2023 წლის მარტის განმავლობაში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა 10-ჯერ დაინიშნა: აქედან ჩატარდა მხოლოდ - 3 (სხდომები დაიწყო ერთ საათამდე დაგვიანებით); გადაიდო - 7-ჯერ.
ძირითადი მიგნებები:
- საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ყველა გადაწყვეტილება მიიღო ერთხმად, განსხვავებული აზრი/შეკითხვა არ დაფიქსირებულა;
- იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ წინასწარ, გონივრულ ვადაში, ვებგვერდზე არ გამოაქვეყნა ინფორმაცია სხდომის გადადების შესახებ;
- ყველა სხდომის დანიშვნის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდა ორგანული კანონის დარღვევით - მხოლოდ 1 სამუშაო დღით ადრე, ნაცვლად არანაკლებ 3 სამუშაო დღისა.
2 მარტი, 2023
თავდაპირველად სხდომა 17 თებერვალს დაინიშნა, თუმცა 5-ჯერ გადადების შემდეგ საბოლოოდ 2 მარტს ჩატარდა. სხდომაზე საკითხების განხილვას საერთო ჯამში დაეთმო 29 წუთი.
სხდომას არ ესწრებოდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ნინო ქადაგიძე.
დღის წესრიგი:
- სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის თავმჯდომარის წერილი;
- კანონპროექტი - „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ;
- განკარგულების პროექტი - „საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და საერთო სასამართლოებში სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2017 წლის 18 სექტემბრის 1/251 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“;
- ზოგიერთ ნორმატიული აქტში ცვლილების შეტანის შესახებ;
- ზოგიერთ რაიონულ (საქალაქო)/სააპელაციო სასამართლოებში პალატების/კოლეგიების შემადგენლობის განსაზღვრის შესახებ;
- საორგანიზაციო საკითხები.
სხდომაზე განხილული ძირითადი საკითხები/გადაწყვეტილებები:
- პირველი საკითხი ეხებოდა ლაგოდეხის მაგისტრატი სასამართლოს დემონტაჟს და ახალი შენობის მოძიების საკითხებს. საბჭოს ყველა წევრი თანახმა იყო ახალი შენობის მოგების დაწყების საკითხზე;
- მეორე საკითხი - ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილებებს. საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელმა ისაუბრა იმ მიზეზებზე, თუ რატომ არის საჭირო კოდექსში ცვლილებების შეტანა;
- ამის შემდგომ საბჭოს წევრებმა იმსჯელეს სასამართლოში სტაჟირების წესებში ცვლილებების თაობაზე;
- მეოთხე საკითხი შეეხებოდა „თბილისის სააპელაციო სასამართლოს პალატებში მოსამართლეთა ვიწრო სპეციალიზაციის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს №10 და „თბილისის საქალაქო სასამართლოს კოლეგიებში მოსამართლეთა ვიწრო სპეციალიზაციის განსაზღვრის შესახებ“ №9 დადგენილებებში ცვლილების შეტანას;
- მე-5 საკითხი - „ზოგიერთ რაიონულ (საქალაქო)/სააპელაციო სასამართლოებში პალატების/კოლეგიების შემადგენლობის განსაზღვრის შესახებ“ - განხილვა გადაიდო, მიზეზი არ დაუსახელებიათ;
- ვინაიდან სასამართლოს მენეჯმენტის დეპარტამენტის თავმჯდომარემ დატოვა თანამდებობა, საბჭოს წევრებმა იმსჯელეს კონკურსის გამოცხადების საჭიროებაზე.
სხდომაზე ასევე განიხილეს პრობლემური საკითხების ანალიზთან დაკავშირებით მოსამართლეთა შეხვედრების ორგანიზების თაობაზე და ისაუბრეს ბათუმის საქალაქო, რუსთავის საქალაქო და ქუთაისის საქალაქო სასამართლოებში შტატების დამატების საჭიროებაზე, კერძოდ საბჭოს წევრებმა აღნიშნეს, რომ ეს სასამართლოები საჭიროებს მწერალ თანაშემწეებს.
24 მარტი, 2023
თავდაპირველად სხდომა 7 მარტს დაინიშნა, თუმცა 5-ჯერ გადადების შემდეგ საბოლოოდ 24 მარტს ჩატარდა. სხდომაზე საკითხების განხილვას საერთო ჯამში დაეთმო 20 წუთი.
დღის წესრიგი:
- სსიპ - საერთო სასამართლოების დეპარტამენტის თავმჯდომარის წერილი;
- მოსამართლე ზ. რამიშვილის განცხადება;
- ზოგიერთ ნორმატიულ აქტში ცვლილების შეტანის შესახებ;
- ზოგიერთ რაიონულ (საქალაქო)/სააპელაციო სასამართლოებში პალატების/კოლეგიების შემადგენლობის განსაზღვრის შესახებ;
- საორგანიზაციო საკითხები.
სხდომაზე განხილული ძირითადი საკითხები/გადაწყვეტილებები:
- ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ქეთევან თხელიძე 2023 წლის 27 მარტიდან 2023 წლის 1 აპრილამდე მივლინებული იქნა ცაგერის რაიონულ სასამართლოში მოსამართლის უფლებამოსილების განსახორციელებლად, რომელიც მოსამართლის უფლებამოსილებას იმავდროულად განახორციელებს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში.
- „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთათვის თანამდებობრივ სარგოზე დანამატის განსაზღვრისა და საცხოვრებელი ფართობით უზრუნველყოფის ხარჯების ანაზღაურების წესის შესახებ“ დადგენილების შესაბამისად საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეებს (გარდა უზენაესი სასამართლოსა) მოქმედ ყოველთვიურ დანამატთან ერთად, 2023 წლის მარტში თანამდებობრივ სარგოზე განესაზღვრათ დანამატი თანამდებობრივი სარგოს 50%-ის ოდენობით.
- საქართველოს სასამართლო ეთიკის წესების კომენტარების შემუშავების მიზნით სამუშაო ჯგუფის შემადგენლობა შემდეგნაირად განისაზღვრა:
დიმიტრი გვრიტიშვილი - თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ( ჯგუფის ხელმძღვანელი)
თამარ ზამბახიძე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე;
ნინო თარაშვილი - თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე;
ალექსანდრე იაშვილი - თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე.
- საბჭოს სხდომაზე ასევე გამოცხადდა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სასამართლო მენეჯმენტის დეპარტამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსის მეორე ეტაპზე გადასული კანდიდატების სია;
- სხდომაზე ასევე იმსჯელეს „ზოგიერთი მოსამართლისათვის საცხოვრებელი ბინის დაქირავებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 13 მარტის №1/26 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, ვინაიდან ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეს ზაზა რამიშვილს არ აქვს საცხოვრებელი ქალაქ ქუთაისში, ამის გათვალისწინებით დასახელებულ დადგენილებაში შევიდა ცვლილება.
29 მარტი, 2023
სხდომაზე საკითხების განხილვას საერთო ჯამში დაეთმო 40 წუთი.
დღის წესრიგი:
- სსიპ - საერთო სასამართლოების დეპარტამენტის თავმჯდომარის წერილი;
- კანონპროექტები - „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“, „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“;
- მოსამართლე ი. ლაბაძის წერილი;
- ზოგიერთ ნორმატიულ აქტში ცვლილების შეტანის შესახებ;
- ზოგიერთ რაიონულ (საქალაქო)/სააპელაციო სასამართლოებში პალატების/კოლეგიების შემადგენლობის განსაზღვრის შესახებ;
- საორგანიზაციო საკითხები.
სხდომაზე განხილული ძირითადი საკითხები/გადაწყვეტილებები:
- სსიპ - საერთო სასამართლოების დეპარტამენტის თავმჯდომარის წერილი ეხებოდა თბილისის საქალაქო სასამართლოს მფლობელობაში არსებული საჯარო ფართის ქირის თანხის გაზრდას, ფასის გაზრდა მოითხოვა ფართის მესაკუთრემ. ამ საკითხზე ნაწილობრივ იმსჯელეს, თუმცა განხილვა გადადეს, იმ მიზეზით, რომ საერთო სასამართლოების დეპარტამენტს ფართის მესაკუთრესთან მოლაპარაკებები გაეგრძელებინა;
- კანონპროექტებით გათვალისწინებული ცვლილებები ეხებოდა სხვადასხვა საკითხებს, მათ შორის - სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით განისაზღვროს ორმაგი თანხმობის მოდელი, ორგანოთა გადანერგვის საკითხზე, საჭირო იყოს ჯერ დონაციის კომისიის თანხმობა და შემდგომ უკვე სასამართლოს თანხმობა;
- მოსამართლე ია ლაბაძეს წერილი შეეხებოდა საწვავის თანხის გამოყოფას, კერძოდ, ვინაიდან ია ლაბაძე ყოველდღიურად დადის მცხეთის რაიონულ სასამართლოში მანქანით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მიმართა წერილით საწვავის გამოყოფის თხოვნით. ეს საკითხი განსახილველად გადაეგზავნა საერთო სასამართლოების დეპარტამენტს;
- „ზოგიერთ ნორმატიულ აქტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საკითხის განხილვა გადაიდო, მიზეზი არ დაუსახელებიათ.
- თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის მოსამართლე გიორგი გელაშვილი ითხოვდა სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლედ განწესებას, რაც ერთხმად დაკმაყოფილდა. ასევე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის მოსამართლე დავით მგელიაშვილი ითხოვდა საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიაში გადაყვანას, რაც ასევე ერთხმად დაკმაყოფილდა.
- დღის წესრიგში მითითებული საორგანიზაციო საკითხები არ განხილულა.
-----
courtwatch.ge-ს მიერ გავრცელებული და ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალები წარმოადგენს „საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ საკუთრებას, მათი გამოყენებისას უნდა მიეთითოს „საქართველოს სასამართლოს გუშაგი“, როგორც წყარო.