რა საკითხები განიხილა იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ აპრილში

02.05.2023
2023 წლის აპრილის განმავლობაში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა 5-ჯერ დაინიშნა: აქედან ჩატარდა მხოლოდ 2 შემთხვევაში, რომლებიც 1  საათამდე დაგვიანებით დაიწყო.

ძირითადი მიგნებები

  • საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ყველა გადაწყვეტილება მიიღო ერთხმად, განსხვავებული აზრი/შეკითხვა არ დაფიქსირებულა;
  • იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ წინასწარ, გონივრულ ვადაში, ვებგვერდზე არ გამოაქვეყნა ინფორმაცია სხდომის გადადების შესახებ;
  • ყველა სხდომის დანიშვნის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდა ორგანული კანონის დარღვევით - მხოლოდ 1 სამუშაო დღით ადრე, ნაცვლად არანაკლებ 3 სამუშაო დღისა. 

6 აპრილი, 2023

თავდაპირველად სხდომა 31 მარტს დაინიშნა, თუმცა 2-ჯერ გადადების შემდეგ, საბოლოოდ, 6 აპრილს ჩატარდა. სხდომა გაიხსნა, თუმცა საბჭოს წევრების განცხადებების შემდეგ მალევე დასრულდა, ისე, რომ დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვა არც კი დაწყებულა.

დღის წესრიგში მითითებული იყო შემდეგი საკითხები: 

  1. მიმდინარე საკითხები;
  2. სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის თავმჯდომარის წერილი;
  3. კანონპროექტები - „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს კანონი ელექტრონული კომერციის შესახებ“;
  4. განკარგულების პროექტი - შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის შესახებ საერთო სასამართლოების 2023 წლის სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“;
  5. ზოგიერთ ნორმატიულ აქტში ცვლილების შეტანის შესახებ;
  6. ზოგიერთ რაიონულ (საქალაქო)/სააპელაციო სასამართლოებში პალატების/კოლეგიების შემადგენლობის განსაზღვრის შესახებ.
     

სხდომაზე განხილული ძირითადი საკითხები/გადაწყვეტილებები:

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა განცხადებები გააკეთეს მოსამართლეთა მიმართ გამოყენებულ სანქციებთან დაკავშირებით. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სხვა საკითხების განხილვა გადაიდო.

25 აპრილი, 2023

თავდაპირველად სხდომა 10 აპრილს დაინიშნა, თუმცა საბოლოოდ ჩატარდა 25 აპრილს. სხდომაზე საკითხების განხილვას საერთო ჯამში 35 წუთი დაეთმო.

სხდომას არ ესწრებოდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ნინო ქადაგიძე.

დღის წესრიგი:

  1. სსიპ - საერთო სასამართლოების დეპარტამენტის თავმჯდომარის წერილი;
  2. განკარგულების პროექტი - „ზოგიერთი მოსამართლისათვის საცხოვრებელი ბინის დაქირავებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 13 მარტის №1/26 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;
  3. კანონპროექტები - „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს კანონი ელექტრონული კომერციის შესახებ“;
  4. განკარგულების პროექტი - შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის შესახებ საერთო სასამართლოების 2023 წლის სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“;
  5. ზოგიერთ ნორმატიულ აქტში ცვლილების შეტანის შესახებ;
  6. ზოგიერთ რაიონულ (საქალაქო)/სააპელაციო სასამართლოებში პალატების/კოლეგიების შემადგენლობის განსაზღვრის შესახებ;
  7. საორგანიზაციო საკითხები.

სხდომაზე განხილული ძირითადი საკითხები/გადაწყვეტილებები: 

  • სასამართლოების დეპარტამენტის თავმჯდომარის წერილი ეხებოდა ბინის ქირის გაზრდის საკითხს;
  • განკარგულების პროექტს საბჭოს წევრებმა მოუსმინეს და განსხვავებული აზრი განკარგულების პროექტთან დაკავშირებით საბჭოს წევრებს შორის არ დაფიქსირებულა;
  • მეხუთე საკითხი გადაიდო;
  • გადაიდო ასევე დღის წესრიგით გათვალისწინებული მეექვსე საკითხი;
  • საორგანიზაციო საკითხები ამ შემთხვევაში შეეხებოდა საკვალიფიკაციო გამოცდებს. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე დაიგეგმა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა ჩატარება. კერძოდ, „მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის პირველი ეტაპი (ტესტური გამოცდა) 2023 წლის 4 ივნისს, მეორე ეტაპი (წერითი გამოცდა) კი 2023 წლის 11 ივნისს გაიმართება. გამოცდაზე დაშვების მიზნით რეგისტრაცია შესაძლებელია 2023 წლის 10 მაისიდან 24 მაისის ჩათვლით.“

-----
courtwatch.ge-ს მიერ გავრცელებული და ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალები წარმოადგენს „საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ საკუთრებას, მათი გამოყენებისას უნდა მიეთითოს „საქართველოს სასამართლოს გუშაგი“, როგორც წყარო.

ავტორი: მეგი შამათავა