24.01.2023

რა საკითხები განიხილა იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ გასულ თვეს

დეკემბრის განმავლობაში დაინიშნა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 14 სხდომა: აქედან ჩატარდა მხოლოდ - 3 (სამივე სხდომა დაიწყო 1-2 საათის დაგვიანებით); გადაიდო - 11.

საქართველოს სასამართლოს გუშაგის წარმომადგენლები რეგულარულად აკვირდებიან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობას, რომლის შედეგადაც მომზადდა წინამდებარე სტატია, რომელიც მოიცავს 2022 წლის 1-31 დეკემბრის პერიოდს.

ძირითადი მიგნებები:

  • საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ყველა გადაწყვეტილება მიიღო ერთხმად, განსხვავებული აზრი არ დაფიქსირებულა.
  • იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლეობის კანდიდატების ბიოგრაფიებთან ერთად არ გამოქვეყნებულა ვაკანტური ადგილების ჩამონათვალი, რომლებზეც მათ განაცხადი აქვთ წარდგენილი.
  • იუსტიციის უმაღლესი საბჭო წინასწარ, გონივრულ ვადაში ვებგვერდზე არ აქვეყნებს ინფორმაციას სხდომის გადადების შესახებ;
  • როგორც სხვა შემთხვევებში, ამჯერადაც სხდომის დანიშვნის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდა ორგანული კანონის დარღვევით - მხოლოდ1 სამუშაო დღით ადრე, ნაცვლად არანაკლებ 3 სამუშაო დღისა.
  • გარკვეულ კითხვებს აჩენს მოსამართლეებისთვის ვადის გაგრძელებისა და მივლინების შესახებ გადაწყვეტილებები.
  • უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით მოსამართლეებს  მოქმედ ყოველთვიურ დანამატთან ერთად, 2022 წლის დეკემბრის თვეში  თანამდებობრივ სარგოზე დანამატი განესაზღვრათ თანამდებობრივი სარგოს 100%-ის ოდენობით. ეს გადაწყვეტილებაც აჩენს კითხვებს, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც სხვადასხვა სასამართლოების აპარატში დასაქმებულ ერთი კატეგორიის მოხელეებს (მაგ. თანაშემწეებს, სხდომის მდივნებსა და მენეჯერებს) აქვთ არათანაბარი თანამდებობრივი სარგო, ხოლო იუსტიციის უმაღლესი საბჭო ამ საკითხს არც კი განიხილავს.

12 დეკემბერი, 2022

გასულ თვეს პირველი სხდომა 5 დეკემბერს დაინიშნა, თუმცა არ ჩატარდა და ოთხჯერ გადადო - საბოლოოდ სხდომა 12 დეკემბერს 47 წუთით დაგვიანებით ჩატარდა, რომელსაც იუსტიციის საბჭოს ყველა მოქმედი წევრი ესწრებოდა. საკითხების დეტალურად განხილვამდე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს სასამართლოს გუშაგის დამკვირვებლები წინასწარ, გონივრულ ვადაში არ იყვნენ ინფორმირებულნი სხდომების გადადების თაობაზე. მათ მხოლოდ ხანგრძლივი ლოდინის შემდეგ შეატყობინეს, რომ დანიშნული სხდომები გადაიდო. 

საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 49-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო, სხდომის გამართვამდე არანაკლებ 3 სამუშაო დღით ადრე, ვალდებულია გამოაქვეყნოს ვებგვერდზე ინფორმაცია სხდომის თარიღისა და დღის წესრიგის შესახებ. თუმცა, ამჯერადაც სხდომის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდა ორგანული კანონის დარღვევით - 1 სამუშაო დღით ადრე.

დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები იყო:

  1. სსიპ - საერთო სასამართლოების დეპარტამენტის თავმჯდომარის წერილი;
  2. სსიპ - საერთო სასამართლოების დეპარტამენტის თავმჯდომარის წერილი;
  3. ზოგიერთი მოსამართლის უფლებამოსილების თაობაზე.

სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებები:


პირველი და მეორე საკითხები ეხებოდა ქედისა და ხულოს მაგისტრატ სასამართლოებში სარემონტო სამუშაოების ჩატარებას. საბჭოს წევრებმა, სარემონტო სამუშაოების გამო, იმსჯელეს უახლოეს სასამართლოში სასამართლოს თანამშრომლების დროებით გადაყვანის შესახებ.

მესამე საკითხი შეეხებოდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლეს, ტარიელ ტაბატაძეს და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლეს, თამარ ჭუნიაშვილს, რომლებსაც უფლებამოსილების ვადა 2022 წლის 12 დეკემბერს ეწურებოდათ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ და თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა წერილობით მიმართეს იუსტიციის საბჭოს ამ მოსამართლეებისთვის უფლებამოსილების ვადის გაგრძელების შესახებ. თავმჯდომარეების აზრით მოსამართლეებისათვის უფლებამოსილების შეწყვეტა და თანამდებობიდან ვადის ამოწურვის გამო გათავისუფლება გამოიწვევდა მართლმსაჯულების პროცესის განხორციელების შეფერხებას.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ორივე მოსამართლეს, ტარიელ ტაბატაძესა და თამარ ჭუნიაშვილს ერთხმად გაუგრძელა მოსამართლის უფლებამოსილების ვადა მათი მონაწილეობით დაწყებულ საქმეებზე საბოლოო გადაწყვეტილებების გამოტანამდე, მაგრამ არაუმეტეს 2023 წლის 13 მარტისა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებაში ვკითხულობთ შემდეგს:

„გასათვალისწინებელია, რომ ტ. ტაბატაძე მონაწილეობას იღებს მიმდინარე (2022 წლის ნოემბრის) მოსამართლეთა შესარჩევ კონკურსში და კონკურსის საფუძველზე ახალი ვადით გამწესების შემთხვევაში მოსამართლეს ექნება შესაძლებლობა დაასრულოს მის წარმოებაში არსებულ საქმეთა განხილვა, რომელთა ამ ეტაპზე უფლებამოსილების შეწყვეტის პირობებში, სხვა მოსამართლისათვის გადაცემა მნიშვნელოვნად შეაფერხებს მართლმსაჯულების განხორციელების პროცესს.“


მსგავს დასაბუთებაა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებაში, რომელიც თ. ჭუნიაშვილის სამოსამართლო უფლებამოსილების ვადის გაგრძელების შეეხება:

„გასათვალისწინებელია, რომ მოსამართლე თ. ჭუნიაშვილი მონაწილეობას იღებს მიმდინარე (2022 წლის ნოემბრის) მოსამართლეთა შესარჩევ კონკურსში, რომლის შედეგების შეჯამება დაგეგმილია უახლოეს პერიოდში. შესაბამისად, მოსამართლის თანამდებობაზე ახალი ვადით გამწესების შემთხვევაში თ. ჭუნიაშვილს ექნება მის წარმოებაში არსებულ საქმეების დასრულების შესაძლებლობა.“

ორივე გადაწყვეტილება ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წინასწარ აქვს განზრახული კონკურსის ფარგლებში ორივე მოსამართლის კვლავ დანიშვნა თანამდებობებზე.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ყველა გადაწყვეტილება მიიღო ერთხმად, განსხვავებული აზრი არ დაფიქსირებულა.

20 დეკემბერი, 2022

თავდაპირველად სხდომა 15 დეკემბერს დაინიშნა, თუმცა 3-ჯერ გადადების შემდეგ სხდომა 20 დეკემბერს ჩატარდა, რომელიც ამ შემთხვევაშიც დაგვიანებით დაიწყო. სხდომის შესახებ ინფორმაცია და დღის წესრიგი გამოქვეყნდა ორგანული კანონით გათვალისწინებული ვადის დარღვევით - 1 სამუშაო დღით ადრე. 

დღის წესრიგით გათვალისწინებული იყო შემდეგი საკითხები: 
  1. კანონპროექტი - „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“;
  2. კანონპროექტი - „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“;
  3. დადგენილების პროექტები - „საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ზოგიერთი გადაწყვეტილების ნორმატიული აქტებისათვის მიკუთვნების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 31 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“;
  4. ზოგიერთი მოსამართლის მივლინების თაობაზე;
  5. ზოგიერთი მოსამართლის უფლებამოსილების თაობაზე;
  6. ზოგიერთ რაიონულ (საქალაქო)/სააპელაციო სასამართლოებში პალატების/კოლეგიების შემადგენლობის განსაზღვრის შესახებ;
  7. საორგანიზაციო საკითხები;
  8. იუსტიციის უმაღლეს სკოლასთან დაკავშირებული მიმდინარე საკითხები.

სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებები:

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ქეთევან თხელიძე მივლინებული იქნა ცაგერის რაიონულ სასამართლოში, მოსამართლის უფლებამოსილების განსახორციელებლად, ვინაიდან ცაგერის რაიონული სასამართლოს ერთადერთი მოსამართლე, ნანა ჯანხოთელი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან 65 წლის ასაკის მიღწევის გამო. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებაში ვკითხულობთ, რომ მოსამართლე, ცაგერის რაიონული სასამართლოში საქმიანობასთან ერთად, იმავდროულად ქუთაისის საქალაქო სასამართლოშიც განახორციელებს მოსამართლის უფლებამოსილებას.

უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ეკატერინე ბებია ასევე (მეორედ) მივლინებული იქნა გალი-გულრიფშის და ოჩამჩირე-ტყვარჩელის რაიონულ სასამართლოში, მოსამართლის უფლებამოსილების განსახორციელებლად, რომელიც იმავდროულად ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში განახორციელებს მოსამართლის უფლებამოსილებას.

2021 წლის 13 ოქტომბრიდან ამბროლაურის რაიონულ სასამართლოს მოსამართლე არ ჰყავს, ამიტომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ჯერ 2021 წლის 17 დეკემბერს, ხოლო მეორედ, 2022 წლის 20 დეკემბერს მიიღო გადაწყვეტილება ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, როინ კახიძის მივლინების შესახებ ამბროლაურის რაიონულ სასამართლოში 2023 წლის 24 დეკემბრამდე. 

სხდომაზე იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ გადაწყვეტილება მიიღო ასევე საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთათვის დანამატის განსაზღვრის შესახებ. უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით მოსამართლეებს მოქმედ ყოველთვიურ დანამატთან ერთად, 2022 წლის დეკემბრის თვეში თანამდებობრივ სარგოზე დანამატი განისაზღვრა თანამდებობრივი სარგოს 100%-ის ოდენობით.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლეობის კანდიდატების შესარჩევი კონკურსის მეორე ეტაპზე გასული კანდიდატების სია დაამტკიცა. მოგვიანებით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა იმ კანდიდატების მოკლე ბიოგრაფიული ცნობები, რომლებიც მეორე ეტაპზე გადავიდნენ. უნდა აღნიშნოს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ არ ქვეყნდება, თუ რომელ ვაკანტურ ადგილებზე აქვთ კანდიდატებს განაცხადი წარდგენილი. 

საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ყველა გადაწყვეტილება მიიღო ერთხმად, განსხვავებული აზრი არ დაფიქსირებულა.


29 დეკემბერი, 2022 

თავდაპირველად სხდომა 21 დეკემბერს დაინიშნა, ვიდრე სხდომის გადადების შესახებ შეატყობინებდნენ ორგანიზაციის წარმომაგენლებს, ჩვენი დამკირვებლები დაახლოებით 6 საათის განმავლობაში ელოდნენ სხდომის დაწყებას. საბჭოს მიერ დანიშნული სხდომა სულ 4-ჯერ გადაიდო, რომელიც საბოლოოდ 29 დეკემბერს ჩატარდა 1-საათიანი დაგვიანებით.

სხდომას არ ესწრებოდნენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ნინო ქადაგიძე და უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ქეთევან ცინცაძე.

ამ შემთხვევაშიც სხდომის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდა ორგანული კანონის დარღვევით, 1 სამუშაო დღით ადრე.

დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები:

  1. სსიპ - საერთო სასამართლოების დეპარტამენტის თავმჯდომარის წერილები;
  2. სსიპ - საერთო სასამართლოების დეპარტამენტის თავმჯდომარის წერილი;
  3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ლ. მიქავას წერილი;
  4. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ზოგიერთი ნორმატიული აქტში ცვლილების შეტანის შესახებ;
  5. ზოგიერთი მოსამართლის უფლებამოსილების თაობაზე;
  6. ზოგიერთ რაიონულ (საქალაქო)/სააპელაციო სასამართლოებში პალატების/კოლეგიების შემადგენლობის განსაზღვრის შესახებ.

სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებები:


საერთო სასამართლოების დეპარტამენტის თავმჯდომარის წერილები ეხებოდა „სახელმწიფო ქონების სარგებლობის უფლებით მიღებაზე“, ასევე, იჯარის ხელშეკრულების დადებაზე სსიპ-საერთო სასამართლოების დეპარტამენტისთვის თანხმობის მიცემის საკითხს. 

  • რაც შეეხება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის, ლ. მიქავას წერილს, ის ითხოვდა ბინის ქირისთვის გამოყოფილი თანხის გაზრდას. 
  • აგრეთვე, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლეს, ნატრული აკობია გათავისუფლდა მოსამართლის თანამდებობიდან 65 წლის ასაკის მიღწევის გამო. 
  • ხოლო, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლე მაკა გველესიანი გათავისუფლდა მოსამართლის თანამდებობიდან პირადი განცხადების საფუძველზე. 

ამ შემთხვევაშიც საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ყველა გადაწყვეტილება მიიღო ერთხმად, განსხვავებული აზრი არ დაფიქსირებულა.

სხდომაზე დაგეგმილი განსახილველი საკითხების ნაწილი გადაიდო.

---
ფოტო: freepik.com
courtwatch.ge-ს მიერ გავრცელებული და ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალები წარმოადგენს „საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ საკუთრებას, მათი გამოყენებისას უნდა მიეთითოს „საქართველოს სასამართლოს გუშაგი“, როგორც წყარო.


მეგი შამათავა