23.01.2023

პარლამენტი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებს ვერ ირჩევს - ,,ეს პროცესი ევროკავშირთან მიგვიყვანს?!”

საქართველოს პარლამენტში იგეგმებოდა 5 არამოსამართლე წევრების არჩევა, თუმცა კანდიდატების კენჭისყრა საგაზაფხულო სესიისთვის გადაიდო.

2021 წლის ივნისის შემდგომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 15 წევრის ნაცვლად ათია, ვინაიდან 5 არამოსამართლე წევრის თანამდებობა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ამ დრომდე ვაკანტურია. შესაბამისად, დაახლოებით წელიწად-ნახევარია იუსტიციის უმაღლესი საბჭო არასრული შემადგენლობით (10 წევრით) საქმიანობს და წყვეტს მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებს. 

ამ დროის განმავლობაში იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს ასარჩევად წარუდგინა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები; დანიშნა რაიონული და სააპელაციო სასამართლოების მოსამართლეები და თავმჯდომარეები; პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოებში განსაზღვრა კოლეგიების/პალატების შემადგენლობები და დანიშნა მათი თავმჯდომარეები; და მიიღო სხვა არაერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება.

უნდა აღინიშნოს, რომ 2022 წლის ივნისიდან საქართველოს სასამართლოს გუშაგი აკვირდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომებს. მონიტორინგის დროს გამოვლინდა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები ერთხმად უჭერენ მხარს გადაწყვეტილებებს და განსხვავებული პოზიცია თითქმის არ ფიქსირდება.

ევროპული სტრუქტურები აქტიურად მოუწოდებდნენ საქართველოს ხელისუფლებას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების დროულად არჩევის და საბჭოს შემადგენლობის პრინციპული და პროფესიონალი კადრებით დაკომპლექტებისკენ. ეს მოწოდებები გამოხატულია არაერთ დოკუმენტში, მათ შორის, ევროპული კომისიის 12-პუნქტიან სამოქმედო გეგმაში.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების შესარჩევი კონკურსის გამოცხადება

პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს პარლამენტმა  არამოსამართლე წევრების არჩევის კანონით დადგენილი ვადები (საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 47-ე მუხლი, 12-ე პუნქტი) ჯერ კიდევ 2021 წელს დაარღვია და კონკურსი არ გამოაცხადა.

არამოსამართლე წევრების შესარჩევი კონკურსი საქართველოს პარლამენტმა 2022 წლის წლის სექტემბერში გამოაცხადა. განაცხადების მიღების ვადა 2022 წლის 30 სექტემბრიდან - 20 ოქტომბრამდე განისაზღვრა, ხოლო კანდიდატების საჯარო მოსმენა საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში 8 დეკემბერს დაიწყო. 

თავდაპირველად კონკურსში მონაწილეობდა 32 კანდიდატი, მათგან თითქმის ნახევარი იყო წარდგენილი საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის მიერ, ხოლო დანარჩენი კანდიდატები - საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების მიერ. 

კანდიდატების ნაწილი ნაკლებად არის ცნობილი ფართო საზოგადოებისთვის. თუმცა, არიან ისეთებიც, რომელთა საჯარო საქმიანობასაც საზოგადოება კარგად იცნობს. ასეთი კანდიდატები სარგებლობდნენ ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების ღია მხარდაჭერით.

კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა კანდიდატების საჯარო მოსმენის გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა მოსმენების ზედმეტად დატვირთული განრიგი შეადგინა და ერთი დღეში 6-7 კანდიდატთან გასაუბრება დანიშნა. 

გასაუბრების ფორმატი:

  • თითოეულ კანდიდატს დაეთმო 5 წუთი საკუთარი თავის წარსადგენად, პროფესიული მიღწევების მოკლე აღწერის და საბჭოს საქმიანობასთან დაკავშირებით ხედვების გაზიარებისათვის.
  • რის შემდეგაც, სხდომაზე დამსწრე პირები სვამდნენ კითხვებს კანდიდატებთან; შეკითხვების რაოდენობა და პასუხის გაცემის დრო შეზღუდული არ ყოფილა. 
  • კითხვა-პასუხის ამოწურვის შემდეგ, შეჯამების სახით, კანდიდას შეეძლო დასკვნითი სიტყვის წარმოთქმა.

კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი პარლამენტის დეპუტატების დაბალი აქტივობის ფონზე მიმდინარეობდა. სხდომას, ძირითადად, ერთი და იგივე პირები ესწრებოდნენ, რომელთაგან უმეტესი ნაწილი საპარლამენტო უმრავლესობას წარმოადგენდა, ზოგიერთ კანდიდატთან გასაუბრებისას კი დარბაზი თითქმის ცარიელი იყო. 

ოპოზიციის წარმომადგენელთაგან გასაუბრების პროცესში, ძირითადად, აქტიურობდნენ: მიხეილ დაუშვილი („საქართველოსთვის“); ანა ნაცვლიშვილი („ლელო - მამუკა ხაზარაძე“); იაგო ხვიჩია („გირჩი“); ალექსანდრე რაქვიაშვილი („გირჩი); ფრიდონ ინჯია („ევროპელი სოციალისტები“). ხოლო საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებიდან შეკითხვებს, უმეტესად, სვამდნენ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი, ასევე, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე; გარდა ამისა, დეპუტატები: ალუდა ღუდუშაური, გურამ მაჭარაშვილი, ირაკლი შატაკიშვილი და რატი იონათამიშვილი. 

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს ძირითადად შემდეგ საკითხებზე აინტერესებდა კანდიდატების აზრის მოსმენა:

  • იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოქმედ არამოსამართლე წევრის უფლებამოსილების ვადის გაგრძელების შესაძლებლობა ახალი წევრის არჩევამდე, კონსტიტუციური ნორმის ცვლილების გარეშე;
  • ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შეფასებები ტელეკომპანია რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით.
  • კიდევ ერთი საქმე, რომელზეც კომიტეტის თავმჯდომარემ არაერთხელ გაამახვილა ყურადღება იყო ,,მაქარაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ", რომელზეც ევროპულმა სასამართლომ რამდენიმე თვის წინ, 2022 წლის 1 სექტემბერს მიიღო გადაწყვეტილება. 

გასაუბრებიდან გამომდინარე, დარჩა შთაბეჭდილება, რომ კომიტეტის თავმჯდომარე ცდილობდა კანდიდატებისგან მიეღო მისთვის სასურველი პასუხი.

არაერთგვაროვანი მიდგომა კანდიდატების მიმართ

მართალია, თითოეულ კანდიდატთან გასაუბრების დრო ან შეკითხვების რაოდენობა შეზღუდული არ ყოფილა, თუმცა, აშკარად შეინიშნებოდა კანდიდატების მიმართ არაერთგვაროვანი მიდგომა. კერძოდ, სამოქალაქო საზოგადოების მიერ მხარდაჭერილ კანდიდატებთან გასაუბრება შედარებით ხანგრძლივი იყო, ვინაიდან საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები მათთან მიმართებაში აქტიურობით გამოირჩეოდნენ: სვამდნენ ბევრად მეტი რაოდენობის და უფრო კრიტიკულ შეკითხვებს, ვიდრე სხვა კანდიდატებთან გასაუბრებისას. 

მაგალითად, თუკი სხვა კანდიდატებთან გასაუბრება საშუალოდ 30-40 წუთს არ სცილდებოდა, სამოქალაქო საზოგადოების მიერ მხარდაჭერილ კანდიდატებთან გასაუბრება დაახლოებით 1,5 – 2 საათს გაგრძელდა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს აინტერესებდათ მათი მოსაზრება ისეთ საკითხებზე, როგორიც არის, მაგალითად:

  • რამდენად საინტერესოა საზოგადოებისთვის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება? სასამართლოს გადაწყვეტილება უფრო მნიშვნელოვანია თუ საბჭოს მიერ მიღებული?
  • რას ნიშნავს ტერმინი „ინდივიდუალური მოსამართლე“ და „ინდივიდუალური მოსამართლის დამოუკიდებლობა“?
  • ნიკა გვარამიას პატიმრობის და მსჯავრდების საფუძვლიანობა.
  • მოსამართლის საჯარო კრიტიკა ტელეეთერებში არის თუ არა უხეში ჩარევა სამოსამართლო საქმიანობაში?
  • საბჭოში ე.წ. ორმაგი 2/3 საშუალებით გადაწყვეტილების მიღების პრინციპი იწვევს თუ არა საბჭოს „ორად გახლეჩას“?
  • რა ბერკეტები აქვთ „გავლენიან მოსამართლეებს“ სხვა მოსამართლეებზე ზეგავლენის მოსახდენად?
  • ხომ არ არის დისციპლინური პასუხისმგებლობის სისტემა მოსამართლის დამოუკიდებლობაში ჩარევა? და სხვა. 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა ზოგიერთ კანდიდატს შეახსენეს წარსულში მათ მიერ სოციალური ქსელით გაკეთებული განცხადებები რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით, ასევე, მოსთხოვეს ახსნა-განმარტება წარსულში მათი კრიტიკული განცხადებების გამო, საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკის შესახებ. 

კანდიდატების შეფასებები სასამართლო სისტემის შესახებ

სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიერ მხარდაჭერილი კანდიდატები გამოირჩეოდნენ უფრო თამამი განცხადებებით და აკეთებდნენ მწვავე შეფასებებს სასამართლო სისტემის მიმართ, ღიად საუბრობდნენ სასამართლოში არსებულ არაფორმალურ გავლენებზე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გაზრდილ ძალაუფლებაზე, მოსამართლის დამოუკიდებლობის დაბალ ხარისხსა და იმ საფრთხეებზე, რომლებსაც მცირე ჯგუფის ხელში თავმოყრილი ძალაუფლება ქმნის. 

უმაღლესი სასწავლებლების მიერ წარდგენილი კანდიდატების უმრავლესობა კი, ხშირ შემთხვევაში, კრიტიკულ შეკითხვებზე პირდაპირი პასუხის გაცემისგან თავს იკავებდა. მაგალითად, ოპოზიციის ერთ-ერთი წარმომადგენლის მიხეილ დაუშვილის შეკითხვაზე - მიადგა თუ არა ზიანი მოსამართლის დამოუკიდებლობას 2021 წლის 30 დეკემბერს მიღებული საკანონმდებლო ცვლილებებით, რამდენიმე მათგანმა პირდაპირ პასუხს თავი აარიდა, ხოლო ერთ-ერთმა კანდიდატმა განაცხადა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე შეფასებას ვერ გააკეთებს.

კანდიდატების პასუხებიდან ჩანდა, რომ მათი დიდი ნაწილი ან არ ფლობდა ინფორმაციას „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში განხორციელებული ცვლილებების შესახებ ან კრიტიკული შეფასებისგან თავს იკავებდა. კანდიდატების უმრავლესობამ არ მიიჩნია მიზანშეწონილად, შეეფასებინა იუსტიციის უმაღლესის საბჭოს საქმიანობა.

ამდენად, კანდიდატების დიდმა ნაწილმა თავი აარიდა სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემებზე ღიად საუბარს. შესაბამისად, ვერც იმ პრობლემების გადაჭრის გზებზე იმსჯელებდნენ, რომლებიც არ დაუსახელებიათ. შედეგად, ჩვენ კანდიდატების უმრავლესობისგან ვერ მოვისმინეთ თუ რა ხედვები აქვთ, რას შეცვლიან ან შემატებენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობას, თუკი, ერთ დღესაც, მის შემადგენლობაში აღმოჩნდებიან.

საქართველოს პარლამენტში 5 არამოსამართლე წევრობის კანდიდატების კენჭისყრა საგაზაფხულო სესიისთვის გადაიდო.

---
courtwatch.ge-ს მიერ გავრცელებული და ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალები წარმოადგენს „საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ საკუთრებას, მათი გამოყენებისას უნდა მიეთითოს „საქართველოს სასამართლოს გუშაგი“, როგორც წყარო.

ქეთი გაჩეჩილაძე