2024 წლის ივნისის განმავლობაში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა 6-ჯერ დაინიშნა: აქედან ჩატარდა 2- ჯერ (სხდომები დაიწყო ერთ საათამდე დაგვიანებით); გადაიდო 4.
ძირითადი მიგნებები
- საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ყველა გადაწყვეტილება მიიღო ერთხმად, განსხვავებული აზრი/შეკითხვა არ დაფიქსირებულა;
- იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ წინასწარ, გონივრულ ვადაში, ვებგვერდზე არ გამოაქვეყნა ინფორმაცია სხდომის გადადების შესახებ;
- სხდომის დანიშვნის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდა ორგანული კანონის დარღვევით - მხოლოდ 1 სამუშაო დღით, ან რამდენიმე საათით ადრე, ნაცვლად არანაკლებ 3 სამუშაო დღისა.
20 ივნისი, 2024
თავდაპირველად სხდომა 31 მაისს დაინიშნა, თუმცა სამჯერ გადადების შემდეგ 20 ივნის ჩატარდა. სხდომაზე საკითხების განხილვას საერთო ჯამში 3 წუთი დაეთმო.
სხდომას არ ესწრებოდნენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრები: ლევან მურუსიძე, ქეთევან ცინცაძე და ვასილ მშვენიერაძე, ასევე, სხდომას არ ესწრებოდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი თამარ ღვამიჩავა.
დღის წესრიგი :
- ზოგიერთი მოსამართლის უფლებამოსილების თაობაზე;
- ზოგიერთ რაიონულ (საქალაქო)/სააპელაციო სასამართლოებში პალატების/კოლეგიების შემადგენლობისა და რაოდენობის განსაზღვრის შესახებ;
- საორგანიზაციო საკითხები.
სხდომაზე განხილული ძირითადი საკითხები/გადაწყვეტილებები:
- პირველი საკითხის ფარგლებში იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ განიხილა ახალქალაქის რაიონული სასამართლოს მოსამართლის, მალხაზ ენუქიძის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ განკარგულება. იქიდან გამომდინარე, რომ მალხაზ ენუქიძემ 16 ივნისს მიაღწია საპენსიო ასაკს, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ერთხმად (ყველა დამსწრე წევრი 11) დაუჭირა მხარი მალხაზ ენუქიძის თანამდებობიდან გათავისუფლებას კანონით დადგენილი ასაკის მიღწევის გამო.
- დღის წესრიგით გათვალისწინებული მეორე და მესამე საკითხი მოიხსნა, მიზეზი არ დასახელებულა.
28 ივნისი, 2024
თავდაპირველად სხდომა 25 ივნისს დაინიშნა, თუმცა ორჯერ გადაიდო და საბოლოოდ 28 ივნისს ჩატარდა. სხდომაზე საკითხების განხილვას საერთო ჯამში 9 წუთი დაეთმო.
სხდომას არ ესწრებოდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ნინო ქადაგიძე და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი ვასილ მშვენიერაძე.
დღის წესრიგი :
- რუსთავის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის წერილი;
- იუსტიციის უმაღლეს სკოლასთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხი;
- ზოგიერთ ნორმატიულ აქტში ცვლილების შეტანის შესახებ;
- ზოგიერთ რაიონულ (საქალაქო)/სააპელაციო სასამართლოებში პალატების/კოლეგიების შემადგენლობისა და რაოდენობის განსაზღვრის შესახებ;
- საორგანიზაციო საკითხები.
სხდომაზე განხილული ძირითადი საკითხები/გადაწყვეტილებები:
- დღის წესრიგით გათვალისწინებული პირველი საკითხის ფარგლებში საერთო სასამართლოების დეპარტამენტს ნაფიც მსაჯულთა ხარჯების ანაზღაურების ფინანსური საკითხის მოკვლევა დაევალა.
- მეორე საკითხის ფარგლებში იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამამთავრებელი გამოცდის კომისიის წევრად დიმიტრი გვრიტიშვილის კანდიდატურა წარადგინა ნიკოლოზ მარსაგიშვილმა, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მის კანდიდატურას მხარი დაუჭირა.
- დღის წესრიგით გათვალისწინებული მესამე საკითხი მოიხსნა, მიზეზი არ დასახელებულა.
- მეოთხე საკითხის ფარგლებში, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ გიზო უბილავას შეუწყვიტა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება, იმ მიზეზით, რომ საქართველოს პარლამენტმა ის უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ აირჩია.
- საორგანიზაციო საკითხების ფარგლებში, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ რაიონულ (საქალაქო) სასამართლოებში არსებულ მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსი გამოაცხადა. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ განაცხადების მიღების ვადად განსაზღვრა პირველი ივლისიდან 22 ივლისის ჩათვლით პერიოდი.
განკარგულების თანახმად კონკურსი სულ 17 ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადდა, იხილეთ განკარგულება.
-----
courtwatch.ge-ს მიერ გავრცელებული და ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალები წარმოადგენს „საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ საკუთრებას, მათი გამოყენებისას უნდა მიეთითოს „საქართველოს სასამართლოს გუშაგი“, როგორც წყარო.