დღეს არსებული რეალობის გათვალისწინებით, სასამართლოს მიერ საზოგადოებასთან ურთიერთობა არათუ გაუმჯობესდა, არამედ პირიქით, სასამართლო უფრო მეტად დაშორდა მას - ერთ-ერთი მიზეზი ნინო ქადაგიძის პასიურობაა.
ნინო ქადაგიძე ორ უმაღლეს თანამდებობას იკავებს სასამართლო სისტემაში:
- 2020 წლის მარტიდან არის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე;
- იმავე წლის ოქტომბრიდან ამავდროულად არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეც.
აშკარაა, რომ უზენაესი სასამართლოს მოქმედი თავმჯდომარე საზოგადოებასთან პროაქტიული კომუნიკაციისგან თავს იკავებს, რადგან მას ამ მხრივ ქმედითი ნაბიჯები არ გადაუდგამს.
უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდებზე, ასევე, მედიაში ვერ იპოვით ინფორმაციას ნინო ქადაგიძის მიერ ჩატარებული თუნდაც ერთი პრესკონფერენციის შესახებ.
უნდა აღინიშნოს, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ვალდებულია, ჰქონდეს კომუნიკაცია მოქალაქეებთან და მედიასთან.
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე "საქართველოში მართლმსაჯულების მდგომარეობის ზოგად საკითხებთან დაკავშირებით მართლმსაჯულების განმახორციელებელი სასამართლო ხელისუფლების სახელით წარმართავს ურთიერთობას სახელმწიფო ხელისუფლების სხვა შტოებთან, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან და მოსახლეობასთან."
"საერთო სასამართლოების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლი.
მნიშვნელოვანია იმის გაცნობიერება, რომ სასამართლო სისტემის საჯაროობისა და ანგარიშვალდებულების მაღალი ხარისხი აყალიბებს აუცილებელ ელემენტს – სასამართლო ხელისუფლების მიმართ საზოგადოების ნდობას. სწორედ ამიტომ, ორგანული კანონი ავალდებულებს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, რომ სასამართლო ხელისუფლების სახელით ინფორმაცია მიაწოდოს მოქალაქეებს საქართველოში მართლმსაჯულების მდგომარეობასთან დაკავშირებით, მაგრამ ეს ვალდებულება არ სრულდება. ვინაიდან ნინო ქადაგიძე სასამართლო სისტემაში იკავებს ორ უმაღლეს თანამდებობას, შეიძლება ითქვას, რომ ეს აორმაგებს მის პასუხისმგებლობას საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულების თვალსაზრისით.
როდესაც ნინო ქადაგიძე უზენაესის სასამართლოს თავმჯდომარედ აირჩიეს, მან საქართველოს პარლამენტში ასეთი რამ
განაცხადა: „მოსამართლეები პოლიტიკოსებისგან განსხვავებით, საზოგადოებას ვერაფერს დავპირდებით, თუმცა ჩემი ძალიან დიდი სურვილია, რომ ისეთი მართლმსაჯულება შევქმნათ, რომელიც საზოგადოების მაღალ ნდობას დაიბრუნებს. ალბათ, თანამდებობაზე ჩემი საქმიანობის ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტი ეს იქნება." ნინო ქადაგიძის პასიურობის ფონზე ძნელი სათქმელია, მართლაც არის თუ არა საზოგადოების ნდობის მოპოვება მისი მთავარი პრიორიტეტი.
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის უმოქმედობის პარალელურუად, ბოლო პერიოდში საზოგადოებასთან კომუნიკაციის ინიციატივა ხელში აიღეს სხვა მოსამართლეებმა - ლევან მურუსიძემ და დიმიტრი გვრიტიშვილმა, რომლებიც მიმდინარე წლის ოქტომბერში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებად კიდევ ერთხელ აირჩიეს.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი, ლევან მურუსიძე მედიასთან საუბარში იუსტიციის საბჭოში დაბრუნების მიზეზებს
ასახელებს:
"მივიღე გადაწყვეტილება შევიდე იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, ჩემი გამოცდილება მოვახმარო სასამართლოს და ყველას გავცე პასუხი". ამასთან აღნიშნავს, რომ ის არის ავტორიტეტი და საბჭოს წევრობამდე, როგორც მოსამართლე შეზღუდული იყო დაეცვა სასამართლოს პოზიცია.
დიმიტრი გვრიტიშვილი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დაბრუნებასთან დაკავშირებით
მედიასთან მსგავს მიზეზებზე საუბრობს. მან აღნიშნა, რომ „უბრალო მოსამართლედ“ ყოფნის პერიოდში არ ჰქონდა შესაძლებლობა ეაქტიურა და ეპასუხა ბრალდებებზე. მისი თქმით, ჩვეულებრივ მოსამართლეს მსგავსი აქტივობა სამოსამართლო ეთიკიდან გამომდინარე შეზღუდული აქვს.
შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ლევან მურუსიძისა და დიმიტრი გვრიტიშვილის იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დაბრუნების ერთ-ერთი მიზეზი უზენაესი სასამართლოს მოქმედი თავმჯდომარეც იყოს, ვინაიდან ის აქტიურობით არ გამოირჩევა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე
საქართველოს უზენაესი სასამართლო წარმოადგენს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მართლმსაჯულების განხორციელების უმაღლეს და საბოლოო ინსტანციის საკასაციო სასამართლოს, რომელიც ზედამხედველობს მართლმსაჯულების განხორციელებას საქართველოს საერთო სასამართლოებში.
უზენაესი სასამართლოს შემადგენლობაში შედის არანაკლებ 28 მოსამართლე, რომლებსაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით უვადოდ, 65 წლის ასაკის მიღწევამდე, სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს საქართველოს პარლამენტი.
რაც შეეხება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, მას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით, 10 წლის ვადით, სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს პარლამენტი. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე აირჩევა უზენაესი სასამართლოს წევრთაგან. ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ ერთი და იმავე პირის ხელმეორედ არჩევა დაუშვებელია.
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილებები
- საერთო ხელმძღვანელობას უწევს უზენაესი სასამართლოს საქმიანობას;
- შეიძლება იყოს ერთ-ერთი პალატის თავმჯდომარე;
- უძღვება უზენაესი სასამართლოს პლენუმისა და დიდი პალატის სხდომებს;
- საჭიროების შემთხვევაში, თავმჯდომარეობს უზენაესი სასამართლოს პალატების სხდომებს;
- საქართველოში მართლმსაჯულების მდგომარეობის ზოგად საკითხებთან დაკავშირებით მართლმსაჯულების განმახორციელებელი სასამართლო ხელისუფლების სახელით წარმართავს ურთიერთობას სახელმწიფო ხელისუფლების სხვა შტოებთან, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებსა და მოსახლეობასთან;
- წარმართავს უზენაესი სასამართლოს აპარატის მუშაობას;
- იღებს გადაწყვეტილებებს უზენაესი სასამართლოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობებზე დანიშვნისა (სამსახურში მიღების) და გათავისუფლების (სამსახურიდან დათხოვნის) შესახებ;
- განსაზღვრავს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე მოსამართლეს, რომელიც გასცემს ბრძანებას „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ოპერატიულ-ტექნიკური ღონისძიებების ჩატარების თაობაზე;
- ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
იმ შემთხვევაში, თუ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე დროებით არ იმყოფება, მის უფლებამოსილებას ახორციელებს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ამ უკანასკნელის დროებით არყოფნის შემთხვევაში კი, მის უფლებამოსილებას ბრძანების საფუძველზე, ახორციელებს თავმჯდომარის ერთ-ერთი მოადგილე.
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეები საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ
- ნინო ქადაგიძე – 2020 წლის 17 მარტიდან არჩეულია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ 10 წლის ვადით;
- ნინო გვენეტაძე – 2015 წლის 20 მარტიდან იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, 2018 წლის 2 აგვისტოდან შეუწყდა უფლებამოსილება პირადი განცხადების საფუძველზე;
- კონსტანტინე კუბლაშვილი – 2005 წლის 23 თებერვლიდან 2015 წლამდე იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე;
- კონსტანტინე კემულარია – 2004-2005 წლებში იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე;
- ლადო ჭანტურია – 1999-2004 წლებში იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე;
- მინდია უგრეხელიძე – 1990-1999 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე.
-----
courtwatch.ge-ს მიერ გავრცელებული და ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალები წარმოადგენს „საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ საკუთრებას, მათი გამოყენებისას უნდა მიეთითოს „საქართველოს სასამართლოს გუშაგი“, როგორც წყარო.
ფოტო: საქართველოს უზენაესი სასამართლოს ოფიციალური Facebook-გვერდი.