პირობის შესრულების ილუზია - იუსტიციის უმაღლესი საბჭო სრულად დაკომპლექტდა

17.10.2023
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად განსაზღვრული ერთ-ერთი პირობა იყო. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პარლამენტმა, საერთო ჯამში, 5 არამოსამართლე წევრი აირჩია, არცერთი მათგანი არ არის იმ სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიერ წარდგენილი კანდიდატი, რომლებიც წლების განმავლობაში სასამართლოს თემებზე მუშაობენ. შესაბამისად, ამ გადაწყვეტილებით ხელისუფლება აღნიშნული პირობის შესრულების იმიტაციას ქმნის და რეალურად არ აურჩევია კანდიდატები მკაფიოდ ჩამოყალიბებული ხედვებით, რომლებიც შეიძლებოდა, თანამდებობაზე მათი დამსახურებულად არჩევის ერთ-ერთი წინაპირობა გამხდარიყო.
2023 წლის 17 მაისს საქართველოს პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამი არამოსამართლე წევრი აირჩია. ამ გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობდნენ ოპოზიციონერი დეპუტატებიც, რომლებმაც არჩევასთან დაკავშირებით გარკვეულ „ფორმულებზე“ საუბრობდნენ. საინტერესოა იყო მათი განმარტებები, თუ რატომ დაუჭირეს მხარი ზურაბ გურასპაშვილს, ტრისტან ბენაშვილს და გიორგი გზობავას.
  • ნატო ჩხეიძე ერთ-ერთი იყო მათ შორის, ვინც სამი არამოსამართლე წევრის არჩევას მხარი დაუჭირა. მისი განმარტებით „როგორც ჩანს, „ქართულმა ოცნებამ“ რაღაც პირობის შესრულება მოინდომა და იმ კანდიდატთა სიაში, რომლებიც მეორე ტურში გადავიდნენ, ერთ-ერთი იყო ნიშნიანიძე. როგორც ჩანს, მოქმედებდა ფორმულა 4/1- ზე“. ამით ნატო ჩხეიძე ამბობდა, რომ ხუთი არამოსამართლე წევრიდან ხელისუფლებისთვის სასურველი 4 წევრის არჩევის შემთხვევაში, თავად ხელისუფლებაც დაუჭერდა მხარს ოპოზიციისთვის სასურველი ერთი წევრის არჩევას.
  • ნიკა მაჭუტაძემ კი განაცხადა, რომ „იყო ფორმულა სამი-ორზე, ასევე იყო ოთხი-ერთზე ფორმულა, რაც სხვათა შორის ყველაზე აქტუალური იყო. ამასთან, ევრორეკომენდაციების 12 პუნქტში ამ თემის კონსენსუსით გადაწყვეტის საკითხი იდგა.“
  • ბაჩუკი ქარდავამ აღნიშნა, რომ იმედი აქვს, იმ ადამიანებს შორის, რომელთაც ხმა მისცა, „არ არიან „ქართული ოცნების“ კანდიდატები.“ ასევე, მან აღნიშნა, რომ აპირებდა ხმის მიცემას ისეთი ადამიანებისთვის, რომლებიც საერთოდ არ დამდგარან კენჭისყრაზე, მაგრამ სიაში იყვნენ. 
სამი წევრის არჩევის შემდეგ ოპოზიციის ნაწილმა პროტესტის ნიშნად პარლამენტის სხდომათა დარბაზი დატოვა, ხოლო კენჭისყრის პროცესი აღარ გაგრძელებულა.

საგულისხმოა, რომ 17 მაისს არჩეულ არამოსამართლე წევრებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომებზე ამ დრომდე არ დაუფიქსირებიათ განსხვავებული აზრი.

2023 წლის 17 ოქტომბერს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, საქართველოს პარლამენტმა ორი ახალი არამოსამართლე წევრი აირჩია, თუმცა მათ შორის არ ყოფილა ნინო ნიშნიანიძე - ოპოზიციის ნაწილისთვის მოსაწონი კანდიდატი.

პარლამენტის სხდომაზე კენჭი ეყარა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრობის ოთხ კანდიდატს, შედეგები კი ასე გადანაწილდა: 
  • რუსუდან კვინიკაძე – 12 მომხრე, 2 წინააღმდეგი
  • გოგა კიკილაშვილი – 90 მომხრე, 0 წინააღმდეგი
  • ლევან ნემსაძე – 90 მომხრე, 0 წინააღმდეგი
  • ნინო ნიშნიანიძე – 15 მომხრე, 0 წინააღმდეგი
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არჩევის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად საჭიროა 90 ხმა. შესაბამისად, ლევან ნემსაძის და გოგა კიკილაშვილის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებად არჩევა რამდენიმე ოპოზიციონერი დეპუტატის მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი.

„საქართველოს სასამართლოს გუშაგმა“ შეისწავლა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი ახალარჩეული არამოსამართლე წევრის ბიოგრაფია და სხვა სახის ინფორმაცია.

გოგა კიკილაშვილი

გოგა კიკილაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს მოქმედი მოსამართლის ხვიჩა კიკილაშვილის შვილია.
საინტერესო ფაქტია ის, რომ 2023 წლის 18 მაისს საქართველოს პარლამენტმა გოგა კიკილაშვილს უარი უთხრა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრად არჩევაზე. თუმცა, სულ რაღაც, 5 თვის შემდეგ პარლამენტის 90 წევრმა მხარი დაუჭირა კანდიდატის არჩევას. საინტერესოა, რა შეიცვალა 5 თვის განმავლობაში, რამაც პარლამენტის წევრთა დამოკიდებულებაც რადიკალურად შეცვალა. პასუხი, სავარაუდოდ, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე მიღებულ გადაწყვეტილებაში უნდა ვეძიოთ. ახლა უკვე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის მამა ხვიჩა კიკილაშვილი ერთ-ერთია იმ მოსამართლეთაგან, ვინც პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა.

გოგა კიკილაშვილს კანდიდატის სტატუსით საქართველოს პარლამენტში 2022 წლის 12 დეკემბერს მოუსმინეს. მან ისაუბრა, ისეთ საკითხებზე როგორიცაა მოსამართლის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის მექანიზმები, სასამართლო დავის გადაწყვეტის ალტერნატიული გზები (სასამართლო მედიაცია) და მისი განვითარება, აგრეთვე, სასამართლოს დაბალი რეპუტაცია და მის მიმართ საზოგადოების ნდობის ნაკლებობა და სხვ. საინტერესოა, რომ გოგა კიკილაშვილმა საზოგადოებაში სასამართლოს დაბალი ავტორიტეტის მიზეზად საზოგადოების ნაკლები ინფორმირებულობა დაასახელა: „სასამართლოსთან მიმართებაში მეორე გამოწვევა, რომელიც არის რეპუტაციული რისკები, ხშირ შემთხვევაში, ჩემი აზრით, განპირობებულია საზოგადოების არასათანადო ინფორმირებულობით [...]“. მან დადებითად შეაფასა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტების წესი იმის გათვალისწინებით, რომ საბჭოს უმრავლესობას ამჟამად ირჩევს სასამართლოების მოსამართლეთა თვითმმართველობის ორგანო.

იხ. გოგა კიკილაშვილთან გასაუბრების სრული აუდიოჩანაწერი.

2009 წლის 7 მაისს მედიაჰოლდინგ „კვირასთან” კომენტარის სახით გოგა კიკილაშვილმა შეაფასა სანდრო გირგვლიანის საქმე:

„უზენაეს სასამართლოზე როცა ვმსჯელობთ, უნდა აღვნიშნოთ, რომ უზენაეს სასამართლოს არანაირი ბერკეტი ჰქონდა იმისა, რომ განსხვავებული შედეგი დამდგარიყო“ გირგვლიანის საქმეზე... რაც შეეხება, უშუალოდ, ლევან მურუსიძეს – ​პერსონიფიცირების პრობლემა აქტუალურია ყველა თემასთან დაკავშირებით, რაც კი გამოდის საზოგადოების განხილვის სფეროში. ამ შემთხვევაშიც იგივე სიტუაციაა. რეზონანსული თემის ერთ კონკრეტულ პირთან – ლევან მურუსიძესთან აფილირება მოხდა ავტომატურად, რაც ნიშნავს, რომ სამოქალაქო საზოგადოება არ არის იმ დონეზე საქართველოში, რომ სათანადო სამართლებრივი ცოდნა ჰქონდეს, რათა სრულად შეაფასოს პროცესები სწორად. ამიტომ, ძალიან მარტივია, როდესაც ასეთი თემების ერთ კონკრეტულ სუბიექტთან მიბმა ხდება“.

ხვიჩა კიკილაშვილის კარიერა საკონსტიტუციო სასამართლომდე:

აღსანიშნავია, რომ უზენაესი სასამართლოს პლენუმის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ გოგა კიკილაშვილის მამის ხვიჩა კიკილაშვილის არჩევაც გაუმჭვირვალე პროცესის ნაწილი იყო. არასამთავრობო ორგანიზაციები აქტიურად მოუწოდებდნენ უზენაეს სასამართლოს, საგანგებო მდგომარეობის პირობებში თავი შეეკავებინა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის შერჩევის პროცესისაგან. ხვიჩა კიკილაშვილის სამუშაო გამოცდილება, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში დანიშვნამდე, პროკურატურასა და საერთო სასამართლოს უკავშირდება. უფრო კონკრეტულად:
  • 1994-1995 წლებში მუშაობდა ფოთის რეგიონული სამხედრო პროკურატურაში გამომძიებლად.
  • 1995-1998 წლებში იყო თელავის რეგიონული სამხედრო პროკურატურის გამომძიებელი.
  • 1998-2002 წლებში იყო პროკურორის თანაშემწე თელავის რეგიონული სამხედრო პროკურატურაში.
  • 2002-2004 წლებში გახდა პროკურორის მოადგილე თელავის რეგიონული სამხედრო პროკურატურაში.
  • 2004-2006 წლებში იყო კახეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსი გამომძიებელი.
  • 2006 წელს იყო სიღნაღის რაიონული სასამართლოს მოსამართლე (სასამართლოს თავმჯდომარე).
  • 2011-2013 წლებში იყო ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მოსამართლე.
  • 2013-2016 წლებში იყო ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე.
  • 2016-2019 წლებში იყო ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მოსამართლე (სასამართლოს თავმჯდომარე).
  • 2019-2020 წლებში იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლე.
  • 2020 წლის 3 აპრილს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმის №3/პლ დადგენილებით, დაინიშნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად. ამავე წლის 8 აპრილს, ფიცის დადების დღიდან, შეუდგა მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელებას.

დამატებითი ინფორმაცია გოგა კიკილაშვილის შესახებ:

კანდიდატი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა წარადგინა. ხვიჩა კიკილაშვილმა უმაღლესი განათლება სსიპ ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიღო, იურიდიულ ფაკულტეტზე. არის სამართლის დოქტორი.

სამუშაო გამოცდილება: იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად არჩევამდე იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 2018 წლის 7 თებერვალს აირჩია იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელ წევრად. 2023 წლის 18 ოქტომბერს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც გოგა კიკილაშვილს იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს წევრობა შეუწყვიტა.

გარდა ამისა, 2015 წლიდან ის არის ლექტორი სხვადასხვა სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტებში და იურიდიული ფირმის „კიკილაშვილი და კომპანია“ დირექტორი, ასევე, კოლექტიური შრომითი დავების მედიატორი და ადვოკატი საერთო სპეციალიზაციით.

ხვიჩა და გოგა კიკილაშვილების ქონება:

ხვიჩა კიკილაშვილის მიერ შევსებული დეკლარაციის თანახმად, რომელიც 2022 წლის მონაცემებს აღწერს, მოსამართლის სახელზე მხოლოდ 2 უძრავი ქონება ფიქსირდება – 2008 წელს ქალაქ დედოფლისწყაროში შეძენილი მიწის ნაკვეთი და საცხოვრებელი სახლი. უძრავი ქონების დიდი ნაწილი მოსამართლის მეუღლის, ია ბაცაცაშვილის სახელზეა რეგისტრირებული. ია ბაცაცაშვილი დედოფლისწყაროში მემკვიდრეობით მიღებულ 2 მიწის ნაკვეთსა და 1 სახლს ფლობს. გარდა ამისა, მოსამართლის მეუღლის საკუთრებაშია ქალაქ თბილისში მდებარე 2 ბინა და 1 ავტოფარეხი, ასევე, ქალაქ ბათუმში მდებარე 1 ბინა. მითითებული ინფორმაციის თანახმად, სხვადასხვა დროს უძრავი ქონების შესაძენად ხვიჩა კიკილაშვილმა და ია ბაცაცაშვილმა 25,900 აშშ დოლარი და 119,681 ლარი დახარჯეს.
რაც შეეხება მოსამართლის და მისი ოჯახის შემოსავალსა და გასავალს, ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, ოჯახის შემოსავლის წყარო მოსამართლის შრომის ანაზღაურებაა. 2022 წელს ხვიჩა კიკილაშვილმა, როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლემ, შრომის ანაზღაურების სახით 118,546 ლარი მიიღო. ხოლო ამავე წელს გასავალმა, რომელიც სარემონტო ხარჯებსა და სესხის დაფარვას მოიცავდა, 61,046 ლარი შეადგინა.
კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, „ოჯახის წევრში“ იგულისხმება პირის მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი და გერი, აგრეთვე, მასთან მუდმივად მცხოვრები პირი. ხვიჩა კიკილაშვილის ქონებრივ დეკლარაციაში ოჯახის წევრების გრაფაში, მეუღლესთან ერთად, შვილი, გოგა კიკილაშვილი წლების განმავლობაში ჰყავდა მითითებული, თუმცა 2017 წლიდან შევსებულ დეკლარაციებში გოგა კიკილაშვილის შესახებ ჩანაწერებს აღარ ვხვდებით, რაც, კანონის თანახმად, იმას ნიშნავს, რომ გოგა კიკილაშვილი მშობლებთან აღარ ცხოვრობს.
რაც შეეხება გოგა კიკილაშვილის ქონებას საჯარო რეესტრის ჩანაწერების მიხედვით, მიმდინარე მონაცემებით, გოგა კიკილაშვილის სახელზეა დედოფლისწყაროში მდებარე 2 მიწის ნაკვეთი (ქონება 1; ქონება 2), რომლებიც ჩუქებით მიიღო და ნასყიდობით შეძენილი 1 მიწის ნაკვეთი, რომელიც დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ არბოშიკში მდებარეობს.
ბოლო მონაცემებით, გოგა კიკილაშვილი დირექტორის თანამდებობას იკავებდა ა(ა)იპ განათლებისა და ინოვაციების ცენტრში; ასევე, არის შვედეთის კურსდამთავრებულთა ქსელი საქართველოში აღმასრულებელი საბჭოს წევრი. გარდა არასამეწარმეო საქმიანობისა, გოგა კიკილაშვილი არის დამფუძნებელი და 100% მესაკუთრე შპს „კიკილაშვილი და კომპანიის“, რომელიც 2019 წელს დააფუძნა. წესდების თანახმად, კომპანიის საქმიანობა მოიცავს: საადვოკატო და საექსპერტო მომსახურებას, მედიაციას, არბიტრაჟსა და პროფესიულ იურიდიულ განათლებას. 

ლევან ნემსაძე

ამ შემთხვევაშიც აღსანიშნავია, რომ 2023 წლის 17 მაისს საქართველოს პარლამენტმა ლევან ნემსაძეს უარი უთხრა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრად არჩევაზე. ხოლო, 2023 წლის 17 ოქტომბერს პარლამენტის მიერ ნემსაძის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად არჩევის პროცესში თავდაპირველად 89 მხარდამჭერი პოზიცია დაფიქსირდა. როგორც შემდეგ განიმარტა, პარლამენტის ერთ-ერთ წევრის მოწყობილობა ხმის მიცემის პროცესში გამართულად არ მუშაობდა. კენჭისყრა ხელმეორედ ჩატარდა და ლევან ნემსაძის კანდიდატურას პარლამენტის 90-მა წევრმა დაუჭირა მხარი.
ლევან ნემსაძის საკომიტეტო მოსმენა
  • „მე ვფიქრობ, რომ მოსამართლეები და სასამართლო სისტემაც არის დამოუკიდებელი.“
  • სასამართლოს გადატვირთულობის გამოწვევა ნემსაძემ შემდეგნაირად ახსნა: „ისევ გავდივართ სასამართლოს დამოუკიდებლობაზე და მიუკერძოებლობაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, თუკი სასამართლოს იმედი არ აქვს [ადამიანს], სარჩელსაც არ შეიტანს... მოქალაქე როდესაც შეიტანს დავას, უნდა დაფიქრდეს რამდენად უღირს გონივრული ვადის განხილვის კუთხით. ეს მოქალაქის [მხრიდან] დაბრკოლებაა და არა [იმის] 20 სასამართლოში მაგალითად რომ ვთქვათ რამდენად კანონიერი და სამართლიანი გადაწყვეტილება გამოვა.“
  • „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში 2021 წლის ცვლილებებთან დაკავშირებით: „დისციპლინურ სამართალწარმოებასთან დაკავშირებულ ცვლილებებს დადებითად ვაფასებ“.
  • მნიშვნელოვანია ის, რომ ნემსაძემ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში კორპორატივიზმისა და გავლენიანი ჯგუფის არსებობის ფაქტთან დაკავშირებულ შეკითხვას თავი აარიდა.
იხ. ლევან ნემსაძესთან გასაუბრების სრული აუდიო ჩანაწერი.
დამატებითი ინფორმაცია ლევან ნემსაძის შესახებ:
კანდიდატი თავისუფალი განვითარებისა და უფლებების დაცვის ასოციაციამ და სამოქალაქო განვითარების საზოგადოებამ წარადგინა. საქართველოს პარლამენტმა ლევან ნემსაძე 90 ხმით აირჩია.

ლევან ნემსაძემ უმაღლესი განათლება სსიპ ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიღო სამართალმცოდნეობის მიმართულებით, მაგისტრთან გათანაბრებული ხარისხით.
ლევან ნემსაძე 2008 წლიდან დღემდე მუშაობს სასამართლო სისტემაში:
  • 2008-2009 წლებში მცხეთის რაიონულ სასამართლოში იყო სასამართლოს მანდატური;
  • 2009-2011 წლებში იყო მცხეთის რაიონული სასამართლოს მანდატურის სამსახურის უფროსი;
  • 2011-2012 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის განყოფილების ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის სექტორის უფროსი;
  • 2012-2013 წლებში მუშაობდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის ბიუროს უფროსად;
  • 2013-2015 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სამართლებრივი და ორგანიზაციული უზრუნველყოფის განყოფილების მთავარი სპეციალისტი ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის საორგანიზაციო საკითხებში;
  • 2015-2017 წლებში მუშაობდა საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში საერთაშორისო თანამშრომლობისა და ხარისხის მართვის დეპარტამენტის ხარისხის მართვისა და რეფორმების სამმართველოს უფროსად;
  • 2017-2022 წლებში იყო სამოსამართლო ეთიკის დეპარტამენტის ადმინისტრაციული სამართლის საქმეებზე სამოსამართლო ეთიკის სამმართველოს უფროსი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოში;
  • 2019-2020 წლებში იყო საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხთა განმხილველი მუდმივმოქმედი კომისიის წევრი;
  • 2022 წელს იყო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოში მენეჯმენტის დეპარტამენტის ხარისხის ჯგუფის უფროსი კონსულტანტი, შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე. 
ამდენად, ლევან ნემსაძე მხოლოდ ფორმალურად აკმაყოფილებს კანონით გათვალისწინებულ საბჭოს წევრობის კრიტერიუმებს, რადგან ის არც აკადემიური სფეროს, არც ადვოკატთა ასოციაციას ან სამოქალაქო საზოგადოებას არ წარმოადგენს, რადგან წლების განმავლობაში ის მხოლოდ სასამართლო სისტემის თანამშრომელი იყო. 
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად ერთ-ერთი პირობაა. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო 2-წელზე მეტი ხნის განმავლობაში არასრული შემადგენლობით ახორციელებდა საქმიანობას. საქართველოს პარლამენტს კანონით დადგენილ ვადებში უნდა აერჩია 5 არამოსამართლე წევრი, თუმცა ეს ვალდებულება საბოლოოდ ხუთივე არამოსამართლე წევრის არჩევით მხოლოდ 2023 წლის 17 ოქტომბერს დაასრულა. თუმცა ამ გადაწყვეტილებით ხელისუფლებამ აღნიშნული პირობის შესრულების ილუზია შექმნა.

-----
courtwatch.ge-ს მიერ გავრცელებული და ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალები წარმოადგენს „საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ საკუთრებას, მათი გამოყენებისას უნდა მიეთითოს „საქართველოს სასამართლოს გუშაგი“, როგორც წყარო.
ავტორი: მეგი შამათავა, ავტორი: ანა ჩიქოვანი, ავტორი: სალომე კვირიკაშვილი