2024 წლის 24 იანვარს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად, საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების შერჩევის პროცედურა დაიწყო. მოსამართლის სამ ვაკანსიაზე განაცხადების მიღება, ელექტრონული ფორმით, 2024 წლის 25 იანვარს დაიწყო და 15 თებერვალს დასრულდა. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 22 თებერვლამდე უნდა მიიღოს გადაწყვეტილება კანდიდატთა რეგისტრაციის შესახებ, იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად აკმაყოფილებს პირი ფორმალურ მოთხოვნებს. შესაბამისად, მიმდინარე სამუშაო კვირის ბოლომდე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე უნდა გამოქვეყნდეს განმცხადებელთა სია, მათი ავტობიოგრაფიები, და რეგისტრაციის შესახებ ინფორმაცია.
უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა არჩევის პროცედურა რამდენიმე საფეხურს მოიცავს, ამდენად ვიზუალიზაციის სახით წარმოდგენილია ინფორმაცია ძირითადი ეტაპების შესახებ:
ორგანული კანონის თანახმად, უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატის შერჩევის პროცედურას იწყებს იუსტიციის უმაღლესი საბჭო, რომელიც შერჩევის პროცედურის დაწყებას აცხადებს საქართველოს ოფიციალური ბეჭდვითი ორგანოს და თავისი ოფიციალური ვებგვერდის მეშვეობით. იუსტიციის უმაღლესი საბჭო თავადვე ადგენს შერჩევის პროცედურაში მონაწილეობისათვის პირის მიერ წარსადგენი განცხადების ფორმას და თანდართული დოკუმენტების ნუსხას.
იუსტიციის უმაღლესი საბჭო განცხადებების მიღების ვადის ამოწურვიდან, 5 სამუშაო დღის ვადაში განიხილავს შერჩევის პროცედურაში მონაწილე პირთა განცხადებებსა და თანდართულ დოკუმენტებს, რის შემდეგადაც იღებს გადაწყვეტილებას პირის კანდიდატად რეგისტრაციის შესახებ, თუ იგი აკმაყოფილებს მოსამართლის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და სრულყოფილად აქვს წარდგენილი განცხადება და თანდართული დოკუმენტები. რეგისტრაციის პროცედურის დასრულებისთანავე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე ქვეყნდება განმცხადებელთა სია, ავტობიოგრაფიები და ინფორმაცია კანდიდატად მათი რეგისტრაციის შესახებ.
შემდგომი ეტაპი რეგისტრირებული პირების საჯარო მოსმენაა. კანდიდატები საჯარო მოსმენაზე ინდივიდუალურად წარდგებიან. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს უფლება აქვთ, კითხვა დაუსვან თითოეულ კანდიდატს. კანდიდატების საჯარო მოსმენა უნდა გაიმართოს ყველა კანდიდატის მიმართ თანასწორი მოპყრობის პრინციპის დაცვით. მოსმენის დასრულების შემდეგ საბჭოს თითოეული წევრი ქულათა სისტემით აფასებს თითოეული კანდიდატის კომპეტენციასა და კეთილსინდისიერებას.
კანდიდატთა შეფასებებისა და ამ შეფასებების დასაბუთებების გამოქვეყნების შემდეგ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო იღებს განკარგულებას, რომელშიც მიეთითება შემდგომ ეტაპზე გადასული კანდიდატების ვინაობა, აგრეთვე იმ კანდიდატების ვინაობა, რომლებიც შემდგომ ეტაპზე ვერ გადავიდნენ.
კანდიდატთა კომპეტენტურობისა და კეთილსინდისიერების შეფასების და საბჭოს განკარგულების მიღების შემდეგ კიდევ ერთი ეტაპი იწყება. ამ ეტაპზე, უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად კანდიდატის საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენის მიზნით, აღნიშნულ სიაში მყოფ კანდიდატებს საბჭოს ღია სხდომაზე კენჭი სათითაოდ ეყრებათ. კენჭისყრის წესი/რიგითობა ორგანული კანონით არის განსაზღვრული. უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად კანდიდატი საქართველოს პარლამენტს წარედგინება, თუ მას მხარს დაუჭერს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედი. საქართველოს პარლამენტს კანდიდატები ერთიანად, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით წარედგინება. ეს წარდგინება, ამ პუნქტით გათვალისწინებული კენჭისყრის შედეგები, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა მიერ კენჭისყრისას დაფიქსირებული გადაწყვეტილებები და ამ გადაწყვეტილებების დასაბუთებები საბჭოს ვებგვერდზე ქვეყნდება.
საბჭოს მიერ საქართველოს პარლამენტისათვის წარსადგენი კანდიდატები სიის განსაზღვრის შემდეგ, პროცესი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში, პარლამენტში გადაინაცვლებს. პირველ ეტაპზე პარლამენტი თითოეულ კანდიდატთან ატარებს საჯარო მოსმენას. საჯარო მოსმენის დასრულების შემდეგ კი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს ორგანული კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე, სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს პარლამენტი.
-----
courtwatch.ge-ს მიერ გავრცელებული და ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალები წარმოადგენს „საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ საკუთრებას, მათი გამოყენებისას უნდა მიეთითოს „საქართველოს სასამართლოს გუშაგი“, როგორც წყარო.