საქართველოს სასამართლო სისტემა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში

21.03.2023

2023 წლის 20 მარტს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა 2022 წლის ანგარიში საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ. სხვა საკითხებთან ერთად, ანგარიში მოიცავს სასამართლოს სისტემასთან დაკავშირებულ საკითხებს, შესაბამისად, წინამდებარე სტატიაში სწორედ ამ ნაწილს მიმოვიხილავთ. თავდაპირველად უნდა აღინიშნოს, რომ მასში ძირითადად მოხმობილია, როგორც სახალხო დამცველის, ასევე სხვადასხვა ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების (მათ შორის საქართველოს სასამართლოს გუშაგის) შეფასებები კვლევების, განცხადებებისა და სხვა სახის ანალიტიკური მასალების საფუძველზე.

ანგარიშში საუბარია სასამართლოს რეფორმის 4 ტალღის და ცალკეული საკანონმდებლო ცვლილებების არაეფექტიანობაზე. 2013 წლიდან გატარებული საკანონმდებლო ცვლილებების და რეფორმების გაანალიზება ცხადყოფს, რომ ის არ იყო შედეგიანი დამოუკიდებელი სასამართლოს ჩამოყალიბების თვალსაზრისით, პოლიტიკური ნების ნაკლებობის გამო. ხოლო პოზიტიური საკანონმდებლო ცვლილებები ან განუხორციელებელი დარჩა ან მხოლოდ ნაწილობრივ მოხდა მათი იმპლემენტაცია.

გარდა ამისა, სახალხო დამცველი და არასამთავრობო ორგანიზაციები ხაზგასმით აღნიშნავდნენ მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის შესახებ, რომელიც ძირითადად იუსტიციის საბჭოს წევრებისგან და სასამართლოს თავმჯდომარეებისგან შედგება. აქვე საუბარია მათ მიერ სასამართლოში კრიტიკული აზრის ჩახშობისა და სასამართლოს დამოუკიდებლობის განმტკიცებისთვის ხელის შეშლის შესახებ.

ანგარიშში აღნიშნულია მიხეილ ჩინჩალაძის, როგორც მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის ე.წ. კლანის ერთ-ერთი მთავარი ფიგურის, დანიშვნის შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში საუბარია სასამართლოს დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობაში ჩარევის ნიშნების შესახებ და იმის თაობაზე, რომ მოსამართლეები მოწყვლადები იყვნენ პოლიტიკურ ზეწოლის მიმართ, როგორც სისტემის შიგნიდან, ასევე გარედან; განსაკუთრებით ისეთ საქმეებზე, რომლებიც პოლიტიკურად მგრძნობიარე საკითხებს ან ინდივიდებს ეხებათ.

სასამართლოს დამოუკიდებლობის მთავარ დაბრკოლებად მიჩნეულია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებისა და სასამართლოს თავმჯდომარეების როლი, რაც იწვევს ძალაუფლების კონცენტრაციას ვიწრო ჯგუფის ხელში და არაფორმალურ გავლენებს. 

საგულისხმოა, რომ სასამართლოს სისტემაში არსებულ გავლენიან ჯგუფთან მიმართებით არაერთხელ არის ნახსენები სიტყვა „კლანი“, რომელშიც არასამთავრობო ორგანიზაციები გავლენიან, ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებულ და არარეფორმისტ მოსამართლეებს გულისხმობენ.

  • სასამართლო სისტემის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა

გასული წლის ოქტომბერში სასამართლო რეფორმის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, ასევე ორგანული კანონის ინიციირებული ცვლილებები არ შეესაბამება ევროკავშირის პირობებს კანდიდატის სტატუსის მისაღებად.

  • იუსტიციის უმაღლესი საბჭო

საკითხები, რომლებსაც იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან დაკავშირებით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში შეეხება, შემდეგია:

  1. საბჭოს გავლენა ინდივიდუალური მოსამართლის დამოუკიდებლობაზე;
  2. საქმეთა განაწილებით მანიპულირების შესაძლებლობა;
  3. საბჭოს საქმიანობის გაუმჭვირვალობა;
  4. ხარვეზები მოსამართლეებისა და თავმჯდომარეების დანიშვნის დროს.

  • „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის ცვლილებები

ანგარიში აღწერს 2022 წლის 20 ივნისს ვენეციის კომისიის დასკვნას „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 2021 წლის დეკემბრის ცვლილებების შესახებ, რომელიც დაჩქარებული წესით იქნა მიღებული საქართველოს პარლამენტის მიერ. კერძოდ, მოხმობილია ვენეციის კომისიის უარყოფითი შეფასებები, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს „მსუსხავი ეფექტი“ მოსამართლეების დამოუკიდებლობასა და გამოხატვის თავისუფლებაზე:

  1. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გაზრდილი უფლებამოსილება მოსამართლეთა გადაყვანასთან დაკავშირებით მათი თანხმობის გარეშე;
  2. მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის ბუნდოვანი საფუძვლები.
  3. დისციპლინური სამართალწარმოებისას მოსამართლის ხელფასის დაკავება, დისციპლინური გადაცდომის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე. 

  • ბერკეტები გავლენიანი ჯგუფის ხელში

ანგარიშში მითითებულია, რომ მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის ე.წ. კლანის ხელში თავმოყრილია არაერთი ბერკეტი, რომელიც რისკის ქვეშ აყენებს ინდივიდუალურ მოსამართლეთა დამოუკიდებლობას. კერძოდ:

  1. მოსამართლეთა შერჩევისა და დანიშვნა;
  2. მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის სისტემა;
  3. მოსამართლეთა დაწინაურება;
  4. საქმეთა შემთხვევითი განაწილების სისტემით მანიპულირების შესაძლებლობა;
  5. მოსამართლის გადაყვანა/მივლინება სხვა სასამართლოში;
  6. სასამართლოების უფლებამოსილების არარსებობა თავად აირჩიონ სასამართლოს თავმჯდომარე;
  7. საქმეებზე გადაწყვეტილების მიღების დროს მოსამართლეთათვის ინსტრუქციების მიცემისა და ზეწოლის შესაძლებლობა.


ანგარიშში ის ყოფილი მოსამართლეებიც არიან ნახსენები, რომლებმაც საჯაროდ ისაუბრეს სამოსამართლო უფლებამოსილების განხორციელებისას მათ მიმართ არსებულ ზეწოლაზე გავლენიანი ჯგუფის წევრების მხრიდან [ავტ.: საქართველოს სასამართლოს გუშაგმა გასულ წელს გამოაქვეყნა ორი ინტერვიუ ყოფილ მოსამართლეებთან - ანა ღელეყვასთან და ნათია ქუთათელაძესთან, რომლებმაც მათი მოსამართლეობის დროს არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს]. 

გარდა ზემოთაღნიშნულისა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ყურადღება გაამახვილა სასამართლო პროცესების პრობლემურ ხასიათზეც, რომელიც მოიცავს შემდეგ საკითხებს:

  1. პროცესების საჯაროობა;
  2. სახელმწიფოს გავლენა სასამართლოში საქმეებზე;
  3. პროცესების გაჭიანურება;
  4. მოსამართლეთა არასაკმარისი რაოდენობა;
  5. ბრალდებულის დაცვის უფლება;
  6. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ხარვეზები;
  7. საპროცესო შეთანხმების პრობლემურობა. 


დეპარტამენტის ანგარიში აღნიშნულია, რომ სასამართლოს არ აქვს ერთგვაროვანი მიდგომა სასამართლო პროცესების დახურვის თაობაზე და მიუთითებს, რომ ამით ილახება სამართლიანი სასამართლოს უფლება, განსაკუთრებით პოლიტიკურად მგრძნობიარე საქმეებზე. სასამართლოზე სახელისუფლებო გავლენის ნიმუშად მოყვანილია ნიკა გვარამიას საქმე, რომელიც “სახალხო დამცველმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა ... პოლიტიკურ დევნად შეაფასეს.” 

სასამართლო პროცესების გაჭიანურება ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. ცალ-ცალკეა გამახვილებული ყურადღება სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ დავებზე. ამ მხრივ ყურადღებას ამახვილებს საქართველოს სასამართლოს გუშაგის პოზიციაზეც, რომ საქმეთა გაჭიანურების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მოსამართლეთა არასაკმარისი რაოდენობაა. 

  • ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

ანგარიში ყურადღებას ამახვილებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსზე, რომელიც პირს არ აღჭურავს შესაბამისი საპროცესო გარანტიებით, როგორც ეს სისხლის სამართლის კოდექსის შემთხვევაშია. ადმინისტრაციულ დავებთან დაკავშირებით ყურადღებაა გამახვილებული აქტივისტების დაკავებებზე, 

  • საპროცესო შეთანხმება

საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შეფასებაზე დაყრდნობით, მითითებულია, რომ საპროცესო შეთანხმების კონტროლი სასამართლოს მხრიდან საკმაოდ სუსტია. ამ მხრივ აღსანიშნავია ისიც, რომ პროცესის მიმდინარეობისას ხშირად არ ხდება საპროცესო უფლებების განმარტება, სასამართლოები არასაკმარის დროს უთმობენ საპროცესო შეთანხმებას და საქმის ფაქტობრივი გარემოებების განხილვას.

  • პოლიტპატიმრები

ანგარიშში მითითებულია, რომ სახალხო დამცველმა, სამოქალაქო საზოგადოებამ და ადამიანის უფლებათა დამცველმა საერთაშორისო ორგანიზაციებმა თბილისის საქალაქო სასამართლოს 16 მაისის განაჩენი ოპოზიციურად განწყობილი მთავარი ტელეარხის დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმეზე. ეს განაჩენი მათ მიერ შეფასდა როგორც პოლიტიკურად მოტივირებული. გარდა ამისა, თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების განაჩენები აღნიშნულ საქმეზე არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შეფასებული იქნა, როგორც დაუსაბუთებელი. ამავდროულად პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმის განხილვისას გამოიკვეთა ინტერესთა კონფლიქტი მოსამართლესთან მიმართებით.

---

courtwatch.ge-ს მიერ გავრცელებული და ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალები წარმოადგენს „საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ საკუთრებას, მათი გამოყენებისას უნდა მიეთითოს „საქართველოს სასამართლოს გუშაგი“, როგორც წყარო.