საქმეთა ელექტრონული განაწილება - მითი თუ რეალობა?

17.11.2022
საქმეთა განაწილების ელექტრონული წესი 2017 წლის პირველი ივლისიდან ახალი წესი რუსთავის საქალაქო სასამართლოში, ხოლო 2017 წლის 31 დეკემბრიდან - მთელი ქვეყნის მასშტაბით ამოქმედდა.

სასამართლო რეფორმის „მესამე ტალღის“ ფარგლებში შემუშავდა მოსამართლეებს შორის საქმეთა განაწილების ახალი წესი. სიახლეს წარმოადგენდა საქმეების შემთხვევითი პრინციპის საფუძველზე, ელექტრონული სისტემის მეშვეობით განაწილება. ამ მიდგომას უნდა უზრუნველეყო მოსამართლეებს შორის საქმის თანაბარი და ობიექტური განაწილება და მათი მიუკერძოებლად განხილვის წინაპირობის შექმნა. სწორედ ამიტომ ადგილობრივმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა ის შეაფასეს, როგორც პროგრესული საკანონმდებლო ზომა.

წესი საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 2017 წლის 1 მაისის N1/56 გადაწყვეტილებით დაამტკიცა. ცვლილების შედეგად, საქმეთა განაწილებაზე გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება შეეზღუდათ სასამართლოს თავმჯდომარეებს. ვენეციის კომისიის შეფასებით, სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილება - თავად გაანაწილოს საქმეები მოსამართლეთა შორის, დისკრეციის ელემენტებს შეიცავს. არსებობს მისი ბოროტად გამოყენების რისკი, როგორც მოსამართლეზე ზემოქმედების ინსტრუმენტის. მაგალითად მოსამართლის ზედმეტად დატვირთვა დიდი რაოდენობის საქმეებით ან მოსამართლისთვის მხოლოდ მცირე მნიშვნელობის საქმეების გადაცემა.1 ვენეციის კომისია და დირექტორატი ხაზს უსვამდა საქმეთა განაწილების სისტემის „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონით რეგულირების მნიშვნელობას.2 მიუხედავად ვენეციის კომისიის რეკომენდაციებისა საქმეთა განაწილების ახალი წესი არა ორგანული კანონით, არამედ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აქტით განისაზღვრა. 



რას გულისხმობს საქმეთა განაწილების ელექტრონული წესი?

ელექტრონული წესით საქმეები ნაწილდება შემთხვევითობის პრინციპის დაცვით, რიცხვების გენერირების ალგორითმის საფუძველზე,3 ავტომატურად შერჩეულ შესაბამისი კოლეგიის/ პალატის/ვიწრო სპეციალიზაციის მოსამართლეზე.4 

ორგანული კანონის თანახმად, საქმეთა წარმოების განსაკუთრებული ინტენსივობის მქონე რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში, სადაც ორზე მეტი მოსამართლეა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს შეუძლია განახორციელოს მოსამართლეთა უფრო ვიწრო სპეციალიზაცია ან შექმნას სპეციალიზებული სასამართლო კოლეგიები.5 ასეთ სასამართლოებში ელექტრონულად საქმეები ნაწილდება შესაბამისი კოლეგიის/ვიწრო სპეციალიზაციის მოსამართლეთა შორის.6 ხოლო იმ რაიონულ (საქალაქო) სასამართლოებში სადაც, არ არის კოლეგიები შექმნილი, საქმეები ნაწილდება შესაბამისი სპეციალიზაციის მოსამართლეებში.<7

ორგანული კანონი, ასევე, მიუთითებს, რომ საქმეთა ავტომატურად განაწილების ელექტრონული სისტემის დროებითი შეფერხებისას დასაშვებია მოსამართლეთა შორის საქმეების ელექტრონული სისტემის გარეშე, რიგითობის წესით განაწილება, რაც გულისხმობს საქმეების შემოსვლის რიგითობის მიხედვით და მათ განაწილებას, ასევე, მოსამართლეთა ანბანური რიგითობის მიხედვით.
 

შემთხვევები, როდესაც საქმეები ელექტრონულად არ ნაწილდება

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ განსაზღვრული საქმეთა ელექტრონული განაწილების წესი ითვალისწინებს არაერთ პირობას, რომელთა არსებობისას საქმეების განაწილება ობიექტურად შეუძლებელია. გარემოებები, რომლებიც გამორიცხავს საქმეების ელექტრონული სისტემის მეშვეობით განაწილებას:

  • შესაბამის მუნიციპალიტეტში მხოლოდ ერთი მაგისტრატი მოსამართლის არსებობა
  • რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში შესაბამისი სპეციალიზაციის მხოლოდ ერთი მოსამართლის არსებობა
  • რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში შესაბამისი სპეციალიზაციის მხოლოდ ერთი მოსამართლის მორიგეობა
  • ელექტრონული სისტემის დროებითი შეფერხება - როცა შეფერხება გრძელდება 2 დღეზე მეტი დროით; ხოლო დაუყოვნებლივ განსახილველ ადმინისტრაციულ საქმეებზე და იმ საქმეებზე, რომელთა განხილვის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 24, 48 ან 72 საათს - როცა შეფერხება გრძელდება 3 საათზე მეტი დროით. ასეთ შემთხვევებში მოსამართლეებს შორის საქმეებს რიგითობის მიხედვით ანაწილებს კანცელარიის თანამშრომელი.
  • მოსამართლეთა მორიგეობის წესი - კერძოდ, ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის ცალკეულ საქმეებზე, რომელთა განხილვის ვადა არ აღემატება 72 საათს. თავმჯდომარის ბრძანებით არასამუშაო და სამუშაო საათებში აღნიშნული საქმეები ნაწილდება მორიგეობის გრაფიკის მიხედვით.8

გამონაკლისი საქმეები კონკრეტული სპეციალიზაციის მიხედვით



იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დამატებით განსაზღვრა გამონაკლისი საქმეების ვრცელი ჩამონათვალი სამოქალაქო, ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის სპეციალიზაციით, რომლებიც შემთხვევითი პრინციპით არ ნაწილდება და გადაწყვეტილების/განჩინების გამომტან მოსამართლეს გადაეცემა.9

სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის საქმეებზე არის 14, ხოლო სისხლის სამართლის მიმართულებით - 7 გამონაკლისი.

ამას ემატება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის რამდენიმე მუხლით გათვალისწინებული ის შემთხვევები, როდესაც საქმეები ნაწილდება არა შემთხვევითობის პრინციპით, არამედ კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოსამართლეზე.10 


საქმეთა განაწილების შეჩერება

არსებობს ცალკეული გარემოებები როდესაც, კონკრეტულ მოსამართლეზე საქმეების განაწილება ჩერდება, შესაბამისად, მცირდება იმ მოსამართლეთა რაოდენობა, რომელთა შორისაც საქმეები უნდა განაწილდეს.

უფრო კონკრეტულად: 

  1. შვებულების, სამსახურებრივი მივლინების, დროებითი შრომისუუნარობის, ორსულობის და დეკრეტული შვებულების დროს საქმეები არ ნაწილდება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ შვებულების, სამსახურეობრივი მივლინების და დროებითი შრომისუუნარობის ხანგრძლივობა არ აღემატება 5 დღეს და გასანაწილებელი საქმეების განხილვის ვადა აღემატება 72 საათს.11
  2. განსაკუთრებული ობიექტური გარემოებების არსებობისას, თუ საქმის განხილვის ვადა არ აღემატება 72 საათს.12 
  3. მოსამართლის სხვა სასამართლოს მოსამართლედ დანიშვნისას, ასევე იმავე სასამართლოს სხვა სპეციალიზებულ შემადგენლობაში/კოლეგიაში/პალატაში გადასვლის შემთხვევაში მოსამართლეზე საქმეები არ ნაწილდება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებიდან მის ამოქმედებამდე პერიოდში.13
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ განსაზღვრული წესით არ განიმარტება რა იგულისხმება „განსაკუთრებულ ობიექტურ გარემოებებში“. ტერმინი „ობიექტური გარემოებები“ იმდენად ფართო და აბსტრაქტული ცნებაა, ბუნდოვანია, თუ რა გარემოებების არსებობისას უნდა შეჩერდეს საქმეთა განაწილება ელექტრონული სისტემის მეშვეობით. 


ელექტრონულად საქმეთა განაწილების ეფექტიანობა

საქმეთა ელექტრონული განაწილება ბოლო წლებში სასამართლო სისტემაში მიმდინარე რეფორმების მნიშვნელოვანი და პოზიტიური ნაწილია, რომლის ძირითადი მიზანი სასამართლოში შესული საქმეების სამართლიანი განაწილება, მოსამართლეთა თანაბარი დატვირთულობა, მიუკერძოებლად საქმის განხილვის უზრუნველყოფა და მოსამართლის ინდივიდუალური დამოუკიდებლობის ხარისხის ზრდაა. თუმცა ჩამოთვლილი მიზნების მიღწევა, მხოლოდ სისტემის სათანადოდ ფუნქციონირების შემთხვევაშია შესაძლებელი: როდესაც სისტემაში არაკეთილსინდისიერი ჩარევის შესაძლებლობა და საქმეთა განაწილებაზე კონტროლის ბერკეტები მინიმუმამდეა შემცირებული, ხოლო ელექტრონული სისტემის გარეშე საქმეთა განაწილება იშვიათი გამონაკლისის სახით დაიშვება. 

ელექტრონული განაწილების წესის პარალელურად არსებობს არაერთი საკანონმდებლო დონეზე თუ პრაქტიკაში ჩამოყალიბებული მექანიზმი, რომელიც ელექტრონული განაწილების სისტემის გამოყენებას ხელს უშლის. 

  • მოსამართლეთა არასაკმარისი რაოდენობა.
    მრავალი წელია, მოსამართლეთა არასაკმარისი რაოდენობა გადაუჭრელი პრობლემაა სასამართლო სისტემაში.  არაერთ სასამართლოში კონკრეტული სპეციალიზაციის მხოლოდ ერთი მოსამართლეა, რაც შეუძლებელს ხდის საქმეთა განაწილებისას შემთხვევითობის პრინციპის დაცვას. მეტიც, ზოგიერთ სასამართლოში მხოლოდ ერთი მოსამართლეა, რომელიც საქმეების ყველა სპეციალიზაციის მიმართულებით იხილავს.

  • საბჭოს მიერ ვიწრო სპეციალიზაციის განსაზღვრა.
    როგორც ზემოთ არის აღნიშნული, იმ სასამართლოებში, სადაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით განხორციელდა მოსამართლეთა უფრო ვიწრო სპეციალიზაცია ან შექმნილია სპეციალიზებული სასამართლო კოლეგიები, საქმეები ნაწილდება შესაბამისი კოლეგიის/ვიწრო სპეციალიზაციის მოსამართლეთა შორის. ვიწრო სპეციალიზაციის მიხედვით კი, მოსამართლეებს სასამართლოს თავმჯდომარე ერთპიროვნულად ანაწილებს. ამგვარი წესი მას საქმეთა განაწილების პროცესზე ზემოქმედების შესაძლებლობას უნარჩუნებს და მოსამართლეთა ინდივიდუალური დამოუკიდებლობის ხარისხის ამცირებს.

  • მოსამართლეთა მორიგეობის არსებული წესი.
    ზოგადი წესის თანახმად, სასამართლოში მორიგეობის განრიგი წინასწარ არის განსაზღვრული, თუმცა, შესაბამისი სასამართლოს თავმჯდომარეს შეუძლია ნებისმიერ დროს, ერთპიროვნულად შეიტანოს ცვლილება დადგენილ წესში. ამასთან, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს N1/56 გადაწყვეტილება ადგენს, რომ მსგავს შემთხვევაში განაწილებულ საქმეთა რაოდენობა მხედველობაში არ მიიღება. (1/56 გადაწყვეტილების მე-4 მუხლის მე-12 პუნქტი).

  • იმ გამონაკლისი საქმეების ფართო ჩამონათვალი, როდესაც საქმეები ელექტრონულად არ ნაწილდება.
    როგორც ზემოთ აღინიშნა, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ განსაზღვრა თითოეული სპეციალიზაციის (სამოქალაქო, ადმინისტრაციული, სისხლის სამართლის) საქმეების ფართო ჩამონათვალი, რომელთა შემთხვევაში, საქმეები ელექტრონულად, შემთხვევითობის პრინციპის დაცვით არ ნაწილდება, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს ელექტრონულად გასანაწილებელი საქმეების საერთო რაოდენობას. 

საქმეთა განაწილების ელექტრონული წესის გამოყენების ხელისშემშლელი ფაქტორების და მისი გვერდის ავლით საქმეების განაწილების შესაძლებლობათა ფართო სპექტრი, ლოგიკურად აჩენს შეკითხვას: მითია თუ რეალობა საქართველოს სასამართლო სისტემაში საქმეთა ელექტრონული წესით განაწილება?!

აუცილებელია ვენეციის კომისიის რეკომენდაციის შესაბამისად, ორგანული კანონით ,,მკაფიოდ’’ და ,,დეტალურად’’ განსაზღვროს საქმეთა ელექტრონული განაწილების წესი და აღმოფხვრას არსებული სივრცე მისი დარღვევებისათვის,’’ რასაც ,,შეუძლია დააკნინოს მართლმსაჯულების შიდა დამოუკიდებლობა.‘’14

სქოლიო

1. ვენეციის კომისიისა და ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა და კანონის უზენაესობის გენერალური დირექტორატის (DGI) ადამიანის უფლებათა დირექტორატის (DHR) ერთობლივი დასკვნა „საერთო სასამართლოების შესახებ“საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების კანონპროექტზე“. CDL-AD (2014)031, პარ. 69; გვ. 25
2. იქვე
3. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2017 წლის 1-ლი მაისის, N1/56 გადაწყვეტილება საქართველოს საერთო სასამართლოებში საქმეთა ავტომატურად, ელექტრონული სისტემის მეშვეობით განაწილების წესის დამტკიცების შესახებ. მე-2 მუხლი, 1-ლი პუნქტი.
4. იგივე, მე-2 მუხლი, მე-2 პუნქტი.
5. საქართ. ორგანული კანონი „საერთო სასამართლოების შესახებ“, მუხლი 30, პუნქ. 2
6. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2017 წლის 1-ლი მაისის, N1/56 გადაწყვეტილება საქართველოს საერთო სასამართლოებში საქმეთა ავტომატურად, ელექტრონული სისტემის მეშვეობით განაწილების წესის დამტკიცების შესახებ. მე-4 მუხლი, მე-3 პუნქ.
7. იგივე, მე-4 მუხლი, მე-4 პუნქტ.
8. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2017 წლის 1-ლი მაისის, N1/56 გადაწყვეტილება საქართველოს საერთო სასამართლოებში საქმეთა ავტომატურად, ელექტრონული სისტემის მეშვეობით განაწილების წესის დამტკიცების შესახებ. მუხლი 4; პუნქ. 12
9. იგივე, მუხლი 3; პუნქ. 2, 3 
10. იგივე, მუხლი 3; პუნქ. 4
11. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2017 წლის 1-ლი მაისის, N1/56 გადაწყვეტილება საქართველოს საერთო სასამართლოებში საქმეთა ავტომატურად, ელექტრონული სისტემის მეშვეობით განაწილების წესის დამტკიცების შესახებ. მუხლი 4; პუნქ. 14
12. იქვე
13. იგივე. მუხლი 4; პუნქ.142
14. ვენეციის კომისიისა და ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა და კანონის უზენაესობის გენერალური დირექტორატის (DGI) ადამიანის უფლებათა დირექტორატის (DHR) ერთობლივი დასკვნა „საერთო სასამართლოების შესახებ“საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების კანონპროექტზე“. CDL-AD (2014)031, პარ. 69; გვ. 25

-----

courtwatch.ge-ს მიერ გავრცელებული და ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალები წარმოადგენს „საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ საკუთრებას, მათი გამოყენებისას უნდა მიეთითოს „საქართველოს სასამართლოს გუშაგი“, როგორც წყარო.
ფოტო: vecteezy.com 
ავტორი: ქეთი გაჩეჩილაძე