უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესი ევროკავშირის პირობების შესრულებამდე დაიწყო

24.01.2024
2024 წლის 24 იანვარს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად, საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების შერჩევის პროცედურა დაიწყო. მოსამართლის სამ ვაკანსიაზე განცხადებები ელექტრონული ფორმით მიიღება 2024 წლის 25 იანვრიდან 15 თებერვლის ჩათვლით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს შემადგენლობაში შედის 28 მოსამართლე, თუმცა ამჟამად უფლებამოსილებას 27 ახორციელებს: რომელთაგან 24 არჩეულია უვადოდ, ხოლო სამი - 10 წლის ვადით.
  • 2024 წლის ოქტომბერში 10-წლიანი უფლებამოსილების ვადა ეწურება უზენაესი სასამართლოს ორ მოსამართლეს, ნინო ბაქაქურსა და ზურაბ ძლიერიშვილს, ხოლო 2025 წელს – ეკატერინე გასიტაშვილს.
  • ამასთანავე, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ 2023 წლის დეკემბერში თანამდებობა დატოვა უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ, ალექსანდრე წულაძემ, რადგან ის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველ მოადგილედ დაინიშნა.

2023 წლის ბოლოს საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭა, თუმცა 2024 წელს ხელისუფლებამ  უნდა განახორციელოს მთელი რიგი რეფორმები მათ შორის მართლმსაჯულების ნაწილში. ევროკავშირის პირობების მიხედვით, საქართველომ უნდა გადადგას ნაბიჯები, რათა საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით, შეიქმნას საგანგებო სისტემა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებისა და სასამართლოების თავმჯდომარეების კეთილსინდისიერების შესამოწმებლად.

2023 წლის დეკემბერში საქართველოს მთავრობამ განსაზღვრა ღონისძიებები ევროკომისიის პირობების შესასრულებლად. დოკუმენტის თანახმად, 2024 წლის იანვარში უნდა შეიქმნას სამუშაო ფორმატი ყველა საპარლამენტო პოლიტიკური პარტიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით სასამართლო და პროკურატურის რეფორმის საკითხებზე. შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების განახლების ბოლო თარიღად დასახელებულია 2024 წლის 31 იანვარი, ხოლო საკანონმდებლო ცვლილებები, გეგმის თანახმად, პარლამენტმა 2024 წლის 7 მარტამდე უნდა მიიღოს.

ასეთ ვითარებაში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ კანდიდატების შესარჩევი პროცედურის დაწყება აჩენს კითხვებს, რადგან ნინო ბაქაქურისა და ზურაბ ძლიერიშვილის პოზიციებზე შერჩევის პროცედურა მათი უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე 9 თვით ადრე დაიწყო.

"საქართველოს სასამართლოს გუშაგი" იმედოვნებს, რომ საქართველოს პარლამენტი დროულად დაიწყებს მუშაობას და წარმართავს ინკლუზიურ პროცესს იმისათვის, რომ შეიქმნას საგანგებო მექანიზმი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებისა და სასამართლოების თავმჯდომარეების კეთილსინდისიერების შესამოწმებლად.

რა ეტაპებს გადის საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე არჩევამდე?

უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების შერჩევის წესს არეგულირებს „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი.

(I) შერჩევის პროცედურის დაწყება - ვაკანსიის გამოცხადება

უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ვაკანსიის წარმოშობამდე არაუგვიანეს 3 თვისა ან უზენაესი სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტიდან არაუგვიანეს 1 თვისა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო იწყებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატის შერჩევის პროცედურას.

(II) განცხადებების მიღება და განხილვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ვაკანსიაზე განცხადებები მიიღება შერჩევის პროცედურის დაწყებიდან 3 კვირის განმავლობაში.  საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო განცხადებების მიღების ვადის ამოწურვიდან 5 სამუშაო დღის ვადაში განიხილავს შერჩევის პროცედურაში მონაწილე პირთა განცხადებებსა და თანდართულ დოკუმენტებს. რეგისტრაციის პროცედურის დასრულებისთანავე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე ქვეყნდება განმცხადებელთა სია, ავტობიოგრაფიები და ინფორმაცია კანდიდატად მათი რეგისტრაციის შესახებ. 
შერჩევის პროცედურაში მონაწილე პირს უფლება აქვს, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება გამოქვეყნებიდან 2 სამუშაო დღის ვადაში გაასაჩივროს უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატაში, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს 2 სამუშაო დღის ვადაში.

(III) საჯარო მოსმენა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში

შემდგომ ეტაპზე, საჩივრის განხილვის ვადის გასვლიდან არაუადრეს 10 და არაუგვიანეს 20 სამუშაო დღისა, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო იწყებს კანდიდატებად რეგისტრირებული პირების საჯარო მოსმენას. კანდიდატების მოსმენის დაწყებამდე არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თითოეულ წევრს შესასწავლად გადაეცემა კანდიდატების შესახებ ინფორმაცია.
კანდიდატები საჯარო მოსმენაზე ინდივიდუალურად წარდგებიან. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს უფლება აქვთ, კითხვა დაუსვან თითოეულ კანდიდატს. კანდიდატების საჯარო მოსმენა უნდა გაიმართოს ყველა კანდიდატის მიმართ თანასწორი მოპყრობის პრინციპის დაცვით. კანდიდატების საჯარო მოსმენა იმართება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დადგენილი წესით.

(IV) კანდიდატების შეფასება

კანდიდატების საჯარო მოსმენის დასრულების შემდეგ, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უახლოეს სხდომამდე, საბჭოს წევრები კანდიდატების კეთილსინდისიერებასა და კომპეტენტურობას აფასებენ „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი კრიტერიუმებისა და ქულათა სისტემის მიხედვით. კანდიდატების მიერ დაგროვებული ქულების რაოდენობა, შეფასებები და მათი დასაბუთებები, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა ვინაობის მითითებით, ქვეყნდება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე.

(V) კენჭისყრა

შემდგომ ეტაპზე გადასულ კანდიდატთა სიისა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განკარგულების გამოქვეყნების შემდეგ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად კანდიდატის საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენის მიზნით, აღნიშნულ სიაში მყოფ კანდიდატებს საბჭოს ღია სხდომაზე კენჭი სათითაოდ ეყრებათ. კენჭისყრისას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები კეთილსინდისიერებისა და კომპეტენტურობის კრიტერიუმებით ხელმძღვანელობენ. უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად კანდიდატი საქართველოს პარლამენტს წარედგინება, თუ მას მხარს უჭერს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედი.

(VI) საჯარო მოსმენა პარლამენტში

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი საჯარო სხდომაზე უსმენს თითოეულ კანდიდატს. კანდიდატების მოსმენა და კითხვა-პასუხი ტარდება სათითაოდ.

(VII) მოსამართლეების არჩევა

შემდგომ ეტაპზე, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის თითოეულ კანდიდატს ცალკე ეყრება კენჭი. კანდიდატი, რომელიც მოიპოვებს საქართველოს პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერას (76 ხმა), აირჩევა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ უვადოდ (65 წლის ასაკის მიღწევამდე).

2018 წლის დეკემბრამდე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს, საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევდა პარლამენტი, არანაკლებ 10 წლის ვადით. 2018 წლის შემდგომ კი საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს პარლამენტი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინების საფუძველზე ირჩევს.

ავტორი: ანა ჩიქოვანი