საქართველოს უზენაესი სასამართლო - ყველაფერი რაც უნდა იცოდეთ

29.02.2024
საქართველოს უზენაესი სასამართლო არის საქართველოს მთელ ტერიტორიაზე უმაღლესი და საბოლოო ინსტანციის საკასაციო სასამართლო, რომელიც საერთო სასამართლოებში მართლმსაჯულების განხორციელებას ზედამხედველობს.
საქართველოს უზენაესი სასამართლო არის საქართველოს მთელ ტერიტორიაზე უმაღლესი და საბოლოო ინსტანციის საკასაციო სასამართლო, რომელიც საერთო სასამართლოებში მართლმსაჯულების განხორციელებას ზედამხედველობს. უზენაესი სასამართლოს მინიმალური შემადგენლობა და მოსამართლეების არჩევასთან დაკავშირებული ძირითადი საკითხები განსაზღვრულია საქართველოს კონსტიტუციით (საქართველოს კონსტიტუციის 61-ე მუხლი).
უზენაესი სასამართლოს შემადგენლობაში არანაკლებ 28 მოსამართლეა. განსხვავებით რაიონული (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეებისგან, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ არ ინიშნებიან. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით, უვადოდ, სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს საქართველოს პარლამენტი. 

უზენაესი სასამართლოს სტრუქტურა

უზენაესი სასამართლოს სტრუქტურა შემდეგნაირია:
  • სამოქალაქო საქმეთა პალატა
  • ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
  • სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
  • დიდი პალატა
  • პლენუმი
  • სადისციპლინო პალატა
  • საკვალიფიკაციო პალატა

უზენაესი სასამართლოს პალატა

საკასაციო ინსტანციის სასამართლოს წარმოადგენენ სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის საქმეთა პალატები, რომლებიც დადგენილი წესით განიხილავენ საკასაციო საჩივრებს სააპელაციო სასამართლოების გადაწყვეტილებებზე, ასევე – მათ განსჯადობას მიკუთვნებულ სხვა საქმეებს. უზენაესი სასამართლოს პალატას ჰყავს თავმჯდომარე, რომელსაც ამ პალატის შემადგენლობიდან 5 წლის ვადით, ხოლო სადისციპლინო და საკვალიფიკაციო პალატების თავმჯდომარეებს ამ პალატების შემადგენლობიდან 3 წლის ვადით ირჩევს უზენაესი სასამართლოს პლენუმი.
უზენაესი სასამართლოს პალატების თავმჯდომარეები (გარდა სადისციპლინო და საკვალიფიკაციო პალატების თავმჯდომარეებისა) იმავდროულად უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეები არიან. მათგან პირველი მოადგილე უზენაესი სასამართლოს პლენუმის მიერ აირჩევა. 
უზენაესი სასამართლოს პალატა საქმეს 3 მოსამართლის შემადგენლობით განიხილავს. პალატას შეუძლია, მოტივირებული შუამდგომლობით საქმე განსახილველად გადასცეს უზენაესი სასამართლოს დიდ პალატას შემდეგ შემთხვევებში:
  1. თუ საქმე თავისი შინაარსით იშვიათ სამართლებრივ პრობლემას წარმოადგენს;
  2. თუ საკასაციო პალატა არ იზიარებს სხვა საკასაციო პალატის მიერ ადრე ჩამოყალიბებულ სამართლებრივ შეფასებას (ნორმის განმარტებას);
  3. თუ საკასაციო პალატა არ იზიარებს დიდი პალატის მიერ ადრე ჩამოყალიბებულ სამართლებრივ შეფასებას.

დიდი პალატა


უზენაესი სასამართლოს დიდი პალატა არის საკასაციო ინსტანციის სასამართლო, რომელიც განიხილავს განსაკუთრებით რთული კატეგორიის საქმეებს, ზემოთჩამოთვლილი რომელიმე საფუძველის არსებობისას. დიდი პალატის შემადგენლობაშია: უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, სხვა პალატების თავმჯდომარეები და პლენუმის მიერ, უზენაესი სასამართლოს პალატების შემადგენლობიდან, 2 წლის ვადით არჩეული არანაკლებ 12 მოსამართლე.
დიდი პალატა საქმეს 9 მოსამართლის შემადგენლობით განიხილავს. შემადგენლობაში აუცილებლად უნდა შედიოდნენ ის მოსამართლეები, რომელიც თავდაპირველად იხილავდნენ მოცემულ საქმეს, მიუხედავად იმისა, არიან თუ არა ისინი დიდი პალატის წევრები.
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ამავდროულად თავმჯდომარეობს საქმის განხილვას დიდი პალატაში. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ აღნიშნული უფლებამოსილება შეიძლება დააკისროს უზენაესი სასამართლოს ერთ-ერთი პალატის თავმჯდომარეს. 
უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის სამართლებრივი შეფასება ყველა ინსტანციის საერთო სასამართლოებისთვის სავალდებულოა.

პლენუმი

უზენაესი სასამართლოს პლენუმი შედგება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, მისი პირველი მოადგილისა და მოადგილეების, ასევე უზენაესი სასამართლოს წევრებისა და სააპელაციო სასამართლოების თავმჯდომარეებისგან.
უზენაესი სასამართლოს პლენუმის უფლებამოსილება საკმაოდ ფართოა, მის უფლებამოსილებაშუ, სხვა კომპეტენციებთან ერთად, შედის:
  • უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის შემადგენლობის არჩევა;
  • უზენაესი სასამართლოს პალატების შემადგენლობის და თავმჯდომარეების არჩევა;
  • საკონსტიტუციო სასამართლოს 3 წევრის დანიშვნა;
  • უზენაესი სასამართლოს კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ საკითხებზე საერთაშორისო ხელშეკრულების დადების თაობაზე საქართველოს პრეზიდენტის ან საქართველოს მთავრობისათვის რეკომენდაციის წარდგენა;
  • უზენაესი სასამართლოს ოფიციალური ბეჭდვითი ორგანოს, ასევე უზენაესი სასამართლოს სამეცნიერო საკონსულტაციო საბჭოს შექმნა;
  • საქართველოში მართლმსაჯულების მდგომარეობის შესახებ ყოველწლიური ანგარიშის მომზადება და გამოქვეყნება;
  • ასევე, კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საკითხები.

პლენუმი, სულ ცოტა, წელიწადში ერთხელ იწვევენ. პლენუმის სხდომის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე საკუთარი ინიციატივით ან პლენუმის წევრთა არანაკლებ ერთი მეხუთედის მოთხოვნით. საკითხის განსახილველად საჭირო კვორუმია პლენუმის წევრთა ორი მესამედი. გადაწყვეტილება მიიღება სხდომაზე დამსწრე წევრთა არანაკლებ ორი მესამედის მხარდაჭერით. 

სადისციპლინო პალატა

უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატა მოსამართლის მიმართ დისციპლინურ საკითხზე გადაწყვეტილების მიმღები უმაღლესი ორგანოა. ის განიხილავს საჩივრებს საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილებებზე, გარდა ამისა – საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის გადაწყვეტილებებზე.

სადისციპლინო პალატაში 3 წევრია, რომლებსაც 3 წლის ვადით ირჩევს უზენაესი სასამართლოს პლენუმი. თუკი პლენუმი ზედიზედ ორჯერ ვერ აირჩევს სადისციპლინო პალატის წევრის კანდიდატურას, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე უფლებამოსილია, სადისციპლინო პალატის წევრის არჩევამდე მისი მოვალეობის შემსრულებელი, არაუმეტეს 6 თვის ვადით, უზენაესი სასამართლოს წევრთაგან დანიშნოს. 

იმ შემთხვევაში თუ არსებობს საფუძველი, რომ სადისციპლინო პალატის რომელიმე წევრი საჩივრის განხილვისას არ იქნება მიუკერძოებელი და ამ საჩავრთან დაკავშირებით არსებობს კანონმდებლობით გათვალისწინებული აცილების საფუძველი. ეს წევრი შესაძლოა შესაბამისი საჩივრის განხილვის დროით ჩამოცილდეს საქმის განხილვას.

საქმის განხილვისგან სადისციპლინო პალატის წევრის ჩამოცილების უფლება აქვს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, რომელიც უზენაესი სასამართლოს წევრთაგან ნიშნავს სადისციპლინო პალატის წევრის მოვალეობის შემსრულებელს.

სადისციპლინო პალატის წევრი უზენაესი სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილებას სრულად ახორციელებს. 

საკვალიფიკაციო პალატა

უზენაეს სასამართლოში საკვალიფიკაციო პალატა 2014 წელს ჩამოყალიბდა, რომელიც თავდაპირველად განიხილავდა მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ განწესებაზე უარის თქმის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებაზე წარდგენილ საჩივრებს, 2017 წლიდან კი – საჩივრებს როგორც უვადოდ განწესებაზე, ისე 3 წლის გამოსაცდელი ვადით მოსამართლის თანამდებობაზე განწესებაზე უარის თქმის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებებზე. 
2023 წლის ივნისის საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატა განიხილავს საჩივრებს:
  • რაიონული (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე 3 წლის ვადით ან უვადოდ განწესების პროცესში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებულ სხვადასხვა განკარგულებაზე/გადაწყვეტილებაზე;
  • პარლამენტისთვის წარსადგენი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცესში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განკარგულებაზე/წარდგინებაზე;
  • მოსამართლის სხვა სასამართლოში მივლინების შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებებზე.
საკვალიფიკაციო პალატა შედგება 3 წევრისგან, რომლებსაც 3 წლის ვადით ირჩევს უზენაესი სასამართლოს პლენუმი. ორგანული კანონი აწესებს ინტერესთა კონფლიქტის გამომრიცხავ გარანტიებს და კრძალავს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოქმედი წევრის არჩევას უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატის წევრად.
აგრეთვე, საკვალიფიკაციო პალატის წევრი ვალდებულია, კონკრეტული საჩივრის განხილვის დროით ჩამოშორდეს საქმის განხილვას, თუ აღნიშნულ საჩივართან დაკავშირებით არსებობს საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული აცილების საფუძველი.
საკვალიფიკაციო და სადისციპლინო პალატების თავმჯდომარეებს ამ პალატების წევრთაგან 3 წლის ვადით ირჩევს უზენაესი სასამართლოს პლენუმი. 

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს უზენაესი სასამართლოს წევრთაგან ირჩევს საქართველოს პარლამენტი. არჩეულად ითვლება კანდიდატი, რომელსაც პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა დაუჭერს მხარს. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურას პარლამენტს წარუდგენს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.
კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთ მეხუთედს. წარდგენილად ის კანდიდატი ითვლება, რომელმაც კენჭისყრის შედეგად საბჭოს სრული შემადგენლობის ორი მესამედის მხარდაჭერა მოიპოვა.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადა 10 წელია. ორგანული კანონი კრძალავს თავმჯდომარედ ერთი და იმავე პირის ხელმეორედ არჩევას. ამდენად თანამდებობაზე ყოფნის ვადა ერთჯერადია. 

თავმჯდომარის უფლებამოსილებას წარმოადგენს:

  • უზენაესის სასამართლოს საქმიანობის ხელმძღვანელობა;
  • უზენაესი სასამართლოს დიდი პალატისა და პლენუმის, ხოლო საჭიროების შემთხვევაში უზენაესი სასამართლოს პალატების სხდომების თავმჯდომარეობა;
  • საქართველოში მართლმსაჯულების მდგომარეობის ზოგად საკითხებთან დაკავშირებით სასამართლო ხელისუფლების სახელით ურთიერთობა ხელისუფლების სხვა შტოებთან, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებსა და საზოგადოებასთან;
  • უზენაესი სასამართლოს აპარატის მუშაობის წარმართვა;
  • უზენაესი სასამართლოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობაზე დანიშვნა და თანამდებობიდან გათავისუფლება;
  • კანონით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებანი.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ უზენაესი სასამართლოს პლენუმის გადაწყვეტილებით შეიძლება განახორციელოს უზენაესი სასამართლოს პალატის (გარდა სადისციპლინო და საკვალიფიკაციო პალატისა) თავმჯდომარის უფლებამოსილება.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლის არჩევის წესი


უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ვაკანსიის წარმოშობამდე არაუგვიანეს 3 თვისა, ხოლო უზენაესი სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის შემთხვევაში, უფლებამოსილების შეწყვეტიდან არაუგვიანეს 1 თვისა, იუსტიციის უმაღლესი საბჭო აცხადებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატურების შერჩევის პროცესს, რისთვისაც განაცხადების მისაღებად განსაზღვრავს 3 კვირის ვადას.

ამ ვადის ამოწურვიდან 5 სამუშაო დღის ვადაში ამოწმებს მიღებული განაცხადების და კანონით განსაზღვრული თანდართული დოკუმენტების შესაბამისობას ორგანული კანონის მოთხოვნებთან.

საბჭო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებად არეგისტრირებს პირებს, რომელთა განაცხადები და თანდართული დოკუმენტები შეესაბამება კანონის მოთხოვნებს. რეგისტრაციის დასრულებისთანავე ამ პირთა სია, მათი ავტობიოგრაფიები და ინფორმაცია კანდიდატად რეგისტრაციის შესახებ ქვეყნდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე.

კანდიდატებს შეუძლიათ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება 2 სამუშაო დღის ვადაში გაასაჩივრონ უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატაში, რომელიც გადაწყვეტილებას 2 სამუშაო დღის ვადაში იღებს.

საჩივრის განხილვის ვადის ამოწურვიდან არაუადრეს 10 და არაუგვიანეს 20 სამუშაო დღისა იწყება კანდიდატების საჯარო მოსმენა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. საჯარო მოსმენის დასრულების შემდეგ, საბჭოს წევრები კანდიდატებს აფასებენ კეთილსინდისიერებისა და კომპეტენტურობის კრიტერიუმის მიხედვით. შეფასების შედეგები და მათი დასაბუთება, შემფასებელთა ვინაობის მითითებით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ოფიციალურ ვებ გვერდზე ქვეყნდება.

შემდეგ ეტაპზე გადასული კანდიდატების სიის და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განკარგულების გამოქვეყნების შემდეგ, კანდიდატებს პარლამენტისთვის წარდგენის მიზნით საბჭოს ღია სხდომაზე, კენჭი სათითაოდ ეყრებათ. პარლამენტს წარედგინება ის კანდიდატები, რომელთაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედი დაუჭერს მხარს.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში პარლამენტისთვის წარდგენილი კანდიდატების საჯარო მოსმენის შემდეგ, იმართება კენჭისყრა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე არჩეულად ითვლება ის კანდიდატი, რომელიც პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერას (76 ხმა) მოიპოვებს.