სასამართლოს მანდატური

08.05.2024

თუ სასამართლოს შენობაში ყოფილხართ და კითხვა გაგჩენიათ, მათ შორის, ისეთ საკითხზე, თუ სად არის კონკრეტული დარბაზი, ალბათ პირველი, ვისაც ამ კითხვას დაუსვამთ, სასამართლოს მანდატურია.

საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებს მივმართეთ კითხვით, რა უფლება-მოვალეობები აქვთ სასამართლოს მანდატურებს, თუმცა პასუხი არ მიგვიღია, სწორედ ამიტომ, საჯარო წყაროებიდან მოძიებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, სტატიაში განვიხილავთ, რა არის სასამართლოს მანდატურის საკვალიფიკაციო მოთხოვნები და ფუნქციები. 

თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მანდატურის ვაკანსიაზე გამოცხადებული საკონკურსო განაცხადის საფუძველზე, მანდატურის ფუნქციებში მოიაზრება:

  • მოსამართლეების, სასამართლო პროცესის მონაწილეებისა და მოწმეების უსაფრთხოების დაცვა;
  • სასამართლოში წესრიგის დაცვა;
  • წესრიგის დაცვასთან დაკავშირებით სასამართლოს თავმჯდომარისა და სასამართლო სხდომის თავმჯდომარის მითითებების შესრულება;
  • სასამართლოს ადმინისტრაციული შენობის დაცვა;
  • სასამართლო პროცესის დაწყებისათვის სასამართლო სხდომის დარბაზის მზადყოფნის შემოწმება, მოსამართლის მითითებით სასამართლოს სხდომის დარბაზში სისხლის სამართლის საქმისა და ნივთიერი მტკიცებულებების გადატანა და დაცვა;
  • სასამართლოში სამართალდარღვევის აღკვეთა, სამართალდამრღვევის გამოვლენა, აუცილებლობის შემთხვევაში, მისი დაკავება პოლიციისათვის გადაცემის მიზნით და ამის თაობაზე დაკავების ოქმის შედგენა.

რა საკვალიფიკაციო მოთხოვნებს უწესებს თბილისის საქალაქო სასამართლო მანდატურის პოზიციაზე დასაქმებით დაინტერესებულ პირებს?

მანდატურისთვის ძირითად საკვალიფიკაციო მოთხოვნად თბილისის საქალაქო სასამართლო განსაზღვრავს, რომ მანდატურს უნდა ჰქონდეს სრული ზოგადი განათლება.

ხოლო დამატებით მოთხოვნებად აწესებს, რომ:

  • სასამართლოს მანდატურად შეიძლება დაინიშნოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 22 წლის ასაკიდან, თუ იგი ფლობს სახელმწიფო ენას და აქვს სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისათვის შესაბამისი ჯანმრთელობის მდგომარეობა;
  • სასურველია უცხო ენის ცოდნა;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, მოწესრიგებულობა, დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • დროის ეფექტურად დაგეგმვის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
  • დატვირთული რეჟიმით მუშაობის უნარი;
  • სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი.

როგორც ვაკანსიის შესახებ გაზიარებული განცხადებიდან ჩანს, მანდატურს არც ძირითად და არც დამატებით მოთხოვნად არ აქვს განსაზღვრული სასამართლოს შენობაში ვიზიტორებისთვის ინფორმაციის მიწოდება, შესაბამისად, ეს არ არის მათი ფუნქცია, თუმცა პრაქტიკაში ამ როლის შეთავსება უწევს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მანდატურის ვაკანსიაზე გამოცხადებულ კონკურსში საკონკურსო თემატიკა შემდეგნაირია:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი;
გ) „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონი;
დ) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 212-ე მუხლი;
ე) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლი;
ვ) „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონი;
ზ) „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონი;
თ) „საჯარო დაწესებულებაში ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის №200 დადგენილება;
ი) „საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და საქართველოს საერთო სასამართლოებში მოქალაქესთან კომუნიკაციის სტანდარტების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2009 წლის 9 ოქტომბრის №1/310 გადაწყვეტილება.

ამ ნაწილში განსაკუთრებით საინტერესოა ის გარემოება, სასამართლოს მანდატური შეიძლება გახდეს პირი, თუკი მას აქვს სრული ზოგადი განათლება, რაც, თავის მხრივ, ნიშნავს იმას, რომ არ არის აუცილებელი, მანდატური იყოს პროფესიით იურისტი. ამავდროულად დამსაქმებელი სასამართლო არ მოითხოვს წინასწარ ისეთი ტრენინგების ან სწავლების გავლას, რომელიც დაეხმარება მომავალ მანდატურს შეასრულოს მისი მოვალეობები, როგორიცაა სასამართლოში სამართალდარღვევის აღკვეთა, სამართალდამრღვევის გამოვლენა, აუცილებლობის შემთხვევაში მისი დაკავება პოლიციისათვის გადაცემის მიზნით და ამის თაობაზე დაკავების ოქმის შედგენა. 

დაკავება, სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, არის თავისუფლების ხანმოკლე აღკვეთა და სისხლის სამართლის მიზნებისთვის პირი დაკავებულად მიიჩნევა მიმოსვლის თავისუფლების შეზღუდვის მომენტიდან. დაკავების მომენტიდან პირი მიიჩნევა ბრალდებულად. მართალია, ზემოთ მითითებულია დაკავების მიზანი (პოლიციისთვის გადაცემა), თუმცა ამ შემთხვევაშიც იზღუდება პირის თავისუფალი გადაადგილების უფლება, შესაბამისად საჭიროა, არსებობდეს უფრო მაღალი სტანდარტი.

რაც შეეხება ადმინისტრაციულ დაკავებას, ამ შემთხვევაშიც რთული წარმოსადგენია, თუ როგორ შეძლებს არაიურისტი პირი, რომელსაც წინასწარ შესაბამისი სწავლება ან სერტიფიცირება არ გაუვლია, იმ ვალდებულებების შესრულებას, რაც ახლავს დაკავებას (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 245-ე მუხლი) და ასევე, ადმინისტრაციული დაკავების შემთხვევაშიც, დაკავების ოქმის შედგენა მოითხოვს სპეციფიკურ ცოდნას, რისთვისაც არა – სრული ზოგადი განათლება, არამედ იურიდიული განათლებაა საჭირო, იქნება ეს უმაღლესი იურიდიული განათლების მიღების გზით, თუ სპეციფიკური იურიდიული სასწავლო ტრენინგ-კურსის გავლის გზით. 

გარდა ამისა, თუკი სასამართლოს მანდატური შეიძლება გახდეს პირი, რომელსაც აქვს მხოლოდ სრული ზოგადი განათლება, ალოგიკურია მისთვის ისეთი მოთხოვნების წაყენება, რომელიც შეუსაბამობა საშუალო განათლების ადამიანთან. კერძოდ, ალოგიკურია საკონკურსო თემად განისაზღვროს, ისეთი სამართლებრივი აქტების სრული შინაარსობრივი გააზრება, როგორებიც არის „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი, „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონი, „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონი და სხვ. 

უცნაურია ჩანაწერი იმის შესახებ, რომ საკონკურსო თემებს განეკუთვნება „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონი. საინტერესოა, მითითებული კანონის ცოდნა მანდატურის ზემოთ მოცემული ფუნქციებიდან რომლის შესრულებას უწყობს ხელს?! ეს არ ნიშნავს, იმას, რომ ცუდია ან არასაჭიროა კონკრეტული ნორმების ცოდნა მითითებული კანონიდან, მაგრამ ცალსახად არაგანჭვრეტადია რომელი მიზნების შესრულებისთვისაა საჭირო. 

აგრეთვე, საკონკურსო თემაა – „საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და საქართველოს საერთო სასამართლოებში მოქალაქესთან კომუნიკაციის სტანდარტების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2009 წლის 9 ოქტომბრის №1/310 გადაწყვეტილება. მართალია, ლოგიკურია, რომ მოცემული დოკუმენტი განსაზღვრულია საკონკურსო თემად, თუმცა უნდა აღინიშნოს თავად დოკუმენტის სიძველე. 2009 წლის შემდგომ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდის თანახმად, ამ დოკუმენტში ცვლილებები არ შესულა. 2009 წლიდან, თითქმის, 15 წლის განმავლობაში ლოგიკურია, რომ საჭირო იქნებოდა ცვლილებები ან თუნდაც ერთი ცვლილება მაინც. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ეს დოკუმენტი საჭიროებს განახლებას.

ამრიგად, სასამართლოს მანდატურის საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა არ არის შესაბამისობაში მის ფუნქციებთან. საჭიროა, უფრო მეტად დაზუსტდეს ფუნქციები ან საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან დაკავშირებით უფრო მაღალი სტანდარტი განისაზღვროს.

ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ არ არსებობს ერთიანი სტანდარტი სასამართლოს მანდატურებისთვის საკონკურსო თემატიკასთან, ფუნქციებთან თუ მოთხოვნასთან დაკავშირებით. მაგალითად:

  • რუსთავის საქალაქო სასამართლოს მანდატურს მოეთხოვებოდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 211-212-ე მუხლების ცოდნა, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს მანდატურს მხოლოდ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 212-ე მუხლის;
  • რუსთავის საქალაქო სასამართლოს მანდატურს არ მოეთხოვებოდა „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის ცოდნა, თბილისის საქალაქო სასამართლოს მანდატურისთვის კი ეს მოთხოვნა იყო გათვალისწინებული;
  • რუსთავის საქალაქო სასამართლოს მანდატურს მოეთხოვებოდა "სასამართლოში ფოტოგადაღების, კინო-, ვიდეო-, აუდიო ჩაწერისა და ეთერში გადაცემის წესის შესახებ" რუსთავის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის 2022 წლის 14 ივლისის №410/თ ბრძანების ცოდნა, თბილისის საქალაქო სასამართლოს მანდატურისთვის კი მსგავსი მოთხოვნა არ იყო გათვალისწინებული;
  • რუსთავის საქალაქო სასამართლოს მანდატურს მოეთხოვებოდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ცოდნა, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს მანდატურს არა.

შესაბამისად ყველა სასამართლო თავად განსაზღვრავს საკონკურსო მოთხოვნებს და არ არის დადგენილი ერთიანი სტანდარტი ამ კუთხით.

-----

courtwatch.ge-ს მიერ გავრცელებული და ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალები წარმოადგენს „საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ საკუთრებას, მათი გამოყენებისას უნდა მიეთითოს „საქართველოს სასამართლოს გუშაგი“, როგორც წყარო.

ავტორი: მეგი შამათავა