სასამართლოს გუშაგთა ქსელის მორიგი შეხვედრები რუსთავსა და ქუთაისში გაიმართა

16.09.2022

2022 წლის 14 და 16 სექტემბერს, „საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ ინიციატივით სასამართლოს გუშაგების ქსელის მორიგი შეხვედრები რუსთავსა და ქუთაისში  გაიმართა. 

შეხვედრას სასამართლო თემით დაინტერესებული აქტიური მოქალაქეები ესწრებოდნენ, რომლებმაც პროექტში ჩართვის ინტერესი გამოხატეს. შეხვედრას უძღვებოდა საქართველოს სასამართლოს გუშაგის სამართლებრივი ექსპერტი, ანა შალამბერიძე. 

როგორც საქართველოს სასამართლოს გუშაგის სამართლებრივმა ექსპერტმა, ანა შალამბერიძემ, აღნიშნა, რუსთავში შეხვედრის ნაწილი დაეთმო სასამართლოში არსებული პრობლემების განხილვასა და ადვოკატირების კამპანიაზე მუშაობას, შესაბამისი ნაბიჯებისა და აქტივობების დაგეგვმას. ქსელის წევრებს, ასევე მიეწოდათ მათთვის საინტერესო საჯარო ინფორმაცია, რომელიც გამოთხოვილ იქნა რუსთავის საქალაქო სასამართლოდან. ქსელი აქტიურად გააგრძელებს იმ პრობლემების მოგვარებაზე მუშაობას, რომელიც ყველაზე მეტად პრიორიტეტული აღმოჩნდა აზრთა შეჯამების შემდეგ ქსელის წევრებისთვის. 


ქუთაისში შეხვედრის ძირითადი ნაწილი ქსელის წევრებისთვის ქუთაისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების მონიტორინგის ანგარიშის წარდგენას დაეთმო. ანგარიშის შემუშავების ეტაპზე, მათ შორის ყურადღება დაეთმო და გაანალიზდა ქსელის წევრების მიერ დასახელებული  სასამართლოში არსებული პრობლემები და გამოწვევები. შეხვედრაზე, ასევე განხილულ იქნა ადვოკატირების კამპანიის ფარგლებში ერთობლივად გადასადგმელი მომდევნო ნაბიჯები. 

სასამართლოს გუშაგების ქსელი პროექტის „აქტიური მოქალაქეების ჩართულობა უკეთესი სასამართლო სისტემისათვის” ფარგლებში შეიქმნა. პროექტი ხორციელდება ევროპის ფონდის დაფინანსებით, დანიის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს გრანტის ფარგლებში.  

პროექტის მიზანია, სასამართლოს დამოუკიდებლობის, მიუკერძოებლობისა და ეფექტიანობის გაუმჯობესება სამოქალაქო მონაწილეობით, მონიტორინგითა და ადვოკატირებით. შესაბამისად, „საქართველოს სასამართლოს გუშაგმა“ შექმნა აქტიური მოქალაქეების ქსელი ქუთაისსა და რუსთავში.