თბილისის საქალაქო სასამართლოში, 20 დეკემბერს გამართული პროცესი პროევროპულ აქციაზე ორჯერ დააკავებულ (ბოლოს დააკავეს 2024 წლის 19 დეკემბერს) ბექა კახიძის მიერ შესაძლო სამართალდარღვევის ჩადენას ეხებოდა.
ბექას საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში პირველი სხდომა 9 დეკემბერს გაიმართა, თუმცა მოსარჩელის შუამდგომლობით გადაიდო, ვინაიდან მან ვერ წარმოადგინა ვიდეოჩანაწერი, როგორც მტკიცებულება და, ასევე, ვერ წარმოადგინა მოწმე დასაკითხად. მომდევნო სხდომა 20 დეკემბერს გაიმართა. ორივე შემთხვევაზე, მოსამართლე ზვიად ცეკვავამ ერთად იმსჯელა.
სხდომაზე საქმის მხარეები იყვნენ ოქმის შემდგენი ორგანოს, შინაგან საქმეთა სამინისტროს (შსს) წარმომადგენლები და ბექას ადვოკატი ეკა ქობესაშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია - ადამიანის უფლებათა ცენტრიდან. თავად ბექა 20 დეკემბრის სხდომაზე არ იმყოფებოდა, მიზეზი არ გაჟღერებულა.
შსს-ს წარმომადგენელი მოითხოვდა ბექას სამართალდამრღვევად ცნობას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) მუხლების პირველი ნაწილებით, ასევე 174-ე პრიმა მუხლით (შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების წესის დარღვევა).
შსს-ს წარმომადგენელმა სასამართლოს წინაშე დააყენა შუამდგომლობა მოწმის სახით პატრულ-ინსპექტორების ზურაბ ღარიბაშვილის და გიორგი კაპანაძის დაკითხვაზე. შუამდგომლობას ადვოკატი არ დაეთანხმა; მისი განმარტებით, მოწმე გიორგი კაპანაძე ობიექტური ვერ იქნებოდა, ვინაიდან მან შეადგინა ოქმი და შესაბამისად მიკერძოებული პოზიცია ექნებოდა. საბოლოოდ, მოსამართლემ სრულად დააკმაყოფილა მოწმეთა დაკითხვის შესახებ შუამდგომლობა.
ბექას ადვოკატის განმარტებით ადგილი არ ჰქონია სამართალდარღვევას. ის არც პოლიციელებს უწევდა წინააღმდეგობას, არც შეურაცხყოფას აყენებდა მათ. რაც შეეხება გზის გადაკეტვას, ადვოკატის განმარტებით, ეს სრულად ჯდება აზრის გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში, მათ შორის გზის სავალ ნაწილში საპროტესტო აქციის გამართვა. შესაბმისად შსს-ს წარმომადგენლის არგუმენტი იმის შესახებ, რომ აქციაზე არ იყო საკმარისი ხალხი, რაც საჭიროს გახდიდა გზის გადაკეტას, ადვოკატის მხრიდან არ იქნა მიღებული. სასამართლო პროცესზე, ადვოკატისთვის არავის აუხსნია თუ რა რაოდენობა ადამიანი არის საჭირო იმისთვის, რომ კონკრეტული გზის ფართობის გადაკეტვა შეიძლებოდეს? ან რატომ/ვინ ჩათვალა, რომ იმ კონკრეტულ დროს, გზის გადაკეტვისთვის ხალხის საკმარისი რაოდენობა არ იყო აქციაზე? - გაუგებარია.
მოწმეთა დაკითხვის კონტექსტში განსაკუთრებულად აღსანიშნავია მოწმე პატრულ-ინსპექტორის, ზურაბ ღარიბაშვილის აგრესიული განწყობა. ის უხეშად პასუხობდა ადვოკატის კითხვებს, ან კითხვაზე კითხვასვე უბრუნებდა. მოსამართლეს მოწმისთვის შენიშვნა არ მიუცია მისი აგრესიულობის გამო, მხოლოდ უთხრა, რომ კითხვებისთვის ეპასუხა, რადგან მას კითხვაზე პასუხის გაცემა ევალებოდა და არა - კითხვების დასმა.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ პოლიციელებს დამატებით არ მოუძიებიათ ინფორმაცია, დაკავების მომენტს ხომ არ იღებდა ვინმე ან მიმდებარე ტერიტორიაზე დამონტაჟებული კამერა, მაშინ, როცა ამგვარი ვიდეო მტკიცებულება საქმისთვის მნიშვნელოვან ფაქტებს დაადასტურებდა ან უარყოფდა. შსს-ს წარმომადგენელმა პროცესზე წარადგინა მედიაში გასული კადრები, სადაც ადვოკატის განმარტებით ჩანს მხოლოდ ის, რომ საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა.
როგორც ყველა სხვა მსგავს შემთხვევაში, სამხრე კამერები მოწმედ გამოძახებულ პოლიციელებს ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც არ ჰქონიათ ჩართული. აღნიშნული წარმოადგენს პრობლემას, რადგან სამხრე კამერების ჩანაწერი მნიშვნელოვანი მტკიცებულება იქნებოდა საქმისთვის და დაადასტურებდა ან უარყობდა მოწმეთა ჩვენებებს. ამ საკითხის სამართლებრივ შეფასებაში მხოლოდ ადვოკატი შევიდა.
პატრულ-ინსპექტორთა ჩვენებები ერთმანეთისგან განსხვავდებოდა სამართალდამცველთა მოწოდების ფორმის და საშუალების განმარტების ნაწილში, კერძოდ, მოწმე გიორგი კაპანაძემ აღნიშნა, რომ აქციის მონაწილეებს დაშლისკენ რუპორის საშუალებით მოუწოდებდნენ, ხოლო მოწმე ზურაბ ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ მოუწოდებდნენ ჩვეულებრივ დაძახებით.
---
სტატია მომზადდა საქართველოს სასამართლოს გუშაგის მიერ USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა მხარდაჭერით. პროგრამას ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI), ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით.
სტატიის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია საქართველოს სასამართლოს გუშაგი და მასში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა, არ ასახავდეს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს შეხედულებებს.