2024 წლის მარტის თვის განმავლობაში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა 5-ჯერ დაინიშნა; აქედან, ჩატარდა 2-ჯერ (სხდომები დაიწყო 4 საათამდე დაგვიანებით); გადაიდო 3-ჯერ.
ძირითადი მიგნებები
- საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ყველა გადაწყვეტილება მიიღო ერთხმად, განსხვავებული აზრი/შეკითხვა არ დაფიქსირებულა;
- იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ წინასწარ, გონივრულ ვადაში, ვებგვერდზე არ გამოაქვეყნა ინფორმაცია სხდომის გადადების შესახებ;
- ზოგი სხდომის დანიშვნის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდა ორგანული კანონის დარღვევით - მხოლოდ 1 სამუშაო დღით ადრე, ნაცვლად არანაკლებ 3 სამუშაო დღისა.
14 მარტი, 2024
თავდაპირველად სხდომა 23 თებერვალს დაინიშნა, თუმცა სამჯერ გადადების შემდეგ 14 მარტს ჩატარდა. სხდომაზე საკითხების განხილვას, საერთო ჯამში, 25 წუთი დაეთმო.
სხდომას არ ესწრებოდნენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძე და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრები ბადრი შონია და პაატა სილაგაძე. როგორც ცნობილია, ეს მოსამართლე წევრები მონაწილეობენ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევ კონკურსში, ამ მიზეზით მათ განცხადების საფუძველზე დატოვეს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.
დღის წესრიგი:
- სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის თავმჯდომარის წერილები;
- კანონპროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“;
- ზოგიერთ ნორმატიულ აქტში ცვლილების შეტანის შესახებ;
- ზოგიერთ რაიონულ (საქალაქო)/სააპელაციო სასამართლოებში პალატების/კოლეგიების შემადგენლობის განსაზღვრის შესახებ;
- საორგანიზაციო საკითხები.
სხდომაზე განხილული ძირითადი საკითხები/გადაწყვეტილებები:
- პირველი საკითხის ფარგლებში იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ განიხილა საერთო სასამართლოების დეპარტამენტის თავმჯდომარის 3 წერილი:
პირველი წერილი შეეხებოდა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ქონების გადაცემის საკითხს. სოციალური მომსახურების სააგენტომ დეპარტამენტს მიმართა თხოვნით, დაბა მესტიაში საერთო სასამართლოების დეპარტამენტის კუთვნილი შენობის უკანა ეზოს გარკვეული ნაწილი გადაეცეს საკუთრებაში, რათა განათავსონ გენერატორი. ეს ფართი არის სახელმწიფოს საკუთრება, რომელიც გადაეცა დეპარტამენტს. როგორც ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მენეჯერის წერილშია მითითებული, აღნიშნული ფართის გადაცემა არ შეუშლის ხელს სასამართლოს ნორმალურ ფუნქციონირებას.
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ერთხმად (ყველა დამსწრე წევრი) გასცა თანხმობა მიწის ნაკვეთის საკუთრებაში გადაცემის შესახებ.
მეორე წერილი შეეხებოდა საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დაზღვევის საკითხს. საქართველოს ორგანული კანონით „საერთო სასამართლოების შესახებ“, საერთო სასამართლოების მოსამართლეების დაზღვევა, გარდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებისა, ხორციელდება საერთო სასამართლოების დეპარტამენტსა და ლიცენზირებულ სადაზღვევო კომპანიას შორის გაფორმებული ხელშეკრულებით. მიმდინარე წელსაც, ისევე როგორც სხვა წლებში, აღნიშნული მომსახურების შესყიდვის მიზნით ჩატარდა კვლევა და გამოიკვეთა, რომ იმავე სადაზღვეო პაკეტით სარგებლობა, რითაც აქამდე სარგებლობდნენ მოსამართლეები, საჭიროებს თანხის მცირედ გაზრდას. საერთო სასამართლოების დეპარტამენტის წარმომადგენელმა თხოვნით მიმართა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, მიმდინარე წელს მომსახურების შესასყიდად და დაზღვევის თანხად განისაზღვროს 175 ლარი; შარშან იმავე პაკეტის ღირებულება 155 ლარი იყო. უმაღლესმა საბჭომ ერთხმად გასცა თანხმობა სადაზღვევო ხელშეკრულებების გაფორმების მიზნით მომსახურების შესყიდვაზე.
მესამე წერილი შეეხებოდა სასამართლოს შენობაში განსახორციელებელ სარემონტო სამუშაოებს. დეპარტამენტმა უმაღლეს საბჭოს წარუდგინა სარემონტო სამუშაოების ნუსხა, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ერთხმად გასცა თანხმობა აღნიშნული სამუშაოების დაწყებაზე. ნუსხაში სულ 23 სარემონტო ობიექტია მითითებული.
- დღის წესრიგით გათვალისწინებული მეორე საკითხი შეეხებოდა საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანას. კანონპროექტის წარმდგენმა აღნიშნა, რომ ცვლილების მიზანი უკავშირდება ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის შესახებ ევროკომისიის 2023 წლის 8 ნოემბრის ერთ-ერთი რეკომენდაციას, რომელიც ეხება ანტიკორუფციული ბიუროს საქმიანობის ეფექტიანობის ხელშეწყობას. ცვლილებების შეტანის შესახებ კანონის პროექტის თანახმად, კოდექსს ემატება პრიმა თავი, რომლითაც განისაზღვრება საჯარო სამართლის იურიდიული პირის ანტიკორუფციული ბიუროს მიერ სპეციალური ადმინისტრაციული წარმოების ღონისძიებების განხორციელების წესი.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რამდენიმე წევრმა დამაზუსტებელი კითხვა დასვა. ასევე, შენიშვნა ჰქონდათ კონკრეტული ნორმის საჭიროებასთან და ვადებთან დაკავშირებით. საბოლოოდ გადაწყდა კონსულტაციების გავლა და შენიშვნების ჩამოყალიბება შემდეგი სხდომისთვის.
- სხვა საკითხები მოიხსნა დღის წესრიგიდან. მიზეზი არ დასახელებულა.
- უმაღლესი საბჭოს მდივანმა განაცხადა, რომ უმაღლესი საბჭოს წევრებს, გარდა განხილული საკითხებისა, სხვა საკითხებიც აქვთ შესათანხმებელი, ამიტომ უმაღლესი საბჭოს წევრებს დარჩენა სთხოვა, ხოლო დამსწრე წევრებს – სხდომის დატოვება.
27 მარტი, 2024
სხდომაზე საკითხების განხილვას, საერთო ჯამში, 19 წუთი დაეთმო.
სხდომას არ ესწრებოდნენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძე და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი ქეთევან ცინცაძე.
დღის წესრიგი:
- სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის თავმჯდომარის წერილი;
- ზოგიერთ ნორმატიულ აქტში ცვლილების შეტანის შესახებ;
- ზოგიერთ რაიონულ (საქალაქო)/სააპელაციო სასამართლოებში პალატების/კოლეგიების შემადგენლობისა და რაოდენობის განსაზღვრის შესახებ;
- საორგანიზაციო საკითხები.
სხდომაზე განხილული ძირითადი საკითხები/გადაწყვეტილებები:
- დღის წესრიგით გათვალისწინებული პირველი საკითხის ფარგლებში იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოისმინა სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის თავმჯდომარის წერილის შინაარსი, რომელიც შეეხებოდა ინიციატივას საერთო სასამართლოების ეროვნულ არქივთან დაკავშირებით.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებულ წესში საარქივო სამსახურის მიერ დაინიცირდა პროექტი, რომელიც შეეხებოდა საერთო სასამართლოებში დასრულებულ საქმეთა შენახვის წესს – კერძოდ, მუდმივად შესანახი დოკუმენტების ჩამონათვალის სრულყოფას.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა ნიკოლოზ მარსაგიშვილმა დასვა შეკითხვა იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად სრულყოფილი იყო დოკუმენტების ჩამონათვალი ინიციირებულ პროექტში. საერთო სასამართლოების დეპარტამენტის წარმომადგენელმა ამ შეკითხვაზე უპასუხა, რომ ჩამონათვალი შეადგინეს ეროვნული არქივის შესაბამისი კომპეტენციის პირებმა. შესაბამისად, ჩამონათვალი ამომწურავი სახისაა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხვა წევრებსაც ჰქონდათ შეკითხვები, კონკრეტული ტიპის დოკუმენტები მოიაზრებოდა თუ არა ჩამონათვალში.
- დღის წესრიგით გათვალისწინებული მეორე საკითხის ფარგლებში იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ განიხილა დადგენილების პროექტი, რომელიც 13 მარტს გამოქვეყნდა უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე. დადგენილების პროექტი შეეხებოდა საქმის განაწილების წესს. კერძოდ, იმ მოსამართლეებს, რომლებსაც საპენსიო ასაკი უსრულდებათ, საქმეები იმავე ინტენსივობით არ დაწეროდათ. დადგენილების პროექტი ითვალისწინებდა იმას, რომ მოსამართლეებზე უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე (საპენსიო ასაკის მიღწევის გამო) ბოლო 3 თვის განმავლობაში არ მომხდარიყო საქმის განაწილება.
მითითებულ ვადასთან დაკავშირებით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა, თემურ გოგოხიამ აღნიშნა, რომ უმჯობესია, თუკი მოსამართლეებს, ბოლო 3 თვის ნაცვლად, ბოლო 5 თვე აღარ დაეწერებათ საქმეები. აღნიშნულ ინიციატივაზე უმაღლესი საბჭოს წევრებმა იმსჯელეს და ამ შენიშვნის გათვალისწინებით მიიღეს ცვლილება აქტში.
- დღის წესრიგით გათვალისწინებული მესამე საკითხის ფარგლებში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ეკატერინე კულულაშვილი მიავლინეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში. მივლინება განხორციელდა მოსამართლის სურვილის შესაბამისად. მივლინების პერიოდი განისაზღვრა 1-ელი აპრილიდან 31 დეკემბრის ჩათვლით.
- საორგანიზაციო საკითხის ფარგლებში იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ განიხილა მოსამართლეთა მივლინების საკითხი. კერძოდ, ახალქალაქში ორი მოსამართლიდან ერთ-ერთ მოსამართლეს უსრულდება საპენსიო ასაკი. ასევე, მოსამართლეების საჭიროების საკითხი დგას გურჯაანის, ოზურგეთისა და ზუგდიდის სასამართლოებში. აქედან გამომდინარე, იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლეებს მიმართავს ახალქალაქში, გურჯაანსა და ოზურგეთში 2 მოსამართლის მივლინების წინადადებით, ხოლო ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში – 1 მოსამართლის მივლინების წინადადებით.
- საორგანიზაციო საკითხის ფარგლებში აგრეთვე განიხილეს 2020-2023 წლების სასამართლოს ანგარიში, რომელიც წარადგინა დიმიტრი გვრიტიშვილმა. (საბჭოს წევრების განმარტებით, აღნიშნული დოკუმენტი მალევე იქნება საჯაროდ ხელმისაწვდომი). პრეზენტაციის ფარგლებში დიმიტრი გვრიტიშვილმა ყურადღება გაამახვილა სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციისა თუ კვლევითი ცენტრის ანგარიშებზე, რომლის მიხედვითაც საქართველოს სასამართლო სისტემას მოწინავე პოზიციები უკავია. მან მოკლედ შეაჯამა სასამართლოს საკითხებთან დაკავშირებული თემები, რომლებიც შეეხებოდა სასამართლოში საქმეთა ნაკადს, საკადრო პოლიტიკასა თუ საკანონმდებლო ცვლილებებს. ამის ფონზე გვრიტიშვილმა აღნიშნა, რომ არასამთავრობო სექტორი მათ „გაუმართლებლად ებრძვის“. ეს შეფასება ასევე გაიზიარეს უმაღლესი საბჭოს სხვა წევრებმაც. კერძოდ, მსგავსი კომენტარები გააკეთეს ვასილ მშვენიერაძემ და თემურ გოგოხიამ.
- საორგანიზაციო საკითხის ფარგლებში გათვალისწინებულ ბოლო საკითხთან დაკავშირებით უმაღლესმა საბჭომ სხდომა ყოველგვარი განმარტების გარეშე დახურა.
-----
courtwatch.ge-ს მიერ გავრცელებული და ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალები წარმოადგენს „საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ საკუთრებას, მათი გამოყენებისას უნდა მიეთითოს „საქართველოს სასამართლოს გუშაგი“, როგორც წყარო.