საერთო სასამართლოების ნებისმიერ მოსამართლეს შეუძლია, მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს წარდგინებით, იმ ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობის შესაფასებლად, რომელიც კონკრეტული საქმის განხილვისას უნდა გამოიყენოს მან და რომელიც, მისი საფუძვლიანი ვარაუდით, შეიძლება, ეწინააღმდეგებოდეს კონსტიტუციას.
ამ მექანიზმის მეშვეობით, ერთი მხრივ, საკონსტიტუციო სასამართლოს ეძლევა საშუალება, იმსჯელოს სამართლებრივი ნორმის კონსტიტუციურობაზე, როდესაც მის კონსტიტუციურობაში ეჭვი შეაქვს მოსამართლეს და, მეორე მხრივ, თავად საერთო სასამართლოს მოსამართლეს აქვს ბერკეტი, არ დააფუძნოს გადაწყვეტილება ნორმას, რომლის კონსტიტუციურობაშიც დარწმუნებული არ არის.
მთლიანობაში, საერთო სასამართლოების საკონსტიტუციო წარდგინების ინსტიტუტი იცავს სამოქალაქო და ადმინისტრაციულ პროცესში მხარეებს, სისხლის სამართლის კატეგორიის საქმის შემთხვევაში კი – ბრალდებულსა და პროცესის სხვა მონაწილეებს მათ მიმართ არაკონსტიტუციური ნორმების გამოყენებისაგან.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ორგანული კანონი განსაზღვრავს კონსტიტუციური წარდგინების საფუძველზე კონსტიტუციური სამართალწარმოების პროცედურულ დეტალებს: წარდგინება უნდა იყოს წერილობითი ფორმის და დასაბუთებული. დასაბუთებაში იგულისხმება როგორც სამართლებრივი საფუძვლების წარდგენა, ასევე იმ კონკრეტული საქმის მითითება, რომელშიც საჭირო გახდა მისი გამოყენება. ამასთან, აუცილებელია წარდგინების გამყარება მტკიცებულებებით, რომლებიც მის საფუძვლიანობას ადასტურებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში 2022 წლის 24 ნოემბერს შევიდა ცვლილება, რომლის თანახმად, კონსტიტუციურ წარდგინებაში შეიძლება მიეთითოს მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტები.
იმისათვის, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ განსახილველად მიიღოს, კონსტიტუციური წარდგინება ფორმით ან შინაარსით უნდა შეესაბამებოდეს ორგანული კანონის მოთხოვნებს.
კონსტიტუციური წარდგინების შემთხვევაში, საქმის განხილვა ჩერდება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე.
საერთო სასამართლოს წარდგინების საფუძველზე, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე უნდა შეჩერდეს ამ საქმის განხილვა, რომელშიც გამოიყენება სადავო ნორმატიული აქტი.
ასეთი წესი არ მოქმედებს კონსტიტუციური სარჩელის საფუძველზე დაწყებული სამართალწარმოების მიმართ და მოსარჩელის სასარგებლოდ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაშიც კი, ანუ ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის შემთხვევაშიც, მას მხოლოდ Post Factum ექნება გავლენა მოსარჩელის სამართლებრივ მდგომარეობაზე.
კონსტიტუციური სარჩელისგან კიდევ ერთი განსხვავება მდგომარეობს იმაში, რომ საკონსტიტუციო წარდგინების შემთხვევაში, წარდგინების ავტორს (მოსამართლეს) არ შეუძლია, უარი თქვას წარდგინების საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განხილვაზე და, შესაბამისად, საკონსტიტუციო წარდგინების განხილვა ნებისმიერ შემთხვევაში გრძელდება.
კონსტიტუციური წარდგინების განხილვის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 9 თვეს, საკონსტიტუციო სასამართლოში კონსტიტუციური სარჩელის ან კონსტიტუციური წარდგინების რეგისტრაციის მომენტიდან. განსაკუთრებულ შემთხვევაში სარჩელის განხილვის ვადას არაუმეტეს 2 თვით აგრძელებს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი მიუთითებს, რომ იმ შემთხვევაში, როდესაც სასამართლოში განიხილება სისხლის სამართლის საქმე და საქმის განმხილველი მოსამართლე (მოსამართლეები) მიიჩნევს, რომ მის მიერ ამ კონკრეტულ საქმეზე გამოსაყენებელი სისხლის სამართლის მატერიალური ან საპროცესო ნორმა შესაძლოა იყოს არაკონსტიტუციური, იგი საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ორგანული კანონით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებით მიმართავს საკონსტიტუციო სასამართლოს.
„საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მიხედვით, სავალდებულო წესით ჩერდება საქმის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში სასამართლო განხილვის შეჩერების ერთ-ერთ საფუძვლად მითითებულია საკონსტიტუციო სასამართლოსათვის საქმის განმხილველი მოსამართლის მიმართვა კანონის კონსტიტუციურობის თაობაზე.
ამასთან, იქვე მითითებულია, რომ ასეთ შემთხვევაში პროცესუალურად სასამართლო მხარის შუამდგომლობის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას სასამართლო განხილვის შეჩერების შესახებ.
გაუგებარია, რატომ მიუთითებს საპროცესო კოდექსი მხარის შუამდგომლობის საჭიროებაზე, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მოსამართლის მიერ წარდგინებით მიმართვის შემთხვევაში ავტომატურად ჩერდება საქმის განხილვა. მიუხედავად იმისა, პრაქტიკაში დგას თუ არა ამ თვალსაზრისით პრობლემა, არ არის გამართლებული ისეთი საკანონმდებლო ჩანაწერის არსებობა, რომელიც განსხვავებულად არეგულირებს ორგანული კანონით იმპერატიულად დადგენილ საკითხს.
კონსტიტუციური წარდგინება იმ პირების საქმეზე, რომელთა მიმართ გამოყენებულია პატიმრობა, აღკვეთის ღონისძიების სახით
საინტერესოა, რა ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც ბრალდებულის მიმართ კონკრეტულ საქმეში აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობაა გამოყენებული, საკონსტიტუციო წარდგინების გამო კი საქმე შეჩერებულია?
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ადგენს, რომ სასამართლო ვალდებულია, თავისი ინიციატივით, ორ თვეში ერთხელ მაინც განიხილოს პატიმრობის ძალაში დატოვების აუცილებლობის საკითხი.
ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანი იქნებოდა, თუ სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა დააკონკრეტებდა პროცედურას აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის საკითხზე, იმ შემთხვევაში, როდესაც კონსტიტუციური წარდგინების გამო საქმის განხილვა შეჩერებულია.
მოსამართლე არის ის პირი, რომელიც სამოსამართლო უფლებამოსილების განხორციელებისას არის საუკეთესო პოზიციაში, რადგან მას შეუძლია, გამოავლინოს ნორმის კონსტიტუციურობასთან დაკავშირებული პრობლემური ასპექტები და მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს მათთან დაკავშირებით გადაწყვეტილების გამოსატანად. იმის გათვალისწინებით, რომ მოსამართლე მიუკერძოებელი არბიტრია და არ წარმოადგენს დაინტერესებულ მხარეს, არსებობს მოლოდინი, რომ მისი წარდგინება მიზნად ისახავს არა სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას, არამედ კანონიერი გადაწყვეტილების მიღებას და მართლმსაჯულების ჯეროვნად განხორციელებას.
კონსტიტუციური წარდგინების მექანიზმის გამოყენება შეიძლება განვიხილოთ, როგორც მართლმსაჯულების ჯეროვნად განხორციელების ერთ-ერთი მაჩვენებელი. კონსტიტუციური წარდგენით საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის უფლება აქვს სამივე ინსტანციის სასამართლოს.
„საქართველოს სასამართლოს გუშაგმა“ შეისწავლა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ოფიციალური სტატისტიკური მონაცემები და წლიური ანგარიშები. წარმოგიდგენთ ბოლო 5 წლის განმავლობაში საერთო სასამართლოების მიერ კონსტიტუციური წარდგინების შესაძლებლობის გამოყენების შესახებ სტატისტიკურ ინფორმაციას:
ჯამში დარეგისტრირდა 423 კონსტიტუციური სარჩელი და წარდგინება:
ჯამში დარეგისტრირდა 95 საკონსტიტუციო სარჩელი და წარდგინება:
ჯამში დარეგისტრირდა 92 კონსტიტუციური სარჩელი და წარდგინება:
ჯამში დარეგისტრირდა 81 კონსტიტუციური სარჩელი და წარდგინება:
(ვინაიდან 2021-2022 წლების სტატისტიკა და წლიური ანგარიშები საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე არ არის გამოქვეყნებული, „სასამართლოს გუშაგი“ მხოლოდ მის მიერ შესწავლილ კონსტიტუციური წარდგინებების სტატისტიკას მიუთითებს).
ბოლო 5 წლის განმავლობაში საკონსტიტუციო სარჩელების რაოდენობა გაცილებით აღემატება საერთო სასამართლოების მოსამართლეთა კონსტიტუციური წარდგინებების რაოდენობას. სავარაუდოდ, ამის მიზეზია მოსამართლეთა და, ზოგადად, სასამართლო სისტემის გადატვირთულობა.
ამას მოწმობს თავად მოსამართლეების პოზიციაც. „სასამართლოს გუშაგი“ აკვირდება იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეობის კანდიდატებთან მიმდინარე გასაუბრებას, რომლის დროსაც, ერთ-ერთმა კანდიდატმა (რომელიც მოქმედი მოსამართლეა) აღნიშნა, რომ საქმეთა დიდი რაოდენობის გამო, მოსამართლეებს არ რჩებათ დრო ისეთი მექანიზმების გამოსაყენებლად, როგორიცაა საკონსტიტუციო წარდგინება.
როგორც უკვე აღინიშნა, საკონსტიტუციო წარდგინება განსახილველად მიიღება იმ შემთხვევაში, როდესაც სათანადოდ არის დასაბუთებული და მტკიცებულებებით გამყარებული. შესაბამისად, მისი მომზადება შესაბამის დროსთან და რესურსთან არის დაკავშირებული.
საინტერესოა, რომელი ინსტანციის სასამართლოები იყენებენ ყველაზე ხშირად საკონსტიტუციო წარდგინების მექანიზმს და რა კატეგორიის სამართლებრივ აქტებთან მიმართებით.
საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე არსებული ინფორმაციის მიხედვით, ამ ეტაპზე არის შემდეგი მოცემულობა:
როგორც აღნიშნული მონაცემებიდან ჩანს, ბოლო 5 წლის განმავლობაში კონსტიტუციურ წარდგინებათა უდიდესი ნაწილი შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსს, ხოლო წარდგინებების ავტორი უმეტესწილად არის პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსამართლე.
-----
ფოტო: საკონსტიტუციო სასამართლოს ოფიციალური ვებგვერდი.