რა საკითხები განიხილა იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ იანვარში

02.02.2023
იანვრის განმავლობაში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა 12-ჯერ დაინიშნა: აქედან ჩატარდა მხოლოდ - 4 (ოთხივე სხდომა დაიწყო 1-დან 3 საათამდე დაგვიანებით); გადაიდო - 8.

ძირითადი პრობლემები

  • საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ყველა გადაწყვეტილება მიიღო ერთხმად, განსხვავებული აზრი/შეკითხვა არ დაფიქსირებულა;
  • იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ წინასწარ, გონივრულ ვადაში, ვებგვერდზე არ გამოაქვეყნა ინფორმაცია სხდომის გადადების შესახებ;
  • ყველა სხდომის დანიშვნის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდა ორგანული კანონის დარღვევით - მხოლოდ 1 სამუშაო დღით ადრე, ნაცვლად არანაკლებ 3 სამუშაო დღისა.

10 იანვარი, 2023

2023 წლის იანვრის თვეში საბჭომ პირველი სხდომა 9 იანვარს დანიშნა, რომელიც გადაიდო და ჩატარდა 10 იანვარს. სხდომაზე საკითხების განხილვას საერთო ჯამში დაეთმო 30 წუთი

დღის წესრიგი:

  1. კანონპროექტი - „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“;
  2. სსიპ - საერთო სასამართლოების დეპარტამენტის თავმჯდომარის წერილი;
  3. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ზოგიერთ ნორმატიული აქტში ცვლილების შეტანის შესახებ;
  4. ზოგიერთ რაიონულ (საქალაქო)/სააპელაციო სასამართლოებში პალატების/კოლეგიების შემადგენლობის განსაზღვრის შესახებ.

სხდომაზე განხილული ძირითადი საკითხები/გადაწყვეტილებები:

  • იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება და თანხმობა მისცა საერთო სასამართლოების დეპარტამენტს ამავე დეპარტამენტის საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების თანდართული სახით დამტკიცების თაობაზე. 

    სხდომაზე სხვა გადაწყვეტილება არ მიუღიათ.

16 იანვარი, 2023

თავდაპირველად სხდომა 12 იანვარს დაინიშნა, თუმცა (2-ჯერ გადადების შემდეგ) 16 იანვარს ჩატარდა, რომელსაც დაახლოებით 15 წუთი დაეთმო.

დღის წესრიგი:

  1. სსიპ - საერთო სასამართლოების დეპარტამენტის თავმჯდომარის წერილი;
  2. კანონპროექტი - „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“;
  3. განკარგულების პროექტი - „საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და საერთო სასამართლოებში სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2017 წლის 18 სექტემბრის 1/251 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“;
  4. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეთა წერილები;
  5. ზოგიერთ ნორმატიული აქტში ცვლილების შეტანის შესახებ;
  6. ზოგიერთ რაიონულ (საქალაქო)/სააპელაციო სასამართლოებში პალატების/კოლეგიების შემადგენლობის განსაზღვრის შესახებ;
  7. საორგანიზაციო საკითხები.

სხდომაზე განხილული ძირითადი საკითხები/გადაწყვეტილებები:

  • საერთო სასამართლოების დეპარტამენტის წერილი შეეხებოდა ხულოს მუნიციპალიტეტში დარბაზის (კერძო საკუთრების) ქირავნობას, რაზეც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა აღნიშნეს, რომ დამატებითი გამოკვლევა და მსჯელობა სჭირდებოდა აღნიშნულ საკითხს;
  • განიხილეს საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეებისათვის დანამატის ოდენობის გაზრდის საკითხი. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 23 იანვრის №1/6 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შემდეგ დანამატი შემდეგნაირად განისაზღვრა:
სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე - 4100 ლარი;

სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე - 4025 ლარი;
 
სააპელაციო სასამართლოს პალატის (კოლეგიის) თავმჯდომარე - 3885 ლარი;

სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე - 3745 ლარი;

თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე - 4310 ლარი;

თბილისის საქალაქო სასამართლოს კოლეგიების თავმჯდომარე - 4170 ლარი;

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე - 4030 ლარი;

ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე - 4310 ლარი;

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, მაგისტრატი მოსამართლე - 4030 ლარი;

ქუთაისის სამოქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე - 4310 ლარი;

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, მაგისტრატი მოსამართლე - 4030 ლარი;

სხვა რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარე - 3540 ლარი;

სხვა რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე, მაგისტრატი მოსამართლე - 3260 ლარი.

  • საკითხი, რომელიც შეეხებოდა ზოგიერთ რაიონულ (საქალაქო)/სააპელაციო სასამართლოებში პალატების/კოლეგიების შემადგენლობის განსაზღვრას, მოიხსნა დღის წესრიგიდან;
  • ბოლოს განიხილეს განსხვავებული თემები, კერძოდ: თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების, რაიონული (საქალაქო) სასამართლოების აპარატების სტრუქტურის, საშტატო ნუსხისა და მოხელეთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცება; დამოუკიდებელი ინსპექტორის და არამოსამართლე წევრის თანამდებობრივი სარგოს განკარგულების პროექტი; და 2023 წლის 11 იანვრიდან მოსამართლე ჯემალ კოპალიანისთვის სამოსამართლო უფლებამოსილების შეწყვეტა საპენსიო ასაკის მიღწევის გამო.

20 იანვარი, 2023

თავდაპირველად სხდომა დაინიშნა 17 იანვარს, თუმცა 2 -ჯერ გადადების შემდეგ სხდომა 20 იანვარს ჩატარდა, რომელიც დაიწყო 2 საათისა და 18 წუთის დაგვიანებით, სხდომაზე ყველა საკითხის განხილვას საერთო ჯამში დაეთმო 15 წუთი.

სხდომას არ ესწრებოდნენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ნინო ქადაგიძე და უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ქეთევან ცინცაძე.

დღის წესრიგი:

  1. სსიპ - საერთო სასამართლოების დეპარტამენტის თავმჯდომარის წერილი;
  2. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეთა წერილები;
  3. ზოგიერთ ნორმატიული აქტში ცვლილების შეტანის შესახებ;
  4. ზოგიერთ რაიონულ (საქალაქო)/სააპელაციო სასამართლოებში პალატების/კოლეგიების შემადგენლობის განსაზღვრის შესახებ;
  5. საორგანიზაციო საკითხები.

სხდომაზე განხილული ძირითადი საკითხები/გადაწყვეტილებები:

  • სსიპ - საერთო სასამართლოების დეპარტამენტის თავმჯდომარის წერილი ეხებოდა ხულოს მაგისტრატი სასამართლოსთვის ფართის იჯარით აღების საკითხს, რასაც სხდომაზე დამსწრე ყველა წევრი დაეთანხმა.
  • ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეთა წერილი ეხებოდა ბინის ქირისთვის გამოყოფილი თანხის გაზრდას. აღნიშნული საკითხი განსახილველად/შესასწავლად საერთო სასამართლოების დეპარტამენტს გადაეცა.
  • ზოგიერთ ნორმატიულ აქტში ცვლილების შეტანის საკითხი ეხებოდა პირველ და მეორე ინსტანციაში ვიწრო სპეციალიზაციის განსაზღვრას. ამ საკითხზე საბჭოს წევრებს დეტალურად არ უმსჯელიათ, მხოლოდ ცვლილების შეტანის თაობაზე აღნიშნეს.
  • მეოთხე საკითხი, ზოგიერთ რაიონულ (საქალაქო)/სააპელაციო სასამართლოებში პალატების/კოლეგიების შემადგენლობის განსაზღვრის შესახებ, მოიხსნა დღის წესრიგიდან, მიზეზი არ დაუსახელებიათ.
  • მეხუთე -საორგანიზაციო საკითხები მოიხსნა დღის წესრიგიდან, ამ შემთხვევაშიც მიზეზი არ დაუსახელებიათ.

25 იანვარი, 2023

თავდაპირველად სხდომა დაინიშნა 24 იანვარს, თუმცა გადაიდო და საბოლოოდ 25 იანვარს ჩატარდა. დაგვიანებით დაწყებულ სხდომაზე ყველა საკითხის განხილვას 13 წუთი დასჭირდა.

სხდომას არ ესწრებოდნენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ნინო ქადაგიძე და უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ქეთევან ცინცაძე.

დღის წესრიგი:

  1. მოსამართლე რ. კახიძის წერილი;
  2. ზოგიერთი მოსამართლის მივლინების შესახებ;
  3. ზოგიერთ ნორმატიულ აქტში ცვლილების შეტანის შესახებ;
  4. ზოგიერთ რაიონულ (საქალაქო)/სააპელაციო სასამართლოებში პალატების/კოლეგიების შემადგენლობის განსაზღვრის შესახებ;
  5. საორგანიზაციო საკითხები.

სხდომაზე განხილული ძირითადი საკითხები/გადაწყვეტილებები:

  • მოსამართლე როინ კახიძე ითხოვდა საცხოვრებლისთვის გამოყოფილი თანხის გაზრდას. საბჭოს წევრებმა მოსამართლის თხოვნა დააკმაყოფილეს და მიმართეს საერთო სასამართლოების დეპარტამენტს საორგანიზაციო საკითხების მოგვარებაზე.
  • ზოგიერთი მოსამართლის მივლინების საკითხი ეხებოდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის ქეთევან თხელიძის ცაგერის რაიონულ სასამართლოში მივლინებას. 2022 წლის 20 დეკემბერს იმავე წლის 31 დეკემბრამდე ქეთევან თხელიძე მიავლინეს ცაგერის რაიონულ სასამართლოში, თუმცა ამჯერად 2023 წლის 1 თებერვლამდე გაიზარდა მისი მივლინების ვადა, იმავე სასამართლოში. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებაში ვკითხულობთ, რომ მოსამართლე, ცაგერის რაიონული სასამართლოში საქმიანობასთან ერთად, იმავდროულად ქუთაისის საქალაქო სასამართლოშიც განახორციელებს მოსამართლის უფლებამოსილებას.
  • მესამე და მეოთხე საკითხი მოიხსნა დღის წესრიგიდან.
  • იუსტიციის უმაღლესი საბჭომ მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო. მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე დაშვების მიზნით კანდიდატთა რეგისტრაცია 2023 წლის 20 თებერვლიდან 5 მარტის ჩათვლით გაგრძელდება. მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდის პირველი ეტაპი ჩატარდება 2023 წლის 11 მარტს, ხოლო მეორე - 18 მარტს. 

-----
courtwatch.ge-ს მიერ გავრცელებული და ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალები წარმოადგენს „საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ საკუთრებას, მათი გამოყენებისას უნდა მიეთითოს „საქართველოს სასამართლოს გუშაგი“, როგორც წყარო. 
ავტორი: მეგი შამათავა