2024 წლის მაისის განმავლობაში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა 11-ჯერ დაინიშნა: აქედან ჩატარდა სამჯერ (სხდომა დაიწყო ორ საათამდე დაგვიანებით); გადაიდო 8 სხდომა.
ძირითადი მიგნებები
- საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ყველა გადაწყვეტილება მიიღო ერთხმად, განსხვავებული აზრი/შეკითხვა არ დაფიქსირებულა;
- იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წინასწარ, გონივრულ ვადაში, ვებგვერდზე არ გამოუქვეყნებია ინფორმაცია სხდომის გადადების შესახებ. სხდომის გადადების შესახებ ცნობილი ხდებოდა სხდომის გადადებამდე რამდენიმე წუთით ადრე , ზოგ შემთხვევაში კი - რამდენიმესაათიანი ლოდინის შემდეგ;
- სხდომის დანიშვნის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდა ორგანული კანონის დარღვევით - მხოლოდ 1 სამუშაო დღით ადრე, ნაცვლად არანაკლებ 3 სამუშაო დღისა;
- იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შენობაში დამკვირვებელი ორგანიზაციების წარმომადგენლებს მთელი თვის განმავლობაში არ აძლევდნენ შესვლის უფლებას უშუალოდ სხდომის დაწყებამდე, თუმცა სხდომის დაწყების დრო დღის წესრიგში მხოლოდ ფორმალურადაა მითითებული და სინამდვილეში არასდროს არის ცნობილი, როდის დაიწყება ან დაიწყება თუ არა დანიშნული სხდომა.
21 მაისი, 2024
სხდომაზე საკითხების განხილვას, საერთო ჯამში, 43 წუთი დაეთმო.
სხდომას ესწრებოდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყველა წევრი.
დღის წესრიგი:
- ზოგიერთი მოსამართლის მივლინების შესახებ;
- ზოგიერთ ნორმატიულ აქტში ცვლილების შეტანის შესახებ;
- ზოგიერთ რაიონულ (საქალაქო)/სააპელაციო სასამართლოში პალატების/კოლეგიების შემადგენლობის განსაზღვრის შესახებ;
- საორგანიზაციო საკითხები
სხდომაზე განხილული ძირითადი საკითხები/გადაწყვეტილებები:
- პირველი საკითხი შეეხებოდა მოსამართლის მივლინებას, კერძოდ, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ქეთევან თხელიძე 2 კვირით მივლინებული იქნა ცაგერის რაიონულ სასამართლოში მოსამართლის უფლებამოსილების განსახორციელებლად. ქეთევან თხელიძე მოსამართლის უფლებამოსილებას იმავდროულად განახორციელებს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში.
- მეორე საკითხი მოიხსნა დღის წესრიგიდან, მიზეზი არ დასახელებულა;
- მესამე საკითხი მოიხსნა დღის წესრიგიდან, მიზეზი არ დასახელებულა;
- საორგანიზაციო საკითხების ფარგლებში იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ განიხილა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველ კანდიდატთა შერჩევის პროცესთან დაკავშირებული თემაც და მიიღო განკარგულება „საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისათვის წარსადგენი კანდიდატების შერჩევის შემდგომ ეტაპზე კანდიდატების გადასვლის შესახებ“. განკარგულების თანახმად, პარლამენტისთვის კანდიდატთა წარდგენის მიზნით შერჩევის შემდგომ ეტაპზე გადავიდნენ:
1. შონია ბადრი;
2. ჯეირანაშვილმა გოჩა;
3. უბილავა გიზო.
საორგანიზაციო საკითხების ფარგლებში იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ კიდევ ერთი გადაწყვეტილება მიიღო, კერძოდ 3 წლის გამოსაცდელი ვადით დანიშნული მოსამართლეების უვადოდ დანიშვნასთან დაკავშირებით. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უვადოდ დანიშნა 21 მოსამართლე, რომლებიც 3-წლიანი გამოსაცდელი ვადით 2021 წლის 18 ივნისს გამწესდნენ.
უვადოდ დანიშნულ მოსამართლეთა სია:
1. ეკატერინე ბებია - ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლე;
2. გიორგი გელაშვილი - თბილისის საქალაქოს სასამართლოს მოსამართლე;
3. სალომე გველესიანი - თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე;
4. ალექსანდრე გზირიშვილი - თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე;
5. ეკატერინე ელიაძე - თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე;
6. ნინო ენუქიძე - თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე;
7. გიორგი თუნაური - ფოთის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე;
8. თეა კალანდაძე - თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე;
9. თორნიკე კაპანაძე - ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლე;
10. ლიანა კაჟაშვილი - თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე;
11. დავით მაკარაძე - გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე;
12. თამარ მჭედლიშვილი- თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე;
13. ეკატერინე ობოლაძე - თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე;
14. სალომე სამხარაძე - თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე;
15. რომეო ტყეშელაშვილი- თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე;
16. ლიელა ფოლადიშვილი - თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე;
17. ლევან ყოლბაია - თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე;
18. ნანა შამათავა - თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე;
19. ირაკლი ჩიკაშუა - თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე;
20. მაია ჯავახიშვილი - ახალციხის რაიონული სასამართლოს მოსამართლე;
21. უჩა თოდუა - თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე;
21-ივე მათგანის დანიშვნას იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ერთხმად დაუჭირა მხარი.
24 მაისი, 2024
სხდომაზე საკითხების განხილვას, საერთო ჯამში, 1 საათი და 26 წუთი დაეთმო.
სხდომას არ ესწრებოდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძე.
დღის წესრიგი:
- სასამართლოს მომხმარებელთა კმაყოფილების კვლევის შედეგები;
- ზოგიერთი მოსამართლის უფლებამოსილების თაობაზე;
- ზოგიერთ რაიონულ (საქალაქო)/სააპელაციო სასამართლოებში პალატების/კოლეგიების შემადგენლობის განსაზღვრის შესახებ;
- საორგანიზაციო საკითხები.
სხდომაზე განხილული ძირითადი საკითხები/გადაწყვეტილებები:
- პირველი საკითხი შეეხებოდა სასამართლოს მომხმარებელთა კმაყოფილების კვლევის შედეგებს. უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე სამივე ინსტანციის სასამართლოში ჩატარდა კვლევა 2024 წლის იანვარ-თებერვლის პერიოდში მომხმარებელთა კმაყოფილების კვლევის შესახებ. კვლევას კოორდინაციას უწევდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ტრისტან ბენაშვილი. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე გაჟღერებული ინფორმაციის თანახმად, კვლევა დაეფუძნა უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებას „მომხმარებელთა კმაყოფილების კვლევის ჩატარების შესახებ“ და cepej-ს რეკომენდაციებს.
კვლევის ფარგლებში გამოიკითხა 2000-ზე მეტი მომხმარებელი, 1000-ზე მეტი ადვოკატი, 800-ზე მეტი მხარე და 300-ზე მეტი მოქალაქე.
სხდომაზე გაჟღერებული ინფორმაციის თანახმად, კვლევის შედეგები ასეთია:
1. სასამართლოს სრულად ენდობა გამოკითხულთა 76, 37% ;
2. მოსაზრებას, რომ „სასამართლო მიუკერძოებელია“, - ეთანხმება გამოკითხულთა 71.42% ;
3. მოსაზრებას, რომ „სასამართლო დამოუკიდებელია“ - ეთანხმება გამოკითხულთა 71.69% ;
4. მოსაზრებას, რომ „სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერია“ - ეთანხმება გამოკითხულთა 70.85%;
5. მოსაზრებას, რომ „სასამართლო პროცესები ხორციელდება გონივრულ ვადაში“ - ეთანხმება გამოკითხულთა 55, 64%;
6. სასამართლოს მომსახურებით კმაყოფილია გამოკითხულთა 78.29%;
7. მოსაზრებას, რომ „სასამართლო სისტემაში არ არის კორუფცია“ - ეთანხმება გამოკითხულთა 73.41%
8. და ა.შ.
- დღის წესრიგით გათვალისწინებული მეორე საკითხი მოიხსნა, მიზეზი არ დასახელებულა;
- დღის წესრიგით გათვალისწინებული მესამე საკითხი მოიხსნა, მიზეზი არ დასახელებულა;
- საორგანიზაციო საკითხების ფარგლებში კენჭი ეყარა 2021 წლის 18 ივნისს 3 წლის გამოსაცდელი ვადით დანიშნულ მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნას. უმაღლესი საბჭოს წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი წარდგენილი 21 მოსამართლის უვადოდ დანიშვნას, ხოლო, კოტე ჭილაია არ დაინიშნა უვადოდ. საბჭოს წევრთა მიერ კოტე ჭილაიას საქმიანობის შეფასების ქულათა რაოდენობამ ვერ მიაღწია კანონით დადგენილ მინიმალურ ზღვარს. შესაბამისად, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მიიღო აქტი კოტე ჭილაიას თანამდებობაზე უვადოდ გამწესების საკითხის განხილვაზე უარის თქმის შესახებ.
კოტე ჭილაიამ აღნიშნული აქტი გაასაჩივრა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. უმაღლესმა საბჭომ საჩივარი განიხილა 2024 წლის 24 მაისს. საჩივრის განხილვა დახურულ სხდომაზე მიმდინარეობდა და სადამკვირვებლო ორგანიზაციები სხდომის ამ ნაწილს ვერ ესწრებოდნენ. საბოლოოდ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე დამსწრე ყველა წევრის (14) ერთხმად მიღებული გადაწყვეტილებით, კოტე ჭილაიას საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
30 მაისი, 2024
სხდომაზე საკითხების განხილვას, საერთო ჯამში, დაახლოებით, ნახევარი საათი დაეთმო.
სხდომას ესწრებოდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყველა წევრი.
დღის წესრიგი:
- სსიპ - საერთო სასამართლოების დეპარტამენტის თავმჯდომარის წერილი.
- საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსის წერილი;
- ზოგიერთ ნორმატიულ აქტში ცვლილების შეტანის შესახებ;
- ზოგიერთ რაიონულ (საქალაქო)/სააპელაციო სასამართლოში პალატების/კოლეგიების შემადგენლობის განსაზღვრის შესახებ;
- საორგანიზაციო საკითხები.
სხდომაზე განხილული ძირითადი საკითხები/გადაწყვეტილებები:
- პირველი საკითხის ფარგლებში იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ერთხმად დაუჭირა მხარი საერთო სასამართლოების დეპარტამენტისთვის იჯარით გადაცემული ფართის ქირის გაზრდას. მეორე საკითხის ფარგლებშიც წერილი განიხილეს - კერძოდ საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსის წერილი;
- მესამე და მეოთხე საკითხები მოიხსნა დღის წესრიგიდან, მიზეზი არ დასახელებულა;
- საორგანიზაციო საკითხების ფარგლებში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 3 ( ბადრი შონია, გოჩა ჯეირანაშვილი, გიზო უბილავა) კანდიდატის პარლამენტისთვის წარდგენას უყარეს კენჭი; ასევე, განსაზღვრეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი, რომლის მანდატიც ვრცელდება იუსტიციის უმაღლეს საბჭოზე, სასამართლოებზე, საერთო სასამართლოების დეპარტამენტზე და დამოუკიდებელ ინსპექტორზე.
30 მაისს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისათვის წარსადგენი კანდიდატების შერჩევის პროცედურა დაიწყო. იუსტიციის უმაღლესმა საბჭოს გადაწყვეტილებით უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ერთ ვაკანსიაზე განცხადებები ელექტრონული ფორმით მიიღება, 2024 წლის 31 მაისიდან 21 ივნისის ჩათვლით.
-----
courtwatch.ge-ს მიერ გავრცელებული და ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალები წარმოადგენს „საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ საკუთრებას, მათი გამოყენებისას უნდა მიეთითოს „საქართველოს სასამართლოს გუშაგი“, როგორც წყარო.