15 წლის განმავლობაში მოსამართლესთან კომუნიკაციის დარღვევის 12 ფაქტი დაფიქსირდა

27.01.2023
საქართველოში მოსამართლეები, სავარაუდოდ, ნაკლებად რეაგირებენ მათთან აკრძალული კომუნიკაციის შემთხვევებზე, სწორედ, ამაზე მეტყველებს ის მწირი სტატისტიკა, რაც გვაჩვენა 15-წლიანი პრაქტიკის შესწავლამ.

ინდივიდუალური მოსამართლის დამოუკიდებლობა და მის მიმართ პოლიტიკური თუ სხვა გავლენების არსებობა ის საკითხებია, რომლებიც ჩვენს რეალობაში აქტუალობას არ კარგავს. გახმაურებულ საქმეებთან დაკავშირებით, პოლიტიკური ხელისუფლების ან სხვა პირების/ჯგუფების გავლენების შესახებ, ხშირად ისმის ბრალდებები, რომ მოსამართლე არ იყო დამოუკიდებელი, მასზე ახდენდნენ ზეწოლას და მისი გადაწყვეტილება არ იყო სამართლიანი.

ბუნებრივია სამოსამართლო საქმიანობაში ჩარევა და გადაწყვეტილების მიღების პროცესზე ზემოქმედება ვერ განხორციელდება საქმის განმხილველ მოსამართლესთან კომუნიკაციის გარეშე. მოსამართლე კი ვალდებულია, მასთან აკრძალული ფორმით კომუნიკაციის შემთხვევაში, შეატყობინოს შესაბამის უფლებამოსილ პირს (ძირითად შემთხვევებში სასამართლოს თავმჯდომარეს).
 
საქართველოს სასამართლოს გუშაგი დაინტერესდა, როგორია სტატისტიკა მოსამართლეებთან კომუნიკაციის წესის დარღვევის შემთხვევებთან დაკავშირებით. ორგანიზაციის მიერ მოპოვებული ინფორმაცია ცხადყოფს, რომ სტატისტიკა მოსამართლესთან კომუნიკაციის დარღვევის შემთხვევების შესახებ ძალიან მწირია.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, დაახლოებით 15 წლის განმავლობაში – 2007 წლიდან 2022 წლამდე – გამოვლენილია საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეებთან კომუნიკაციის დარღვევის 12 ფაქტი. 

მოსამართლესთან კომუნიკაციის წესი დაირღვა შემდეგი პირების მიერ:

  • საჯარო მოხელე - 4; 
  • დაინტერესებული პირი - 4;
  • პროცესის მონაწილე - 3;
  • ადვოკატი - 1.

ყველა მათგანის შემთხვევაში გამოყენებული ღონისძიების სახე იყო ჯარიმა.

„მოსამართლესთან კომუნიკაცია“ - განმარტება 

ორგანული კანონი „საერთო სასამართლოების შესახებ“ კრძალავს მოსამართლესთან კომუნიკაციას, რომელიც დაკავშირებულია კონკრეტული საქმის ან საკითხის განხილვასთან ან/და საქმის სავარაუდო შედეგთან და არღვევს სასამართლოს/მოსამართლის დამოუკიდებლობის, მიუკერძოებლობისა და სასამართლო პროცესის შეჯიბრებითობის პრინციპებს.

მოსამართლესთან კომუნიკაცია დაუშვებელია საქმის სასამართლოში შესვლის მომენტიდან ამ საქმეზე გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, ხოლო სისხლის სამართლის საქმეზე აგრეთვე გამოძიების მიმდინარეობისას. 

ტერმინი „მოსამართლესთან კომუნიკაცია“ გულისხმობს საერთო სასამართლოს მოსამართლესთან ნებისმიერი ფორმით კომუნიკაციას, მათ შორის, მიმოწერას, ტელეფონით ან სხვა ტექნიკური საშუალებით საუბარს.

პირები, რომელთაც ეკრძალებათ მოსამართლესთან კომუნიკაცია

განსახილველ საქმესთან დაკავშირებით მოსამართლესთან კომუნიკაცია ეკრძალება:

  1. პროცესის მონაწილეს;
  2. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს;
  3. საჯარო მოსამსახურეს;
  4. სახელმწიფო მოსამსახურეს;
  5. სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირს;
  6. პოლიტიკური თანამდებობის პირს.


ზემოთ ჩამოთვლილი სუბიექტების მიერ მოსამართლესთან აკრძალული კომუნიკაცია დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დაჯარიმების საფუძველია.

მოსამართლესთან კომუნიკაციის წესის დარღვევისთვის ჯარიმის ოდენობა

  1. პროცესის მონაწილის, დაინტერესებული პირის, საჯარო მოსამსახურის შემთხვევაში − არაუმეტეს 5 000 ლარი;
  2. სახელმწიფო მოსამსახურის, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის, პოლიტიკური თანამდებობის პირის შემთხვევაში − არაუმეტეს 10 000 ლარი.

თუ კომუნიკაცია დანაშაულის ნიშნებს ატარებს, მასზე სისხლის სამართლის კოდექსის ნორმები ვრცელდება და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა მოჰყვება. მაგ. სასამართლოს საქმიანობაში უხეში ჩარევა (სისხლის სამართლის კოდექსის 364-ე მუხლი); მოსამართლის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების ან დაზიანების მუქარა (სსკ-ს 365-ე მუხლი) დანაშაულია და სისხლის სამართლებრივად ისჯება. 


სამართლებრივი რეაგირება მოსამართლესთან კომუნიკაციის წესის დარღვევაზე

ვის ეგზავნება წერილობითი შეტყობინება აკრძალული კომუნიკაციის შესახებ:

  • კანონით გათვალისწინებული აკრძალული კომუნიკაციის შემთხვევაში, კომუნიკაციის ადრესატი (ის მოსამართლე, ვისთანაც კომუნიკაცია განხორციელდა) ვალდებულია, დაუყოვნებლივ წერილობით შეატყობინოს თავმჯდომარეს ან მის მიერ უფლებამოსილ მოსამართლეს.
  • იმ შემთხვევაში, თუ მოსამართლე ამავდროულად სასამართლოს თავმჯდომარეა, მასთან აკრძალული ფორმით კომუნიკაციის შესახებ ის დაუყოვნებლივ ატყობინებს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს თავმჯდომარეს ან მის მიერ უფლებამოსილ მოსამართლეს.
  • რაც შეეხება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს – აკრძალული ფორმით კომუნიკაციის შესახებ მან დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პირველ მოადგილეს ან თავმჯდომარის მიერ უფლებამოსილ მოადგილეს.
  • უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ კი უნდა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს.


მოსამართლე, რომელსაც მოსამართლის წერილობითი შეტყობინების განხილვის უფლებამოსილება აქვს, შეტყობინებას განიხილავს მიღებიდან 14 დღის ვადაში.

კანონი წერილობითი შეტყობინების განხილვაში მონაწილეობის უფლებას ანიჭებს პირს, რომელსაც შეტყობინების თანახმად, აკრძალული ფორმით კომუნიკაცია ჰქონდა მოსამართლესთან, მის ადვოკატს (კანონიერ წარმომადგენელს), აგრეთვე, შეტყობინების ავტორს. გარდა ამისა, საკითხის განმხილველმა მოსამართლემ შესაძლოა, გამოიძახოს და დაკითხოს პირი, რომლის ჩვენებასაც შეიძლება, არსებითი მნიშვნელობა ჰქონდეს საკითხის გადაწყვეტისას, ასევე წინადადება მისცეს მხარეებს, წარადგინონ მტკიცებულებები, რომლებიც საჭიროა შეტყობინებაში მითითებული ინფორმაციის შესამოწმებლად. 

საგულისხმოა, რომ კანონი არ ავალდებულებს წერილობითი შეტყობინების განმხილველ მოსამართლეს, საკითხი განიხილოს ზეპირად. ორგანული კანონის თანახმად, მოსამართლე ჩაატარებს ზეპირ მოსმენას მხარეთა მონაწილეობით, თუ ასე მიიჩნევს საჭიროდ, ხოლო მხარეთა გამოუცხადებლობა არ აბრკოლებს საკითხის განხილვას. 

თუ მხარეები მონაწილეობენ ზეპირ განხილვაში, მათ უფლება აქვთ, განმარტებები მისცენ საკითხთან დაკავშირებით და ჩამოაყალიბონ თავიანთი მოსაზრებები. 

თუ წერილობითი შეტყობინების განხილვის უფლების მქონე მოსამართლე შეტყობინებას არ განიხილავს მითითებულ ვადაში, წერილობითი შეტყობინების ავტორი უფლებამოსილია, მიმართოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს. საბჭო წერილობით შეტყობინებას განიხილავს მისი მიღებიდან ერთი თვის ვადაში.

პასუხისმგებლობა აკრძალული ფორმით კომუნიკაციისთვის

საკითხის განხილვის შემდეგ, თუკი უფლებამოსილი მოსამართლე დაადგენს, რომ მოსამართლესთან ჰქონდათ აკრძალული ფორმით კომუნიკაცია, უფლება აქვს:
 

  • მიიღოს გადაწყვეტილება მისი დაჯარიმების შესახებ;
  • საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის წინაშე დასვას მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხი, თუ პირი არის საჯარო მოსამსახურე.


საჯარო მოსამსახურის ცნებას განსაზღვრავს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 (დ) მუხლი, რომლის თანახმად, საჯარო მოსამსახურე არის საჯარო სამსახურში ადმინისტრაციული ხელშეკრულებით ან შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პროფესიული საჯარო მოხელე, საჯარო მოხელე ან მოხელე. 

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი წერილობით შეტყობინებას განიხილავს მისი მიღებიდან ერთი თვის ვადაში და უფლებამოსილია: პროკურორის მიერ მოსამართლესთან აკრძალული ფორმით კომუნიკაციის შემთხვევაში რეაგირების მიზნით წარდგინებით მიმართოს გენერალურ პროკურორს; ადვოკატის შემთხვევაში – ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს. 

რაც შეეხება გამომძიებლის მიერ მოსამართლესთან აკრძალული ფორმით კომუნიკაციას, ორგანული კანონი კონკრეტულად არ განმარტავს, მსგავს შემთხვევაში ვინ არის უფლებამოსილი პირი, რომელმაც რეაგირება უნდა მოახდინოს გამომძიებლის ქმედებაზე და ვის უნდა მიმართოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა.

თუ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი მასალების განხილვის შედეგად მივა დასკვნამდე, რომ ქმედება შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, იგი უფლებამოსილია, საქმის მასალები ქვემდებარეობის მიხედვით გაუგზავნოს შესაბამის საგამოძიებო ორგანოებს.

ორგანული კანონი უფლებას ანიჭებს დაჯარიმებულ პირს ან მის ადვოკატს (კანონიერ წარმომადგენელს), რომ დაჯარიმების შესახებ გადაწყვეტილება ერთჯერადად გაასაჩივროს ზემდგომი სასამართლოს თავმჯდომარესთან ან მის მიერ უფლებამოსილ მოსამართლესთან, ხოლო უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის განკარგულება – უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესთან.

მოსამართლის დაცვას ზემოქმედების ნებისმიერი ფორმისგან არსებითი მნიშვნელობა აქვს მოსამართლის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფისა და სამართლიანი მართლმსაჯულებისათვის. სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი აკრძალული კომუნიკაციის ფაქტებზე მოსამართლეების მხრიდან რეაგირება, რაც ამავდროულად მყარ საფუძველს შექმნიდა მომავალში მსგავსი ფაქტების პრევენციისათვის.

-----

courtwatch.ge-ს მიერ გავრცელებული და ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალები წარმოადგენს „საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ საკუთრებას, მათი გამოყენებისას უნდა მიეთითოს „საქართველოს სასამართლოს გუშაგი“, როგორც წყარო. 

ფოტო: unsplash.com


მიმაგრებული ფაილი:

ავტორი: ქეთი გაჩეჩილაძე