დღეის მდგომარეობით, საერთო სასამართლოების ყველა მაგისტრატ, რაიონულ, საქალაქო თუ სააპელაციო სასამართლოს შორის, რუსთავის საქალაქო სასამართლო ერთადერთია, რომელსაც ჰყავს სასამართლოს ვიზიტორებისთვის ინფორმაციის მიწოდებაზე პასუხისმგებელი თანამშრომელი. ყველა დანარჩენ შემთხვევაში ამ როლს მანდატური ან კანცელარიის თანამშრომელი ითავსებს.
პრობლემურია სასამართლოსთან დაკავშირებული ინფორმაციის მოძიება სასამართლოს ვებგვერდების მეშვეობით, მათზე განთავსებული მოძველებული ინფორმაციის, ტექნიკური გაუმართაობისა და სხვა ხარვეზების გამო, რომლებიც „სასამართლოს გუშაგმა“ სასამართლოს ეფექტიანობის ინდექსის შედგენისას გამოავლინა. თუმცა, ამ მხრივ პრობლემებს, სამწუხაროდ, უშუალოდ სასამართლოს შენობაშიც ვაწყდებით. მოქალაქისთვის, რომელსაც პირველად ან იშვიათად უწევს სასამართლოს შენობასთან შეხება, ძალიან რთულია იმის გამორკვევაც კი, თუ სად არის კონკრეტული დარბაზი, გადაიდო თუ არა სხდომა, აგრეთვე, როგორ მოიძიოს მისთვის საჭირო ინფორმაცია და სხვა. სასამართლოში ვიზიტორებისთვის ინფორმაციის მიწოდებაზე პასუხისმგებელი თანამშრომლის არსებობა ვიზიტორისთვის არის საშუალება, უშუალოდ სასამართლოს შენობაში მიიღოს პასუხი მაგალითად, ზემოთ დასახელებულ საჯარო ინფორმაციებზე.
იმისათვის, რომ ადამიანმა საკუთარი უფლებების რეალიზება შეძლოს, საჯარო დაწესებულებებში არსებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან ერთად, ასევე აუცილებელია, ეს ინფორმაცია მიეწოდოს მისთვის გასაგებ ენაზე, უშუალო კომუნიკაციის გზით. სასამართლოში მისული პირისთვის ინფორმაციის მიწოდება და მის კითხვებზე გასაგები ენით პასუხის გაცემა რომ პრობლემას წარმოადგენს კიდევ უფრო თვალსაჩინო ხდება იქ, სადაც ენობრივი ბარიერი არსებობს.
სასამართლოს შენობაში მისული ადამიანი ინფორმაციის გარეშე და კიდევ უფრო გაურკვევლობაში რომ ტოვებს სასამართლოს, ამის ნათელი მაგალითი გარდაბნის მაგისტრატ სასამართლოში ვიზიტის დროს ვიხილეთ. სასამართლოს შენობაში შემოვიდა ქალი, ხელში რამდენიმე ფურცლით და შეკითხვებით, მისი კი არც მანდატურს ესმოდა და არც კანცელარიის თანამშრომელს, რადგან ქალბატონს ქართულად საუბარი არ შეეძლო. თავის მხრივ, ვერც მანდატურმა გააგებინა ვიზიტორს, თუ რა უნდა გაეკეთებინა. რამდენიმეწუთიანი უშედეგო მცდელობის შემდეგ დოკუმენტებით მოსულმა ვიზიტორმა სასამართლოს შენობა, უბრალოდ დატოვა, ისე, რომ კითხვაზე პასუხი ვერ მიიღო – როგორც ენობრივი ბარიერის, ასევე ვიზიტორებისთვის ინფორმაციის მიწოდებაზე პასუხისმგებელი პირის არარსებობის გამო.
იმის გასარკვევად, არის თუ არა სასამართლოს შენობაში ვიზიტორებისთვის ინფორმაციის მიმწოდებელი პირის თანამდებობა განსაზღვრული, სასამართლოებში ვიზიტების გარდა, „საქართველოს სასამართლოს გუშაგმა“ საერთო სასამართლოებს მიმართა შემდეგი კითხვებით:
დასმულ შეკითხვებს, რუსთავის საქალაქო სასამართლოს გარდა, არცერთმა სასამართლომ არ უპასუხა.
სასამართლოს სტრატეგიის ნაწილში შემუშავებული აქვს, აგრეთვე, სხვა სტანდარტებიც (იხ. ვრცლად )
საქალაქო სასამართლოებისგან გამოვითხოვეთ ასევე ინფორმაცია სასამართლოს მანდატურის, კანცელარიის თანამშრომლის, მოქალაქეთა მიმღები განყოფილების სპეციალისტის სამუშაო აღწერილობის შესახებ. იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლოს შენობაში მისულ ვიზიტორს, როგორც სასამართლოში განხორციელებული ვიზიტებიდან ირკვევა, ინფორმაციას სწორედ მანდატური ან კანცელარიის თანამშრომელი აწვდის, საინტერესოა, რამდენად მოიაზრება ეს მათ უფლება-მოვალეობებში? თუმცა სასამართლოებმა არც ამ კითხვაზე გვიპასუხეს. ნიმუშის სახით წარმოვადგენთ თბილისის პასუხს, რომელიც, თავის მხრივ, არანაირ ინფორმაციას არ გვაწვდის.
სასამართლოს მანდატურის უფლება-მოვალეობების საკითხს, საჯარო წყაროებზე დაყრდნობით სტატიაში - "სასამართლოს მანდატური" (ამას დავლინკავ რომ დაიდება) უფრო ვრცლად განვიხილავთ.
ადამიანზე და ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული მართლმსაჯულება უნდა ზრუნავდეს საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდებაზე, მათი უფლებებისა და დაცვის საშუალებების შესახებ. ადამიანებზე ორიენტირებული მიდგომა ფოკუსირებული უნდა იყოს ისეთი ბარიერების მოხსნაზე, როგორიცაა ენობრივი ბარიერი, ფიზიკური მდებარეობასთან დაკავშირებული ბარიერები და სხვ. ის რომ პრობლემაა სასამართლოში მისულმა ვიზიტორმა გასაგებ ენაზე მიიღოს მისთვის საჭირო ინფორმაცია უარყოფითად აისახება როგორც სასამართლოს იმიჯზე და ეფექტიანობაზე, ასევე საზოგადოების ნდომის ხარისხზე სასამართლოსადმი.
-----
courtwatch.ge-ს მიერ გავრცელებული და ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალები წარმოადგენს „საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ საკუთრებას, მათი გამოყენებისას უნდა მიეთითოს „საქართველოს სასამართლოს გუშაგი“, როგორც წყარო.