაგისტრატი მოსამართლეების დატვირთულობა, ვინაიდან ისინი განიხილავენ, როგორც თავის დაქვემდებარებაში არსებულ საქმეებს, ასევე ქუთაისის საქალაქო სასამართლოში - სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის საქმეებსაც. რაც ზრდის საქმეების გაჭიანურების რისკებს. 

ქუთაისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებში არაერთი გაჭიანურებული და სამოქალაქო საპროცესო ვადების დარღვევით განხილული საქმეა, რაც მნიშვნელოვნად აზიანებს სამართლიანი სასამართლოს უფლების დაცვას და აზრს უკარგავს მართლმსაჯულების განხორციელებას. თუმცა ეს არ არის გასაკვირი მოსამართლეთა არასაკმარისი რაოდენობის პირობებში.

სასამართლო ადმინისტრირების სისტემა ცენტრალიზებულია და სასამართლოებს დამოუკიდებლად სასამართლო სტრუქტურის განსაზღვრა ან სასამართლო აპარატის მოხელეთა რაოდენობის დადგენა არ შეუძლიათ, თუმცა შეუძლიათ, იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან კოორდინაციით, იზრუნონ იმ პრობლემების გადაჭრაზე, რომლებიც სასამართლოს მოხელეებსა თუ სხვა საკითხებს უკავშირდება.

როგორც ირკვევა, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე ორგანული კანონით დაკისრებულ ვალდებულებას არ ასრულებს, რომელიც გულისხმობს საქმეთა ნაკადის მართვის (მათ შორის, საქმეთა შემოსვლისა და დასრულების მაჩვენებლები, საქმისწარმოების ვადები, სხდომების გადადება და საქმისწარმოების შეფერხების მიზეზები) შესახებ ინფორმაციის  დამუშავებას და ამ ინფორმაციას წელიწადში ერთხელ მაინც მოსამართლეებისა და საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსადმი წარდგენას. 

სასამართლოების ერთი და იმავე კატეგორიის მოხელეებს განსხვავებული ფუნქციები და თანამდებობრივი სარგო აქვთ. განსაკუთრებით აღსანიშნავია მოსამართლის თანაშემწეები, სხდომის მდივნები და სასამართლოს მენეჯერები. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მენეჯერს, სასამართლოს აპარატის სხვა მოხელეებთან შედარებით, ყველაზე მეტი ფუნქცია აქვს - ჯამში 41. თუმცა მისი ანაზღაურება ბევრად დაბალია, ვიდრე თბილისის საქალაქო ან ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მენეჯერის. 

საქართველოს სასამართლოს გუშაგმა ასევე შეისწავლა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ვებგვერდზე 2013-2022 წლებში განთავსებული ინფორმაცია. აღმოჩნდა, რომ 10 წლის განმავლობაში სასამართლომ ჯამში 87 სიახლე გამოაქვეყნა, აქედან 2021 წელს - ერთი სიახლე, ხოლო 2022 წელს - 5. რაც სასამართლოს მხრიდან საზოგადოებასთან კომუნიკაციისა და გამჭვირვალობის დაბალ სტანდარტზე მიუთითებს.

საქართველოს სასამართლოს გუშაგის ანგარიში მოიცავს რეკომენდაციებს, რომლებიც  მიემართება საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, იუსტიციის უმაღლესი სკოლას,  ქუთაისის საქალაქო სასამართლოს და საქართველოს პარლამენტს. 

ანგარიშის პრეზენტაციაზე ერთ-ერთი მომხსენებელი საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალის თავმჯდომარე, ზაალ გორგიძე, იყო, რომელმაც სასამართლო პროცესების მონიტორინგის ანგარიშზე ისაუბრა და სისხლისა და სამოქალაქო სამართლის კუთხით მართლმსაჯულების სისტემაში არსებული პრობლემები მიმოიხილა.

ანგარიში გამოიცა ევროპის ფონდის დაფინანსებით, დანიის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს გრანტის ფარგლებში. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. ანგარიში არ გამოხატავს ევროპის ფონდის და დანიის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.