ვალდებულების თავიდან არიდების არაერთი მცდელობა სასამართლოსგან

27.03.2023
ვისი განსახილველია ესმა გუმბერიძის საქმე?

ყოველი საქმე უნდა განიხილოს მხოლოდ იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ის ექვემდებარება, თუმცა სასამართლოს განსჯადობასთან დაკავშირებული დავა არ შეიძლება გახდეს დაგვიანებული ან ვერაღსრულებული მართლმსაჯულების საფუძველი. 

სტატიაში მოგიყვებით სამოქალაქო აქტივისტის ესმა გუმბერიძის განვლილი გზის შესახებ პროფესიული განვითარების შესაძლებლობაზე უარის მიღებიდან სასამართლოს ხელმისაწვდომობაზე უარამდე.

ახალგაზრდობის სააგენტოს გამოცხადებული კონკურსი

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი (სსიპ) - ახალგაზრდობის სააგენტო წარმოადგენს სამთავრობო უწყებას, რომელიც 2019 წელს დაარსდა და მასში გაერთიანებულია: განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში არსებული ახალგაზრდული პოლიტიკის მართვის დეპარტამენტი, სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი და ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ფონდი. 
 
სააგენტო ახორციელებს სხვადასხვა კულტურულ, საგანმანათლებლო, სამეცნიერო თუ სპორტულ ღონისძიებებს საზოგადოებრივ ცხოვრებაში ახალგაზრდების აქტიური ჩართულობისა და მონაწილეობის ხელშეწყობის მიზნით. სააგენტოს საკონსულტაციო ორგანოა „ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭო“.

2021 წლის 7 ივლისს სააგენტომ ღია კონკურსი გამოაცხადა „ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს“ წევრთა შერჩევის მიზნით. შეიქმნა საკონკურსო კომისია და განისაზღვრა მისი საქმიანობის წესი, კონკურსის მონაწილეთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები, შეფასების ფორმა და კრიტერიუმები. 

კონკურსის მონაწილეთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

სსიპ - ახალგაზრდობის სააგენტოს „ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს“ წევრთა შესარჩევი საკონკურსო კომისიის საქმიანობის წესი ადგენს:

1. კანდიდატი უნდა წარადგინოს საქართველოს ნებისმიერ რეგიონში (ოკუპირებული ტერიტორიების ჩათვლით) მოქმედმა ახალგაზრდულმა ან ახალგაზრდულ საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციამ, მათ შორის იმ სამეწარმეო სუბიექტებმა, რომელთა საქმიანობის სფერო საგანმანათლებლო ხასიათისაა. 
2. კანდიდატი უნდა იყოს 14–29 წლის საქართველოს მოქალაქე (კონკურსში მონაწილე ახალგაზრდის ასაკი, 1 წლიანი მანდატის ამოწურვამდე, არ უნდა აღემატებოდეს 29 წელს); 
3. თავისუფლად ფლობდეს ქართულ ენას; 
4. იცნობდეს ახალგაზრდობის სააგენტოსა და ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს დებულებას; 
5. ინფორმირებული იყოს ახალგაზრდებთან დაკავშირებულ საქართველოში მიმდინარე პროცესებზე (ახალგაზრდობის სააგენტოს, საქართველოში ახალგაზრდებთან მომუშავე ადგილობრივ ან/და საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობის შესახებ). 

ამასთან, ერთი ორგანიზაცია უფლებამოსილი იყო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად წარედგინა არაუმეტეს ერთი კანდიდატი.1

კონკურსი შედგებოდა ორი ეტაპისგან:

პირველი ეტაპი - კანდიდატების მიერ წარმოდგენილი განაცხადების ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა. 

მეორე ეტაპი
- პირველი ეტაპის შედეგად შერჩეული კანდიდატების განაცხადების შინაარსობრივი განხილვა და კანდიდატებთან გასაუბრება.2

კონკურსის მონაწილეთა შეფასების კრიტერიუმები:

სსიპ - ახალგაზრდობის სააგენტოს საკონსულტაციო ორგანოს „ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს“ წევრთა შერჩევის მიზნით ღია კონკურსის გამოცხადების შესახებ N62 ბრძანების თანახმად, კანდიდატი ფასდება შემდეგი კრიტერიუმების შესაბამისად:

  1. კანდიდატის წარმდგენი ორგანიზაციის ახალგაზრდობის სფეროში საქმიანობის გამოცდილება;
  2. კანდიდატის ახალგაზრდობის სფეროში საქმიანობის გამოცდილება;
  3. კანდიდატის ხედვა ახალგაზრდობის სფეროს განვითარების, შესაძლო გამოწვევებისა და მათი გადაჭრის საკითხებზე;
  4. კანდიდატის მოტივაცია;
  5. კანდიდატის კომუნიკაციის უნარი.

თითოეული კრიტერიუმით მაქსიმალური შეფასება განისაზღვრებოდა 10 ქულით.

ხსენებული კონკურსის ობიექტურობასა და სამართლიანობას სადავოდ ხდის კონკურსის ერთ-ერთი მონაწილე – ესმა გუმბერიძე. ის დაუსაბუთებლად და დისკრიმინაციულად მიიჩნევს საკონკურსო კომისიის 2021 წლის 27 აგვისტოს სხდომაზე მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლითაც უარი ეთქვა კონკურსის შემდეგ ეტაპზე დაშვებაზე. კონკურსში შემდეგ ეტაპზე 22 მონაწილე დაუშვეს.

ადმინისტრაციული სარჩელი

2021 წლის 20 დეკემბერს ესმა გუმბერიძემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს მიერ გამართული კონკურსის თაობაზე.

მოსარჩელის პოზიცია ეფუძნება შემდეგ არგუმენტებს:

  1. გასაუბრებისას კონკურსანტის მიმართ გამოხატული იყო უარყოფითი დამოკიდებულება, რაც, მისი შეფასებით, განპირობებული იყო დისკრიმინაციული მოტივით, მისი უსინათლობის გამო. 
  2. კომისიის ორმა წევრმა ყოველგვარი დასაბუთების გარეშე როგორც მას, ასევე სხვა კანდიდატებს, რომლებიც ვერ გადავიდნენ შემდეგ ეტაპზე, მიანიჭეს ნული ქულა. მაგალითად, მოსარჩელე ერთ-ერთი კრიტერიუმის – „ახალგაზრდებთან მუშაობის გამოცდილების“ მიხედვით შეაფასეს ნული ქულით, მაშინ, როდესაც იგი ერთ წელზე მეტი ვადით იყო გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი და ამავე მიმართულებით საქმიანობდა. აღნიშნული ქმნის ეჭვს, რომ კომისიის წევრებს წინასწარ ჰქონდათ განსაზღვრული მათი არდაშვება კონკურსის შემდეგ ეტაპზე.
  3. არ ხორციელდებოდა საკონკურსო კომისიის მიერ კონკურსანტებთან გასაუბრების აუდიოჩაწერა მაშინ, როდესაც ახალგაზრდობის სააგენტოს მიერ ორგანიზებულ კონკურსებში უკვე არსებობს ასეთი გამოცდილება (მაგ. გაეროში ახალგაზრდობის წარმომადგენლის გასაუბრების ჩაწერა).

სარჩელის საგანი

ადმინისტრაციულ სარჩელში მითითებულია შემდეგი სასარჩელო მოთხოვნები:

  • ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს „ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს“ შესარჩევი საკონკურსო კომისიის 2021 წლის 27 აგვისტოს N6 სხდომის ოქმი;
  • დაევალოს სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს ახალგაზრდულ ღონისძიებების ხელშეწყობის N5 ქვეპროგრამის მონაწილეობრივი ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების ფარგლებში კონკურსის მეორე ეტაპის (გასაუბრების) ხელახლა ჩატარება „ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს“ წევრების შერჩევის მიზნით და აღნიშნულზე ახალი გადაწყვეტილების მიღება. 

ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის უარი სარჩელის განსახილველად მიღებაზე

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ უარი განაცხადა სარჩელის განხილვაზე იმ მოტივით, რომ იგი მისი განსჯადი არ არის. სასამართლოს გადაწყვეტილებით, მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხე მხარე ადმინისტრაციული ორგანოა, თავად სარჩელი წარმოადგენს სამოქალაქო დავას, შესაბამისად, სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განსჯადია და განსახილველად უნდა გადაეგზავნოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.

სასამართლომ თავისი გადაწყვეტილება ასე განმარტა: „განსჯადობის საკითხის გადაწყვეტისას ადმინისტრაციული საქმეების განსჯადობის მთავარ ასპექტს, გარდა იმისა, რომ ერთ-ერთი მხარე უნდა იყოს ადმინისტრაციული ორგანო, ასევე, წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს ქმედების საჯარო-სამართლებრივი ხასიათი. აღნიშნული საკითხის გადაწყვეტისას უპირატესობა ენიჭება სადავო სამართალურთიერთობის ბუნებას და არამხოლოდ სუბიექტურ შემადგენლობას. დავის საჯარო-სამართლებრივი ხასიათის დასადგენად საკმარისი არ არის ერთ-ერთ მხარედ საჯარო სამართლის სუბიექტის არსებობა, ვინაიდან შესაძლებელია, აღნიშნული სუბიექტი მხარედ გამოდიოდეს კერძო-სამართლებრივ ურთიერთობებშიც, ან პირიქით.“

სასამართლოს ამგვარი მსჯელობა გაუგებარია, რადგან ის ფაქტი, რომ მომავალში იგივე ადმინისტრაციული ორგანო შესაძლოა სამოქალაქო სამართლებრივი დავის მონაწილე იყოს, ვერ შეცვლის მიმდინარე დავის ხასიათს და იმ ფაქტს, რომ იგი ადმინისტრაციულ სამართლებრივი ხასიათის შეიძლება იყოს.

რატომ არის დაუსაბუთებელი სასამართლოს გადაწყვეტილება?

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლი განსაზღვრავს სასამართლოს მიერ ადმინისტრაციულ სამართლებრივი წესით განსჯად საქმეებს, მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული დავის ერთ-ერთი სახეა ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე. მოსარჩელე მოითხოვს, სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს „ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს“ საკონკურსო კომისიის მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებას კონკურსის მეორე ეტაპის (გასაუბრების) ხელახლა გამართვის თაობაზე და შესაბამისი აქტის გამოცემას.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის (სზაკ) მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ყველა საჯარო სამართლის იურიდიული პირი, გარდა პოლიტიკური და რელიგიური გაერთიანებებისა, არის ადმინისტრაციული ორგანო. ახალგაზრდობის სააგენტო არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც არ მიეკუთვნება პოლიტიკურ ან რელიგიურ გაერთიანებას და შესაბამისად არის ადმინისტრაციული ორგანო. იმავე ნორმის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი. შესაბამისად, ახალგაზრდობის სააგენტოს მიერ საჯარო კონკურსთან დაკავშირებით გამოცემული აქტი არის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის უარი სარჩელის განსახილველად მიღებაზე

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 27 დეკემბრის განჩინებით, სარჩელი განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ კი უარი განაცხადა სარჩელის განსახილველად მიღებაზე, შემდეგი საფუძვლით:

  1. სასარჩელო მოთხოვნა დაზუსტებული არ არის: სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელე ითხოვს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული აქტის ბათილად ცნობას, რაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული ქმედებაა, სასამართლო კი „სამოქალაქო სამართალწარმოების ფარგლებში ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის საფუძველზე.“
  2. მოსარჩელეს არ აქვს მითითებული დავის ფაქტობრივი გარემოებების

დამადასტურებელი მტკიცებულებები: „განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეს მითითებული აქვს დავის ფაქტობრივი გარემოებები, თუმცა რა სახის მტკიცებულებებით ადასტურებს ამა თუ იმ ფაქტობრივ გარემოებას, არ აქვს მითითებული შესაბამის გრაფაში.“

სასამართლოს არ მიუთითებია, თუ როგორ შეიძლება მოსარჩელემ დააზუსტოს სასარჩელო მოთხოვნა და შეუსაბამოს იგი სამოქალაქო სამართალწარმოებას, როდესაც მოპასუხე მხარე ადმინისტრაციული ორგანოა და დავის საგანიც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ აქტის გაუქმებასა და ხელახლა გამოცემას ეხება. 

ამასთან, თუკი სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის ამ განჩინებას დავეყრდნობით, დავასკვნით, რომ სასარჩელო მოთხოვნა ადმინისტრაციული ხასიათისაა და შესაბამისად, ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განსჯადია, ხოლო თუკი საქმე ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განსჯადია, გამოდის, რომ ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია სამართლებრივი ვალდებულების თავიდან არიდებას ცდილობდა.

სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განმეორებითი უარი

სასარჩელო მოთხოვნების დაზუსტებისა და განმეორებით მიმართვის შემდგომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ 2022 წლის 6 მაისის განჩინებით კვლავ უარი განაცხადა სარჩელის განსახილველად მიღებაზე. დასაბუთებაში კი ერთ-ერთ მიზეზად კვლავ სასარჩელო მოთხოვნების ბუნდოვანება მიუთითა. განჩინების თანახმად „...არც დავის ფაქტობრივი გარემოებებიდან და არც სასარჩელო მოთხოვნების ფორმულირებიდან გამომდინარე არ ირკვევა, კონკრეტულად რა სამართლებრივი შედეგის ბათილად ცნობას ითხოვს მოსარჩელე. კერძოდ ითხოვს კონკრეტული პირის (პირების) მიერ შერჩევის შესახებ კომისიის გადაწყვეტილების ბათილად ცნობას, თუ უშუალოდ მოსარჩელის მიმართ კომისიის მიერ გამოვლენილი ნების ბათილად ცნობას.“ სასამართლოს ეს განცხადება საფუძველს მოკლებულია, რადგან მოსარჩელემ გარკვევით მიუთითა სარჩელში, რომ მოითხოვს სსიპ „ახალგაზრდობის სააგენტოს“ „ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს“ შესარჩევი საკონკურსო კომისიის 2021 წლის 27 აგვისტოს სხდომის ოქმის ბათილად ცნობას. ამდენად, მოსარჩელის მოთხოვნა კონკრეტული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობაა, რაც სასამართლოს თავადვე ჰქონდა მითითებული ზემოთ ხსენებულ განჩინებაში. შესაბამისად, გაუგებარია, რის დაზუსტებას მოითხოვდა მოსამართლე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ სარჩელის განსახილველად მიღება.

სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის არაერთი უარის შემდეგ, 2023 წლის 7 თებერვალს მოსარჩელემ იმავე სარჩელით კვლავ მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, კოლეგიამ კი 2023 წლის 13 თებერვლის განჩინებით, ესმა გუმბერიძის სარჩელი განსახილველად მიიღო.

გაურკვევლობას იწვევს ის ფაქტი, რომ, როგორც 2021 წლის 27 დეკემბრის განჩინებაში ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია განმარტავდა, მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელე ადმინისტრაციული ორგანოს წინააღმდეგ ჩიოდა, დავის სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე, სარჩელი არა ადმინისტრაციულ სამართლებრივი, არამედ – სამოქალაქო სამართლებრივი ხასიათის და შესაბამისად, სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განსახილველი იყო. მოსამართლე აღნიშნულ განჩინებაში განმარტავდა, რომ ადმინისტრაციული წესით საქმის განხილვის ძირითად წინაპირობას დავის საგანი წარმოადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს ერთ-ერთ მხარედ მონაწილეობა სარჩელს ადმინისტრაციულ სამართლებრივ ხასიათს ვერ შესძენს, თუკი გასაჩივრებული აქტი/ქმედება არ არის საჯარო სამართლებრივი ხასიათის. აღსანიშნავია, რომ სასარჩელო დავის საგანი ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის თავდაპირველი უარის შემდეგ არ შეცვლილა. კერძოდ, მოსარჩელემ მიმდინარე წლის 7 თებერვალს იმავე სასარჩელო მოთხოვნებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას. ამჯერად აღნიშნული კოლეგიის მოსამართლემ საქმე განსახილველად მიიღო და განჩინებაში მიუთითა, რომ „წარმოდგენილი სარჩელი პასუხობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 177-178-ე და საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 22-25-ე მუხლების მოთხოვნებს“ და „ამ ეტაპზე სარჩელის დასაშვებობა საეჭვოდ არ არის მიჩნეული...“

  • გაუგებარია, თუკი სარჩელი შეესაბამება ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნებს და ადმინისტრაციული სამართლებრივი წესით განსჯადია, იმავე ორგანოს წინააღმდეგ და იმავე სასარჩელო მოთხოვნებით 2021 წელს წარდგენილი სარჩელი რატომ არ იყო ადმინისტრაციულ სამართლებრივი ხასიათის და რატომ გადაეგზავნა ის სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას?

  • ან რატომ არ განმარტა სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ, რომ დავის საგანი იმთავითვე ადმინისტრაციულ სამართლებრივი იყო, მაშინ, როცა სასარჩელო მოთხოვნების დაზუსტებას მოითხოვდა მოსარჩელისაგან?


ორივე კოლეგიის გადაწყვეტილება ქმნის შთაბეჭდილებას, რომ მათი მხრიდან ადგილი ჰქონდა საქმის განხილვის თავიდან არიდებისა და დროის გაჭიანურების მცდელობას. ამ ვარაუდს ამყარებს ის ფაქტიც, რომ კონკურსის პირობებით დადგენილია ასაკობრივი შეზღუდვა, კერძოდ კონკურსში მონაწილე ახალგაზრდის ასაკი, ერთწლიანი მანდატის ამოწურვამდე, არ უნდა აღემატებოდეს 29 წელს; მოსარჩელე რამდენიმე თვეში მიაღწევს აღნიშნულ ასაკს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაშიც კი კონკრეტული სამართლებრივი შედეგის დადგომას აზრი ეკარგება, რადგან მოსარჩელეს კონკურსის პირობებიდან გამომდინარე ეკრძალება ზემოთაღნიშნული პოზიციის დაკავება. შესაბამისად თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ სარჩელის განსახილველად დაგვიანებით მიღებამ და დროის გაჭიანურებამ აზრი დაუკარგა სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას. ამით კი შესაძლებლობა წაართვა მოქალაქეს სამართლებრივი გზით დაეცვა კანონიერი ინტერესები, რადგან სამართლებრივი სახელმწიფოს ურყევი პრინციპია, უზრუნველყოფილი იყოს თითოეული მოქალაქის უფლება სწრაფ და ეფექტიან მართლმსაჯულებაზე.

 

სქოლიო:

1. სსიპ - ახალგაზრდობის სააგენტოს „ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს“ წევრთა შესარჩევი საკონკურსო კომისიის საქმიანობის წესის (დანართი 2), მე-5 მუხლი. 

2. იგივე, მე-7 მუხლი.


-----

courtwatch.ge-ს მიერ გავრცელებული და ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალები წარმოადგენს „საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ საკუთრებას, მათი გამოყენებისას უნდა მიეთითოს „საქართველოს სასამართლოს გუშაგი“, როგორც წყარო. 

ფოტო: unsplash.com
ავტორი: ქეთი გაჩეჩილაძე