მოსამართლეებისთვის ვადის გაგრძელების პრაქტიკა - ბერკეტი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ხელში

27.06.2023

2007 წლის 19 ივნისის საკანონმდებლო ცვლილებით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მიენიჭა მოსამართლეების დანიშვნის უფლებამოსილება. მანამდე ამ საკითხს საქართველოს პრეზიდენტი წყვეტდა. 2009 წლის 26 ივნისის ცვლილების შედეგად, საბჭოს უფლებამოსილება გაფართოვდა და მას შეუძლია გააგრძელოს მოსამართლის თანამდებობაზე ყოფნის ვადა მის წარმოებაში არსებული საქმეების განხილვის დასრულებამდე. ასეთი ცვლილებების მიზანი მოსამართლის წარმოებაში არსებული საქმეებზე სწრაფი და შეუფერხებელი სამართალწარმოება იყო.

„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის დღეს მოქმედ რედაქციაში კვლავ შენარჩუნებულია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლის უფლებამოსილების გაგრძელების ზემოთ აღნიშნული წესი:

თუ მოსამართლის მონაწილეობით დაწყებული საქმის განხილვის დამთავრებამდე მან მიაღწია 65 წლის ასაკს ან გავიდა მისი თანამდებობაზე ყოფნის ვადა, მოსამართლის უფლებამოსილება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით შეიძლება გაგრძელდეს აღნიშნულ საქმეზე ამ მოსამართლის ან იმ სასამართლო კოლეგიის ან პალატის მიერ საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე, რომლის შემადგენლობაშიც ის არის („საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი, 36-ე მუხლი მე-5 ნაწილი).


პრაქტიკაზე დაკვირვებამ აჩვენა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო, ამ ნორმაზე მითითებით, დაუსაბუთებელ გადაწყვეტილებებს იღებს (იხ სტატია: კრიზისი, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არასრულმა შემადგენლობამ გამოიწვია). გარდა ამისა, აღნიშნული საკანონმდებლო ჩანაწერი არ არის თავსებადი ევროპის მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭოს რეკომენდაციასთან, რომლის მიხედვით, „გამონაკლის შემთხვევებში, როდესაც სრულ განაკვეთზე მომუშავე მოსამართლეების დანიშვნა შეზღუდული ვადით ხდება, უფლებამოსილების ვადის გაგრძელება დაუშვებელი უნდა იყოს“, თუ არ მიმდინარეობს მოსამართლის ხელახლა განწესების საკითხის განხილვა და გადაწყვეტა.

ვადის გაგრძელება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებისთვის


უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებისთვის უფლებამოსილების ვადის გაგრძელების პრაქტიკა 2010 წლიდან იღებს სათავეს. იუსტიციის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილების ვადას უგრძელებდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის 36-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად. აღნიშნული დებულება არ მიუთითებს, რომ ის ვრცელდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებზე, რომლებიც არჩეულნი არიან პარლამენტის მიერ. ორგანული კანონის ასეთი მკაფიო მითითების გარეშე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უფლებამოსილების ვადის გაგრძელება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებისთვის პრობლემურია, ვინაიდან ისინი არჩეულნი არიან საქართველოს პარლამენტის და არა საბჭოს მიერ. გარდა ამისა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებისთვის უფლებამოსილების ვადის გაგრძელების პრაქტიკა იმდენად არათანმიმდევრულად განვითარდა წლების განმავლობაში, რომ დამატებითი კითხვები გამოიწვია. 

  • წარმოებაში არსებული საქმეების დასრულებამდე გაუგრძელდათ ვადა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს - იური ტყეშელაშვილს 2011 წლის 16 დეკემბერს და მიხეილ გოგიშვილს 2010 წლის 5 თებერვალს, ხოლო 2012 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილებით, დავით სულაქველიძეს - ამავე წლის 3 დეკემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით. გაუგებარია, ამ უკანასკნელი გადაწყვეტილების მიღებისას რა პრინციპით და გარემოებებით იხელმძღვანელა საბჭომ, როდესაც დაადგინა, რომ 1 თვე საკმარისი იყო სულაქველიძის მიერ მის წარმოებაში არსებული საქმეების დასასრულებლად. გადაწყვეტილება არ შეიცავდა დასაბუთებას, რომელიც დაგვარწმუნებდა, რომ მისი მიღება ამ მოსამართლის მიმართ თვითნებური არ ყოფილა.

  • განსაზღვრული დროით უფლებამოსილების ვადის გაგრძელება გადაწყვიტა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ნინო ქადაგიძის მიმართაც, რომელსაც დავით სულაქველიძის მსგავსად, 2012 წლის 3 დეკემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით განუსაზღვრა საქმეების დასრულების ვადად, თუმცა, მოგვიანებით, სულაქველიძისგან განსხვავებით, 2013 წლის 13 ივნისიდან მოსამართლე ნინო ქადაგიძე თბილისის სააპელაციო სასამართლოში განწესდა.

  • 2020 წლის 18 ივნისიდან 2021 წლის 1 იანვრამდე უფლებამოსილების ვადა გაუგრძელეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე გიორგი შავლიაშვილსაც. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება მოიცავს გარკვეულ არგუმენტებს, სადაც საუბარია იმაზე, რომ მოსამართლეს განსახილველად ჰქონდა 205 საქმე, ხოლო იმ პერიოდისთვის 5 მოსამართლე ახორციელებდა უფლებამოსილებას სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში. საბჭოს განმარტებით, სხვა მოსამართლეებზე საქმეების გადანაწილება შეაფერხებდა მართლმსაჯულების განხორციელებას. ამასთანავე, გიორგი შავლიაშვილი მონაწილეობდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე შესარჩევ კონკურსში და არჩევის შემთხვევაში, მას შესაძლებლობა ექნებოდა, თავის წარმოებაში არსებული საქმეების განხილვა გაეგრძელებინა. აღსანიშნავია, რომ 6 თვის შემდეგ მოსამართლე შავლიაშვილს განსახილველი ჰქონდა 109 საქმე და არ ყოფილა არჩეული უზენაესი სასამართლოს მოსამართლის პოზიციაზე. მოსამართლეს 2021 წლის 1 იანვრიდან 2021 წლის 1 ივლისამდე კვლავ გაუგრძელდა უფლებამოსილების ვადა. 2021 წლის 25 ივნისს საბჭომ პარლამენტს წარუდგინა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების სია, რომელთა შორის იყო გიორგი შავლიაშვილიც, თუმცა პარლამენტს ის არ აურჩევია.

  • საქმეების განხილვის დასრულების მიზნით უფლებამოსილების ვადა გაუგრძელდა, აგრეთვე, უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ბესარიონ ალავიძეს კერძოდ, 2021 წლის 23 თებერვლიდან 2021 წლის 1 ივლისამდე. ალავიძე 2021 წლის 9 დეკემბერს, საბჭოს გადაწყვეტილებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევი კონკურსის მეორე ეტაპზე ვერ გადავიდა და შესაბამისად, მისი კანდიდატურა პარლამენტისთვის არ წარუდგენიათ.

  • მის მსგავსად, საქმეების დასასრულებლად განსაზღვრული ვადა დაუწესეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე პაატა ქათამაძესაც - 2020 წლის 18 ივნისიდან 2021 წლის 1 იანვრამდე, თუმცა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილებით, პაატა ქათამაძე თბილისის სააპელაციო სასამართლოში განწესდა უვადოდ.

  • 2018 წლის 24 ოქტომბრიდან დაწყებულ საქმეებზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე გაუგრძელდა ვადა მოსამართლე პაატა სილაგაძესაც. საბჭომ 2019 წლის 31 მაისს ძალადაკარგულად გამოაცხადა გადაწყვეტილება სილაგაძისთვის უფლებამოსილების ვადის გაგრძელების თაობაზე, რადგან ის 2019 წლის 3 ივნისიდან განწესდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ.

  • 2019 წლის 19 დეკემბრიდან საქმეებზე გადაწყვეტილების საბოლოო გამოტანამდე გაუგრძელდა ვადა მოსამართლე ვასილ როინიშვილსაც. 2020 წლის 29 მაისს კი უზენაესი სასამართლოს პლენუმის გადაწყვეტილებით, დაინიშნა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ.

  • უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს მაია ვაჩაძეს და ნუგზარ სხირტლაძეს 2019 წლის 9 ივლისს გაუგრძელდათ უფლებამოსილების ვადა საქმეების დასრულებამდე და არაუმეტეს ახალი მოსამართლის არჩევამდე. მოგვიანებით, 2019 წლის 12 დეკემბერს, ორივე მათგანი პარლამენტმა აირჩია უზენაეს სასამართლოს მოსამართლის პოზიციაზე. საგულისხმოა, რომ აღნიშნული მოსამართლეებისთვის უფლებამოსილების ვადის გაგრძელების თაობაზე გადაწყვეტილებას ხელს აწერდა ბატონი დიმიტრი გვრიტიშვილი, როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომის თავმჯდომარე. „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის 47-ე მუხლის მე-17 და მე-18 პუნქტების მიხედვით, საბჭოს გადაწყვეტილებებზე ხელის მოწერის უფლებამოსილება აქვს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს ან/და საბჭოს მდივანს. ის არ ითვალისწინებს საბჭოს წევრის ან საბჭოს სხდომის თავმჯდომარის მიერ გადაწყვეტილებაზე ხელის მოწერის უფლებამოსილებას. 


შესაბამისად, ჩნდება კითხვა, რამდენად კანონიერი იყო უზენაესი სასამართლოს ის შემადგენლობა, რომელსაც უფლებამოსილებას იუსტიციის უმაღლესი საბჭო უგრძელებს, თანაც კანონის მოთხოვნებთან შეუსაბამო ფორმით.

უფლებამოსილების ვადის გაგრძელება რაიონულ (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოებში

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლის უფლებამოსილების ვადის გაგრძელების წესი არაერთხელ გამოიყენა პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოების მოსამართლეთა მიმართ:

  • იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2015 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილებით, მოსამართლე ზვიად ესებუა უფლებამოსილების ვადის გასვლის გამო გათავისუფლდა. მანამდე კი, საბჭოს გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ მას 2013 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილებით, გაუგრძელდა თანამდებობაზე ყოფნის ვადა საქმეების დასრულების მიზნით. 1 წლისა და 9 თვის შემდეგ მოსამართლეს საქმეების განხილვა კვლავ არ ჰქონდა დასრულებული, თუმცა, საბჭომ მას უფლებამოსილების ვადა აღარ გაუგრძელა და თანამდებობიდან გაათავისუფლა.

  • თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეებს: ლეილა მამულაშვილსა და მაია ივანიძეს თითქმის 2 წლამდე გაუგრძელდათ ვადა, საქმეების დასრულების მიზნით, რაც საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდია. ეს ფაქტი მიუთითებს, რომ შესაძლებელია, მოსამართლეს თანამდებობა შეუნარჩუნდეს 2 წლის განმავლობაშიც, საქმეების განხილვის დასრულების მოტივით.

  • შემდეგი საინტერესო შემთხვევაა მოსამართლე გიორგი არევაძის მიმართ მიღებული გადაწყვეტილება, რომელსაც 2018 წლის 12 ნოემბრიდან გაუგრძელდა ვადა, განსახილველ საქმეებზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, ხოლო 2019 წლის 3 ივნისიდან ძალადაკარგულად გამოაცხადა გადაწყვეტილება და უვადოდ განაწესა თანამდებობაზე. ამ შემთხვევაშიც იქმნება შთაბეჭდილება, რომ წინასწარ განსაზღვრული ჰქონდა საბჭოს მისი თანამდებობაზე დანიშვნა.
    ცალკე პრობლემას წარმოადგენს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლის უფლებამოსილების ვადის გაგრძელების წესის გამოყენება 3 წლის ვადით დანიშნული მოსამართლეების მიმართ. ორგანული კანონის მიხედვით, ამ მოსამართლეებმა უნდა გაიარონ შეფასების ეტაპი, რომლის შემდეგადაც განიხილება მათი უვადოდ განწესების საკითხი. იმის გამო, რომ, დაახლოებით ორი წლის განმავლობაში არ იყვნენ არჩეულნი საბჭოს არამოსამართლე წევრები, შეფასება კი მათი მონაწილეობის გარეშე ვერ ტარდებოდა, ამ კატეგორიის მოსამართლეთა უფლებამოსილების გახანგრძლივების მიზნით საბჭომ ამ შემთხვევაშიც ეს გზა გამოიყენა. ცხადია, ეს გადაწყვეტილებებიც პრობლემურია, რადგან მითითებული საკანონმდებლო ჩანაწერის მიზანი არ ყოფილა 3 წლის ვადით არჩეული მოსამართლეების უფლებამოსილების ვადის საკითხის გადაწყვეტა. როგორც ჩანს, სამართლებრივი ნორმების „მორგება“ შექმნილ მოცემულობაზე არის მიზეზი იმისა, რის გამოც საბჭო დღემდე თავს არიდებს აღნიშნული სამი მოსამართლის (ალექსანდრე ლომიძე, ფატი ფურცხვანიძე და ლელა ჭინჭარაული) შესახებ გადაწყვეტილებების გამოქვეყნებას საკუთარ ვებვერდზე. „სასამართლოს გუშაგი დააკვირდება როგორ გადაწყვეტს იუსტიციის უმაღლესი საბჭო აღნიშნული მოსამართლეების უვადო დანიშვნის საკითხს ახლა, როდესაც უკვე არჩეულა სამი ახალი არამოსამართლე წევრი.

ორგანიზაცია „სასამართლოს გუშაგის“ რეკომენდაციაა, ორგანული კანონის 36-ე მუხლის მე-5 პუნქტი შეიცვალოს იმგვარად, რომ გამოირიცხოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფართო დისკრეცია, მოსამართლეებს, სურვილისამებრ გაუხანგრძლივოს თანამდებობაზე ყოფნის ვადა. ასეთი საკანონმდებლო ზომის მიღებით შეწყდება თვითნებური გადაწყვეტილებების მიღების დამკვიდრებული პრაქტიკა. 

გარდა იმისა, რომ სადავო ნორმის გამოყენების პრაქტიკის განვითარება ვერ აკმაყოფილებს კანონიერების მოთხოვნებს, საგულისხმოა, რომ მისი გამოყენების საჭიროებაც არ დადგება 2024 წლიდან, როდესაც, საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნით, ყველა მოსამართლე უვადოდ განწესდება.

-----
courtwatch.ge-ს მიერ გავრცელებული და ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალები წარმოადგენს „საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ საკუთრებას, მათი გამოყენებისას უნდა მიეთითოს „საქართველოს სასამართლოს გუშაგი“, როგორც წყარო.