იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2023 წლის სხდომები

27.12.2023

2023 წლის განმავლობაში იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 33 სხდომა გაიმართა. სხდომები, ჯამში, 47 საათისა და 13 წუთის დაგვიანებით დაიწყო. საბჭოს წევრებმა დღის წესრიგით განსაზღვრული 181-დან 105 საკითხი განიხილეს. საერთო ჯამში განხილვას 19 საათი და 25 წუთი მოანდომეს, რაც იმას ნიშნავს, რომ  1 საკითხის განხილვას საშუალოდ 11 წუთს უთმობდნენ. 

ის რაც, მსგავსად 2022 წლისა, უცვლელი დარჩა 2023 წელს:

  • დანიშნული სხდომების ჩაუტარებლობა – წლის განმავლობაში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დანიშნული  68-დან 35 სხდომა არ ჩატარდა. როგორც წესი, საბჭო წინასწარ არ ავრცელებს ინფორმაციას სხდომის გადადების შესახებ. „საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ დამკვირვებლებს წლის განმავლობაში საათობით ლოდინის შემდეგ აძლევდნენ  ინფორმაციას სხდომის გადადების თაობაზე.
  • დაგვიანებით დაწყებული სხდომები - 2022 წლის მსგავსად, 2023 წელსაც ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური საკითხი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დანიშნული სხდომების დაგვიანებით დაწყება იყო. „საქართველოს სასამართლოს გუშაგი“ აქტიურად საუბრობდა აღნიშნული პრობლემის შესახებ, თუმცა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს შესაბამისი რეაგირება არ ჰქონია. ყველაზე დიდი დაგვიანებით 9 აგვისტოს დანიშნული სხდომა დაიწყო - „საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ დამკვირვებლებს 5-საათიანი ლოდინის შემდეგ შეატყობინეს, რომ საბჭოს სხდომა იწყებოდა. 4 საათისა და 20 წუთის დაგვიანებით დაიწყო 10 ივლისს დანიშნული სხდომა. წლის განმავლობაში მხოლოდ 2 შემთხვევა დაფიქსირდა, როდესაც საბჭოს სხდომა მხოლოდ 5 წუთის დაგვიანებით დაიწყო.
  • განუხილველად დარჩენილი საკითხები – იშვიათია შემთხვევები, როდესაც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ სრულად განიხილა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები. ხშირად, საკითხი დღის წესრიგიდან განმარტების ან დასაბუთების გარეშე იხსნება. საერთო ჯამში, განსახილველი 181 საკითხიდან საბჭომ 105 საკითხი განიხილა.
  • განსხვავებული აზრის არქონა – იუსტიციის უმაღლესი საბჭო გადაწყვეტილებებს, როგორც წესი, ერთხმად იღებს. საკითხის განხილვისას, ფაქტობრივად, არ ფიქსირდება განსხვავებული აზრი. ასეთი ტენდენცია, მათ შორის,  არც არამოსამართლე წევრების არჩევის შემდეგ შეცვლილა.

თუმცა, ეს არსებული პრობლემების მცირე ჩამონათვალია (იხილეთ: იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გამჭვირვალობის ხარისხი კიდევ უფრო გაუარესდა) იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომებს დიდი დატვირთვა აქვს სასამართლო სისტემის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების თვალსაზრისით, ვინაიდან ის არის ორგანო, რომელსაც სასამართლო სისტემის მაკოორდინირებელი, ხარისხიანი და ეფექტიანი მართლმსაჯულების ხელშეწყობის ფუნქცია აკისრია. შესაბამისად, „საქართველოს სასამართლოს გუშაგი“ 2024 წელსაც გააგრძელებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომების მონიტორინგს და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდებას.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2023 წლის სხდომების მონიტორინგის შედეგები დეტალურად:

მასალა მომზადდა საქართველოს სასამართლოს გუშაგის მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომების რეგულარული მონიტორინგის საფუძველზე.

გაეცანით სტასტისტიკურ მონაცემებს დეტალურად:

ავტორი: მეგი შამათავა, ავტორი: სალომე კვირიკაშვილი