ალბათ, არავის გაგიკვირდებათ, თუ გეტყვით, რომ ამბავი, რომლის შესახებაც ამ ბლოგში მოგითხრობთ, სასამართლოს უკავშირდება. თუმცა, გამიხარდება, თუ ამ ტექსტს ის მოსამართლე არ წაიკითხავს, ვისაც აქ მოთხრობილი ამბავი უშუალოდ ეხება. ამას იმიტომ კი არ ვამბობ, რომ ვინმეს რამეს ვუმალავ, არა, უბრალოდ, არ მინდა, ეს ბლოგი გახდეს ინსპირაციის წყარო და მიზეზი იმისა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადღაც, რომელიღაც თაროდან დამტვერილი საქმე გადმოიღონ და სასამართლო სხდომა ჩანიშნონ.
ახლა მე მხოლოდ ერთი ინტერესი მაქვს – ამ ტექსტის წაკითხვის გარეშე, ოდესღაც, სადღაც მომავალში, ჩემთვის ჯერაც უცნობი მოსამართლე, სასამართლოსთან დაშვებული კანონიერი კომუნიკაციის ფორმის თუ ჩემი მხრიდან დამატებითი სამართლებრივი მექანიზმების გამოყენების გარეშე, როდის მივა ქართულ მართლმსაჯულებაში ჩაკარგულ, ჩემს ნატანჯ საქმემდე. სხვაგვარად რომ ვთქვა, პირველი სხდომა სარჩელის წარდგენიდან ათასი დღის გასვლამდე ჩაინიშნება თუ მერე – ათას ხუთასი ან ორი ათასი დღის შემდეგ? იქნებ ვჩქარობ, ამ ბლოგის წერის დროს ხომ, სულ რაღაც, 842-ე დღე იწურება სარჩელის წარდგენიდან?
როგორც არ უნდა იყოს, ისეთ უმარტივეს საქმეზე, რომლის მოთხოვნაა, დაევალოს ადმინისტრაციულ ორგანოს საჯარო ინფორმაციის გაცემა, 842 დღე უსაშველოდ ბევრია.
ვიცი, ვიღაც იტყვის, სასამართლო სისტემა გადატვირთულია, თითოეულ მოსამართლეს უამრავი საქმე აქვს განსახილველი და ა.შ., მაგრამ ეს ნაცნობი ტექსტები არაფრით ცვლის რეალობას, რაც იმას გულისხმობს, რომ დაგვიანებული მართლმსაჯულება საქართველოში ჩვეულებრივი ამბავია. არადა, საქმის დროულად, კანონით დადგენილ ვადებში ვერ/არ განხილვა რას შეიძლება ნიშნავდეს, ერთი ცნობილი საქმიდანაც კარგად ჩანს - „დაგვიანებული მართლმსაჯულება ხშირად მართლმსაჯულებაზე უარის თქმას უდრის“ (ვაზაგაშვილი საქართველოს წინააღმდეგ 50375/07; 18.10.2019). კი, ნამდვილად ასეა, ინფორმაცია, რომლის გაცემის დავალდებულებასაც აგერ უკვე 842 დღეზე მეტია, ვითხოვ, თუნდაც საქმის წარმატებით დასრულებისა და გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემთხვევაში, რაში და როგორ უნდა გამოვიყენო, ხომ ვერ მეტყვით?!
არ იფიქროთ, რომ ჩემი გულისწყრომა საქმის განმხილველ მოსამართლეს უკავშირდება. სულაც არა, ყველაზე ნაკლებად მოსამართლეზე ვბრაზობ. ისიც კი არ ვიცი, ვინ არის საქმის განმხილველი მოსამართლე. წესით და რიგით, ბრაზი და გულისწყრომა იმ ორგანოსკენ უნდა იყოს მიმართული, რომელიც, სხვა მილიონი ფუნქციის გარდა, სასამართლო სისტემის მაკოორდინირებელი, ხარისხიანი და ეფექტიანი მართლმსაჯულების ხელშეწყობისთვის არის შექმნილი. დიახ, სწორად მიმიხვდით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ვგულისხმობ. თუმცა, მათზე საერთოდ ვერ გავბრაზდები, სად სცალიათ სასამართლო სისტემის კოორდინირების, ხარისხიანი და ეფექტიანი მართლმსაჯულების ხელშეწყობისთვის. ჩემი თუ არ გჯერათ, გასული წლის სტატისტიკას გადახედეთ, 2023 წლის განმავლობაში იუსტიციის უმაღლეს საბჭოს 68 დანიშნული სხდომიდან 33 ძლივს ჩაუტარებია; 181 განსახილველი საკითხიდან კი 105-ის განხილვა მოუსწრია მხოლოდ. სხდომების დაგვიანებით დაწყებასა და ერთი საკითხის განხილვისთვის საშუალოდ დათმობილ 11 წუთზე აღარაფერს ვამბობ.
იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და ქართულ მართლმსაჯულებაზე საუბრით რომ არ გადაგღალოთ, რამდენიმე მნიშვნელოვან ამბავს გაგახსენებთ, რომელიც ბოლო 842 დღის განმავლობაში მოხდა საქართველოსა და მსოფლიოში, თუმცა ერთ უმარტივეს, ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეზე სასამართლოს სხდომა ჯერ ისევ არ დანიშნულა.
მაშ ასე, მოყოლებული იმ დღიდან, რაც მე თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შევიტანე, 842 დღეზე მეტი გავიდა. ამ ხნის განმავლობაში, ისედაც აჩქარებულ მსოფლიოში იმდენი რამ მოხდა: კოვიდ პანდემიამ ჩაიარა; უკრაინა გმირულად იცავს თავს რუსეთის მიერ გაჩაღებულ უსამართლო ომში, რომელიც უკრაინის სახელმწიფოს გაქრობით ემუქრება (არადა ვიღაცები რუსეთის გამარჯვებას ორ-სამ კვირაში პროგნოზირებდნენ); ანგელა მერკელის მრავალწლიანი კანცლერობის შემდეგ გერმანიას ახალი კანცლერი ჰყავს, ბრიტანეთს კი – ახალი მონარქი; გლობალური პოლიტიკური ცვლილებების ფონზე, საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი ოფიციალურად მიენიჭა; ფინეთმა უარი თქვა ნეიტრალიტეტზე და ნატოს 31-ე წევრი ოფიციალურად გახდა; მდგომარეობა ახლო აღმოსავლეთში კიდევ უფრო მეტად გამწვავდა...
მარტო პოლიტიკაზე რომ არ ვისაუბრო, ლიონელ მესიმ, არგენტინის საფეხბურთო ნაკრებთან ერთად, ნანატრი მსოფლიო ჩემპიონობა მოიპოვა; ხვიჩა კვარაცხელია იტალიის „სერია ა“-ს 2023 წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. სულ ახლახან კი ილია თოფურია UFC-ის პირველი ქართველი ჩემპიონი გახდა.
ერთი სიტყვით, სამყარო შეიცვალა, ბევრი რამ გადაფასდა და ახლებურად წარმოჩნდა; პოლიტიკასა თუ სპორტში ახალი გმირების დრო დადგა. სამაგიეროდ, უცვლელია ქართული მართლმსაჯულება – როგორც წესი, ხშირად დაგვიანებული და არაეფექტიანი.