გოჩა ჯეირანაშვილის გასაუბრება იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე

24.06.2024

2024 წლის 20 ივნისს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საჯაროდ მოუსმინა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს: გიზო უბილავას, ბადრი შონიასა და გოჩა ჯეირანაშვილს.

სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენლებს, რომლებიც აქტიურად არიან ჩართული სასამართლო სისტემის რეფორმირების საკითხებში, გასაუბრების პროცესში მონაწილეობა არ მიუღიათ. ასევე, გასაუბრებაში არ მონაწილეობდნენ საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები.

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი გოჩა ჯეირანაშვილის მოსმენით დასრულდა.

გოჩა ჯეირანაშვილმა 1994 წელს დაამთავრა ახალციხის ი. ჭავჭავაძის სახელობის N 5 საშუალო სკოლა. 2002 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. მისი სამუშაო გამოცდილება მოიცავს საგამოძიებო უწყებებში მუშაობას და სამოსამართლო საქმიანობას.

გოჩა ჯეირანაშვილთან გასაუბრება 1 საათზე დიდხანს მიმდინარეობა. სულ დაისვა 18 შეკითხვა. 

საქართველოს პარლამენტის წევრები:

  • დავით მათიკაშვილი, ფრაქცია „ქართული ოცნება“ - 3 შეკითხვა;
  • ალუდა ღუდუშაური, ფრაქცია „ქართული ოცნება“ - 3 შეკითხვა და ამდენივე დამაზუსტებელი შეკითხვა;
  • გურამ მაჭარაშვილი, „ხალხის ძალა“ – 1 შეკითხვა.

ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლები:

  • სოფიო სოხაძე - 8 შეკითხვა;
  • დავით სიმონია  - 3 შეკითხვა.

გოჩა ჯეირანაშვილმა ისარგებლა რეგლამენტით მინიჭებული დროით და გასაუბრების დაწყვებამდე მან განაცხადა:

„ჩემთვის დიდი პატივია საქართველოს პარლამენტის წინაშე წარსდგომა და იმ დიდ საქვეყნო საქმეში მონაწილეობა, რასაც უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტება ჰქვია, რომელშიც საქართველოს პარლამენტი ძალიან დიდ როლს ასრულებს, უზენაესი სასამართლოს დამოუკიდებლობის და მიუკერძოებლობის შენარჩუნების და გამტკიცების მიზნით. დღევანდელი პროცედურა, მიმაჩნია, რომ არის განსაკუთრებით წარმატებული და ვთვლი რომ დღეს-დღეობით საქართველოს უზენაესი სასამართლო დაკომპლექტებულია ისეთი კადრებით, საქართველოს პარლამენტის და რა თქმა უნდა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მეშვეობით, რომლებიც საქართველოს მართლმსაჯულებაში ძალიან დიდ როლს ასრულებენ და თუ საქართველოს პარლამენტი მხარს დამიჭერს, მოხარული ვიქნები, თუ ამ დიდ საქმეში მივიღებ ასევე მონაწილეობას და საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრი გავხდები. დიდი მადლობა, დიდად არ შეგაწყენთ თავს, ჩემთვის დიდი პატივია თქვენს წინაშე წარდგომა.”

მნიშვნელოვანია მომენტები გასაუბრებიდან [სტილი დაცულია]:

ალუდა ღუდუშაური: „როგორ ფიქრობთ, დისკრიმინაცია რა არის? ერთი არის ის, რასაც დავუშვათ კლასიკური გაგებით დისკრიმინაცია ჰქვია და მეორე არის ის, რასაც სამართლებრივი, კანონის დონით განმარტება ჰქვია და თქვენი შეხედულებით, როგორ არის? იმიტომ რომ დისკრიმინაცია ზოგადად, როგორც იურისპრუდენცია, არ არის ზუსტი მეცნიერება, შესაბამისად აქაც, როგორც სხვა ბევრი მეცნიერება.” 

ალუდა ღუდუშაურმა ეს შეკითხვა, კანდიდატის პასუხის შემდეგ, დააზუსტა: 

"შრომით დავაში, ყველა შემთხვევაში არ ვიცი სარჩელი არ მინახავს და არ გამიგია სადაც პირი დისკრიმინაციულ მოპყრობას არ უთითებდეს, ყველა შემთხვევაში 99 და 9, თუ 100-ივე პროცენტი არა, ყველა უთითებს, რომ არის დისკრიმინაციული მოპყრობა. აი, მე რას გეკითხებით, ნახეთ [...] რაც კანონში წერია ეს ვიცით, პრაქტიკა რაც არის ესეც ვიცით და ამავე დროს ისიც უნდა ვთქვათ, რომ ვექტორი, განსაკუთრებით 2012 წლის მერე (ეს არის ცალსახა) ვექტორი გადახრილი არის დასაქმებულის მხარეს. ესეც ფაქტია და თქვენ, როგორც მოსამართლე უკეთესად ხედავთ ამ ყველაფერს იქიდან გამომდინარე, რომ კანონმდებლობა და ასე ვთქვათ უპირატესობა აქვს დასაქმებულს. თქვენ დღეს შეგიძლიათ თქვათ, რომ დისკრიმინაციასთან მიმართებით სრულად არის გამართული და რაიმე ხომ არ არის, დავუშვათ, რასაც დავუშვათ იტყოდით, რომ ეს გარემოება რომ იყოს უკეთესი იქნება. ან შეიძლება, არც არის ეგეთი თქვენი შეხედულება უბრალოდ ამ ფაქტთან დაკავშირებით, რამეთუ კიდევ ერთხელ აღვნიშნავ 99 და 9 მეათედი, შრომით დავასთან მიმართებაში, პირები უთითებენ სწორედაც დისკრიმინაციის ფაქტს, ამიტომ თქვენეული გაგება ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ რომ პრაქტიკოსი მოსამართლე ბრძანდებით.”

გოჩა ჯეირანაშვილი: “ძირითადად იმის გრძნობა, რომ კანონმდებლობაში რაღაცა არ არის ისეთი, რაც დისკრიმინაციული მოპყრობის გამოვლენასთან ან დადგენასთან დაკავშირებით ხარვეზად შეიძლება იქნეს მიჩნეული, ესეთი რაღაცა უბრალოდ არ მიგრძნია [...]”

“გამოხატვის თავისუფლება, იცით თქვენ, რომ კონვენციის მე-10 მუხლი არეგულირებს ამ საკითხს. აი აქაც მაინტერესებს თქვენი ხედვა, ერთი არის, რომ ეს დარეგულირებულია კონვენციის მიხედვით, მე-10 მუხლი ამას ნათლად არეგულირებს და მაინც თქვენი ხედვა როგორი არის? ჩემი ძირითადი, ასე ვთქვათ ... მე ვსარგებლობ შემთხვევით, ნებისმიერი საკითხი არის, როგორც ვიცით დროსა და სივრცეში მოქმედი და მაინტერესებს, პრაქტიკაში, რეალურად თქვენი, როგორც პრაქტიკიდან დანახული [...]. საბოლოო ჯამში ხო ჩვენი საზოგ... სასამართლოს მოსარგებლე ანუ მართლმსაჯულებით მოსარგებლით, რაღაც აბსოლიტურად დიადი უფლება არის ის, რომ სასამართლოთი აღიდგინოს მისთვის თეორიულად შელახული უფლება, ხომ ასეა და ამიტომ სასიცოცხლოდ, კრიტიკულად მნიშვნელოვანი არის, რომ სასამართლო პრაქტიკიდან დანახული საკითხები, რომელიც შემდეგ უკვე შეიძლება, რომ ჩვენ ვიმსჯელოთ, მივიღოთ რაღაც ნორმა, ან პირიქით რაღაც ნორმასთან მიმართებაში ცალკეული დამატება ან შესწორება გვქონდეს, მაგრამ აი თქვენიდან დანახული, ეს არის აბსოლიტურად კიდევ უფრო სხვა რამ, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი არის და თუ არა თქვენგან, სხვანაირად ეს ვერ იქნება, ვერც შეფასებული, ვერც დანახული, ასე შემდეგ. ამიტომ გეკითხებით, კონვენციური, ასე ვთქვათ, საკითხი არის გამოხატვის თავისუფლება და ასე ვთქვათ, აქ ესეც მგრძნობიარე საკითხი არის, როგორი არის თქვენი შეფასება? არის რაიმე საკითხი, რომელიც დაუშვათ გადაახლებას, გადააზრებას საჭიროებს? ამას რატომ გეკითხებით ნახეთ, მაგალითად, ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლო, ანუ იგივე სტრასბურგის სასამართლო, ხშირად თავის გადაწყვეტილებასაც კი, რომელიც დავუშვათ, რაღაც ერთგვაროვან პრაქტიკას, გნებავთ ეფუძნება, ისიც იცვლება ხოლმე. თავისივე გადაწყვეტილება შეუცვლიათ, იმიტომ რომ მიდგომები, გარემოება, ვითარება, მთელი რიგი საკითხები განაპირობებს ამ ყველაფერს, აი თქვენ როგორ ხედავთ აი ამ საკითხს და როგორი არის თქვენეული შეფასება? გარეშე პირმა, რომელიც არ არის იურისტი და აი გკითხოს მაგალითად თქვენმა მეზობელმა, ან ქუჩაში ვიღაცამ, რომ აი ბატონო გოჩა, რას ითხოვდით, რა არის გამოხატვის თავისუფლება, რამდენად არის ეს კონვენციურად მყარად დაცული? ან პირიქით, ხომ არ არის ისეთი, რომ დავუშვათ, უფრო მეტად არის ვიდრე იმიტომ, რომ გამოხატვის თავისუფლება, როგორც სხვა ბევრი საკითხი, სადაც არის, ასე ვთქვათ, ბეწვის ხიდზე გასავლელი იმიტომ, რომ სხვისი უფლება არ იყოს ან თეორიულად არ შეუქმნას რაიმე რისკი ამ საკითხს და სხვის უფლებას, ამასთან დაკავშირებით. თქვენ რა შეგიძლიათ, რომ გვითხრათ და კონვენციასთან მიმართებაში? იმიტომ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი არის ჩვენი საზოგადოებისთვის, მადლობა.”

გოჩა ჯეირანაშვილი: “[…] ყველა ქეისი კონკრეტულად უნდა შეფასდეს […]”

გურამ მაჭარაშვილი: “თქვენთან მექნება კითხვა ის, რომ თქვენი მხარდაჭერის შემთხვევაში შეიძლება გახდეთ მესამე ინსტანციის ანუ უზენაესი სასამართლოს მოსამართლე და თქვენი შეფასება მნიშვნელოვანი იქნება, საზოგადოებისთვის და ზოგადად ჩვენთვის, კომიტეტისთვის, პარლამენტის წევრებისთვის, საზოგადოებისთვის, რომ როგორ აფასებთ მართლმსაჯულების განვითარებას 2012 წლამდე პერიოდში და 2012 წლის შემდგომ? იმიტომ რომ ამას აფასებენ საერთაშორისო ინსტიტუციები, კვლევებია ჩატარებული, ეს კარგად ვიცით ჩვენ, მაგრამ თქვენი შეფასება იქნება საინტერესო აი ამ პერიოდებს შორის.”

გოჩა ჯეირანაშვილი: “2012 წლის შემდგომ პერიოდში მოგეხსენებათ, რომ ძალიან დიდი რეფორმები დაიწყო სასამართლო სისტემაში. განხორციელდა არაერთი რეფორმა, ეს ტალღებად იყო განპირობებული და პირველი, მეორე, მესამე ტალღა. პირველი ტალღის რეფორმის დროს, სასამართლო სისტემის გამჭვირვალობის შესახებ იქნა მიღებული შესაბამისი ცვლილებების "საერთო სასამართლოების შესახებ" საქართველოს კანონში. დასაშვები გახდა სასამართლო სხდომის ვიდეო, ფოტო/აუდიო ჩაწერა, პირდაპირი ტრანსლაცია სასამართლო სხდომების. ესეთი რეგულაცია, როგორც მოგეხსენებათ 2012 წლამდე არ იყო. ფაქტიურად ტელევიზიები იმყოფებიან სასამართლო დარბაზში და პირდაპირი ტრანსლაცია მიმდინარეობს სხდომების და ასევე, იუსტიციის საბჭოსთან დაკავშირებით ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდა. 5 წევრს საქართველოს პარლამენტი ირჩევს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსი, ერთს - საქართველოს პრეზიდენტი, ამასთან დისციპლინარულ პასუხისგებაში მიცემული შემთხვევაში მოსამ... სხვადასხვა, გაიმიჯნა ერთმანეთისგან და დისციპლინარულ პასუხისგებაში სხვა ორგანო აძლევს და დისციპლინარულ პასუხისმგებლობის საკითხს სხვა ორგანო განიხილავს. და რაც სასამართლოსთვის, სასამართლოს და მოსამართლის დამოუკიდებლობისთვის ერთ-ერთი და მნიშვნელოვანი ელემენტია.
 
მეორე ტალღის რეფორმის დროს როგორც მოგეხსენებათ მიღებულ იქნა მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის გადაწყვეტილება. უკვე 2014 წლის რეფორმის პირობებში, ესეც რა თქმა უნდა მოსამართლის დამოუკიდებლობის ხარისხს ზრდის და ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა იყო.

ამასთან შემოვიდა, უკვე მესამე ტალღის პროცესში სასამართლოში დაინერგა ელექტრონული საქმის განაწილების პრინციპი და სასამართლოს თავმჯდომარეები უკვე აღარ ანაწილებენ საქმეებს და შემთხვევით განაწილების პრინციპით ხდება საქმეთა განაწილება [...] რაც საზოგადოებას აწუხებდა, რომ შესაძლოა მოსამართლეს დაეწეროს რაღაცა კონკრეტული საქმე კონკრეტულ მოსამართლეს, ეს ფაქტიურად ეჭვის ქვეშ აღარ დგას იქიდან გამომდინარე, უკვე ელექტრონული სისტემა ანაწილებს საქმეებს.

ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა იყო იმასთან დაკავშირებით, რომ მოსამართლის შეფასება ხდება. კეთილსინდისიერებისა და კომპეტენციის კრიტერიუმები [...] შემოვიდა კონკრეტულად და გაიწერა კონკრეტულად, რას ნიშნავს კეთილსინდისიერება, რას ნიშნავს კომპეტენცია. [...] 2012 წლამდე, სიმართლე გითხრათ, ერთადერთი, ესეთი რეფორმები არ მახსენდება. ყოველ შემთხვევაში, ასეთი ძირეული რეფორმა არ მახსენდება, სიმართლე გითხრათ. ერთადერთი რეფორმა, რაც მახსენდება 2012 წლამდე იყო ის, რომ სასამართლოების გაერთიანება მოხდა, გამსხვილება. მაგისტრატი სასამართლოები შემოვიდა, რომლებიც სხვადასხვა ტერიტორიულ ორგანოებში იხილავენ მათ კომპეტენციას დაქვემდებარებულ საქმეებს. ხო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეფორმა არის ასევე დამოუკიდებელი ინსპექტორის შემოღება საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, რომელიც წინასწარ მოკვლევას ახდენს მოსამართლის მიმართ დისციპლინარული საქმის და შემდეგ უკვე დასკვნას წარუდგენს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს.“

სოფიო სოხაძე: „როგორ ფიქრობთ, აქვთ თუ არა მოსამართლეებს ვალდებულება იმისა, რომ შეცვალონ ან გააუმჯობესონ საზოგადოების აღქმა სასამართლო ხელისუფლების მიმართ, ნდობის თვალსაზრისით და თუ აქვთ ასეთი ვალდებულება ინდივიდუალურ მოსამართლეებს, როგორ ფიქრობთ, რა ქმედებებში შეიძლება გამოიხატოს ამ ვალდებულების შესრულება?“

გოჩა ჯეირანაშვილი: „ეს ვალდებულება თავიდან, ნუ ყველა მოსამართლეს ასე რომ ვთქვათ, სამსახურში ასე რომ ვთქვათ, მოსამართლედ გამწესებისთანავე, ვალდებულია მოსამართლე, რომ ინდივიდუალური საზოგადოების მხრიდან აღიქმებოდეს, როგორც დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი მოსამართლე, ეს ასეა [...] ეს ფაქტია, რომ ყველა მოსამართლე ასე იქცევა, რომ საზოგადოების მხრიდან აღიქმებოდეს, როგორც მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი მოსამართლე. გაუმჯობესების, ვერ მივხვდი ახლა, რა უნდა გააუმჯობესოს მოსამართლემ და რა უნდა გააკეთოს, რომ დავუშვათ, ეს ნორმალური მდგომარეობაა მოსამართლის, უბრალოდ იგი აღიქმებოდეს საზოგადოებაში, როგორც მიუკერძოებელ და დამოუკიდებელი მოსამართლე.“

სოფიო სოხაძე: „თუ კი იარსებებს ბუნებაში, რომ წარმოვიდგინოთ თეორიულად ესეთი შემთხვევა, რომ კითხვები გაჩნდეს რომელიმე მოსამართლის მიმართ, მისი ფინანსურ დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით და აღნიშნულის გათვალისწინებით მის მიკერძოებასთან დაკავშირებით, როგორ ფიქრობთ, რა არის ასეთ შემთხვევაში მოსამართლის ვალდებულება? ანუ რა ქმედებები უნდა განახორციელოს პირველ რიგში მოსამართლემ, რომ სასამართლოსადმი ნდობა საზოგადოების მხრიდან, რომ არ შეილახოს ნდობა, ასე ვთქვათ?“

გოჩა ჯეირანაშვილი: „გააჩნია კითხვებს, რა კითხვები და ეხლა ნებისმიერ მოსამართლის მიმართ შეიძლება გაუჩნდეს ვიღაცას კითხვები [...] მოსამართლემ რა უნდა გააკეთოს, არსებობს შესაბამისი ორგანოები, რომლებმაც შეუძლიათ თუ მოსამართლე, რაღაცა კორუფციულ გარიგებაშია ან რაღაცა სამართალდარღვევა აქვს ჩადენილი კორუფციული, ამ შემთხვევაში არსებობენ შესაბამისი [ორგანოები], რომლებიც მოიკვლევენ, ეხლა მოსამართლემ, რა ვიცი აი მოსამართლეს გამოხატვის მხრივ ძალიან, ასე რომ ვთქვათ ვიწრო ფარგლები აქვს. რომ რაღაცა გამოვიდეს და თავის მართლებები დაიწყოს ან ტელევიზიებში ან რაღაცა... უბრალოდ არსებობენ, რაღაც თავის სპეციფიკური სახელმწიფო ორგანოები, რომლებიც მოიკვლევენ, თუ არსებობს შესაბამისი დარღვევა, ალბათ დადებენ შესაბამის დასკვნას.“

სოფიო სოხაძე: „კანონის განმარტების ხერხებზე რომ ვისაუბროთ, კონკრეტულად კი ასეთი ფორმა გვაქვს კანონის განმარტების, ე.წ. Contra Legem, როგორ გესმით ამ განმარტების შინაარსი, თქვენი პრაქტიკიდან ხომ არ გაიხსენებდით ისეთ საქმეს, სადაც მსგავსი განმარტების მეთოდი გამოიყენეთ და რომ მოკლე შინაარსი გვითხრათ ამ განმარტების, თუ გქონიათ?“

გოჩა ჯეირანაშვილი: „ვერ ვიხსენებ, სიმართლე გითხრათ და პრაქტიკაშიც არ მქონია, რომ ეს განმარტება გამეკეთებინოს, არ მქონია.“

სოფიო სოხაძე: „განმარტების არსზე რომ გვესაუბროთ, რამდენად მისაღებია თქვენთვის, როგორც მოსამართლისთვის ამ განმარტების გამოყენება ?“

გოჩა ჯეირანაშვილი: „ჰოდა არ მქონიათქო და არ ვიცი, ვერ გეტყვით, ამ მეთოდის გამოყენება ჩემთვის მისაღებია, თუ არა, არ მიფიქრია ამასთან დაკავშირებით.“

სოფიო სოხაძე: „შინაარსი არ იცით ამ განმარტების მეთოდის?“

გოჩა ჯეირანაშვილი: „შინაარსიც არ მახსოვს, ყოველ შემთხვევაში და არ მქონია პრაქტიკაში, რომ ყოფილიყო ნამდვილად მემახსოვრებოდა ასეთი განმარტება, რომ გამომეყენებინა.“


გარდა ამისა, გოჩა ჯეირანაშვილმა გასაუბრებისას, სხვა საკითხებთან დაკავშირებით აღნიშნა:

  • სასამართლოში საქმეთა გაჭიანურება არის პრობლემა, რისთვისაც მოსამართლეების დანიშვნა და რაოდენობის გაზრდაა გამოსავალი;
  • მისი თქმით, პრობლემის გადაჭრაზე ზრუნავს იუსტიციის უმაღლესი საბჭო, ვინაიდან იუსტიციის სკოლაში ორი ჯგუფი გადის სწავლებას, რომლებიც პოტენციური მოსამართლეები არიან.