2023 წლის დეკემბრის განმავლობაში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა 3-ჯერ დაინიშნა და ყველა შემთხვევაში ჩატარდა (სხდომები დაიწყო 1 საათამდე დაგვიანებით).
ძირითადი მიგნებები
- საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ყველა გადაწყვეტილება მიიღო ერთხმად, განსხვავებული აზრი/შეკითხვა არ დაფიქსირებულა, მიუხედავად იმისა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო სრული შემადგენლობით (15 წევრით) ახორციელებს საქმიანობას;
- სხდომების გამართვის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდა ორგანული კანონის დარღვევით - მხოლოდ 1 სამუშაო დღით ადრე ან იმავე დღეს, ნაცვლად 3 სამუშაო დღისა.
14 დეკემბერი, 2023
თავდაპირველად სხდომა 16 ნოემბერს დაინიშნა, თუმცა საბოლოოდ, გადადების შემდეგ 14 დეკემბერს ჩატარდა.
სხდომაზე საკითხების განხილვას საერთო ჯამში 14 წუთი დაეთმო.
სხდომას ესწრებოდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყველა წევრი.
დღის წესრიგი:
- სსიპ - საერთო სასამართლოების დეპარტამენტის თავმჯდომარის წერილი;
- რუსთავის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის წერილი ;
- ზოგიერთი მოსამართლის უფლებამოსილების თაობაზე;
- ზოგიერთი მოსამართლის მივლინების თაობაზე;
- ზოგიერთ ნორმატიულ აქტში ცვლილების შეტანის შესახებ;
- ზოგიერთ რაიონულ (საქალაქო)/სააპელაციო სასამართლოებში პალატების/კოლეგიების შემადგენლობის განსაზღვრის შესახებ;
- საორგანიზაციო საკითხები.
სხდომაზე განხილული ძირითადი საკითხები/გადაწყვეტილებები:
- დღის წესრიგით გათვალისწინებული პირველი საკითხი შეეხებოდა ფულადი ჯილდოსთვის გამოყოფილ თანხას. საერთო სასამართლოების დეპარტამენტის თავმჯდომარის წერილის თანახმად, დეპარტამენტს აქვს დაგეგმილი საერთო თანამშრომლებისთვის ფულადი ჯილდოს გაცემა, თუმცა აღნიშნულის განხორციელება ვერ ხდება დეპარტამენტის ბიუჯეტის ფარგლებში, სწორედ ამიტომ 2023 წლის საერთო სასამართლოების ბიუჯეტში ცვლილებაა საჭირო. ცვლილებების თანახმად შრომის ანაზღაურება მცირდება 169 ათასი ლარით და საერთო სასამართლოების დეპარტამენტის შრომის ანაზღაურება 147 ათასი ლარით იზრდება.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყველა წევრი დაეთანხმა ამ ცვლილებას.
- მეორე საკითხი შეეხებოდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის წერილს, რომლის თანახმადაც ის ითხოვს საშტატო ნუსხაში ცვლილებების შეტანას. ცვლილების თანახმად, თავმჯდომარე ითხოვდა ერთი მოსამართლის თანაშემწის და ერთი სხდომის მდივნის საშტატო ერთეულის დამატებას. წერილში განმარტებული იყო თუ რამ გამოიწვია საშტატო ნუსხის დამატების საჭიროება. სასამართლოს შეუფერხებელი მუშაობისთვის წერილის თანახმად საჭირო იყო მითითებული საშტატო ერთეულების დამატება.
საშტატო ნუსხაში ცვლილების შესახებ დადებითი გადაწყვეტილება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყველა წევრის მიერ, ერთხმად იქნა მიღებულო.
- მესამე საკითხი შეეხებოდა თბილისის სააპელაციოს სასამართლოს მოსამართლის, თამარ ჭუნიაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხს. თამარ ჭუნიაშვილს 2023 წლის 2 დეკემბერს შეუსრულდა საპენსიო ასაკი, რის საფუძველზეც გათავისუფლდა თანამდებობიდან. აქ საგულისხმოა ის ფაქტი, რომ მიუხედავად თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების მიღების ფორმალური ხასიათისა, (ვინაიდან, უმაღლესი საბჭო სხვაგვარ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდა, რადგან საპენსიო ასაკი არის მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძველი) საპენსიო ასაკის მიღწევიდან თითქმის 2 კვირის შემდეგ მიიღო იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ თამარ ჭუნიაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება.
- მესამე საკითხის ფარგლებში იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ასევე განიხილა მეორე განკარგულების პროექტი, რომელიც ეხებოდა ნინო გიორგაძის მოსამართლეობის თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხს, 3 წლიანი გამოსაცდელი ვადის ამოწურვის გამო. ვინაიდან, ნინო გიორგაძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ აღარ დაინიშნა უვადოდ.
- მეოთხე საკითხი შეეხებოდა ცაგერის რაიონულ სასამართლოში მოსამართლის მივლინებას, ვინაიდან ცაგერში არ არის უფლებამოსილების განმახორციელებელი ერთი მოსამართლეც კი, სწორედ ამიტომ გარკვეული პერიოდულობით ხდება სხვა სასამართლოს მოსამართლის მივლინება. მივლინების ამ ეტაპზეც წინადადება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეებს წარედგინათ და ისევ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, ქეთევან თხელიძე დასთანხმდა წინადადებას მივლინებაზე. შესაბამისად, 2023 წლის 15 დეკემბრიდან 2023 წლის ჩათვლით მოსამართლე, ცაგერის რაიონულ სასამართლოში, მივლინების საფუძველზე განახორციელებს სამოსამართლო უფლებამოსილებას. ცაგერის რაიონული სასამართლოში საქმიანობასთან ერთად, იმავდროულად ქუთაისის საქალაქო სასამართლოშიც განახორციელებს მოსამართლის უფლებამოსილებას.
- მეხუთე საკითხი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის ინიციატივით მოიხსნა დღის წესრიგიდან, მიზეზი არ დასახელებულა.
- მეექვსე საკითხი შეეხებოდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ნატა თედეშვილის წერილს, რომლის თანახმადაც, ის ითხოვდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიიდან ადმინისტრაციულ კოლეგიაში განწესება. წერილში რუსთავის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეც განმარტავს რომ ნატა თედეშვილის ადმინისტრაციულ კოლეგიაში განწესება აუცილებელია მართლმსაჯულების შეუფერხებელი განხორციელებისთვის, ვინაიდან აღნიშნულ კოლეგიაში მხოლოდ ერთი მოსამართლე ახორციელებს უფლებამოსილებას. ასევე წერილში მითითებულია იმის შესახებ, რომ ნატა თედეშვილს ადმინისტრაციული საქმეების განხილვის 10 წლიანი გამოცდილება აქვს და თავად მოსამართლესაც სურს, რომ განახორციელოს საქმიანობა ადმინისტრაციულ კოლეგიაში.
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ერთხმად განაწესა ნატა თედეშვილი რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში, 2023 წლის 15 დეკემბრიდან.
- დღის წესრიგით გათვალისწინებული მეშვიდე საკითხი შეეხებოდა საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დანამატის განსაზღვრას. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განკარგულებით, საერთო სასამართლოების მოსამართლეებს (გარდა საქართველოს უზენაესი სასამართლოსი) მოქმედ ყოველთვიურ დანამატთან ერთად, 2023 წლის დეკემბერში თანამდებობრივ სარგოზე დანამატი განესაზღვრათ თანამდებობრივი სარგოს 100%-ის ოდენობით.
22 დეკემბერი, 2023
სხდომაზე საკითხების განხილვას საერთო ჯამში 46 წუთი დაეთმო.
სხდომას ესწრებოდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყველა წევრი.
დღის წესრიგი:
- ინფორმაცია მართლმსაჯულების ეფექტიანობის ევროპული კომისიის (CEPEJ) და ევროპელ მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭოს (CCJE) მიერ მიღებული მნიშვნელოვანი დოკუმენტებისა და განხორციელებული აქტივობების შესახებ;
- ზოგიერთი მოსამართლის მივლინების თაობაზე;
- ზოგიერთ ნორმატიულ აქტში ცვლილების შეტანის შესახებ;
- ზოგიერთ რაიონულ (საქალაქო)/სააპელაციო სასამართლოებში პალატების/კოლეგიების შემადგენლობის განსაზღვრის შესახებ;
- საორგანიზაციო საკითხები.
სხდომაზე განხილული ძირითადი საკითხები/გადაწყვეტილებები:
- დღის წესრიგით გათვალისწინებული პირველი საკითხი შეეხებოდა მართლმსაჯულების ეფექტიანობის ევროპული კომისიისა და ევროპელ მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭოს მიერ მიღებულ დოკუმენტებს და განხორციელებულ აქტივობებს. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი ქეთევან ცინცაძე არის საქართველოს წარმომადგენელი როგორც საბჭოში, ისე კომისიაში. მან წარადგინა ინფორმაცია CCJE-სა და CEPEJ-სთან დაკავშირებით, მათ მიერ Მიღებულ მნიშვნელოვან დოკუმენტებსა და მათ ძირითად სამუშაო მიმართულებებზე.
CCJE-სთან დაკავშირებით ქეთევან ცინცაძემ ისაუბრა:
- თუ რა გადაწყვეტილებები მიიღება საკონსულტაციო საბჭოში;
- ახსნა როგორ ეგზავნება საბჭოს ინფორმაცია;
- ისაუბრა ტექნოლოგიების დანერგვასთან დაკავშირებით კომისიის ხედვაზე და როგორ და რა ფორმით შეიძლება დაინერგოს სასამართლოში აღნიშნული., ასევე, გააცნო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს შესაბამისი დოკუმენტები;
- ყურადღება გაამახვილა პერსონალური მონაცემების დაცვის უფლებებზე;
- გააჟღერა ასევე ინიციატივა, რომ სასამართლოებში ტექნოლოგიების დანერგვასთან დაკავშირებული დასკვნის გასაჯაროების შემდეგ თარგმნის და საიტზე განთავსების შესახებ;
- გაამახვილა ყურადღება იმაზეც, რას ექცევა ყურადღება ანგარიშვალდებულებასთან დაკავშირებით.
ქეთევან ცინცაძემ ისაუბრა ასევე CEPEJ დაკავშირებით, აღნიშნა, რომ კომისიაში გამოყოფილია შემდეგი ჯგუფები:
- დროის მენეჯმენტის ჯგუფი - ე.წ "სატურნის ჯგუფი", რომელიც მუშაობს საქმეთა გადატვირთულობის პრობლემის მოგვარებაზე;
- ხარისხის განვითარების ჯგუფი - რომელიც მუშაობს ხელმისაწვდომობის და ხარისხის უფრო მაღალი დონის შეთავაზებაზე;
- კიბერ მართლმსაჯულების ჯგუფი, რომელიც მუშაობს ხელოვნური ინტელექტის განვითარების შესახებ გაიდლაინების შემუშავებაზე;
- მართლმსაჯულების სისტემების შეფასების ჯგუფი - რომელიც მუშაობს წევრი ქვეყნის მართლმსაჯულების სისტემის შეფასებაზე.
ქეთევან ცინცაძემ განმარტა რომ საქართველოს წარმომადგენლის მხრიდან ყოველწლიურად ხორციელდება ინფორმაციის წარდგენა CEPEJ-ში. ინფორმაცია მოიცავს 350კითხვას და ფარავს არა მხოლოდ სასამართლო სისტემას, არამედ პროკურატურას, იურიდიული დახმარების სამსახურს, პენიტენციურ სამსახურს და ა.შ. წარდგენილი ინფორმაცია მოიცავს150-200 გვერდს. ასევე, აღნიშნა რომ წარდგენილი ინფორმაცია განსაკუთრებით ყურადღებას ამახვილებს სტატისტიკურ მონაცემებზე. მისი განმარტებით, ინსტანციური სტატისტიკაც წარედგინება CEPEJ-ს, ასევე, ხდება ინფორმაციის დამუშავება მიმდინარე საქმეების, დასრულებული საქმეები, არა მხოლოდ დარგების, არამედ კატეგორიების მიხედვით. CEPEJ-სთვის 2023 წლის ინფორმაციის წარდგენა თებერვლის თვეშია დაგეგმილი.
ქეთევან ცინცაძის თქმით 2023 წელს CEPEJ-ეს წარმომადგენლები ჩამოვიდნენ საქართველოში და მათთან ნაყოფიერი შეხვედრა გაიმართა. მან ყურადღება გაამახვილა სხვა საკითხებზეც:
- განხილვის თანაფარდობა(შემოსული საქმეებისა და განხილული საქმეების თანაფარდობა) 2018 წელთან მიმართებით არის გაზრდილი, რაც იმას ნიშნავს რომ განხილული საქმეთა რაოდენობა გაიზარდა.
- ცალკე ყურადღება გაამახვილა სასამართლოს გადატვირთულობის პრობლემაზე და აღნიშნა რომ სასამართლოებმა, მათ შორის საბჭომ შეიძლება გამოიყენონ ისეთი მნიშვნელოვანი დოკუმენტები, როგორებიცაა „გადატვირთულობის შემცირების გაიდლაინი“ - სადაც გაწერილია რა ეტაპები შეიძლება სასამართლომ გაიაროს იმისათვის, რომ მართოს ეს [გადატვირთულობის] პროცესი და შეამციროს საქმეთა ნაკადი;
- არსებობს გაიდლაინები დროის მენეჯმენტისა და დროის რაციონალურ გამოყენებასთან დაკავშირებით;
- CEPEJ-ეს დროის მართვასთან დაკავშირებით შემუშავებული აქვს რამდენიმე დოკუმენტი, მათ შორის დროის მენეჯმენტის check-list-ის. ქეთევან ცინცაძემ გააჟღერა ასევე ინიციატივა, რომ კარგი იქნება თუ დროის მართვასთან და ნაკადის მართვასთან CEPEJ-ეს დოკუმენტების თარგმნა და დანერგვა მოხდებოდა საქართველოში.
სხვა საკითხები:
- დღის წესრიგით გათვალისწინებული მეორე საკითხი შეეხებოდა ზოგიერთ მოსამართლეთა მივლინებას.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეს, ეკატერინე კულულაშვილს გაუხანგრძლივდა მივლინების ვადა ბათუმის საქალაქო სასამართლოში და 1000 ლარის ოდენობით განესაზღვრა მივლინების თანხის დანამატი.
- ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე როინ კახიძე ისევ მიავლინეს (მისივე თანხმობით) ამბროლაურის რაიონულ სასამართლოში. მივლინების ვადა განისაზღვრა 1 წლით, ხოლო დანამატი 500 ლარით. მასვე დაეკისრა ამბროლაურის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილების განხორციელება 2025 წლის დეკემბრამდე.
- ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ეკატერინე ბებიას გაუხანგრძლივდა -გალი-გულიფშა-ოჩამჩირეში მივლინება 1 წლით, ხოლო დანამატის სახით 400 ლარი განესაზღვრა.
- მესამე, მეოთხე და მეხუთე საკითხები მოიხსნა დღის წესრიგიდან, მიზეზის განმარტების გარეშე.
22 დეკემბერი, 2023
სხდომაზე საკითხების განხილვას საერთო ჯამში 16 წუთი დაეთმო.
სხდომას ესწრებოდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყველა წევრი.
დღის წესრიგი:
- სსიპ - საერთო სასამართლოების დეპარტამენტის თავმჯდომარის წერილები;
- განკარგულების პროექტი - „თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების, რაიონული (საქალაქო) სასამართლოების აპარატების სტრუქტურის, საშტატო ნუსხისა და მოხელეთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“;
- ზოგიერთ რაიონულ (საქალაქო)/სააპელაციო სასამართლოებში პალატების/კოლეგიების შემადგენლობის განსაზღვრის შესახებ;
- საორგანიზაციო საკითხები.
სხდომაზე განხილული ძირითადი საკითხები/გადაწყვეტილებები:
პირველი საკითხის ფარგლებში იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ განიხილა 4 წერილი.
- პირველი წერილი რუსთავის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის მომართვას შეეხებოდა, კერძოდ, სასამართლოს მიმდებარედ მიწის ნაკვეთის შემოერთებაზე. წერილში დასაბუთებული იყო მიწის ნაკვეთის საჭიროება, როგორც წერილიდან ირკვევა, მისი (მიწის ნაკვეთის) სასამართლოსთვის გადმოცემის შემდგომ ამ ტერიტორიაზე მოეწყობა პარკინგი. მიწის ნაკვეთი იურიდიული დახმარების სამსახურის საკუთრებას წარმოადგენს, სასამართლოს მენეჯერს ჰქონდა კომუნიკაცია ამ სამსახურის მენეჯერთან. წარმოდგენილია იურიდიული სამსახურის მენეჯერის თანხმობის წერილიც, მიწის ნაკვეთის გადმოცემაზე.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თანხმობის შემთხვევაში, საერთო სასამართლოების დეპარტამენტი განახორციელებს ყველა ღონისძიებას, რომელიც საჭიროა მიწის ნაკვეთის უვადოდ, უსასყიდლოდ სარგებლობის ფორმით გადმოცემისათვის. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ერთხმად გასცა თანხმობა, მიწის ნაკვეთის სასამართლოსთვის გადაცემის თაობაზე.
- მეორე წერილი - საქართველოს მთავრობის 2023 წლის განკარგულებით გამონაკლისი იქნა დაშვებული და საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემისათვის დამხმარე ამოცანების შესრულების მიზნით შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულთა რაოდენობა განისაზღვრა 328 ერთეულით. განკარგულების პროექტით ეს რაოდენობა არ იცვლება თუმცა 2024 წლისთვის საჭიროა რომ ისევ შეთანხმდეს ეს საკითხი. წერილის თანახმად დეპარტამენტი სთხოვდა საბჭოს ეშუამდგომლა საქართველოს მთავრობასთან, რომ დამხმარე პირთა რაოდენობა ისევ 328-ით განისაზღვროს. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყველა წევრმა ერთხმად გასცა თანახმა განკარგულების მიღებაზე.
- მესამე წერილი -შეეხებოდა იდენტურ საკითხს. საქართველოს მთავრობის 2023 წლის განკარგულებით გამონაკლისი იქნა დაშვებული და საერთო სასამართლოების დეპარტამენტისთვის დამხმარე ამოცანების შესრულების მიზნით შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულთა რაოდენობა განისაზღვრა 28 ერთეულით. დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით დღეის მდგომარეობითაც აუცილებელია იმ პირებთან თანამშრომლობის გაგრძელება რომლებთანაც თანამშრომლობა 2023 წელს. წერილის თანახმად დეპარტამენტი სთხოვდა საბჭოს ეშუამდგომლა საქართველოს მთავრობასთან, რომ დამხმარე პირთა რაოდენობა ისევ 28-ით განისაზღვროს. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყველა წევრმა ერთხმად გასცა თანახმა განკარგულების მიღებაზე.
- მეოთხე წერილში - წარმოდგენილი იყო საერთო სასამართლოების საშტატო ნუსხა და კორექტირებული სახელფასო ფონდი, სადაც განსაზღვრულია საბაზო თანამდებობრივი სარგო (1330 ლარი) და ნამრავლი საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სახელფასო კოეფიციენტზე (10%).
- დღის წესრიგით გათვალისწინებული მეორე საკითხი შეეხებოდა ასევე საბაზისო სარგოს ცვლილებას. განკარგულების პროექტის თანახმად თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების, რაიონული (საქალაქო) სასამართლოების მოხელეებისთვის თანამდებობრივი სარგოს ზრდას დაახლოებით 10 %- მდე. განკარგულების პროექტი ერთხმად დამტკიცდა.
- მესამე საკითხი მოიხსნა დღის წესრიგიდან, მიზეზი არ დასახელებულა.
- მეოთხე საკითხის ფარგლებში განიხილეს თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების, რაიონული (საქალაქო) სასამართლოების მოსამართლეთა თანამდებობრივი სარგოს ზრდას დაახლოებით 10 %- მდე. განკარგულების პროექტი ერთხმად დამტკიცდა.
-----
courtwatch.ge-ს მიერ გავრცელებული და ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალები წარმოადგენს „საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ საკუთრებას, მათი გამოყენებისას უნდა მიეთითოს „საქართველოს სასამართლოს გუშაგი“, როგორც წყარო.