რა საკითხები განიხილა იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ თებერვალში

14.03.2023
ერთ-ერთ სხდომაზე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა განცხადებები გააკეთეს დონორი ორგანიზაციების მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში მოსამართლეების მონაწილეობის შესახებ.

თებერვლის განმავლობაში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა 9-ჯერ დაინიშნა: აქედან ჩატარდა მხოლოდ - 3ჯერ (სხდომები დაიწყო 1- საათამდე დაგვიანებით); გადაიდო - 6-ჯერ.


ძირითადი მიგნებები:

  • საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ყველა გადაწყვეტილება მიიღო ერთხმად, განსხვავებული აზრი/შეკითხვა არ დაფიქსირებულა;
  • იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ წინასწარ, გონივრულ ვადაში, ვებგვერდზე არ გამოაქვეყნა ინფორმაცია სხდომის გადადების შესახებ;
  • ყველა სხდომის დანიშვნის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდა ორგანული კანონის დარღვევით - მხოლოდ 1 სამუშაო დღით ადრე, ნაცვლად არანაკლებ 3 სამუშაო დღისა. პირველ თებერვალს კი დღის წესრიგი იმავე დღეს გამოქვეყნდა.


1 თებერვალი, 2023


თავდაპირველად სხდომა 26 იანვარს დაინიშნა, თუმცა ორჯერ გადადების შემდეგ საბოლოოდ 1 თებერვალს 1 საათის დაგვიანების შემდეგ ჩატარდა. სხდომაზე საკითხების განხილვას საერთო ჯამში დაეთმო 38 წუთი.

სხდომას არ ესწრებოდნენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ნინო ქადაგიძე და უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ქეთევან ცინცაძე.

დღის წესრიგი:

  1. განკარგულების პროექტი - „საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და საერთო სასამართლოებში სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2017 წლის 18 სექტემბრის 1/251 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“;
  2. განკარგულების პროექტი - „თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების, რაიონული (საქალაქო) სასამართლოების აპარატების სტრუქტურის, საშტატო ნუსხისა და მოხელეთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2023 წლის 16 იანვრის 1/3 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ;
  3. ზოგიერთ ნორმატიულ აქტში ცვლილების შეტანის შესახებ;
  4. ზოგიერთ რაიონულ (საქალაქო)/სააპელაციო სასამართლოებში პალატების/კოლეგიების შემადგენლობის განსაზღვრის შესახებ;
  5. საორგანიზაციო საკითხები.


სხდომაზე განხილული ძირითადი საკითხები/გადაწყვეტილებები:

  • დღის წესრიგით გათვალისწინებული პირველი საკითხი გადაიდო, ვინაიდან საბჭოს წევრების მოსაზრებით საჭირო იყო დამატებითი მსჯელობა;
  • მეორე საკითხი ეხებოდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში ანალიტიკური სამსახურის შექმნას, რასაც დამსწრე წევრებმა (8) ერთხმად დაუჭირეს მხარი. შესაბამისად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში შეიქმნა ანალიტიკური სამსახური, რაც დადებითად უნდა შეფასდეს;
  • მესამე საკითხი გადაიდო, გადადების მიზეზი არ დასახელებულა;
  • მეოთხე საკითხი გადაიდო, გადადების მიზეზი არ დასახელებულა;
  • მეხუთე საკითხი ეხებოდა იუსტიციის უმაღლესი სკოლის დირექტორის წერილს, რომლის მიხედვითაც 11-12 თებერვალს მოსამართლეებისთვის იუსტიციის უმაღლესი სკოლა USAID-ის ეკონომიკის მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით მართავს გასვლით სამუშაო შეხვედრას მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის აღსრულების პროცესთან დაკავშირებით, შეხვედრის მიზანი იმ სპეციფიკური საკითხების დამუშავებაა, რომლებიც შესყიდვებიდან გამომდინარე წარმოშობილი დავებისთვისაა დამახასიათებელი. წერილის თანახმად, იუსტიციის უმაღლესი სკოლა ითხოვდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ 17 მოსამართლის (რომლებიც განიხილავენ საკორპორაციო დავებს) სიის მიწოდებას გასვლით შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად.



იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების პოზიცია

ლევან მურუსიძის მოსაზრება

„ჩემი პოზიცია არის, რომ ამ საკითხს ეტყობა კოორდინაციის არარსებობა და ნაკლებობა, ზოგადად ღონისძიებების დაგეგმა როცა ხდება, აშკარად ჩანს, რომ არ არსებობს კოორდინაცია არც [იუსტიციის უმაღლეს] სკოლასთან და არც იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან, მით უმეტეს და ისეთი საკითხების განხილვა ხდება, რომელიც პირადად მიმაჩნია, რომ მოსამართლეებისთვის არ არის რაიმე მნიშვნელოვანი ინფორმაციის და გამოცდილების მიმცემი და კარგი იქნებოდა თუ ვთხოვდით ორგანიზაციას, თუ უკვე დაფინანსებული არ აქვთ აღნიშნული ღონისძიება [...] მოსამართლეებთან მეტი კოორდინაციით [ჩატარდეს], ჩვენ შევთავაზებთ იმ თემებს, რომლებიც არის სასამართლოსთვის საინტერესო, მნიშვნელოვანი და შესაბამისად მოხდეს ორგანიზება უფრო ხარისხიანად. ისე არ გაგრძელდეს კიდევ პრაქტიკაში, როგორც არის. ვინ განსაზღვრავს ამ საკითხების აქტუალურობას? [...] პირდაპირ მოსამართლეები ამას არ ლაპარაკობენ, მაგრამ ხომ ვიცით ჩვენ, რომ გამოდის ძალიან უინტერესო და უშედეგო, ამიტომ იქნებ [იუსტიციის უმაღლეს] სკოლას მოვაკითხვინოთ, რომ თუ ახლა დაგეგმილია და ამის გადადება ვერ მოხდება, სხვა თემაა, მაგრამ იქნება მოგვეკითხა და თუ არის შესაძლებელი ეს აღნიშნული ღონისძიების გადადება და უფრო ხარისხიანად მოხდეს ორგანიზება [...].

როდესაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ვიყავი ხდებოდა შეხვედრები სამივე ინსტანციის სასამართლოს მოსამართლეების და ერთიანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბება, მოსამართლეები მსჯელობდნენ მნიშვნელოვან საკითხებზე [...] ეს იყო რეალურად შედეგის მომტანი. 

ჩემი წინადადება იქნება, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ კვლავ წინ წამოწიოს აღნიშნული საკითხები, მოვახერხოთ ისე, რომ მოსამართლეებს მიეცეთ იმის შესაძლებლობა, რომ შეხვდნენ ერთმანეთს, გაუზიარონ ერთმანეთს მოსაზრებები და ისაუბრონ იმ თემებზე, რაც სასამართლოსთვის არის საინტერესო და არა ისეთზე, რომელიც არავითარი ინტერესის საგანს და სფეროს არ წარმოადგენს. ამასთან დაკავშირებით მე არ მაქვს იმედი, არ ვიცი არ ფინანსდება ისეთი საკითხები, რაც მართლა სასამართლოს აინტერესებს [...], ამიტომ შეიძლება ჩვენ თვითონ გამოვძებნოთ ჩვენი ბიუჯეტიდან თანხები, რომ მოხდეს ასეთი შეხვედრების ორგანიზება და როდესაც შეჯერდებიან სამივე ინსტანციის მოსამართლეები ერთიან სასამართლო პრაქტიკაზე წიგნიც გამოვცეთ [...]

[...] მოვიკითხოთ, იქნება ჩვენც ჩავერიოთ და მივაწოდოთ დონორებს ისეთი ინფორმაციები, რაც სჭირდება სასამართლოს.

[...] ბევრი მოსამართლე ვიცი, ვინც არ ამბობს, მაგრამ ვიცი, რომ მათთვის სემინარი ჩატარდა სემინარისთვის და შედეგი არ ჰქონია, და შემდეგ დაიწერება, რომ გაიხარჯა ფული ასეთი და ასეთი ექსპერტი ჩამოვუყვანეთ მოსამართლეებს [...] რომელსაც [საქმიანობას] ეწევა ორგანიზაცია, სინამდვილეში სასამართლოსთვის ეს არაფრის მომტანი არ არის და ამას, რომ აღარ ჰქონდეს ადგილი სასარგებლო რაღაცაც უნდა გაკეთდეს.



თუ არის შესაძლებელი, რომ უფრო აქტიური კონტაქტი ჰქონდეს დონორებს საბჭოსთან და იუსტიციის უმაღლეს სკოლასთან, საკითხების ჩამოყალიბებასთან, თუ ვინ უნდა იყოს ექსპერტი, შემადგენლობა, ვინ უნდა მიიღოს, რომელმა მოსამართლემ მონაწილეობა, ეს უნდა გადაწყდეს საბჭოსთან კოორდინაციით და არა ისე, რომ ვიღაცამ გადაწყვიტოს [...].მერე იტყვიან რომ ამდენი და ამდენი იხარჯება, ვეხმარებით სასამართლო სისტემას და არაფერში არ გვადგება, ეს არ გვეხმარება.“

ნიკოლოზ მარსაგიშვილის მოსაზრება

„ეს არ არის მოსამართლისთვის საინტერესო [...] მე უბრალოდ ვერ გავიგე 17 მოსამართლეს უნდა შეხვდნენ და უნდა ჰკითხონ, მხარე როცა არის ორგანო, რა სასამართლო პრაქტიკა გაქვთ, რაღაც არ არის ეს ისეთი შეხვედრა რომელიც მოსამართლეების განვითარებისთვის, ეს არის შეხვედრა შეხვედრისთვის [...]“

თამარ ღვამიჩავას მოსაზრება

„არაერთი საინტერესო ტრენინგი იქნა ორგანიზებული [იუსტიციის უმაღლესი] სკოლის მიერ მათ შორის სხვადასხვა, თვითონ მოსამართლეების მიერ შერჩეული თემატიკა იყო აქ განხილული [...] პირადად მეც მომიწია ამ საკითხებზე დასწრება და იქ გამოიკვეთა საბოლოო ჯამში ის შედეგი და მიზანი, რომ საკმაოდ შედეგიანი აღმოჩნდა ამგვარი ტიპის შეხვედრები და ძალიან დიდი დაინტერესება იყო მოსამართლეების მხრიდან, მათ ჰქონდათ ასეთი შუამდგომლობაც, რომ იქნებ თანაშემწეებისთვისაც ყოფილიყო მსგავსი სამომავლოდ გათვალისწინებული.“

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხვა წევრებიც ეთანხმებოდნენ წარმოთქმულ პოზიციას.

7 თებერვალი, 2023

თავდაპირველად სხდომა 3 თებერვალს დაინიშნა, თუმცა (2-ჯერ გადადების შემდეგ) 7 თებერვალს ჩატარდა, სხდომას დაახლოებით 4 საათი დაეთმო.

დღის წესრიგი:

1. სსიპ - საერთო სასამართლოების დეპარტამენტის თავმჯდომარის წერილები;
2. თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლეთა წერილები;
3. მოსამართლეთა შესარჩევი კონკურსის კენჭისყრა;
4. ზოგიერთ რაიონულ (საქალაქო)/სააპელაციო სასამართლოებში პალატების/კოლეგიების შემადგენლობის განსაზღვრის შესახებ;
5. საორგანიზაციო საკითხები.

სხდომაზე განხილული ძირითადი საკითხები/გადაწყვეტილებები: 

  • დეპარტამენტის თავმჯდომარის წერილი ეხებოდა სასამართლოს სარემონტო სამუშაოებისთვის საჭირო თანხებს;
  • თელავის რაიონული სასამართლოს წერილი ეხებოდა მოსამართლისთვის გამოყოფილი ბინის ქირის თანხის გაზრდას;
  • იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლეების შესარჩევი კონკურსის კენჭისყრის შედეგად, ერთხმად დანიშნა 8 მოსამართლე (აქედან 7 არის მოქმედი მოსამართლე. 1 - მოსამართლის ყოფილი თანაშემწე):
  1. თამარ ჭუნიაშვილი - დაინიშნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში;
  2. ზაზა რამიშვილი- დაინიშნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში;
  3. ტარიელ ტაბატაძე - დაინიშნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში;
  4. გიორგი ლობჟანიძე - დაინიშნა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე ქობულეთის მუნიციპალიტეტში;
  5. ნანა ჩალათაშვილი - დაინიშნა გურჯაანის რაიონული სასამართლოში;
  6. ნატა თედეშვილი - დაინიშნა რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში;
  7. ქრისტინე კოპალიანი - დაინიშნა რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში;
  8. ია ლაბაძე - დაინიშნა მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში.
  • მეოთხე საკითხი მოიხსნა დღის წესრიგიდან;
  • მეხუთე საკითხი მოიხსნა დღის წესრიგიდან.


14 თებერვალი, 2023

თავდაპირველად სხდომა 13 თებერვალს დაინიშნა, თუმცა გადაიდო და ჩატარდა 14 თებერვალს. სხდომას 25 წუთი დაეთმო.
სხდომას არ ესწრებოდნენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ნინო ქადაგიძე და უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ქეთევან ცინცაძე.

დღის წესრიგი:

  1. განკარგულების პროექტი - „საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და საერთო სასამართლოებში სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2017 წლის 18 სექტემბრის 1/251 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“;
  2. ზოგიერთ ნორმატიული აქტში ცვლილების შეტანის შესახებ;
  3. ზოგიერთ რაიონულ (საქალაქო)/სააპელაციო სასამართლოებში პალატების/კოლეგიების შემადგენლობის განსაზღვრის შესახებ;
  4. საორგანიზაციო საკითხები.


სხდომაზე განხილული ძირითადი საკითხები/გადაწყვეტილებები: 

  • პირველი საკითხი ეხებოდა განკარგულების პროექტს, საბჭოს წევრებმა მოისმინეს განკარგულების პროექტის შინაარსი;
  • მეორე საკითხი მოიხსნა დღის წესრიგიდან;
  • მესამე საკითხი მოიხსნა დღის წესრიგიდან;
  • მეოთხე საკითხი მოიხსნა დღის წესრიგიდან.
  • ამავე დღეს - საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ახლად დანიშნულმა მოსამართლემ, ქრისტინე კოპალიანმა ფიცი დადო. ქრისტინე კოპალიანი რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში განწესდა. ფიცის დადების ღონისძიებას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები დაესწრნენ.

-----
courtwatch.ge-ს მიერ გავრცელებული და ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალები წარმოადგენს „საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ საკუთრებას, მათი გამოყენებისას უნდა მიეთითოს „საქართველოს სასამართლოს გუშაგი“, როგორც წყარო.

ავტორი: მეგი შამათავა