სასამართლოს ოფიცერი - გზა გადატვირთულობის პრობლემის მოსაგვარებლად

08.12.2023

საქართველოს პარლამენტმა 2022 წელს სასამართლოს სტრატეგია და სამოქმედო გეგმა მიიღო, ხოლო 2023 წლის ნოემბერში „დეოლიგარქიზაციის გეგმა“ შეიმუშავა. ორივე დოკუმენტში აღნიშნულია, რომ სასამართლოში საქმეთა ნაკადის შემცირებისა და გადატვირთულობის პრობლემის მოგვარებისთვის აუცილებელია დავის ისეთი ალტერნატიული საშუალებების განვითარება, როგორიც მედიაცია და არბიტრაჟია. თუმცა, სხვა სისტემურ სიახლეებზე, რომელიც გაჭიანურებული საქმეების პრობლემას გაუმკლავდებოდა, საუბარი არ არის.

საერთაშორისო გამოცდილების მიხედვით, სასამართლოს გადატვირთულობის შემცირების ერთ-ერთი ეფექტიანი საშუალება სასამართლოს ოფიცრის (Rechtspfleger) ინსტიტუტის შემოღებაა.

იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემისთვის ოფიცრების ინსტიტუტი სასამართლოს მაგისტრი/მოხელის სახით უკვე დანერგილია, მიგვაჩნია, რომ მისი განვითარება სასამართლოებში გადატვირთულობის პრობლემას შეამცირებდა. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, მიმოვიხილოთ ის საერთაშორისო მიდგომა, რაც სასამართლოს ოფიცრის სამართლებრივ სტატუსსა და მათ უფლებამოსილებებს არეგულირებს.

სასამართლოს ოფიცერთა ევროპული კავშირი (European Union of Rechtspfleger)

ტერმინი „Rechtspfleger“ - სასამართლოს ოფიცერი (მოხელე) გერმანიასა და ავსტრიაში მიემართება პირებს, რომლებიც დამოუკიდებლად იღებენ გადაწყვეტილებებს კონკრეტულ სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსამართლეების მსგავსად.
1967 წელს დაფუძნდა სასამართლოს ოფიცერთა ევროპული კავშირი (EUR), რომლის წევრები არიან 16 ევროპული და 3 არაევროპული ქვეყანა (გერმანია, ავსტრია, ბელგია, დანია, ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, იტალია, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, შვედეთი, სამხრეთ კორეა, მაროკო და იაპონია). EUR-ის მიზანს წარმოადგენს სხვადასხვა ქვეყნის სასამართლო სისტემებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება და სახელმწიფოებში მართლმსაჯულების ადმინისტრირების ეფექტიანობის გაზრდა.

EUR-ი სასამართლოს ოფიცრის პროფესიასთან დაკავშირებით აღნიშნავს:
„სახელმწიფოების მხრიდან ამ პროფესიის დანერგვა ემსახურება სასამართლოთა გადატვირთულობისგან განთავისუფლების მიზნებს. სასამართლოს ოფიცერს, სხვადასხვა ქვეყნის სპეციფიკური რეგულაციების გათვალისწინებით, შეუძლია განიხილოს საქმეთა გარკვეული კატეგორიები, რომლის გადაწყვეტაში მას აქვს სრული დამოუკიდებლობა, რაც შეამცირებს მოსამართლეთა გადაჭარბებული დატვირთვის მაჩვენებელს.“ (The European Union of Grefers/Rechtspfleger, white book 2016, გვ. 119).
EUR-ის „თეთრ წიგნში“, რომელიც მოიცავს წევრი ქვეყნების გამოცდილებებს, აგრეთვე, რეკომენდაციებს სასამართლოს ოფიცერთა სტატუსსა და უფლებამოსილებებთან დაკავშირებით, ჩამოთვლილია სასამართლო საქმეთა ის დარგები/კატეგორიები, რომლებზეც სასამართლოს ოფიცრებს შეუძლიათ მიიღონ გადაწყვეტილება:
  • უდავო წარმოებასთან დაკავშირებული სასამართლო საქმეები - რაც შეიძლება უკავშირდებოდეს საოჯახო სამართალს, მეურვეობას, მემკვიდრეობასა და მოქალაქის განცხადებებს;
  • სისხლის სამართლის საქმეები - ჯარიმების აღსრულება, საჯარო დევნა და პატიმრობის გადავადება;
  • სამოქალაქო საქმეები - შენობის აუქციონი, გადახდისუუნარობის საქმეები, ხარჯების დაბეგვრა, იძულებითი აღსრულება, აქტივების დაყადაღება და ა.შ. აღნიშნულ საქმეებთან დაკავშირებით სასამართლოს ოფიცრებს მთლიანი ან ნაწილობრივი კომპეტენცია აქვთ გადაწყვეტილების მისაღებად. უნდა აღინიშნოს ის, რომ ავსტრიაში სამოქალაქო საქმეების 80% სასამართლოს ოფიცრების მიერ განიხილება.
EUR-ის წევრ ქვეყნებში სასამართლოს ოფიცრები დაქვემდებარებულნი არიან საჯარო სამსახურს ან სასამართლო ორგანოს. ევროპის ქვეყნებში სასამართლოს ოფიცერთა კომპეტენციები და მათი სამართლებრივი სტატუსი განისაზღვრება შესაბამისი კანონებითა და რეგულაციებით. უნდა აღინიშნოს, რომ ავსტრიის შემთხვევაში სასამართლოს ოფიცრების კომპეტენცია გაწერილია კონსტიტუციაში (The European Union of Grefers/Rechtspfleger, white book 2016, გვ. 127).
EUR-ის რეკომენდაციაა, რომ სასამართლოს ოფიცრის კანდიდატი აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
  • სამართლის 4-წლიანი სწავლის დამადასტურებელი (ან ეკვივალენტური) დოკუმენტის წარდგენა შესაბამის ორგანოში;
  • 1-წლიანი სწავლება - ტრენინგის გავლა ისეთ თეორიული და პრაქტიკული საკითხებზე, რომლებიც კანდიდატს სასამართლოს ოფიცრის უფლება-მოვალეობების განხორციელებაში დაეხმარება;
  • გამოცდა - სწავლების დასრულების შემდეგ, თუ კანდიდატი წარმატებით ჩააბარებს გამოცდას, აპლიკანტს აქვს შესაძლებლობა დაინიშნოს სასამართლოს ოფიცრის პოზიციაზე.

სასამართლოს ოფიცრები გერმანიაში

გერმანიაში სასამართლოს ოფიცრის კურსებისა და სწავლების პროგრამების შემუშავება ფედერალური შტატების იუსტიციის საბჭოს კომპეტენციას განეკუთვნება.
იმისთვის, რომ პირი გახდეს სასამართლოს ოფიცერი, კანდიდატმა უნდა წარადგინოს სკოლის დამამთავრებელი გამოცდის სერტიფიკატი, რათა ჩააბაროს სასწავლებლის მისაღები გამოცდა, რომელსაც ატარებს ფედერალური შტატის იუსტიციის სამინისტრო ან ადგილობრივი უმაღლესი სასამართლო.
მისაღები გამოცდა შედგება წერილობითი და ზეპირი ნაწილებისგან. საგამოცდო საკითხები მოიცავს ისეთ თემებს, როგორიცაა ზოგადი განათლება, ისტორია, გერმანული ენა, მათემატიკა და ლოგიკა.
სწავლის განმავლობაში სტუდენტები ყოველგვარი შრომითი ხელშეკრულების გაფორმების გარეშე ინიშნებიან საჯარო მოხელეებად. მიუხედავად ამისა, ისინი სიმბოლური ანაზღაურების სახით იღებენ 860 ევროს ყოველთვიურად. სწავლება დაყოფილია თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილებად. თეორიული სწავლებას ეთმობა 24 თვე, ხოლო პრაქტიკულს - 12.
სტუდენტებს საბოლოოდ უტარდებათ შემაჯამებელი გამოცდა, რომლის ჩაბარების შედეგად ხდებიან დიპლომირებული სასამართლოს ოფიცრები („Diplom-Rechtspfleger"). ამის შემდგომ მათ აქვთ უფლება, შეასრულონ Rechtspfleger-ის ყველა მოვალეობა, რომელიც გათვალისწინებულია კანონით. თავდაპირველად კურსდამთავრებულები ინიშნებიან საჯარო მოხელეებად გამოსაცდელი ვადით. გამოსაცდელი ვადის შემდგომ, რომელიც გრძელდება 2,5 წელი, დიპლომირებული სასამართლოს ოფიცერი უვადოდ იკავებს აღნიშნულ თანამდებობას.

საქართველო

საქართველოში სასამართლოს ოფიცრის შესატყვის ინსტიტუტს წარმოადგენს სასამართლოს მოხელე/მაგისტრი. თუმცა, უნდა აღინიშნოს ის, რომ საქართველოში ეროვნულ დონეზე არ არსებობს ცალკე სახის სამართლებრივი აქტი, რაც სასამართლოს მოხელის/მაგისტრის სამართლებრივ სტატუსზე, მის უფლება-მოვალეობებსა და საბაზისო კომპეტენციის საჭიროებაზე გაამახვილებდა ყურადღებას.
მოხელის კომპეტენციის აღწერას ვხვდებით საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 36-ე თავის 316-ე პრიმა, 37-ე თავის 321-ე პრიმა მუხლებში. აღნიშნული ნორმები მიუთითებს იმას, რომ სასამართლოს მოხელეს შეუძლია დაადგინოს იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი და განიხილოს უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარებისა და მოქალაქის გარდაცვლილად გამოცხადების საქმეები. მართალია, კოდექსის თანახმად, აღნიშნული ფუნქციების განმახორციელებელი პირი „მოხელედ“ მოიხსენიება, თუმცა სასამართლოების საშტატო ნუსხის მიხედვით მათ მაგისტრს უწოდებენ.
საერთო ჯამში მთელი ქვეყნის მასშტაბით გათვალისწინებულია 6 მაგისტრი/მოხელის შტატი, აქედან 5 თბილისის საქალაქო სასამართლოში, ხოლო 1 - რუსთავის საქალაქო სასამართლოში.
საერთო სასამართლოების ცხელი ხაზის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ამჟამად სულ 4 სასამართლოს მაგისტრი ახორციელებს უფლებამოსილებას, აქედან 3 - თბილისის საქალაქო სასამართლოში, ხოლო 1 - რუსთავის საქალაქო სასამართლოში.
2013 წლიდან დღემდე მაგისტრის თანამდებობაზე კონკურსი სასამართლოებმა სულ 11-ჯერ გამოაცხადეს, სადაც სასამართლოს მაგისტრის უფლება-მოვალეობები შემდეგნაირად არის აღწერილი:
„1. მაგისტრი ადგენს ფაქტებს, რომლებზედაც დამოკიდებულია მოქალაქეთა და ორგანიზაციათა პირადი ან ქონებრივი უფლებების წარმოშობა, შეცვლა ან მოსპობა;
2. მაგისტრი განიხილავს შემდეგ საქმეებს:
ა) პირთა ნათესაური კავშირის დადგენის შესახებ;
ბ) პირის კმაყოფაზე ყოფნის ფაქტის დადგენის შესახებ;
გ) მამობის დადგენის, ქორწინების, განქორწინების, სახელის ან/და გვარის შეცვლის რეგისტრაციის ან შვილად აყვანის ფაქტების დადგენის შესახებ;
დ) უფლების დამდგენი საბუთის იმ პირისადმი კუთვნილების ფაქტის დადგენის შესახებ, რომლის სახელი, მამის სახელი ან გვარი, რაც საბუთებშია აღნიშნული, არ ემთხვევა მის პასპორტში ან დაბადების მოწმობაში აღნიშნულ სახელს, მამის სახელს ან გვარს;
ე) მემკვიდრეობის მიღების ფაქტისა და მემკვიდრეობის გახსნის ადგილის დადგენის შესახებ;
ვ) მოქალაქის უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარების ან გარდაცვლილად გამოცხადების შესახებ."
რაც შეეხება საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, მაგისტრ/მოხელეს აუცილებელია, ჰქონდეს უმაღლესი იურიდიული განათლება და ამ პროფესიით მუშაობის 5-წლიანი (მათ შორის, ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის 2-წლიანი) გამოცდილება.

საქართველოში სასამართლოთა გადატვირთულობა ერთ-ერთი დიდი პრობლემაა. სწორედ ამიტომ ხელისუფლება უნდა ცდილობდეს ისეთი მექანიზმების დანერგვას, რომლებიც ემსახურება ეფექტიანი გზით სისტემის განტვირთვას. ერთ-ერთ ასეთ საშუალებად საქართველოს სასამართლოს გუშაგი სასამართლოს მაგისტრი/მოხელის ინსტიტუტის განვითარებას და გაძლიერებას განიხილავს, თუმცა ისეთი ფორმით, რომ გათვალისწინებული იქნას ის რისკები და სპეციფიკური გამოწვევები, რომლებიც საქართველოს სასამართლო სისტემას ახასიათებს. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ სასამართლო სისტემის გადატვირთულობის შესამცირებლად მხოლოდ მედიაციისა და არბიტრაჟის განვითარება გარდამტეხი ცვლილებებისთვის საკმარისი არ არის. ამიტომ საჭიროა, რომ დაიწყოს მსჯელობა სხვა საშუალებებზე, მათ შორის სასამართლოს მოხელის/მაგისტრის ინსტიტუტის კონცეფციის გადახედვაზე და ამ ინსტიტუტიც გაძლიერებაზე. 

უპირველეს ყოვლისა საჭიროა მოხელე/მაგისტრის სტატუსი განისაზღვროს კანონით და გაიზარდოს კომპეტენციის ფარგლები; ამასთან, შემუშავდეს სასწავლო მოდული სასამართლოს მოხელის/მაგისტრის მოსამზადებლად; ხოლო სასამართლოს მოხელე/მაგისტრი სწავლების დასრულების შემდგომ დაექვემდებაროს სავალდებულო გამოცდას; განისაზღვროს მოხელე/მაგისტრის დანიშვნის გამჭვირვალე სისტემა (ამჟამად მაგისტრი საქართველოში სასამართლოს თავმჯდომარის მიერ ინიშნება, რაც პრობლემურია); და რაც მთავარია, გაიზარდოს სასამართლოს მოხელის/მაგისტრის შტატები სასამართლოს საჭიროების მიხედვით.

-----
courtwatch.ge-ს მიერ გავრცელებული და ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალები წარმოადგენს „საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ საკუთრებას, მათი გამოყენებისას უნდა მიეთითოს „საქართველოს სასამართლოს გუშაგი“, როგორც წყარო.

ავტორი: ანა ჩიქოვანი