სასამართლოს გადატვირთულობა წლებია, სისტემაში არსებულ მწვავე და გადაუჭრელ პრობლემას წარმოადგენს, რასაც, ძირითადად, სასამართლო კადრების სიმცირე, მოსამართლეების დაუბალანსებელი გადანაწილება სასამართლოებში და საქმეთა ნაკადის მართვის არასწორი პოლიტიკა იწვევს. რაც უფრო იზრდება სასამართლოსადმი მოქალაქეთა მიმართვიანობა, მით უფრო სასიცოცხლო მნიშვნელობას იძენს სასამართლოების შევსება საჭირო რაოდენობის კადრებით. აღნიშნულის საპირისპიროდ, სამოსამართლო კონკურსის მონაწილეთა რაოდენობა თანდათან იკლებს.
რაიონულ (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსს აცხადებს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.1
კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს, რომელიც:
ამასთან, ორგანული კანონი განსაზღვრავს იმ პირთა წრეს, რომლებიც თავისუფლდებიან მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარებისა და იუსტიციის უმაღლეს სკოლაში სწავლისგან.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ადგენს მოსამართლეობის კანდიდატთა რეგისტრაციისთვის განცხადებების წარდგენის ვადას, რომელიც არ უნდა იყოს 15 კალენდარულ დღეზე ნაკლები.
იუსტიციის უმაღლესი საბჭო 5 სამუშაო დღის ვადაში განიხილავს კონკურსში მონაწილე მოსამართლეობის კანდიდატთა განცხადებებსა და თანდართულ დოკუმენტებს. იმ კანდიდატების სია, რომელთა დოკუმენტებიც შეესაბამება ორგანული კანონით დადგენილ მოთხოვნებს, განხილვისთანავე ქვეყნდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე.
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, ბოლოს, 2022 წლის 25 ნოემბერს გამოაცხადა კონკურსი. ჯამში 76 საშტატო ერთეულზე (ადგილზე) გამოცხადდა კონკურსი რაიონულ (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოებში არსებულ მოსამართლეთა ვაკანსიებზე. განაცხადების წარდგენა შესაძლებელი იყო 2022 წლის 28 ნოემბრიდან 14 დეკემბრის ჩათვლით.
კონკურსში სულ 21-მა დაინტერესებულმა პირმა წარადგინა განაცხადი.
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 2022 წლის 20 დეკემბერს გამოაქვეყნა დოკუმენტების შემოწმების შედეგად კონკურსის მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატთა სია და მოკლე ბიოგრაფიული მონაცემები. ყველა - 21-ვე კანდიდატი გადავიდა კონკურსის მეორე ეტაპზე.
საგულისხმოა, რომ აღნიშნულ კონკურსში მონაწილეობის მსურველი იმდენად ცოტა იყო, რომ მათი რიცხვი საკონკურსო ადგილების მესამედსაც ვერ აღწევდა. მათგან ნახევარზე მეტი (11 ადამიანი) მოქმედი მოსამართლე იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ კანდიდატების მიერ ყველა ეტაპის წარმატებით გადალახვის შემთხვევაში, სასამართლოებში, მაქსიმუმ, ათი ახალი მოსამართლის დანიშვნის შესაძლებლობა იქნებოდა.
აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მითითებული 10 კანდიდატი შეუძლებელია, მივიჩნიოთ ახალ კადრებად, ვინაიდან მათ შორის იყვნენ ისეთები, რომელთაც სასამართლო სისტემაში მუშაობის გამოცდილება აქვთ სხვადასხვა დროს, მათ შორის მოსამართლის თანამდებობაზე.
გასულ წლებში ჩატარებული კონკურსების მონაცემებს თუ შევადარებთ, ნათელი ხდება, რომ ზოგიერთ კონკურსში განაცხადების რაოდენობა ორჯერ აღემატებოდა ვაკანსიების რაოდენობას, თუმცა გასათვალისწინებელია ისიც, რომ განაცხადების დიდი ნაწილი მოქმედი მოსამართლეების იყო (მათ შორის, ვისაც 10-წლიანი ვადა ეწურებოდა).
მას შემდეგ, რაც მოსამართლეთა დიდი ნაწილი უვადოდ დაინიშნა, კონკურსებში განაცხადების რაოდენობა იკლებს. ეს შეიძლება, იმაზე მიანიშნებდეს, რომ სასამართლო სისტემაში გარედან შესვლის მსურველთა რაოდენობა ცოტაა, რაც სისტემას კიდევ უფრო ჩაკეტილს ხდის და განახლების პერსპექტივას ამცირებს.
ქვემოთ მოცემულია ცხრილი, რომელიც ასახავს ვაკანსიებისა და განაცხადების რაოდენობას კონკურსის გამოცხადების თარიღის მიხედვით:
2022 წლის 25 ნოემბერს გამოცხადებულ კონკურსში მონაწილე კონკურსანტებთან იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მიმდინარე წლის იანვარში ჩაატარა გასაუბრება, 7 თებერვალს კი კენჭი უყარა მათ დანიშვნას. კენჭისყრის შედეგად თანამდებობაზე დაინიშნა 8 მოსამართლე, რომელთაგან მხოლოდ ერთი - ქრისტინე კოპალიანი არ ყოფილა მოსამართლე, არამედ იყო მოსამართლის თანაშემწე. დანიშნულებიდან 7 მოქმედი მოსამართლეა. ამდენად, კონკურსის შედეგად სასამართლო სისტემას მხოლოდ ერთი ახალი კადრი შეემატა.
თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ სასამართლო სისტემაში დღეს მოსამართლეთა ათეულობით ვაკანტური ადგილია შესავსები და მხოლოდ ერთი ახალი მოსამართლე გვყავს, გამოდის, რომ გამოცხადებულმა კონკურსმა უშედეგოდ ჩაიარა.
1. საქართველოს ორგანული კანონი „საერთო სასამართლოების შესახებ“, 35-ე მუხლი
2. საქართველოს ორგანული კანონი „საერთო სასამართლოების შესახებ“, 34-ე მუხლის, 1-ლი პუნქტი
-----
ფოტო: chambersstudent.co.uk