სასამართლო კოლეგიების და პალატების თავმჯდომარეები - საჭირო თანამდებობა თუ პრივილეგია 

19.08.2022

სასამართლო კოლეგიის და პალატის თავმჯდომარის  მოვალეობები კანონით განსაზღვრული არ არის, სამაგიეროდ, დადგენილია  შრომის ანაზღაურების ოდენობა, რომელიც სიმბოლურად, მაგრამ მაინც განსხვავდება იმ მოსამართლისგან, რომელსაც სხვა თანამდებობა არ უკავია.
- თბილისის საქალაქო სასამართლოს კოლეგიის თავმჯდომარის თანამდებობრივი სარგო შეადგენს  4 300 ლარს, ხოლო დანამატი 3 400 ლარია.
- რაც შეეხება სააპელაციო სასამართლოს, პალატის (კოლეგიის) თავმჯდომარის  ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო 5 300 ლარია, ხოლო დანამატი - 3 050 ლარი.
კოლეგიის და პალატის თავმჯდომარეთა ერთ-ერთი პრივილეგია სამოსამართლო საქმიანობით ნაკლები დატვირთულობაა. მაგალითად,  სააპელაციო სასამართლოს კოლეგიის/პალატის თავმჯდომარეზე და თბილისის საქალაქო სასამართლოს კოლეგიის თავმჯდომარეზე (გარდა კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებული განსჯადი საქმეებისა), განსაკუთრებულ შემთხვევებში, შესაძლებელია განაწილდეს საქმეები, როგორც წესი, არაუმეტეს 5%-ისა. მიუხედავად იმისა, რომ ბუნდოვანია სასამართლოს კოლეგიის/პალატის თავმჯდომარის ადმინისტრაციული ფუნქციები, მათი დატვირთულობა სამოსამართლო საქმიანობით, წარმოუდგენლად დაბალია.  
არ არსებობს  კანონქვემდებარე აქტი ან სამართლებრივი ნორმა, რომელიც განსაზღვრავს აღნიშნულ თანამდებობის პირთა ფუნქციებსა და უფლებამოსილების ფარგლებს. გაურკვეველია, კონკრეტულად, პრაქტიკაში რა სახის ადმინისტრაციული ვალდებულებები აკისრიათ სასამართლო კოლეგიის და პალატის თავმჯდომარეებს. 
ერთადერთი ჩანაწერი, რომელიც სასამართლოს კოლეგიის თავმჯდომარის მოვალეობასთან დაკავშირებით გვხდება, შემდეგია: სასამართლოს თავმჯდომარის არყოფნისას მის მოვალეობას, მისივე დავალებით, ასრულებს სასამართლოს ერთ-ერთი კოლეგიის თავმჯდომარე. ასეთი დავალების არარსებობისას მის მოვალეობას ასრულებს კოლეგიის თავმჯდომარე, რომელსაც მოსამართლედ მუშაობის მეტი გამოცდილება აქვს. ანალოგიური ჩანაწერი გვხვდება სააპელაციო სასამართლოს პალატის (კოლეგიის) თავმჯდომარესთან მიმართებაში, რომ მან გარკვეულ შემთხვევებში შეიძლება შეასრულოს სასამართლოს თავმჯდომარის ვალდებულება.

შესაბამისად, ჩვენ ვიცით, რას აკეთებს სასამართლო კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარე სასამართლოს თავმჯდომარის არყოფნისას, მაგრამ არ ვიცით, რას აკეთებს ის სასამართლოს თავმჯდომარის ყოფნისას.

ხშირად დანიშნული თავმჯდომარეები


იუსტიციის უმაღლესი საბჭოს  გადაწყვეტილებებს (რომლებიც გამოქვეყნებულია ოფიციალურ ვებგვერდზე) თუ  გავაანალიზებთ, აღმოჩნდება, რომ სხვადასხვა სასამართლო კოლეგიის/პალატის თავმჯდომარეები და მოავალეობის შემსრულებლები წლების განმავლობაში ხშირად ერთი და იგივე ადამიანები არიან.

თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარე:
მერაბ გაბინაშვილი - 2017 - 2019
ირაკლი შენგელია - 2019 - დღემდე
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარე:
ირაკლი შენგელია - 2007 - 2019
მიხეილ ჩინჩალაძე - 2019 - 2020
დიმიტრი გვრიტიშვილი - 2020 - დღემდე
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის თავმჯდომარე:
ლევან თევზაძე - 2018 - 2021
პაატა სილაგაძე - 2021- დღემდე
საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარე:
მერაბ გაბინაშვილი - 2019 (რამდენიმე თვე)
ვასილ მშვენიერაძე - 2019 - 2020
მიხეილ ჩინჩალაძე - 2020 - დღემდე
 
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარე:
დიმიტრი გვრიტიშვილი - 2012 - 2020 
ვასილ მშვენიერაძე - 2020 (რამდენიმე თვე)
საბჭოს ვებგვერდის მონაცემებით, ამჟამად პალატას თავმჯდომარე არ ჰყავს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარე:
გოჩა აბუსერიძე - 2013 - 2020
დიმიტრი გვრიტიშვილი - 2020 (ივნისი -ივლისი)
საბჭოს ვებგვერდის მონაცემებით, ამჟამად პალატას თავმჯდომარე არ ჰყავს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის თავმჯდომარე:
საბჭოს ვებგვერდის მონაცემებით, პალატას 2015 წლიდან თავმჯდომარე არ ჰყავს
საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარე:
მალხაზ ოქროპირაშვილი - 2017- 2022
 
თბილისის საქალაქო სასამართლო

თბილისის საქალაქო სასამართლოში განსაკუთრებით თვალშისაცემია, რომ საქართველოში მოსამართლეთა რაოდენობის თვალსაზრისით ყველაზე მრავალრიცხოვან სასამართლოში, ძირითადად რამდენიმე მოსამართლე ფიგურირებს კოლეგიების თავმჯდომარის თანამდებობაზე, რომლებიც ხშირად ენაცვლებიან ერთმანეთს.  აქვე საგულისხმოა, რომ ისინი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოქმედი ან ყოფილი წევრები არიან. 

სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარე:
სერგო მეთოფიშვილი - 2016 - 2019
ბიძინა სტურუა - 2019 (1 თვეზე ნაკლები პერიოდი)
სერგო მეთოფიშვილი - 2020 - 2021
ბადრი შონია - 2021 - 2022
ვასილ მშვენიერაძე - 2022 ივლისიდან

ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარე:
ვასილ მშვენიერაძე - 2017-2019
სერგო მეთოფიშვილი - 2019
ბადრი შონია - 2020 - 2021
სერგო მეთოფიშვილი - 2021 
ვასილ მშვენიერაძე - 2021 - 2022
ბადრი შონია - 2022 ივლისიდან

სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარე:
თემურ გოგოხია - 2021 - დღემდე
სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის თავმჯდომარე:
ბადრი შონია - 2017 (ივლისი - ოქტომბერი)
თემურ გოგოხია - 2017 - 2021 
საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის თავმჯდომარე:
ბადრი შონია - 2017 (მაისი-ივლისი)
სერგო მეთოფიშვილი - 2021 - დღემდე

დღეისათვის არაერთ სასამართლოს პალატებსა და კოლეგიებს თავმჯდომარეები არ ჰყავთ, რაც კიდევ ერთხელ გვაფიქრებინებს, საჭიროა თუ არა საერთოდ ეს თანამდებობა? ამასთან, ბუნდოვანია რას და რის საფუძველზე საქმიანობენ ის პირები, რომლებიც ინიშნებიან კოლეგიისა/პალატის თავმჯდომარედ?

როგორ ინიშნება სასამართლო კოლეგიის და პალატის თავმჯდომარე?

სასამართლო კოლეგიის და პალატის თავმჯდომარეს 5  წლის ვადით ნიშნავს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.  კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარედ არ შეიძლება დაინიშნოს მოსამართლე, რომელიც თანამდებობაზე 3-წლიანი გამოსაცდელი ვადით არის გამწესებული, გარდა იმ შემთხვევებისა როდესაც პირს აქვს მოსამართლედ მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება. თანამდებობაზე 3 წლის ვადით გამწესებული მოსამართლე სასამართლო კოლეგიის თავმჯდომარედ დაინიშნება თავისი უფლებამოსილების ვადის ფარგლებში.

კოლეგიები და პალატები საქართველოს სასამართლოებში

სასამართლოებში, სადაც ორზე მეტი მოსამართლეა და საქმეთა წარმოება განსაკუთრებული ინტენსიურობით მიმდინარეობს, შეიძლება, შეიქმნას სპეციალიზებული სასამართლო კოლეგიები. ამის შესახებ გადაწყვეტილებას იუსტიციის უმაღლესი საბჭო იღებს. ეს უკანასკნელი განსაზღვრავს სასამართლო კოლეგიებში მოსამართლეთა რაოდენობასაც და შემადგენლობასაც. 

ამჟამად საქართველოს 6 რაიონულ (საქალაქო) სასამართლოშია შექმნილი კოლეგია:
  • თბილისის საქალაქო სასამართლო
  • ბათუმის საქალაქო სასამართლო
  • გორის რაიონული სასამართლო
  • მცხეთის რაიონული სასამართლო
  • რუსთავის საქალაქო სასამართლო
  • ქუთაისის საქალაქო სასამართლო
სააპელაციო სასამართლოებში კი შექმნილია:
  • სამოქალაქო საქმეთა პალატა
  • ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
  • სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
  • საგამოძიებო კოლეგია

რა შემთხვევაში ათავისუფლებენ სასამართლო კოლეგიის თავმჯდომარეს?

რაიონული (საქალაქო) სასამართლოს და სააპელაციო სასამართლოების კოლეგიის/პალატის თავმჯდომარის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლებია: პირადი განცხადება, თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადის გასვლა, სამოსამართლო უფლებამოსილების შეწყვეტა, აგრეთვე, დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიება.
წლების განმავლობაში ერთი და იგივე ადამიანები - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოქმედი და ყოფილი მოსამართლე წევრები და მათთან დაახლოებული მოსამართლეები გვევლინებიან კოლეგიის და პალატის თავმჯდომარეებად, ამიტომ უნდა ვივარაუდოთ, რომ ამ პოზიციაზე დანიშვნა სამოსამართლო საქმიანობით ნაკლებ დატვირთულობასთან ერთად, სხვა პრივილეგიებთანაც არის დაკავშირებული. ვინაიდან კოლეგიის/პალატის თავმჯდომარის ინსტიტუტით სასამართლოებში სუბორდინაციის დამატებითი ელემენტი იქმნება, ამ თანამდებობის კიდევ ერთი უპირატესობა სასამართლოში გავლენის ქონის შესაძლებლობაა.

ზოგიერთ სასამართლოში ხანგრძლივი ვადით სასამართლოს პალატების თავმჯდომარის არდანიშვნა, მიუთითებს იმაზე, რომ აღნიშნული პოზიციის არსებობა აუცილებლობას არ წარმოადგენს. განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც კანონით გათვალისწინებულია კოლეგიისა თუ პალატის თავმჯდომარის თანამდებობა, მაგრამ  არა მოვალეობები.


-----
courtwatch.ge-ს მიერ გავრცელებული და ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალები წარმოადგენს „საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ საკუთრებას, მათი გამოყენებისას უნდა მიეთითოს „საქართველოს სასამართლოს გუშაგი“, როგორც წყარო.
ფოტო: unsplash.com


ავტორი: ქეთი გაჩეჩილაძე