რა საკითხები განიხილა იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ თებერვალში

29.02.2024
2024 წლის თებერვლის განმავლობაში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა 2-ჯერ დაინიშნა: აქედან ჩატარდა ერთი სხდომა, რომელიც დაიწყო 3 საათამდე დაგვიანებით, გადაიდო ერთი სხდომა.

ძირითადი მიგნებები

  • საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ყველა გადაწყვეტილება მიიღო ერთხმად, მიუხედავად იმისა, რომ განსხვავებული აზრი დაფიქსირდა. კერძოდ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ერთ-ერთ კანდიდატს ალექსანდრე კობაიძეს წარდგენილი ჰქონდა დიპლომი ნიშნების ფურცლის გარეშე, რაც უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული წესით სავალდებულო დოკუმენტია. უმაღლესი საბჭოს რამდენიმე წევრი მიიჩნევდა, რომ კანდიდატი არ უნდა დაერეგისტრირებინათ აღნიშნული მიზეზით, თუმცა კანდიდატად მისი რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება უმაღლესი საბჭოს წევრებმა მაინც ერთხმად მიიღეს;
  • იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ წინასწარ, გონივრულ ვადაში, ვებგვერდზე არ გამოაქვეყნა ინფორმაცია სხდომების გადადების შესახებ. კერძოდ, 23 თებერვალს სხდომის გადადების შესახებ ინფორმაცია საერთოდ არ გამოქვეყნებულა, თუმცა სხდომის დაწყებამდე, 30 წუთით ადრე გამოქვეყნებული დღის წესრიგი ვებგვერდიდან უბრალოდ გაქრა, შესაბამისი განმარტებების გარეშე;
  • სხდომების გამართვის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდა ორგანული კანონის დარღვევით - მხოლოდ 1 სამუშაო დღით ადრე (ნაცვლად 3 სამუშაო დღისა) ან იმავე დღეს. 

22 თებერვალი, 2024

სხდომაზე საკითხების განხილვას საერთო ჯამში 32 წუთი დაეთმო.

სხდომას ესწრებოდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყველა წევრი.

დღის წესრიგი:

  1. სსიპ - საერთო სასამართლოების დეპარტამენტის თავმჯდომარის წერილი;
  2. განკარგულების პროექტი - „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის შესახებ საერთო სასამართლოების 2024 წლის სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“;
  3. ზოგიერთი მოსამართლისათვის საწვავის გამოყოფის შესახებ;
  4. ზოგიერთ რაიონულ (საქალაქო)/სააპელაციო სასამართლოებში პალატების/კოლეგიების შემადგენლობის განსაზღვრის შესახებ;
  5. საორგანიზაციო საკითხები.

სხდომაზე განხილული ძირითადი საკითხები/გადაწყვეტილებები:

  • პირველ საკითხად საერთო სასამართლოების დეპარტამენტის თავმჯდომარის წერილი განიხილეს, რომელიც შეეხებოდა 2024 წლის 8 თებერვალს დეპარტამენტისათვის საქართველოს პროკურატურის მიერ გაგზავნილ წერილს, საერთო სასამართლოების დეპარტამენტის საკუთრებაში არსებული სახელმწიფო ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის თაობაზე. საერთო სასამართლოების დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, აღნიშნული ფართი არც ამ ეტაპზე და არც სამომავლოდ არ არის საჭირო სასამართლოს ფუნქციონირებისთვის. საერთო სასამართლოების დეპარტამენტმა თხოვნით მიმართა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, როგორც საერთო სასამართლოების დეპარტამენტის საქმიანობაზე სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოს, მიეცათ მათთვის თანხმობა, რომ აღნიშნული ქონება გადაეცათ პროკურატურისთვის. 

    იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ერთხმად გასცა თანხმობა ქონების გადაცემაზე.

  • მეორე საკითხი შეეხებოდა განკარგულების პროექტს - „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის შესახებ საერთო სასამართლოების 2024 წლის სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“. როგორც სხდომაზე აღნიშნეს, 2023 წლის სამოქმედო გეგმის ფარგლებში, ადაპტირდა შუახევის და ონის მაგისტრატი სასამართლოების ცენტრალური კარი და პანდუსი; გარდა ამისა,  სასამართლოს ფორმების შესახებ იმსჯელეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან; ასევე, ჩატარდა ტრენინგები შეზღუდულ შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის საკითხებთან დაკავშირებით;

    როგორც სხდომაზე აღნიშნეს, სამოქმედო გეგმა მოიცავს რამდენიმე მიზანს შშმ პირთა უფლებების დაცვის თვალსაზრისით: 

    1. სასამართლო შენობების ხელმისაწვდომობის გაზრდა პირველი მიზანია, რომლის მისაღწევად განსაზღვრულია ადაპტირებული გარემოს შექმნა პანდუსის მოწყობის გზით (მარტვილის მაგისტრატ სასამართლოში), ასევე,  ლიფტის მოწყობა რუსთავის საქალაქო სასამართლოში (აღნიშნული ამოცანა 2023 წლის სამოქმედო გეგმითაც იყო განსაზღვრული) და ადაპტირებული სველი წერტილის მოწყობა; 

    2. სამოქმედო გეგმით განსაზღვრული მეორე მიზანია სასამართლო სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდა, რომლის ამოცანად განსაზღვრულია სასამართლო ფორმების ხელმისაწვდომის გაუმჯობესება და ფორმების სრული ადაპტირება;

    3. ხოლო სამოქმედო გეგმით განსაზღვრული მესამე მიზანია საერთო სასამართლოს ხელმისაწვდომობის გაზრდა ტრენინგების ჩატარების გზით.

    „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის შესახებ საერთო სასამართლოების 2024 წლის სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ განკარგულების პროექტთან დაკავშირებით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს კითხვები ან შენიშვნები არ ჰქონიათ.

  • მესამე საკითხი შეეხებოდა ზოგიერთი მოსამართლისთვის საწვავის გამოყოფის საკითხს. კერძოდ, მცხეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლე რომან კუპატაძე, როგორც სხდომაზე აღნიშნეს, მისივე თანხმობით 2024 წლის პირველი თებერვლიდან ერთი წლის ვადით მიავლინეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში. ხოლო, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკატერინე ელიაძე, 2024 წლის პირველი თებერვლიდან, მისივე თანხმობით, მიავლინეს მცხეთის რაიონულ სასამართლოში. სხდომაზე წევრებმა ისაუბრეს საწვავის ხარჯების გამოყოფის საჭიროებაზე. მათი თქმით, ვინაიდან მოსამართლეების სამუშაო და საცხოვრებელი ადგილები არის სხვადასხვა, ისინი საჭიროებენ ავტომობილით გადაადგილებას.  უმაღლესმა საბჭომ მიმართა საერთო სასამართლოების დეპარტამენტს, განსაზღვროს მოსამართლეებისთვის საწვავის ხარჯის საჭირო ოდენობა.

  • მეოთხე საკითხი მოიხსნა დღის წესრიგიდან. მიზეზი არ დასახელებულა.

შემდეგი საკითხის -"საორგანიზაციო საკითხების" განხილვამდე, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 10-წუთიანი შესვენება გამოაცხადა, რის შემდეგაც სხდომა 30 წუთში განახლდა.

  • საორგანიზაციო საკითხის ფარგლებში იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ განიხილა რამდენიმე საკითხი:
  1. სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოში (მათ შორის: აღმოსავლეთ საქართველოს პირველ, მეორე და მესამე ადგილობრივ საბჭოებში, დასავლეთ საქართველოს ადგილობრივ საბჭოში და სხვ.) წევრების წარდგენა. იუსტიციის საბჭოს მდივნის, ნიკოლოზ მარსაგიშვილის განმარტებით მათ მიერ წარდგენილი კანდიდატები არიან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და ინსპექტორის აპარატის თანამშრომლები: ზაზა ხარებავა [ავტ. შენიშვნა: იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი არამოსამართლე წევრი, ამჟამად მენეჯმენტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი], თინათინ აბრალავა, გიორგი პავლაძე, ხატია ჯავახიშვილი [ავტ. შენიშვნა: რომელიც ამჟამად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატია], თამარ სულაქველიძე, ალექსანდრე კურცხალია. 

    უმაღლესი საბჭოს სხდომაზე აღნიშნეს, რომ:

    - აღმოსავლეთ საქართველოს პირველ ადგილობრივ საბჭოში წარდგენილია - ზაზა ხარებავა;
    - აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივ საბჭოში წარდგენილია - თინათინ აბრალავა;
    - აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივ საბჭოში წარდგენილია - ალექსანდრე კურცხალია;
    - დასავლეთ საქართველოს ადგილობრივ საბჭოში წარდგენილია - გიორგი პავლაძე.

    ჩვენთვის არ არის ცნობილი, თუ რომელ ადგილობრივ საბჭოებში არიან წარდგენილები სხვა კანდიდატები, ვინაიდან საბჭოს გადაწყვეტილება დღემდე არ არის გამოქვეყნებული და უმაღლესი საბჭოს მდივანი გასაგებად (ხმამაღლა) არ საუბრობს. 
     
  2. საორგანიზაციო საკითხების ნაწილში უმაღლესმა საბჭომ განიხილა საერთო სასამართლოების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის, ზურაბ აზნაურაშვილის განცხადება, სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ. ზურაბ აზნაურაშვილი იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილედ მას შემდეგ დანიშნა, რაც პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი ინსპექტორის თანამდებობიდან

  3. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ბოლოს განიხილა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის კანდიდატების დარეგისტრირების საკითხი, შედეგად მოსამართლეობის 18 კანდიდატი დაარეგისტრირა, კერძოდ:

    1. ალფაიძე თამარ
    2. ბონდარენკო ირაკლი
    3. გოგინაშვილი გიორგი
    4. დიდავა გოჩა
    5. თავართქილაძე ლაშა
    6. კაჟაშვილი ლიანა
    7. კობაიძე ალექსანდრე
    8. კულულაშვილი ეკატერინე
    9. ლომიძე მერაბ
    10. მერაბიშვილი ნათია
    11. სილაგაძე პაატა
    12. უბილავა გიზო
    13. შავაძე პაატა
    14. შონია ბადრი
    15. ჩხაიძე სიმონ
    16. ძლიერიშვილი ზურაბ
    17. ჯავახიშვილი ხატია
    18. ჯეირანაშვილი გოჩა 

აღსანიშნავია, რომ განაცხადი წარადგინა ცხრამეტმა კანდიდატმა, თუმცა ერთი კანდიდატი საბჭომ არ დაარეგისტრირა არასრულად წარდგენილი დოკუმენტაციის გამო.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსის განმარტებით, გარდა სამი კანდიდატისა (რომელთაგანაც 1 არ დაარეგისტრირა უმაღლესმა საბჭომ), სრულყოფილადაა წარდგენილი ყველა სხვა კანდიდატის დოკუმენტები. 

შესაბამისად, უმაღლესმა საბჭომ იმსჯელა მხოლოდ სამ კანდიდატზე: 

1. ალექსანდრე კობაიძე - წარდგენილი ჰქონდა დიპლომი ნიშნების ფურცლის გარეშე, რაც სავალდებულო დოკუმენტად აქვს განსაზღვრული უმაღლეს საბჭოს;

2. ლევან კოკორაშვილი - განაცხადს არ ერთოდა დიპლომის დანართი და ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ასევე, სამართლებრივი დოკუმენტები;

3. ხატია ჯავახიშვილი - არ ჰქონდა წარდგენილი სამართლებრივი დოკუმენტები. 

უმაღლესი საბჭოს წევრების განმარტებით, სამართლებრივი დოკუმენტები შეიძლება არ არსებობდეს, ან არ ჰქონდეს კანდიდატს საშუალება რომ წარადგინოს, გარკვეული შეზღუდვების გამო. შესაბამისად, საბჭოს მდივნის განმარტებით, სამართლებრივი დოკუმენტების გარეშე კანდიდატის დარეგისტრირება მაინც შესაძლებელია.

რაც შეეხება ჯანმრთელობის ცნობას, ნიკოლოზ მარსაგიშვილმა დასვა კითხვა, ხომ არ შეიძლებოდა დამატებითი ვადის განსაზღვრა კანდიდატისთვის ცნობის წარდგენის შესახებ, თუმცა საბჭოს წევრების განმარტებით კანონი მსგავს შესაძლებლობას არ ითვალისწინებს. 

საბჭოს წევრებმა დეტალურად იმსჯელეს ნიშნების ფურცელთან დაკავშირებით. საკუთარი მოსაზრებები პირველად თქვეს არამოსამართლე წევრებმაც. 

დიმიტრი გვრიტიშვილის თქმით, თუ სავალდებულო დოკუმენტადაა ნიშნების ფურცელი განსაზღვრული, მის გარეშე კანდიდატი ვერ დარეგისტრირდება, ვინაიდან დიპლომის შემადგენელი ნაწილია.

გიორგი გზობავას განმარტებითაც, აღნიშნული დოკუმენტი არის დიპლომის ნაწილი და უნდა დახარვეზებულიყო კანდიდატი.

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის და მდივნის შეფასებით, თუ კი პირს მიენიჭა კვალიფიკაცია და აქვს დიპლომი, ეს ნიშნავს, რომ მას საკმარისი შეფასება (რაც ნიშნების ფურცელში იქნებოდა ასახული) ჰქონდა.

მიუხედავად განსხვავებული მოსაზრებებისა, საბოლოოდ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა კანდიდატის დარეგისტრირებაზე თანხმობას ერთხმად დაუჭირეს მხარი. 

საორგანიზაციო საკითხის განხილვაში, მათ შორის კანდიდატების დარეგისტრირების საკითხზე გადაწყვეტილების მიღებაში, არ მონაწილეობდნენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრები: პაატა სილაგაძე და ბადრი შონია, ვინაიდან ისინი თავად არიან უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები.

-----

courtwatch.ge-ს მიერ გავრცელებული და ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალები წარმოადგენს „საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ საკუთრებას, მათი გამოყენებისას უნდა მიეთითოს „საქართველოს სასამართლოს გუშაგი“, როგორც წყარო.

ავტორი: მეგი შამათავა