რა საკითხები განიხილა იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ იანვარში

31.01.2024
2024 წლის იანვრის განმავლობაში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა 3-ჯერ დაინიშნა და სხდომა ყველა შემთხვევაში ჩატარდა (სხდომები დაიწყო 2 საათამდე დაგვიანებით)

ძირითადი მიგნებები

  1. საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ყველა გადაწყვეტილება მიიღო ერთხმად, განსხვავებული აზრი/შეკითხვა არ დაფიქსირებულა.
  2. სხდომების გამართვის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდა ორგანული კანონის დარღვევით - მხოლოდ 1 სამუშაო დღით ადრე ან იმავე დღეს, ნაცვლად 3 სამუშაო დღისა. 
  3. თბილისის საქალაქო სასამართლოში ახალი ვიწრო სპეციალიზაცია შეიქმნა.

11 იანვარი, 2024

სხდომაზე საკითხების განხილვას საერთო ჯამში 36 წუთი დაეთმო.
სხდომას არ ესწრებოდნენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი თამარ ღვამიჩავა და მოსამართლე წევრი თემურ გოგოხია.

დღის წესრიგი: 

  1. სსიპ - საერთო სასამართლოების დეპარტამენტის თავმჯდომარის წერილი
  2. ზოგიერთი მოსამართლის უფლებამოსილების თაობაზე;
  3. ზოგიერთ ნორმატიულ აქტში ცვლილების შეტანის შესახებ;
  4. ზოგიერთ რაიონულ (საქალაქო)/სააპელაციო სასამართლოებში პალატების/კოლეგიების შემადგენლობის განსაზღვრის შესახებ;
  5. საორგანიზაციო საკითხები.

სხდომაზე განხილული ძირითადი საკითხები/გადაწყვეტილებები:

  • პირველი საკითხი შეეხებოდა ხულოს მაგისტრატი სასამართლოს მოქმედ შენობას. კერძოდ, საერთო სასამართლოების დეპარტამენტს ხულოს მაგისტრატი სასამართლოსთვის კერძო პირისგან ნაქირავები აქვს შენობა. ქირავნობის ვადა იწურება 2024 წლის 31 იანვარს. 9 იანვარს საერთო სასამართლოების დეპარტამენტში შემოვიდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს წერილი, რომლის თანახმადაც ხულოს მაგისტრატი სასამართლოსთვის დაქირავებული შენობის იჯარის ვადით 2 წლით გაგრძელება იყო მოთხოვნილი. საერთო სასამართლოების დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით გადასახდელი თანხის ოდენობა (3125 ლარი) არ იცვლება. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყველა დამსწრე წევრმა (13 წევრი) ერთხმად გასცა თანხმობა იჯარის ხელშეკრულების 2 წლის ვადით გაგრძელებაზე.
  • მეორე საკითხი - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლეს ნანა კალანდაძეს შეუსრულდა საპენსიო ასაკი, რის საფუძველზეც გათავისუფლდა თანამდებობიდან. (საპენსიო ასაკი 17 იანვარს შეუსრულდა, შესაბამისად 17 იანვრიდან გათავისუფლდა თანამდებობიდან)
  • მესამე საკითხის ფარგლებში იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ განიხილა რამდენიმე პროექტი: 

    1. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 31 იანვრის N1 დადგენილებაში ცვლილების შეტანას შეეხებოდა პირველი დადგენილების პროექტი. ცვლილება ეხება აღნიშნული დადგენილების დანართ N5-ში მითითებულ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის საშტატო ნუსხას და თანამდებობრივ სარგოს. ეს ცვლილება გამომდინარეობს საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონიდან, რომლითაც საბაზო თანამდებობრივი სარგოდ 1330 ლარი განისაზღვრა. შესაბამისად საბჭოს აპარატის მოხელეთათვის გათვალისწინებულია დაახლოებით სარგოს 10%-იანი მატება. 
    გარდა ამისა, განიხილეს საკითხი სამართლებრივი და მატერიალური უზრუნველყოფის დეპარტამენტის საფინანსო სამეურნეო სამმართველოში ერთ-ერთი თანამდებობის დასახელების შეცვლასთან დაკავშირებით, კერძოდ, სამმართველო ახორციელებს სახელმწიფო შესყიდვებს და საბუღალტრო საქმიანობას. თანამდებობის დაზუსტებამდე ამ საქმიანობას ახორციელებდა - „უფროსი კონსულტანტი“ დაზუსტების შემდეგ თანამდებობის სახელი განისაზღვრება როგორც „უფროსი კონსულტანტი - სახელმწიფო შესყიდვების კოორდინატორი“ და მოხდება მისი გათანაბრება ბუღალტერთან. 
    ცვლილებებს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ერთხმად დაუჭირა მხარი.

    2. მეორე საკითხი შეეხებოდა იმავე დადგენილების დანართი N 6-ით დამტკიცებულ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში შესატან ცვლილებებს, კერძოდ, საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეული და საქართველოს პრეზიდენტის მიერ დანიშნული იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების თანამდებობრივი სარგოს განსაზღვრას. ვინაიდან არამოსამართლე წევრების თანამდებობრივი სარგო განისაზღვრება იმ ოდენობით, რაც განსაზღვრულია სააპელაციო სასამართლოს მოსამართლისთვის და მოსამართლეთა თანამდებობრივი სარგო გაიზარდა, შესაბამისად უნდა გაიზარდოს არამოსამართლე წევრების თანამდებობრივი სარგოც.

    3. მესამე საკითხი შეეხებოდა თბილისის საქალაქო სასამართლოში ახალი ვიწრო სპეციალიზაციის შექმნას და არსებულ სპეციალიზაციებში ცვლილებების შეტანას.

    სხდომაზე განიხილეს 2 პროექტი, რომელიც შეეხებოდა - თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეთა ვიწრო სპეციალიზაციის განსაზღვრის შესახებ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 11 აგვისტოს N9 და თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა ვიწრო სპეციალიზაციის განსაზღვრის შესახებ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 11 აგვისტოს N10 დადგენილებებში ცვლილებების შეტანას. 

    ცვლილებებზე ისაუბრეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარემ, ბადრი შონიამ და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარემ, დიმიტრი გვრიტიშვილმა. 
    იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ერთხმად დაუჭირა მხარი არსებულ ვიწრო სპეციალიზაციებს შორის ცვლილების განხორციელებას. ცვლილების თანახმად „ბ“ კატეგორიიდან „ა“ კატეგორიაში გადაინაცვლა შრომითმა დავებმა, ხოლო „ა“ კატეგორიიდან „ბ“ კატეგორიაში გადმოიტანეს ოჯახურ ძალადობასთან და ქალთა მიმართ ძალადობასთან დაკავშირებული პრევენციის და რეაგირების საქმეები, ასევე, ელექტრონული ზედამხედველობის გამოყენებასთან დაკავშირებული საქმეები. ეს ცვლილება შეეხო როგორც თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, ასევე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.

    გარდა ამისა, 2024 წლის 11 იანვარს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლეთა ახალი ვიწრო სპეციალიზაცია შეიქმნა, რომელიც იმუშავებს მიგრაციასთან დაკავშირებულ დავებზე (თავშესაფრის მაძიებელთა, გაძევებასთან დაკავშირებული დავები და სხვა.). ამ საკითხთან დაკავშირებით ვრცლად იხილეთ სასამართლოს გუშაგის სტატია - „თბილისის საქალაქო სასამართლოში მიგრაციის საქმეებზე მოსამართლეთა ახალი ვიწრო სპეციალიზაცია შეიქმნა“ 
    ახალი ვიწრო სპეციალიზაციის შექმნას იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ერთხმად (დამსწრე 13 წევრი) დაუჭირა მხარი.
  • დღის წესრიგით გათვალისწინებული მეოთხე და მეხუთე საკითხი მოიხსნა დღის წესრიგიდან, მიზეზი არ გაჟღერებულა.

24 იანვარი, 2024

სხდომაზე საკითხების განხილვას საერთო ჯამში 5 წუთი დაეთმო.
სხდომას არ ესწრებოდნენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი ლევან მურუსიძე.

დღის წესრიგი : 

  1. განკარგულების პროექტი - „სასამართლოს მომხმარებელთა კმაყოფილების კვლევის ჩატარების შესახებ“;
  2. ზოგიერთ ნორმატიულ აქტში ცვლილების შეტანის შესახებ;
  3. ზოგიერთ რაიონულ (საქალაქო)/სააპელაციო სასამართლოებში პალატების/კოლეგიების შემადგენლობის განსაზღვრის შესახებ;
  4. საორგანიზაციო საკითხები.

სხდომაზე განხილული ძირითადი საკითხები/გადაწყვეტილებები:

  • პირველი საკითხის ფარგლებში მენეჯმენტის დეპარტამენტს დაევალა კმაყოფილების კვლევის ჩატარება სასამართლოებში. მიმდინარე კვირაში დაიგეგმა საორგანიზაციო საკითხების მოგვარება, ხოლო 29 იანვრიდან 2 თებერვლის ჩათვლით კი უშუალოდ კმაყოფილების კვლევის ჩატარება.
  • დღის წესრიგით გათვალისწინებული მეორე და მესამე საკითხი გადადეს, მიზეზი არ დასახელებულა.
  • საორგანიზაციო საკითხების ფარგლებში, 2024 წლის 24 იანვარს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად, საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების შერჩევის პროცედურა დაიწყო. მოსამართლის სამ ვაკანსიაზე განცხადებები ელექტრონული ფორმით მიიღება 2024 წლის 25 იანვრიდან 15 თებერვლის ჩათვლით. 

    საქართველოს უზენაესი სასამართლოს შემადგენლობაში შედის 28 მოსამართლე, თუმცა ამჟამად უფლებამოსილებას 27 ახორციელებს: რომელთაგან 24 არჩეულია უვადოდ, ხოლო სამი - 10 წლის ვადით.

    2024 წლის ოქტომბერში 10-წლიანი უფლებამოსილების ვადა ეწურება უზენაესი სასამართლოს ორ მოსამართლეს, ნინო ბაქაქურსა და ზურაბ ძლიერიშვილს. 

    ამასთანავე, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ 2023 წლის დეკემბერში თანამდებობა დატოვა უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ, ალექსანდრე წულაძემ, რადგან ის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველ მოადგილედ დაინიშნა.

30 იანვარი, 2024

სხდომაზე საკითხების განხილვას საერთო ჯამში 20 წუთი დაეთმო.
სხდომას არ ესწრებოდნენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი ლევან მურუსიძე, არამოსამართლე წევრი გოგა კიკილაშვილი.

დღის წესრიგი:

  1. განკარგულების პროექტი - „საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და საერთო სასამართლოებში სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2017 წლის 18 სექტემბრის №1/251 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“; 
  2. ზოგიერთი მოსამართლის მივლინების თაობაზე;
  3. ზოგიერთ რაიონულ (საქალაქო)/სააპელაციო სასამართლოებში პალატების/კოლეგიების შემადგენლობის განსაზღვრის შესახებ;
  4. საორგანიზაციო საკითხები.

სხდომაზე განხილული ძირითადი საკითხები/გადაწყვეტილებები:

  • დღის წესრიგით გათვალისწინებული პირველი საკითხის ფარგლებში განიხილეს განკარგულების პროექტი, რომლის მიხედვითაც, სასამართლოში სტაჟირება ანაზღაურებადი ხდება. განკარგულებით განისაზღვრა სტაჟირებისთვის საჭირო დოკუმენტები და მოთხოვნები, ასევე ანაზღაურების ოდენობა. სხდომაზე გაჟღერებული ინფორმაციის თანახმად, ამ ეტაპზე მთელი სასამართლოების მასშტაბით სულ 24 სტაჟიორია დასაქმებული და კიდევ 183 ადამიანის აყვანაა შესაძლებელი. ასევე სხდომაზე გაჟღერებული ინფორმაციის თანახმად, სტაჟიორთა ანაზღაურებას დასჭირდება 1 200 000 ლარი სასამართლოს ბიუჯეტიდან.
  • დღის წესრიგით გათვალისწინებული მე-2 საკითხი შეეხებოდა მივლინებას. კერძოდ, მცხეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლე რომან კუპატაძე, მისივე თანხმობით 2024 წლის პირველი თებერვლიდან ერთი წლის ვადით მიავლინეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე - ეკატერინე ელიაძე, მისივე თანხმობით მიავლინეს მცხეთის რაიონულ სასამართლოში ასევე 2024 წლის პირველი თებერვლიდან. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ორივე საკითხზე ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება
  • დღის წესრიგით გათვალისწინებული მესამე და მეოთხე საკითხი მოიხსნა, მიზეზი არ დასახელებულა.

-----

courtwatch.ge-ს მიერ გავრცელებული და ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალები წარმოადგენს „საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ საკუთრებას, მათი გამოყენებისას უნდა მიეთითოს „საქართველოს სასამართლოს გუშაგი“, როგორც წყარო.

ავტორი: მეგი შამათავა