17.03.2023

მოსამართლის გამოხატვის თავისუფლება

ევროპის მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭოს N25 მოსაზრების მიმოხილვა.

არსებობს სტერეოტიპი, რომ მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის პრინციპი მოსამართლისგან მოითხოვს, საჯარო პოზიციონირებისგან მაქსიმალურად თავის შეკავებას იმ თემებზე, რომლებიც საზოგადოებრივი დისკურსის ნაწილია. თუმცა, გამოხატვის თავისუფლება საბაზისო ღირებულებაა, რომელიც ისეთივე გარანტიებს ქმნის მოსამართლისათვის, როგორსაც სხვა პროფესიის მქონე მოქალაქეებისთვის.

საქართველოში მოსამართლეების მხრიდან მართლმსაჯულების პრობლემებზე ღიად საუბარი და კრიტიკული შეფასებები ხშირი არ არის, თუმცა მოსამართლეთა საჯაროდ გამოთქმული პირადი მოსაზრება, 2021 წლის დეკემბერში საკანონმდებლო ცვლილების საფუძველი გახდა. შედეგად, „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში შეტანილმა ცვლილებებმა მოსამართლის დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძველი გააფართოვა და „მოსამართლის მიერ აზრის გამოხატვა პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის დარღვევით“ დისციპლინურ გადაცდომად იქნა მიჩნეული. ამ მხრივ საინტერესოა ვენეციის კომისიის ბოლო მოსაზრებები 2022 წლის - CDL-AD(2022)010 და 2023 წლის - CDL-AD(2023)006. 2022 წლის მოსაზრებით, ვენეციის კომისიამ დისციპლინური პასუხისმგებლობის ამ ახალ საფუძვლებთან დაკავშირებით რეკომენდაცია გასცა, რომელსაც 2023 წლის მარტის მოსაზრებაშიც იმეორებს: „თუ ფორმულირება „პოლიტიკური ნეიტრალიტეტი“ შენარჩუნდება, კანონმა დისციპლინური სანქციების საფუძველი მხოლოდ ნეიტრალიტეტის მოვალეობის დარღვევასთან მიმართებით უნდა დაადგინოს ან გამორიცხოს სასამართლო სისტემის რეფორმები და საკანონმდებლო საკითხები.“ ამდენად, ვენეციის კომისიის მოსაზრებით, სასამართლო სისტემის რეფორმებსა და საკანონმდებლო საკითხებზე მოსამართლის მიერ აზრის საჯაროდ გამოთქმა უზრუნველყოფილია გამოხატვის თავისუფლებით. 

2022 წლის 2 დეკემბერს ევროპელ მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭომ (CCJE) გამოაქვეყნა #25 მოსაზრება მოსამართლეთა გამოხატვის თავისუფლების შესახებ. ამ დოკუმენტმა თავი მოუყარა ამ თემაზე დღემდე განვითარებულ სტანდარტებს და განსაზღვრა მოსამართლის გამოხატვის თავისუფლების ძირითადი ასპექტები. წინამდებარე სტატიაში განხილულია მოსამართლის გამოხატვის თავისუფლების საკითხი ევროპელ მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭოს მოსაზრებაზე დაყრდნობით, რომელიც თავის მხრივ ეფუძნება შემდეგ დოკუმენტებს: 

  • ევროპელ მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭოს მიერ ადრე მომზადებულ მოსაზრებებს;
  • მოსამართლეთა წესდების ევროპულ ქარტიას (1998);
  • მოსამართლეთა დამოუკიდებლობის, ეფექტიანობისა და პასუხისმგებლობის შესახებ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 2010 წლის რეკომენდაციას;
  • ვენეციის კომისიის ანგარიშს მოსამართლეთა გამოხატვის თავისუფლების შესახებ (2015)018).


მოსაზრება:

  • მიზნად ისახავს, შექმნას მოსამართლეებისთვის ძირითადი სახელმძღვანელო და ფართომასშტაბიანი ჩარჩო, თუ რა პარამეტრებით უნდა იხელმძღვანელოს მათ გამოხატვის თავისუფლების რეალიზებისას. ამ მოსაზრების მიზანი არ არის მოსამართლეთა გამოხატვის თავისუფლების მინიმალური ფარგლების განსაზღვრა. მოსაზრება ვრცელდება მოსამართლეთა ასოციაციების, სასამართლოს ან მართლმსაჯულების საბჭოს სახელით გაკეთებულ ზეპირ თუ წერილობით განცხადებებზე.
  • არ ეხება მოსამართლის მიერ თავისი გადაწყვეტილების დასაბუთებისას ჩამოყალიბებულ საკითხებს, რადგან ეს უკანასკნელი წარმოადგენს მისი სამოსამართლო საქმიანობის განხორციელებას და არა ინდივიდუალური უფლების რეალიზებას.
  • მხედველობაში იღებს ნაწილობრივ კონკურენტულ და ნაწილობრივ კომპლემენტარულ ინტერესებს, მათ შორის ინდივიდუალური მოსამართლის გამოხატვის თავისუფლებას, საზოგადოების უფლებას, იყოს ინფორმირებული მისთვის საინტერესო საკითხებზე, სამართლიანი სასამართლოს უფლებასა და უდანაშაულობის პრეზუმფციას. 


ხელისუფლების დანაწილების პრინციპი მოითხოვს სასამართლოს დამოუკიდებლობას და მოსამართლეთა გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფას, რაც იწვევს დისკომფორტს ორ მიზანს შორის – ერთი მხრივ, მოსამართლე არ პოზიციონირებდეს პოლიტიკოსივით, ხოლო მეორე მხრივ, დაცული იყოს მოსამართლის გამოხატვის თავისუფლება, როგორც დასტური სასამართლოს დამოუკიდებლობისა. 


ძირითადი პრინციპები


ევროპელ მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭო ფართოდ განმარტავს მოსამართლის ინდივიდუალური გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს და მის სივრცეში აქცევს მოსამართლის მიერ სასამართლოსა თუ მის გარეთ, კერძო საუბრისას თუ საჯაროდ გაკეთებულ განცხადებებს, საჯარო დებატებში მონაწილეობას და, საერთოდ, სოციალურ ცხოვრებაში ჩართულობას. თუმცა მოსამართლის თანამდებობის ინსტიტუციური ბუნება ინდივიდუალური მოსამართლის გამოხატვის თავისუფლებას ამბივალენტურ ხასიათს ანიჭებს. 

მოსამართლეების განცხადებებს შესაძლოა, გავლენა ჰქონდეს სასამართლო სისტემის საჯარო იმიჯზე, რადგან საზოგადოება მათ გამოხატვას ხშირად აღიქვამს არა როგორც სუბიექტურ მოსაზრებას, არამედ მიაწერს მთლიან ინსტიტუციას.

თანამდებობრივი ფუნქციების შესრულებისას მოსამართლეებს, როგორც სამართლის უზენაესობისა და სამართლიანობის გარანტორებს, განსაკუთრებული როლი აქვთ საზოგადოებაში.

გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვასთან დაკავშირებით ევროპული კონვენციის მე-10 მუხლი ადგენს, რომ შეზღუდვა დასაშვებია თუ:

  1. გათვალისწინებულია კანონით;
  2. შეესაბამება ლეგიტიმურ მიზანს;
  3. აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში;
  4. წარმოადგენს ლეგიტიმური მიზნის მიღწევის პროპორციულ საშუალებას.

რა შეიძლება წარმოადგენდეს ლეგიტიმურ მიზანს მოსამართლის გამოხატვის თავისუფლების კონტექსტში?


CCJE-ის მოსაზრებით, ეს მიზანი შეიძლება იყოს: სასამართლოს მიუკერძოებლობისა და ავტორიტეტის დაცვა, სამართალწარმოების კონფიდენციალურობის დაცვა, სხვათა უფლებების, მაგალითად, უდანაშაულობის პრეზუმფციის დაცვა და სხვა. შეზღუდვის ასეთი საფუძვლების არარსებობისას, ის შესაძლოა, აღქმულ იქნას, როგორც „არალეგიტიმური რევანში“ არასასურველი კრიტიკის გამო. 


ინდივიდების სამართლიანი სასამართლოს უფლება


ევროპელ მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭომ, ისევე როგორც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, არაერთხელ გააკეთა აქცენტი მოსამართლის, როგორც კანონის უზენაესობისა და სამართლიანობის გარანტორის, თავისუფალი გამოხატვის მნიშვნელობაზე დემოკრატიულ საზოგადოებაში. მიუხედავად მისი მნიშვნელობისა, შეზღუდვას აუცილებელ და პროპორციულ ზომად მიიჩნევს, როდესაც საქმე ისეთ ღირებულებას ეხება, როგორიცაა ინდივიდების სამართლიანი სასამართლოს უფლება.

„CCJE ხაზს უსვამს, რომ მოსამართლეებმა თავი უნდა შეიკავონ ნებისმიერი კომენტარის გაკეთებისგან, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს ნებისმიერი პირის სამართლიანი სასამართლოს უფლებაზე ან მოსამართლის მიერ განსახილველ საკითხზე, ან ასეთი გავლენის გონივრული მოლოდინი შექმნას. როგორც ECtHR ადგენს, მოსამართლის მიერ განსახილველ საქმეზე გაკეთებულ ნებისმიერ განცხადებას, ამ განცხადების ხასიათისა და კონტექსტის გათვალისწინებით, შეუძლია გავლენა იქონიოს ამ უფლებაზე.“

„მოსამართლეები უნდა იქცეოდნენ იმგვარად, რომ არ შექმნან ისეთი შთაბეჭდილება, თითქოს წინასწარგანწყობილნი ან მიკერძოებულნი არიან განსახილველ საქმეში.“ 

მომავალში განსახილველი საქმეები


ზემოთ აღნიშნულ მოსაზრებაში განსაკუთრებით საგულისხმოა დადგენილი სტანდარტი სასამართლოს მიერ მომავალში განსახილველ საქმეებთან დაკავშირებით.

CCJE ადგენს, რომ მხოლოდ რეალურად არსებული ღირებულების დაცვის მიზანი შეიძლება ამართლებდეს მოსამართლის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას, კერძოდ, ის საკითხები, რომლებიც განსახილველ საქმეს უკავშირდება და არა ჰიპოთეზურად, მომავალში მოსალოდნელ საქმეებს. მოსამართლე არ არის ვალდებული, თავი შეიკავოს საზოგადოებისთვის საინტერესო საკითხის კომენტირებისგან, იმ ვარაუდის დაშვების გამო, რომ მომავალში საკითხი შესაძლოა, სასამართლომ განიხილოს (კიდევ უფრო ნაკლებია ალბათობა, რომ ის კონკრეტულად ამ მოსამართლის წარმოებაში მოხვდება). ამ ჩანაწერის მიზანია, მოსამართლის გამოხატვის თავისუფლების დაცვა შეზღუდვის საფუძვლების გაუმართლებელი გაფართოებისგან. 

„მხოლოდ ის ფაქტი, რომ კონკრეტული თემა ან საკითხი შეიძლება მომავალში განსახილველ საქმეს დაუკავშირდეს არ არის საკმარისი, იმისათვის, რომ მოსამართლეს გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობა აღეკვეთოს.“ 


„მომეტებული სიფრთხილე მოითხოვება მიმდინარე გამოძიების კონტექსტში, განსაკუთრებით სისხლის სამართლის გამოძიების დროს, რათა გარანტირებული იყოს ევროპული კონვენციის მე-6(2) მუხლით დაცული უდანაშაულობის პრეზუმფცია. სისხლის სამართალწარმოებისას ვიდრე კონკრეტულ დანაშაულში პირი დამნაშავედ იქნება ცნობილი, მოსამართლეებმა ყურადღებით უნდა შეარჩიონ თითოეული სიტყვა, თუ მათ სურთ საზოგადოების ინფორმირება სამართალწარმოებასთან დაკავშირებით.“

სასამართლო პრაქტიკასთან დაკავშირებული კომენტარები


CCJE-მ, ასევე, იმსჯელა მოსამართლის მიერ უკვე განხილულ საქმეებთან დაკავშირებით სხვა მოსამართლის მიერ განცხადებების გაკეთებაზე და ამ შემთხვევაშიც საკითხი გამოხატვის თავისუფლების სასარგებლოდ გადაწყვიტა:

„სხვა მოსამართლეების მიერ უკვე გადაწყვეტილ დავებთან დაკავშირებით მოსამართლის კომენტარები დასაშვებია და არ წამოჭრის მოსამართლის მიკერძოებულობის საკითხს. სასამართლო პრაქტიკასთან დაკავშირებული განცხადებები პირდაპირ უკავშირდება მათ პროფესიულ საქმიანობას.“ 

მოსამართლის კრიტიკა მედიის საშუალებით


ამა თუ იმ განსახილველი საქმის მიმართ ხშირად მომეტებული საჯარო ინტერესი არსებობს ხოლმე, რომელიც საზოგადოებისა და მედიის აქტიური განსჯის საგანი ხდება. ასეთ პროცესს, როგორც წესი, თან ახლავს არაერთგვაროვანი შეფასებები, მწვავე და კრიტიკული განცხადებები. კრიტიკა შესაძლოა კონსტრუქციულ ჩარჩოებსაც გასცდეს როგორც სასამართლო გადაწყვეტილების, ისე თავად მოსამართლის მიმართ. ასეთ შემთხვევებში CCJE მოსამართლეებს მაქსიმალური თმენის ვალდებულებისკენ მოუწოდებს.

„CCJE ეთანხმება ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს (ECtHR), რომ ინდივიდუალურმა მოსამართლეებმა პროვოცირების შემთხვევაშიც კი თავი უნდა აარიდოს მედიის გამოყენებას, თავიანთ განსახილველ საქმესთან დაკავშირებით. თუ მედია ან დაინტერესებული ჯგუფები აკრიტიკებენ სასამართლოს გადაწყვეტილებას, მოსამართლემ თავი უნდა შეიკავოს ამ კრიტიკაზე პასუხისგან და პრესისთვის მიწერით ან ჟურნალისტის შეკითხვებზე პასუხის გაცემით. მოქალაქეთა ლეგიტიმურ ინტერესს (მოლოდინებს) მოსამართლემ ნათლად დასაბუთებული გადაწყვეტილებით უნდა უპასუხოს.“ 

როდესაც კრიტიკა საფრთხეს უქმნის სასამართლოს, როგორც ინსტიტუციის რეპუტაციას, საჯარო კრიტიკის საპასუხოდ განმარტებების უფლებამოსილება რიგითი მოსამართლის ნაცვლად, სპეციალური ადმინისტრაციული უფლებამოსილების მქონე მოსამართლეებსა და სასამართლო ორგანოებს ენიჭებათ. 

„როდესაც მოსამართლეებს ან მათ მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებებს უსამართლოდ აკრიტიკებენ, მოსამართლეთა ასოციაციებს, მართლმსაჯულების საბჭოს ან სასამართლოს თავმჯდომარეს აქვთ ინსტიტუციური ვალდებულება, განმარტონ ფაქტები ავტორიტეტული და დამოუკიდებელი სასამართლოს რეპუტაციის დასაცავად საჯარო დებატებში.“ 


„გამონაკლის შემთხვევებში, როდესაც მოსამართლეს ცილს სწამებენ და მის სახელს ჩირქს სცხებენ, მას უნდა ჰქონდეს უფლება, დაიცვას თავი და საკუთარი პატიოსნება, ისევე როგორც სხვა მოქალაქემ.“

განცხადებები საჯარო დისკუსიების ფარგლებში


CCJE ხაზგასმით აღნიშნავს გონივრული ბალანსის დაცვის აუცილებლობას სასამართლოს რეპუტაციის დაცვასა და მოსამართლის მიერ ინდივიდუალური უფლების გამოყენებას შორის. ცხადია, სასამართლო სისტემისადმი საზოგადოების ნდობის შენარჩუნება მოსამართლისგან უპირობო დუმილს არ მოითხოვს. უფრო პირიქით: მოსამართლის განსაკუთრებული როლისა და ექსპერტული ცოდნის გათვალისწინებით, საჭიროდ მიიჩნევს მოსამართლეთა მიერ კანონის ნორმების შესახებ ან სამართლებრივი პრაქტიკის გაუმჯობესებაში აქტიურ მონაწილეობას და ამისათვის საჯარო დისკუსიებში ჩართვას. 

„მოსამართლეებს, სამართლის უზენაესობაზე დაფუძნებულ დემოკრატიაში, მათი შეუცვლელი (უნიკალური) როლის გამო, აქვთ ექსპერტული ცოდნა და გარანტირებული პასუხისმგებლობა წვლილი შეიტანონ კანონების, საკანონმდებლო სისტემის გაუმჯობესებაში, ფუნდამენტური უფლებების დაცვასა და მართლმსაჯულების განხორციელებაში. შესაბამისად, იმ პირობით, რომ შენარჩუნებული იქნება მათი მიუკერძოებლობა და დამოუკიდებლობა, მოსამართლეებს უნდა მიეცეს უფლება და მეტიც, წახალისებულნი იყვნენ მონაწილეობა მიიღონ კანონის შესახებ გამართულ დისკუსიებში საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისათვის, ასევე წარმოადგინონ თავიანთი ხედვები და მოსაზრებები კანონის გამოყენების ხარვეზიანობაზე, კანონის, ისევე როგორც მთელი საკანონმდებლო სისტემის გაუმჯობესების შესახებ.“

აღსანიშნავია, რომ CCJE სახელმწიფო სისტემას აკისრებს პასუხისმგებლობას, შეუქმნას შესაბამისი პირობები და „წაახალისოს“ მოსამართლეები, სამართლიანი მართლმსაჯულების მიზნებისთვის, აქტიურად ისარგებლონ გამოხატვის თავისუფლებით. 


განცხადებები, რომლებიც ეხება სასამართლოსთან, როგორც ინსტიტუციასთან დაკავშირებულ საკითხებს


გარდა წმინდად სამოსამართლო უფლებამოსილების განხორციელებისა, მოსამართლეს, როგორც კანონის უზენაესობისა და სამართლიანობის გარანტს, ეკისრება უმნიშვნელოვანესი როლი, წვლილი შეიტანოს სასამართლო სისტემის გაუმჯობესებაში – იქნება ეს სასამართლოს ინსტიტუციურ მოწყობასა თუ სამართალწარმოების ხარისხის გაუმჯობესებასთან დაკავშირებული საკითხები. ამ პროცესში მონაწილეობა მათ შორის გულისხმობს სასამართლოს შესახებ მოქმედ საკანონმდებლო ნორმებსა თუ კანონპროექტებზე შეხედულების ღიად დაფიქსირებას. 

„მოსამართლეებს აქვთ უფლება, გააკეთონ კომენტარები იმ საკითხებზე, რომლებიც ეხება ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს, კანონის უზენაესობას, მოსამართლეთა დანიშვნებს ან დაწინაურებას, მართლმსაჯულების სათანადოდ განხორციელებას, მათ შორის, სასამართლოს დამოუკიდებლობასა და ხელისუფლების დანაწილებას. თუკი საკითხი პირდაპირ ეხება სასამართლოების ფუნქციონირებას, მოსამართლეები, ასევე, თავისუფალნი უნდა იყვნენ, კომენტარი გააკეთონ პოლიტიკურად სადავო საკითხებზე, მათ შორის, საკანონმდებლო ინიციატივებსა და სამთავრობო პოლიტიკაზე.“

„ადმინისტრაციულ პოზიციებზე მყოფ მოსამართლეებს, მოსამართლეთა ასოციაციების წარმომადგენლებს, ან მართლმსაჯულების საბჭოებს აქვთ გამორჩეული როლი, ისაუბრონ სასამართლოს სახელით. 

„მოსამართლეებს აქვთ უფლება, გააკეთონ მოთხოვნები და კომენტარები თავიანთ სტატუსზე, მათ სამუშაო პირობებზე და მათ პროფესიულ ინტერესებთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე.“

შეჯამება

N25 მოსაზრება, რომლებიც წინამდებარე სტატიაში იქნა განხილული, გასული წლის მიწურულს გასაჯაროვდა. ამით, CCJE-მ ბევრ კონტრავერსიულ მსჯელობაში შემოიტანა სიცხადე და წარმოადგინა კონსენსუსზე დაფუძნებული მიდგომა საკამათო საკითხების მიმართ. მომავალში შესაძლოა, კვლავ შეიცვალოს სტანდარტი, თუმცა ამ ეტაპზე - გამოხატულ მოსაზრებებს, აქვთ სრული რესურსი, ეფექტიანი იმპლემენტაციის შემთხვევაში, უზრუნველყონ მოსამართლის ინდივიდუალური გამოხატვის თავისუფლება ისე, რომ ჩრდილი არ მიადგეს სასამართლო სისტემის მიმართ საზოგადოების ნდობას.


-----

courtwatch.ge-ს მიერ გავრცელებული და ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალები წარმოადგენს „საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ საკუთრებას, მათი გამოყენებისას უნდა მიეთითოს „საქართველოს სასამართლოს გუშაგი“, როგორც წყარო. 
ფოტო: freepik.com
ქეთი გაჩეჩილაძე