27.10.2022

საქართველოს სასამართლოს გუშაგი ეხმაურება ლევან მურუსიძის ინტერვიუს


2022 წლის 26 ოქტომბერს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა, ლევან მურუსიძემ მედიასთან ინტერვიუს დროს ისაუბრა საქართველოს „სასამართლოს გუშაგის“ საქმიანობაზე, რომელიც შეეხება მოქალაქეთა მიერ სასამართლო პროცესების მონიტორინგს. მან ინტერვიუს დროს ნეგატიურ კონტექსტში ახსენა „სასამართლოს გუშაგის“ სხვადასხვა პროფესიის მოხალისეების მიერ განხორციელებული სასამართლო პროცესების მონიტორინგი.

თავდაპირველად აღვნიშნავთ, რომ სასამართლო პროცესებზე მოქალაქეების დასწრების შესაძლებლობა გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით.

საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, სასამართლოში საქმე განიხილება ღია სხდომაზე. დახურულ სხდომაზე საქმის განხილვა დასაშვებია მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში. სასამართლოს გადაწყვეტილება ცხადდება საქვეყნოდ.


საქართველოს კონსტიტუციის 62-ე მუხლის მე-3 პუნქტი.


„სასამართლოს გუშაგი“ მიიჩნევს, რომ სასამართლო პროცესებზე დასწრების უფლება საზოგადოების ხელთ არსებული ძლიერი ბერკეტია სასამართლო ხელისუფლების საქმიანობაზე დაკვირვებისთვის. ღია სასამართლო პროცესს ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს, რადგან პროცესების საჯაროობა სასამართლო სისტემის მეტ გამჭვირვალობას უზრუნველყოფს და იცავს დემოკრატიული საზოგადოების ინტერესებს. სხვადასხვა პროფესიისა და გამოცდილების მქონე მოქალაქეებს, როგორც საზოგადოების წარმომადგენლებს, სასამართლო დარბაზში ყოფნით შეუძლიათ გაუწიონ ერთგვარი სოციალური კონტროლი მართლმსაჯულების განხორციელებას, ასევე, დეტალურად გაეცნონ სასამართლოების მუშაობას.

„საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ მოხალისეები აკვირდებიან სასამართლო პროცესებს 10-ზე მეტ სასამართლოში (რომლებსაც წინასწარ ვაცნობეთ), როგორც აღმოსავლეთ, ასევე დასავლეთ საქართველოში. მონიტორინგის პროცესში საზოგადოების ფართო ჩართულობა საშუალებას იძლევა, რომ დავინახოთ მოქალაქეების პერსპექტივა სასამართლო პროცესების შესახებ. შესაბამისად, ჩვენ გვჯერა, რომ მონიტორინგის შედეგები სასამართლო სისტემას დაეხმარება განვითარებაში, რადგან მართლმსაჯულებაში არსებული პრობლემების აღმოფხვრა ყოველთვის არ საჭიროებს საკანონმდებლო ცვლილებას ან ფინანსურ ინვესტიციას. ხშირად ეს მოითხოვს პრაქტიკის ცვლილებას, რაც მონიტორინგის შედეგების საფუძველზე შესაძლებელია, ბევრად ეფექტიანი აღმოჩნდეს. გარდა ამისა, მოქალაქეთა მიერ სასამართლოს მონიტორინგი გრძელვადიან პერსპექტივაში სასამართლოს დაეხმარება მის მიმართ საზოგადოების ნდობის მოპოვებაში. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში დამოუკიდებელი, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული სასამართლოს არსებობა თითოეული მოქალაქის ინტერესს შეესაბამება.

სასამართლო პროცესების სამოქალაქო მონიტორინგის მოდელი ეფუძნება ჩვენი პარტნიორი პოლონური ორგანიზაციის Polish Court Watch-ის გამოცდილებას.  

„სასამართლოს გუშაგი“ სთავაზობს ლევან მურუსიძეს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხვა წევრებს შეხვედრას, რათა დეტალურად გავაცნოთ სასამართლო პროცესების სამოქალაქო მონიტორინგის მეთოდოლოგია.

აქვე დავამატებთ, რომ 2022 წლის ნოემბრის დასაწყისში პოლონელი ექსპერტები გეგმავენ ვიზიტს საქართველოში, რომლებსაც სასამართლო პროცესების სამოქალაქო მონიტორინგის 10-წლიანი გამოცდილება აქვთ. ამ შემთხვევაშიც გამოვხატავთ მზადყოფნას, უზრუნველვყოთ მათი შეხვედრა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებთან, მათი მხრიდან ასეთი ინტერესის შემთხვევაში.

სასამართლო პროცესების სამოქალაქო მონიტორინგის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ იხილოთ საქართველოს სასამართლოს გუშაგის მონიტორინგის ანგარიში გორის რაიონული სასამართლოს შესახებ.