სასამართლო კომუნიკაციების თანამედროვე საშუალებებს ფეხს ვერ უწყობს

22.03.2023

“საზოგადოებაში ნდობის განმტკიცებისა და მხარდაჭერის მოპოვებისთვის მნიშვნელოვანია სამიზნე ჯგუფებს ჰქონდეთ რაციონალური ინფორმაცია სასამართლო სისტემაში მიმდინარე მოვლენების შესახებ. „მართლმსაჯულება არა მხოლოდ უნდა განხორციელდეს, არამედ უნდა ჩანდეს, რომ მართლმსაჯულება დადგა“ - ასე იწყება სასამართლო ხელისუფლების 3-წლიანი საკომუნიკაციო სტრატეგია, რომელიც ევროკავშირის სასამართლო მხარდაჭერის პროექტის (EU4Justice) ფარგლებში მომზადდა და 2018 წლის ნოემბერში დამტკიცდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ.

დოკუმენტი განსაზღვრავს სასამართლო სისტემის კომუნიკაციის ძირითადი მიმართულებებს. მასში მითითებულია, რომ „საზოგადოების ნდობა სასამართლო სისტემის ლეგიტიმურობისა და ეფექტიანი ფუნქციონირებისათვის საკვანძო მნიშვნელობის საკითხია“. ხოლო საზოგადოებაში ნდობის განმტკიცებისა და მხარდაჭერის მოპოვებისათვის სასამართლო ხელისუფლება მნიშვნელოვნად მიიჩნევს სასამართლოს პროაქტიულობას, რათა რეფორმებისა თუ სხვა მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ სამიზნე ჯგუფებთან აწარმოოს ინტენსიური კომუნიკაცია.

სასამართლო სისტემის გარე კომუნიკაციის გასაძლიერებლად დოკუმენტში რამდენიმე საშუალებაა მითითებული:

  • მედიასთან ურთიერთობის სისტემატიზაცია;
  • სოციალური მედია;
  • მიზნობრივ ჯგუფებთან კომუნიკაციის ფორმალიზება და გააქტიურება;
  • თანამშრომლობა ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან;
  • სპიკერ-მოსამართლეთა ინსტიტუტის გაძლიერება.


სასამართლოს გუშაგმა სხვა სტატიებში განიხილა სპიკერ-მოსამართლეთა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მედიასთან ურთიერთობის საკითხი. ამჯერად სტატიაში ვმსჯელობთ, რამდენად იყენებს სოციალურ მედიას სასამართლო ხელისუფლება საზოგადოებასთან კომუნიკაციის მიზნით.

სოციალური მედიის განვითარებასთან ერთად, სოციალური ქსელები სულ უფრო და უფრო აქტიურად გამოიყენება ინფორმაციის გასავრცელებლად. არსებული სოციალური ქსელებიდან საქართველოში ყველაზე მეტად Facebook-ით სარგებლობენ. ამასთან, სახელმწიფო ორგანოების შესყიდვები და რეკლამირებაზე დახარჯული თანხები მიუთითებს, რომ ინფორმაციის გასავრცელებლად ისინი ყველაზე მეტად Facebook-ს იყენებენ. 

სასამართლოს საკომუნიკაციო სტრატეგიაშიც აღნიშნულია, რომ „სოციალური მედია დიდი პოპულარობით სარგებლობს. საზოგადოების ნაწილი, სწორედ, სოციალური ქსელების საშუალებით იღებს ინფორმაციას. თანამედროვე ტექნოლოგიები სასამართლო ხელისუფლებას საზოგადოებასთან კომუნიკაციის მრავალფეროვან საშუალებას სთავაზობს.“

კომუნიკაციის სტრატეგიულ დოკუმენტში ციტირებულია მართლმსაჯულების საბჭოების ევროპულ ქსელს (ENCJ) ერთ-ერთი ანგარიში, რომელიც საუბრობს სოციალური მედიის მნიშვნელობაზე:

 „სოციალური მედია მართლმსაჯულებას საზოგადოებასთან ურთიერთობის ახალ შესაძლებლობას სთავაზობს, რომელიც ხელს უწყობს გამჭვირვალობას, ინტერაქციულობას და თანამშრომლობას.“

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოც სტრატეგიაში აღნიშნავდა, რომ „სასამართლოები უნდა ცდილობდნენ არ დაკარგონ სამიზნე აუდიტორიამდე ინფორმაციის მიტანის ეს [სოციალური მედია] გზა“.

აქედან გამომდინარე, ბუნებრივად ჩნდება მოლოდინი, რომ სასამართლო სისტემა აქტიურად უნდა იყენებდეს სოციალურ მედიას საზოგადოებასთან ინტერაქციის გაუმჯობესების მიზნით. საქართველოს სასამართლოს გუშაგმა შეისწავლა, როგორ ასრულებს საკომუნიკაციო სტრატეგიით, ჯერ კიდევ 5 წლის წინ დასახულ ამოცანებს და რამდენად იყენებს სოციალურ მედიას სასამართლო სისტემა.

ამჟამად Facebook-ის მომხმარებლები არიან: 

  • იუსტიციის უმაღლესი საბჭო;
  • საქართველოს უზენაესი სასამართლო;
  • თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოები;
  • სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტი;
  • იუსტიციის უმაღლესი სკოლა;
  • საერთო სასამართლოების ნაწილი.

თუმცა, როგორც ირკვევა ისინი სოციალურ მედიას საზოგადოებასთან კომუნიკაციის მიზნით აქტიურად არ იყენებენ, რასაც მოწმობს 2023 წლის იანვარი-მარტის პერიოდში მათ მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია სოციალურ ქსელში.

65 დღის განმავლობაში ყველაზე მეტი ინფორმაცია Facebook-ზე თბილისის სააპელაციო სასამართლომ გამოაქვეყნა (ჯამში 11 სიახლე), მეორე ადგილს იუსტიციის უმაღლესი სკოლა იკავებს (ჯამში 10 სიახლე), ხოლო ყველაზე ცუდი მაჩვენებელი თბილისის საქალაქო სასამართლოს აქვს - აღნიშნულ პერიოდში თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ Facebook-ზე ინფორმაცია საერთოდ არ გამოქვეყნებულა. 

აღსანიშნავია, რომ სასამართლო სისტემის არც ერთი ორგანო სოციალურ ქსელში ინფორმაციის გავრცელებისას არ იყენებს რეკლამას. საერთო სასამართლოების დეპარტამენტის ვებსაიტზე განთავსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით დგინდება, რომ 2017-2022 წლის განმავლობაში სასამართლომ რეკლამირებაზე 8 000 ლარი მხოლოდ 2017 წელს დახარჯა, ამის შემდგომ ამ მიზნით სასამართლო ხელისუფლებას ფინანსური რესურსები აღარ დაუხარჯავს. 



სიახლეების შინაარსი



და მაინც, რას შეიძლება ავრცელებდეს სასამართლო Facebook-ის მეშვეობით? 

როდესაც სასამართლოების მიერ გავრცელებულ სიახლეებზე ვსაუბრობთ ყურადღების ცენტრში საქართველოს უზენაესი სასამართლო ექცევა, ვინაიდან საკასაციო სასამართლოს ერთ-ერთი უმთავრესი როლი ერთგვაროვანი განმარტების დამკვიდრება და ერთიანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებაა. ამ კუთხით საჭიროა საზოგადოების ინფორმირება საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებების შესახებ. მიუხედავად ამ მნიშვნელოვანი როლისა, უზენაესი სასამართლოს Facebook გვერდზე 65 დღის განმავლობაში არ იძებნება ინფორმაცია სასამართლოს პრაქტიკისა და მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ. 

უზენაესი სასამართლოების აქტიურობის შესაფასებლად გადავწყვიტეთ შეგვესწავლა სხვა ქვეყნების რამდენიმე სასამართლოს გამოცდილება Facebook-ის გამოყენებასთან დაკავშირებით. 

ცხრილის სახით წარმოდგენილი მონაცემები ასახავს შესაბამის ქვეყნებში უზენაესი სასამართლოების მიერ საზოგადოებასთან კომუნიკაციის სიხშირეს.



რაც შეეხება შინაარსობრივ ნაწილს, უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოსგან განსხვავებით, ისინი სასამართლოში მიმდინარე სიახლეების გავრცელების პარალელურად აქტიურად აზიარებენ ამომწურავ ინფორმაციას მიღებული გადაწყვეტილებებისა და პრაქტიკის შესახებ. 

კანადის უზენაესი სასამართლო


კანადის უზენაესი სასამართლო Facebook ქსელის აქტიური მომხმარებელია და მისი მეშვეობით ცდილობს მოქალაქეთა ინფორმირებულობის გაზრდას სასამართლოში მიმდინარე პროგრამებისა და სიახლეების შესახებ. სასამართლოს Facebook-ით ავრცელებს სხვადასხვა სახის სასარგებლო ინფორმაციას, როგორიცაა ინსტრუქციები, სამართალწარმოების შესახებ სხვადასხვა საკითხები, სპეციალური საინფორმაციო მასალები სასამართლო პროცესებით დაინტერესებული ჟურნალისტებისთვის, პროცესების განრიგი და სხვ. მიუხედავად იმისა, რომ სხდომების განრიგი ხელმისაწვდომია ვებსაიტზე, სასამართლო მარტივი ვიზუალური სახით ავრცელებს ამ ინფორმაციას სოციალურ ქსელში. 


მეტიც, Facebook-ზე გამოქვეყნებულ სიახლეებში ვხვდებით უზენაესი სასამართლოს პასუხებს მოქალაქეთა კითხვებზე რუბრიკაში „თქვენ გვკითხეთ, ჩვენ გიპასუხეთ“


ასევე საინტერესოა, რომ კანადის უზენაესმა სასამართლომ ახლახან დაასრულა საინფორმაციო კამპანია სოციალურ ქსელში, რომლის ფარგლებშიც ისინი იურიდიულ ტერმინებს მარტივი ენით განმარტავდნენ. გარდა ამისა, კანადის უზენაესი სასამართლო აქვეყნებს კროსვორდებს სამართლებრივ საკითხებზე.






როგორც, მათ Facebook გვერდზეა მითითებული, კანადის უზენაესი სასამართლო ყოველთვის ეძებს გზებს, დაეხმაროს ადამიანებს, გაიგონ რას აკეთებს სასამართლო. 

ფლორიდის უზენაესი სასამართლო


ფლორიდის უზენაესი სასამართლოს Facebook გვერდის მეშვეობით, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია თვალი ადევნოს სასამართლო პროცესებს. გარდა ონლაინ ტრანსლაციისა, დაინტერესებულ პირს შეუძლია საქმის შესახებ ინფორმაციის მიღება სოციალური ქსელის მეშვეობით, რომელსაც სასამართლო მოკლე აღწერის სახით სთავაზობს მომხმარებლებს.

სასამართლო, სოციალური ქსელის მეშვეობით, წინასწარ ავრცელებს ინფორმაციას საქმეთა განხილვის განრიგის შესახებ, სადაც დროსთან ერთად მითითებულია საქმის მოკლე შინაარსიც. 

Faceebook სტატუსებს შორის განთავსებულია პოსტები წარწერით „იცოდე შენი სასამართლო“, რომლის მეშვეობით თითოეულ ადამიანს შეუძლია სასამართლოში განხორციელებული მნიშვნელოვანი ცვლილებების შესახებ ინფორმაციის მიღება. 

ახალი სამხრეთ უელსის უზენაესი სასამართლო


ახალი სამხრეთ უელსის უზენაესი სასამართლო საკუთარ ვებსაიტზე სასამართლოს გადაწყვეტილებებს საჯაროდ აქვეყნებს, თუმცა, ის მაინც აქტიურად იყენებს სოციალურ ქსელს, რათა კიდევ უფრო მეტ ადამიანს გაუზიაროს სიახლეები სასამართლოს გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით. ამასთანავე, ახალი სამხრეთ უელსის უზენაესი სასამართლო ყველა გადაწყვეტილებას თან ურთავს მოკლე შეჯამებას, რათა საქმის შესახებ ინფორმაცია მარტივად და გასაგები ენით მიაწოდოს თითოეულ დაინტერესებულ პირს. 

პოლონეთისა და სლოვაკეთისა უზენაესი სასამართლოები


მიუხედავად იმისა, რომ 01.01.2023-05.03.2023 დროის განმავლობაში პოლონეთის უზენაეს სასამართლოს მხოლოდ 2 სიახლე აქვს გამოქვეყნებული, გასული წლის მონაცემებზე თვალის გადავლებითაც ჩანს, რომ სასამართლო აქტიურად ავრცელებს ინფორმაციას გადაწყვეტილებების შესახებ. რაც შეეხება სლოვაკეთის სასამართლოს, Facebook გვერდზე აქტიურად ქვეყნდება ინფორმაცია სხვადასხვა ღონისძიებებისა და აქტივობების შესახებ, თუმცა ნაკლებად იყენებენ სოციალურ ქსელს სასამართლოს გადაწყვეტილებების შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით.

სასამართლო ხელისუფლების გამჭვირვალობის მიზნით მნიშვნელოვანია სასამართლო სისტემა აქტიურად იყენებდეს სოციალურ ქსელებს, რომელიც ინფორმაციის სწრაფ და ეფექტიან გავრცელებას უზრუნველყოფს. ის, თუ რამდენად ავრცელებს სასამართლო ხელისუფლება მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაციას მიუთითებს მის ღიაობასა და გამჭვირვალობაზე. 

საქართველოს სასამართლო სისტემის გაუმჭვირვალობა კომპლექსური საკითხია და კომუნიკაციის ფორმა, რომელსაც სასამართლო ხელისუფლება საზოგადოებასთან ურთიერთობისას ირჩევს, მისი ერთ-ერთი კომპონენტია. სასამართლოების ინტერესში უნდა იყოს ხალხთან ეფექტიანი კომუნიკაცია საზოგადოების ნდობის გაზრდის მიზნით, თუმცა პრაქტიკა საწინააღმდეგოს აჩვენებს. 

შევეცადეთ სტატიაში წარმოგვედგინა რამდენიმე კარგი გამოცდილება სასამართლოების მიერ სოციალური ქსელების გამოყენების კუთხით, რადგან ასეთი პრაქტიკის დანერგვა საქართველოშიც შესაძლებელია, ვინაიდან ძირითად შემთხვევაში საზოგადოების ინფორმირება ყოველთვის არ არის დაკავშირებული დიდძალ დამატებით ადამიანურ თუ ფინანსურ რესურსთან.

-----

courtwatch.ge-ს მიერ გავრცელებული და ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალები წარმოადგენს „საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ საკუთრებას, მათი გამოყენებისას უნდა მიეთითოს „საქართველოს სასამართლოს გუშაგი“, როგორც წყარო. 
ფოტო: freepik.com
ავტორი: სალომე კვირიკაშვილი